Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის მეცნიერება

08 აპრილი 2018

ქირურგი რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტის საწოლთან დაიხარა და მოხუც ქალბატონს ხმამაღლა ჰკითხა:

-თქვენ მართლა იყავით…- ექიმმა ხმას დაუწია და ირგვილმყოფთ მოავლო მზერა- იქ?

- ვაიმე, შვილო! ვიყავი, კი.

-და რა ნახეთ?

- მინდორში ვიყავი ხალხთან ერთად. თეთრებში ჩაცმული ქალი მოვიდა და ასე თქვა, შენი მოსვლა აქ ჯერ ადრე არისო…

რეანიმაციიდან გამოვედი და ისტორიას ბოლომდე არ მოვუსმინე. საკუთარი საქმის დროულად დასრულება მეჩქარებოდა.

საიქიოდან დაბრუნებული მოხუცი ბებოს ისტორიის მართებულობის გადამოწმების ერთადერთი გზა არსებობს. თქვენ უნდა მოკვდეთ… რამდენიმე წუთით.

***

სიკვდილისპირა მდგომარეობის დროს განცდილი შეგრძნებების ისტორიები მრავლად მოიძებნება [1]. თითოეული თავისი შინაარსით უნიკალურია, მაგრამ მათ კონსტრუქციაში გარკვეული მსგავსება შეინიშნება: უმრავლესობა ხედავს სინათლეს გვირაბის ბოლოს, ნახულობს მისთვის უცნობ/ნაცნობ ადამიანებს, ზოგიერთი ესაუბრება ღმერთს. საერთო ყველა შემთხვევაში ერთია- კლინიკური სიკვდილი.

არსებობს თუ არა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე შეგრძნებათა სახით? რამდენად რეალურია „საიქიოდან“ დაბრუნებულთა განცდები და შესაძლოა თუ არა აიხსნას, რას განიცდის ადამიანი სიკვდილის დროს?

***
კლინიკურ სიკვდილს მედიცინაში გულის მუშაობის შეჩერებას უწოდებენ. აღნიშნულთან ერთად წყდება თავის ტვინში სისხლის მიწოდება. რეანიმაციული მოქმედებების უშედეგობის შემთხვევაში კი ვითარდება სიკვდილი. აღნიშნული პროცესი სინათლის გამორთვას არ ჰგავს, რა დროსაც ჩამრთველის გაჩხაკუნებასთან ერთად შუქიც ქრება. გულის გაჩერების შემდეგ ტვინი მუშაობს მომენტალურად არ წყვეტს, პირიქით, მისი მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაცილებით უფროაგრესიულიხდება [2].

2013 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ჯიმო ბორჟიგინმა და ჯორჯ მაშურმა აღნიშნული მოსაზრება ფაქტებით გაამყარეს. ისინი იკვლევდნენ გულის გაჩერების შემდგომ მიმდინარე პროცესებს ვირთაგვას თავის ტვინში. მიღებული შედეგი მეცნიერთათვის გასაკვირი გამოდგა: ყველა საკვლევ ობიექტში, გულის გაჩერებიდან 30 წამის განმავლობაში თავის ტვინის გაცილებით მაღალი, სინქრონული აქტივობა ფიქსირდებოდა [3]. მსგავსი მოვლენა შესაძლოა კავშირში იყოს ადამიანებში სიკვდილისპირა მდგომარეობის დროს განცდილ შეგრძნებთან, როდესაც ყველაფერი „რეალურზე რეალური ხდება“

მიჩიგანელ მეცნიერთა თეორიას ნიუ-იორკელი სემ პარნია დაუპირისპირდა. მისი აზრით, მოვლენათ მსგავსი მექანიზმით არ შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანზე, მიუხედავად იმისა, რომ ვირთაგვას და ადამიანის თავის ტვინის ფიზიოლოგია ძალზე მსგავსია [2].

