Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბორენადან თანამედროვე ქართველ მწერალ ქალებამდე

13 აპრილი 2018

ქართველი მწერალი ქალების ისტორია საოცრად საინტერესო პოეტით - ბორენათი იწყება. შესაძლოა ეს ბორენა დედოფალი იყოს, ბაგრატ IV-ის მეუღლე, ოსთა მეფის ასული, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, დედოფალი კი არა, უბრალო პოეტი ყოფილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გამოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან ბორენა ყველაზე ძველი ქალი პოეტია, რომლის შესახებაც რაიმე ვიცით.

მისი სახელით შემორჩენილია იამბიკო, თორმეტმარცვლიანი ლექსი, რომელიც სვანეთში, მაცხოვრის ეკლესიაში დაცულ ღვთისმშობლის ოქროჭედილ ხატზეა წაწერილი.

ეს იამბიკო უბრალო არ გეგონოთ, თავის „თანატოლებს“ უამრავი ნიშნით აღემატება, უპირველეს ყოვლისა კი იმით, რომ მასში საკმაოდ მყარი ორმარცვლიანი რითმა გვხვდება. ეს ლოცვა, ამავდროულად, უმშვენიერესი ლექსია:

„რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი,
ჰრქუი რაი გაბრიელს: „ვარ უფლისა მხევალი“,
მაშინ ისტუმრე ქუეყნად მოუვალი -
დაემხო ძალი, პირველვე სისხლდამთრვალი;
ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირმრავალი!...“

გასაგებია, რომ ზუსტად არ ვიცით, ბორენა მხოლოდ პოეტი იყო თუ პოეტი დედოფალი, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ საქართველოს მეფეცა და დედოფალიც, ჩვენი ისტორიის უდიდესი ქალი - თამარი - შესანიშნავი პოეტი იყო და მისი შემოქმედების ნაწილი ჩვენამდეც არის მოღწეული, მაგალითად - „ცასა ცათასა“:

„ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთმთავრობა,
ძე საუკუნობს პირველი და კვალადი,
სულმან მან ღმერთმან სრულყო მოქმედებადი,
სამებით სრულმან ერთითა ღმრთეებითა,
მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა...“.

რა თქმა უნდა, თამარი, როგორც პოეტი ვერ შეედრება თამარს, როგორც მეფეს, მაგრამ ის, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, მისივე ეპოქის გენიოს პოეტთან შედარებით დაიჩაგრა.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ საქართველოში მწერალი ქალები ძველი დროიდანვე გვხვდებიან, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

XIX საუკუნემდე რთულია მწერალი ქალების აღმოჩენა, თუმცა, საბედნიეროდ, სწორედ ამ საუკუნეში გამოჩნდნენ ქალები, რომელთა შორის უპირველეს ყოვლისა, ბარბარე ჯორჯაძე უნდა ვახსენოთ.

დააკლიკეთ ბმულს, და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

მოგეხსენებათ, ბარბარე ჯორჯაძე ცნობილი ქალია, რომელსაც ჩვენში „სრული სამზარეულოს“, კულინარიის სახელმძღვანელოს, ავტორად იცნობენ, მაგრამ, ეს ადამიანი პირველ რიგში, მწერალი იყო!

ქისტაურში დაბადებული ბარბარე ჯორჯაძე ლიტერატურულ ასპარეზზე 1858 წელს გამოჩნდა და ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა. მამებისა და შვილების ომში მამების მხარეს იყო, მამათა პოეზიას იცავდა. რომანტიკული სკოლის წარმომადგენელი, რომელმაც მოგვიანებით 60-იანელთა შეხედულებაც გაიზიარა, წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს. მის პოეზიაში ჩანს სამოქალაქო ტკივილი, სამშობლოს სიყვარული, ჩაგრულთა თანაგრძნობა, სიძულვილი უსამართლო მოხელეთა მიმართ („გამომძიებელს“, „რას იბღინძები“) და ა.შ. ავტორია დრამისა „შური“ და კომედიისა - „რას ვეძებდი და რა ვპოვე“. ამჟღავნებდა ინტერესს სოციალური პრობლემებისადმი.

რომანტიზმის შემდეგ რეალიზმში გადასვლაც სცადა, მაგრამ მაინც თავად-აზნაურობის პოზიციაზე დარჩა. ბოლოს ერთ დიდ წიგნად შეკრა და შთამომავლობას გადასცა ქართული სამზარეულოს მთელი საგანძური, რაც, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი შემოქმედებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს გვყავდა ქალი ავტორები, სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, პირველი დიდი ქართველი მწერალი ქალი, რა თქმა უნდა, ეკატერინე გაბაშვილია.

ეკატერინე გაბაშვილის მამა ­- თარხნიშვილი, ანუ თახან-მოურავი, თავადაზნაურობის მაღალი კლასის წარმომადგენელი იყო, დედა კი ბაგრატიონის ქალი, სოფიო. ეკატერინე მალევე დაობლდა და მისი და მისი ძმის აღზრდა მძიმე და ანჩხლი ხასიათის ბებიამ იტვირთა. როცა საქმე განათლების მიღებაზე მიდგა, ოჯახში სიტუაცია დაიძაბა, რადგან მაშინ ქალთათვის განათლების მიცემას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. საბოლოო ჯამში, ეკატერინემ საშუალო განათლება მიიღო. სხვათა შორის, ქართულს ალექსანდრე ცაგარელი და იაკობ გოგებაშვილი ასწავლიდნენ.

