Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაქრნენ ძვირფასი ანბანები...

05 აპრილი 2018
რობერტ სტურუას ოპუსი „ვანო და ნიკო" რუსთაველის თეატრში

ვისაც აინტერესებს პოლიტიკისა და ფეისბუკისგან  დაღლილი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ახალი ამბები, ან უბრალოდ სურს, გაიგოს (ეს უფრო კრიტიკოსებსა და თაყვანისმცემლებს ეხებათ), საით გადაიხარა მისი „თეატრალური ვექტორი", ამისთვის კარგი მიზეზი აქვთ: ცნობილმა რეჟისორმა ასევე ცნობილი სცენარისტისა და პროზაიკოსის, ერლომ ახვლედიანის იგავებით ნაკვები, გამჭვირვალე პროზა გაასცენიურა და რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დადგა.

„ვანო და ნიკო" - ასე ეწოდება ერთაქტიან, დაახლოებით ორსაათიან წარმოდგენას, რომლის პრემიერა ახლახან გაიმართა და რომელსაც როგორც ავ-კეთილი ენები უკვე ოფიციალურად ამბობენ, საქართველო შემოდგომაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურულ პროგრამაშიც წარადგენს... სხვა შერჩეულ სპექტაკლებთან ერთად. ცხადია, ფრანკფურტის ბაზრობაზე მოხვედრა კარგიცაა, საამოც და პრესტიჟულიც, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ჯერ დაუდგმელი სპექტაკლი უკვე კულტურის სამინისტროს სიაშია. ამგვარი „ავანსი" უფრო გზავნილს წააგავს, რომ რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლი გარკვეული ხარისხის მაჩვენებელია („ნაშ რობიკ, ნაშ გენიი!") და მას შემოწმება აღარ სჭირდება. თუმცა ვინ და რა მიზეზით წარადგენს ქართულ კულტურას ფრანკფურტში, ეს ცალკე საუბრის თემაა. რაც შეეხება პრემიერას.

ბოლოდროინდელ სპექტაკლებში რობერტ სტურუას შედარებით ნაკლებად აინტერესებდა პერსონაჟთა განცდები, ფსიქოლოგიური „წვრილმანები" თუ რეფლექსიები. გამონაკლისია ალბათ სპექტაკლი „მარია კალასი - გაკვეთილი“, რომელშიც რეჟისორმა ასპარეზი მთლიანად  ლელა ალიბეგაშვილს დაუთმო (როგორც დიდი ხნის წინ, 80-იან წლებში ზინა კვერენჩხილაძეს მონოსპექტაკლში „ამჰერსტის მშვენება", რომელშიც ის პოეტ ემილი დიკინსონს განსახიერებდა). თუმცა ეს სრულებით არ უშლიდა ხელს დაუნდობლად შეემოკლებინა პიესის ტექსტები. სულ ერთია რას დადგამდა - შექსპირს, ბრეხტსა თუ პოლიკარპე კაკაბაძეს.

პარადოქსია, მაგრამ რუსთაველის თეატრის გიგანტურ სცენას და ბოლომდე გაშიშვლებულ კედლებს (ესეც სტურუას საფირმო ნიშანია „ყვარყვარეთი" დაწყებული, „დაკანონებული უკანონობით" დამთავრებული) სცენოგრაფი და მხატვარი მირიან შველიძე როგორღაც მაინც კამერულ ატმოსფეროს უნარჩუნებს. რასაც სცენაზე წრიულად მიმიფანტული სკამებით, ჩამომსხდარი მანეკენებით, კლასიკური ფერწერული ასლების „ჩალაგებით" ახერხებს. პლუს განათება, რომელიც პრინციპში ეფექტური და თვალისმომჭრელია. მუსიკალური გაფორმება ისევ ია საკანდელიძეს ეკუთვნის, რომელიც კარგად ნაცნობ ბახ-ბეთჰოვენ-შოპენს ყანჩელთან და ჩაპლინის მუსიკასთანაც ხშირად აზავებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობაში მხოლოდ ორი პერსონაჟია - ვანო (მიხეილ არჩვაძე) და ნიკო ( სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე), სტურუამ მათ უცნობი  დავით დარჩია და ქალიც - ნინო არსენიშვილი დაუმატა და დუეტი სცენურ კვარტეტად აქცია. ტანმორჩილი და მოძრავი მიხეილ არჩვაძე უფრო ჩაპლინის მაწანწალას სევდიან-კომიკურ ასოციაციას იწვევს. ერლომ ახვლედიანის მიერ აღწერილი მორცხვი და კეთილშობილი ვანოსგან განსხვავებით, ის უფრო ცოცხალია და ირონიულიც.

სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის ნიკო კი მთელი სპექტაკლის განმავლობში მიუღწეველ სევდასა და აუხსნელ აგრესიას შორის მერყეობს. თუმცა რეჟისორი იგავური ფორმისა თუ თხრობის გამო, იძულებულია გმირები მაინც შავ-თეთრ განზომილებაში მოაქციოს და შესაბამისად, ვანო კეთილი იყოს და ნიკო - ბოროტი. თუმცა ფინალში მოინდომებს, რომ მათ როლები გაცვალონ და „ვანო განიკოვდეს" და „ნიკო გავანოვდეს", მაგრამ ექსპერიმენტი საბოლოოდ მაინც არ გამოდის და გიგანტურ კიბეებზე ამხედრებულნი, ისინი უცნაურ ორთაბრძოლას იწყებენ - ვინ უფრო მაღლა აბობღდება...

„- ეჰე, ვანო, შემომხედე, რა მაღალი ვარ!

ვანოც ავიდა მთაზე და ნიკოს გადასძახა:

- ეჰე, ნიკო!

ხოლო შემდეგ ვანომ და ნიკომ, რაც ახლომახლო მთები იყო, გაიყვეს, ერთმანეთზე აახოხოლავეს, ზედ შედგნენ... და ისმოდა ყვირილი:

- აუ-უ, ვანო, შემომხედე! რა მა-ღა-ლი ვარ!!!"

უკვე მომაბეზრებელი მეტაფორა მიუღწეველ ძალაუფლებაზე განადგურებებული მეგობრობისა თუ სიყვარულის ხარჯზე, ჩანს, თავად სტურუასაც ძალიან მობეზრდა და წარმოდგენის ფინალი კეთილი ზღაპრის ანალოგიით შეცვალა - ქალი, რომელიც ხან მერლინ მონროს პაროდიას გვაგონებს, ხან ჩაპლინის ფილმის უსინათლო ყვავილების გამყიდველს და ხანაც მელოდრამების გმირებს, ვანოს და ნიკოს თითო-თითო ანგელოზის ფრთას ჩამოურიგებს, ორივეს ხელკავს გამოსდებს და სცენის სიღრმეში მიაცილებს. მოკლედ, შავ-თეთრი იგავი ძალაუფლებასა და პირველობაზე შერიგებითა და სიყვარულით მთავრდება, რაც სინამდვილეში დაღლილი პროსპეროს შემარიგებელ ჟესტს უფრო წააგავს სამყაროსთან. თუმცა შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს 66-ე სონეტის პერიფრაზიცაა - „ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა!".

გასაგებია, რომ რობერტ სტურუას კიდევ ბევრჯერ შეუძლია დაერყდნოს საკუთარ მონუმენტალიზმსაც და დღემდე ცოცხალ, მაგრამ მაინც მოძველებულ მეოცე საუკუნის თეატრსაც - თავისი ნიშნებითა და სიმბოლოებით, კარგად ნაცნობი ძალაუფლების თემებითა და გულის ამაჩუყებელი სენტიმენტებით, არტისტული სიგიჟითა და მოკრძალებული  სიჩუმით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თავის შემოქმედებით მარტოობაში ის მარტო არ არის.

ასე დაემართა ბევრ მასზე უარეს თუ მასზე უკეთეს რეჟისორს. მაგალითად, ლუკა რონკონის, რომლის სანაქებო პერფექციონიზმი დროთა განმავლობაში მომაბეზრებელ საოპერო სანახაობად გადაიქცა; თავის დროზე საოცარ ლევ დოდინს, რომელმაც ჩეხოვის „უმამაობაში" აშენებული აუზის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თითქმის ყველა სპექტაკლში ისევ აუზები და ჭყუმპალობა უნდა ყოფილიყო; მოსკოვის სახელოვანი „ტაგანკის" თეატრის დამფუძნებელსა და მესაიდუმლეს, იური ლუბიმოვს, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, საბჭოთა დისიდენტურ წარსულს თავი ვერაფრით დააღწია...

თეატრალურ ლაბირინთებში გარკვეული მაყურებელი, რომელმაც დროთა განმავლობაში სტურუას „პოლიტიკური თეატრის" ანბანი კარგად შეისწავლა, იმასაც აცნობიერებს, რომ დრო შეიცვალა და მასთან ერთად - ის ენაც და ის სინტაქსიც, რომელზეც „ვანო და ნიკოში" საუბრობენ. და რაც უფრო მალე დააღწევს რეჟისორი თავს საკუთარი დიდების აჩრდილს, მით უფრო მალე მიადგება „ვეფხისტყაოსანს", სადაც მას ახალი, უთვალავი ფერის სამყაროს აღმოჩენა რეალურად შეეძლება.

ფოტო: გიორგი ყაჯრიშვილი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^