სემ პარნია წლებია იკვლევს სიკვდილის ახლო მდგომარეობას [4]. 2000-ზე მეტი კლინიკური სიკვდილის შემთხვევის დეტალური ანალიზისა და 101 ინტერვიუს შედეგების შეჯამების შემდგომ, მკვლევარმა სიკვდილისპირა განცდილი შეგრძნებები 7 კატეგორიად დაჰყო

1. შიში

2. ადამიანი ხედავს ცხოველებსა და მცენარეებს

3. ადამიანი ხედავს ნათელ შუქს

4. ადამიანი განიცდის ძალადობას და აქვს დევნის განცდა

5. დეჟა-ვუ

6. ადამიანი ხვდება ოჯახის წევრებ

7. ადამიანი იხსენებს გულის გაჩერების შემდგომ მოვლენებს [5]

ამ სტატიაში განვიხილავთ გვირაბის ბოლოს სინათლისკენ მიმავალ გზას და სამოთხეში/ჯოჯოხეთში გასეირნების შეგრძნებებს.

***
სულის მიერ სხეულის დატოვების“ ფენომენს სხეულს გარე მდგომარეობას (ОBE) უწოდებენ [6] და ის შესაძლოა წამყვანი იყოს სიკვდილისპირა მდგომარეობის ახსნაში. მისი გამომწვევი თხემ-საფეთქლის კვანძის სტიმულაციაა. თავის ტვინის აღნიშნული უბანი ინფორმაციას კრებს თალამუსიდან, ლიმბური, მხედველობითი, სმენითი და სომატოსენსორული სისტემებიდან. ამგვარად მულტისენსორული დეზინტეგრაცია თხემ-საფეთქლის კვანძში იწვევს თვითაღქმის ფენომენოლოგიგური და კოგნიტური პროცესების მოშლას, რის შემდგომაც გამოვლინდება სივრცეში მდებარეობის, აღქმის პერსპექტივის და გაორების ილუზორული განცდა [7]. მარტივად რომ ვთქვათ: ამ დროს ადამიანი ტოვებს საკუთარ სხეულს, დასცქერის მას და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ზემოდან.

“სიკვდილგამოვლილთა” ისტორიებში ყველაზე ხშირად გვირაბის ბოლოს სინათლის აღწერას მოისმენთ თუ წაიკითხავთ. აღნიშნული მოვლენის სრულყოფილი ახსნა ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა წამყვანი თეორიის მიხედვით, ეს უკანასკნელი გულის მუშაობის შეჩერების დროს თვალებში სისხლისა მიწოდების დარღვევისა და ჟანგბადის ეტაპობრივი შემცირების შედეგია. მსგავსი განცდები ჩნდება ძლიერი შიშისა და მოხჩობის დროსაც [8].

შიში ვახსენეთ და ამგვარად გვერდს ვერ ავუვლით კლინიკური სიკვდილის დროს თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს. ტრავმული სტრესის დროს ორგანიზმში თავისუფლდება დიდი რაოდენობით ე.წ. “სტრესის ჰორმონი”, ნორადრენალინი. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თავის ტვინში არსებულ ლურჯ ლაქაზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ემოციასა და მეხსიერებაზე პასუხისმგებელ უბნებთან. ამგვარი სტიმულაცია აღძრავს მოგონებებს ოჯახის წევრებზე (შესაძლოა გარდაცლილ პიროვნებებზე), იწვევს მძაფრი ემოციური ფონის შექმნას (შიში, დაძაბულობის განცდა) [8]

ამგვარი გზით მიდის ადამიანი სამოთხე/ჯოჯოხეთამდე. ამ ეტაპზე ხილვები შესაძლოა შიშის მომგვრელი, ძალადობრივი და დამთრგუნველი აღმოჩნდეს, რაზეც პასუხისმგებლობა ნორადრენალინსა და დოფამინს ეკისრება. დოფამინი, იგივე „ბედნიერების ჰორმონი“ მნიშვნელოვან ჰალუცინოგენურ როლს ასრულებს მთელ ამ რთულ მექანიზმში. მისი გავლენით ჰალუცინაციები შესაძლოა საოცრად სასიამოვნო და ამავდროულად, გროტესკულიც აღმოჩნდეს. სრული ჰარმონიის განცდა შესაძლოა მონსტრებისა და მოჩვენებების ხილვებმა ჩაანაცვლოს. [9]

სიკვდილისპირა მდგომარეობისას ილუზორული აღქმის სახესხვაობათა საძირკველი პაციენტთა ცხოვრებასა და მათ შეხედულებებში უნდა ვეძიოთ. რელიგიური სახის შეგრძნებათა ინტერპრეტაციაში დიდ როლს თამაშობს პაციენტის წარმომვალობა და აღმსარებლობა, რადგანაც მისეულისიკვდილისშემდგომი აღქმა, ესაა რელიგიური და სოციალური შემეცნების სინთეზი. [10]

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი შინაარსის ეპიზოდი ახალ აღთქმაში გვხვდება
 

ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე;

და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის),

რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს

სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი, ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა?

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ“; თავი XII; 2–5 [11]

აღნიშნულ საკითხს რელიგიური რაკურსით თუ შევეხებით, აქვე უნდა შევნიშნოთ, ტვინში მიმდინარე აღნიშნული პროცესების მსგავსი მდგომარეობა ფიქსირდება მედიტაციის დროს [12], რაც თავისთავად ხსნის „სხეულიდან ამოსვლასა და ნირვანაში შეღწევის“ ფენომენს.

რა მნიშვნელობა აქვს იმის კვლევას, თუ რას განვიცდით სიკვდილისას? სავარაუდოდ აღნიშნულზე პასუხის ძიება გვეხმარება საკუთარი ცხოვრების დინების შეცვლასა და გარდაუვალობასთან შეგუებაში. სიკვდილისპირა მდგომარების განცდის შემდგომ პაციენტთა ნაწილმა სიკვდილის შიში დაძლია და ამგვარად მათი ბედნიერად ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვად გაიზარდა. თუმცა, “სიკვდილგამოვლილი” პაციენტების ნაწილს მოგვიანებით პოსტტრავმული დისტერეს სინდრომი განუვითარდა.[13]

 ***
მიჩიგანში კი ბორჟიგინის ლაბორატორია აღნიშნულ თემას ამოწურულად არ მიიჩნევს. შემდგომი კვლევებით ისინი მეტად საინტერესო აღმოჩენამდე მივიდნენ. მათ იპოვეს კავშირი ტვინის აქტიურ მუშაობასა გულის გაჩერებას შორის. ასე გამოდის, რომ სიკვდილის დროს ტვინი და გული გარკვეულწილად სინქრონულად იწყებენ მოქმედებას, რისი აღბეჭდვაც მკვლევარებმა ელექტროკარდიომატრიცის საშუალებით მოახერხესმეცნიერთა თეორიის მიხედვით, ტვინის აქტიური მუშაობა მიმართულია გულის მუშაობის გასაგრძელებლად, თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, აღნიშნული სინქრონიზაციის მექანიზმი ხშირად ფიბრილაციის გამომწვევად გვევლინება. ჯიმო ბორჟიგინის აზრით, ტვინიდან გულისკენ გაგზავნილი ფატალური ნერვული იმპულსების ფარმაკოლოგიური ბლოკადა შეამცირებს კარდიული შეტევების დროს სიკვდილიანობას.[14]

და ვინ იცის, იქნებ ამგვარად გადავურჩეთ სამოთხე-ჯოჯოხეთის დილემას.

***
„…გარყევა არ შემეძლო. სიმართლე ითქვას, მოძრაობის მცირედი სურვილიც კი არ გამაჩნდა.

თუმცა ჩემი შეგრძნებები საოცრად გაცხოველებულიყო. მოძრავი ფანრების შუქზე ავტომობილის ნამსხვრევები დავინახე

სტენლი მხარზე შემეხო და მისი შეხება საოცრად დამამშვიდებელი გახლდათ. გულზე მომეშვა და მიუხედავად მომხდარისა, საოცრად ბედნიერი ვიყავი.

- აბა, რაიმე ხომ არ გტკივა?

- არა- ვუპასუხე მე

- ეს ყოველთვის ასე ხდება- თავი დამიქნია მან.

და უეცრად გაკვირვებამ შემიპყრო. სტენლი! სტენლი! ის ხომ მუცლის ტიფით გარდაიცვალა ბლუმფონტენში, ბურებთან ომის დროს! ეს ნამდვილად ასე იყო!

- სტენლი!- დავიყვირე მე და სიტყვები თითქოს ყელში გამეჩხირა- სტენლი, შენ ხომ მოკვდი!

მან თავისი ნაცნობი რბილი ღიმილით გადმომხედა და მიპასუხა:

-ისევე როგორც შენ.

როგორ მოხდა ეს”, სერ არტურ კონან დოილი; 1918

წყარო:

[1] [Serious] Redditors who have been clinically dead and then revived/resuscitated: What did dying feel like? Did you see anything whilst passed on?- www.reddit.com
[2] Brains Of Dying Rats Yield Clues About Near-Death Experiences- Rob Stein; “Health News from NPR”

[3] Surge of neurophysiological coherence and connectivity in the dying brain-

Jimo Borjigina,  UnCheol Leed,  Tiecheng Liua, Dinesh Pald, Sean Huffa, Daniel Klarrd, Jennifer Slobodaa, Jason Hernandeza, Michael M. Wanga  and George A. Mashour

[4] AWARE—AWAreness during REsuscitation—A prospective study- Sam Parnia, Ken Spearpoint, Gabriele de Vos, Peter Fenwick, Diana Goldberg, Jie Yang, Jiawen Zhu, Katie Baker, Hayley Killingback, Paula McLean, Melanie Wood, A. Maziar Zafari, Neal Dickert, Roland Beisteiner, Fritz Sterz, Michael Berger, Celia Warlow, Siobhan Bullock, Salli Lovett, Russell Metcalfe Smith McPara, Sandra Marti-Navarette, Pam Cushing, Paul Wills, Kayla Harris, Jenny Sutton, Anthony Walmsley, Charles D. Deakin, Paul Little, Mark Farber, Bruce Greyson, Elinor R. Schoenfeld

[5] There Are Seven Types of Near-Death Experiences, According to Research

Here's what to expect when you die- Fiona MacDonald

[6] Real Out-of-Body Experiences- David Biello

[7] The Out-of-Body Experience: Disturbed Self-Processing at the Temporo-Parietal Junction-

Olaf Blanke, Shahar Arzy

[8] Peace of Mind: Near-Death Experiences Now Found to Have Scientific Explanations- Charles Q. Choi

[9] High Dopamine Levels: Symptoms & Adverse Reactions

[10] The seven ways to have a near-death experience- Rachel Nuwer

[11] „პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ“;- თავი XII; 2–5

[12] EEG activity in Carmelite nuns during a mystical experience- Mario Beauregard; VincentPaquette

[13] Posttraumatic stress symptoms following near-death experiences- Bruce Greyson

[14] Asphyxia-activated corticocardiac signaling accelerates onset of cardiac arrest- Duan Li, Omar S. Mabrouk, Tiecheng Liu, Fangyun Tian, Gang Xu, Santiago Rengifo, Sarah J. Choi, Abhay Mathur, Charles P. Crooks, Robert T. Kennedy, Michael M. Wang, Hamid Ghanbari and Jimo Borjigin

[15] How It Happened- Sir Arthur Conan Doyle

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^