თბილისში გადმოსახლებული ეკატერინე მალევე დაუახლოვდა ქართული მწერლობის დიდ წარმომადგენლებს: ილიას, ვაჟას და აკაკის. საკუთარ სახლში ჭრა-კერვის 5-წლიანი სკოლა გახსნა, რომელსაც 15 წელი ხელმძღვანელობდა. სკოლა საქველმოქმედო შემოწირულობით არსებობდა და აქ სხვადასხვა საგნებსაც ასწავლიდნენ. მოკლედ, ეკატერინე გაბაშვილი უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა, საქართველოში ფემინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საზოგადო მოღვაწე იყო, მაგრამ რაც მთავარია, ის შესანიშნავი ქართველი მწერალი იყო, რომლის პოპულარობას ხელი შეუწყო საბავშვო ჟანრში მოღვაწეობამაც, მისი ნაწარმოებები ხომ ბავშვების მიმართ უზომო სიყვარულით იყო გამთბარი.

მის სახელთანაა დაკავშირებული ქართულ ლიტერატურაში მცირე მოთხრობის, ანუ ნოველის დამკვიდრებაც. ამ მხრივ მან ყველას აჯობა და მისი მოთხრობები კარგად იცის დიდმა თუ პატარამ: „ოჯახის ბურჯი“, „თინას ლეკური“, „გამარჯვებული ნიკო“, „მაგდანას ლურჯა“ თუ „ღვინია გადაიჩეხა“.

ეკატერინეს ნათელი და გამჭვირვალე ენა ჰქონდა. როგორც გოგებაშვილი ამბობდა, „მის მოთხრობებში იყო მსუბუქი კილო, ცოცხალი მიმდინარეობა აზრებისა და მშვენიერი ქართული ენა“.

საინტერესოა, რომ ეკატერინე გაბაშვილი სერიოზულად განიხილავდა სხვადასხვა პრობლემასაც; წერდა, რომ ქართველ ინტელიგენტს ძილი არ მიეტევება. რომ მას მუდამ სიფხიზლესა და მუშაობას ავალებს სამშობლოს უბედურება. აი, ასეთი პატრიოტული განწყობის ადამიანი იყო. თავადაც მუდამ გრძნობდა ამ ვალდებულებას და პირნათელი წავიდა იმქვეყნად, დატოვა რა ქალების ახალი თაობა, რომელიც უკვე XX საუკუნეში გამოირჩნენ.

ახალი საუკუნე საინტერესო მოვლენით აღინიშნა, რამაც ჩვენს მაშინდელ საზოგადოებაში დაძაბულობაც კი გამოიწვია - ქალთა ეროტიკული პოეზია, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ: მარიჯანი, საფო მგელაძე და ელენე დარიანი.

მარიჯანი - მარიამ ტყემალაძე-ალექსიძე, თბილისელი პოეტი ქალი, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი და კურსდამთავრებული.

მისი პირველი ლექსი - „ტბა“ გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა. შემდეგ იბეჭდებოდა პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. ახასიათებდა ლირიზმი, ორიგინალური თვალთახედვა. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც, მან თარგმნა: მიხალკოვის, ჩუკოვსკის, შვარცის, ალიგერის, ალექსეი ტოლსტოის შემოქმედება.

აქტიურად ცხოვრობდა და დიდხანს მუშაობდა მწერალთა კავშირშიც. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ის გამოჩნდა, როგორც ეროტიკული პოეზიის ავტორი, რაც ძალიან, ძალიან სერიოზული ნაბიჯია, რადგან მაშინდელი საქართველო ამისთვის მზად არ იყო.

საფო მგელაძე - პოეტი, ბელეტრისტი, XX საუკუნის 30-იანი წლების ლიტერატურული ცხოვრების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. გამოჩნდა მაშინ, როცა კაცები უკვე პოეზიის ძალიან მაღალ სიმაღლეებს იღებდნენ: გალაკტიონი, „ცისფერყანწელები“, ტიციანი, პაოლო, გიორგი ლეონიძე; ასევე: გრიშაშვილი, ჯავახიშვილი, გამსახურდია და ა.შ. ბევრ მათგანთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და მეგობრობაც აკავშირებდა.

დაგვიტოვა სამი რომანი: „ქარიშხლის ფრთებზე“, „გზადაგზა“ და „ლიანა ლორდია“. „ლიანა ლორდია“ მაშინდელი ახალგაზრდების უსაყვარლეს წიგნად იქცა. ამ წიგნს უბით ატარებდა ლადო ასათიანი და მთელი თაობა, როგორც ოცნებას არამიწიერზე.

საფო მგელაძეს ქართველი ჟორჟ სანდი უწოდეს. თავდავიწყებით, უიმედოდ იყო შეყვარებული „ცისფერყანწელების“ ლიდერზე - გრიგოლ რობაქიძეზე.

სამწუხაროდ, ტრაგიკულად გარდაიცვალა - გურიაში ყოფნის დროს ცხენიდან ჩამოვარდა და თირკმელი დაიზიანა. ოპერაცია გაიკეთა და დაიღუპა. როცა მეგობარმა კატო მიქელაძემ საავადმყოფოში მიაკითხა, პაციენტი პალატაში არ დახვდა. საფოს ცხედარი პროზექტურაში აღმოჩნდა, ნახევარი სხეული მაგიდაზე ესვენა, ნახევარი კი იატაკზე. ასეთი ტრაგიკული ბედის იყო ადამიანი, რომელმაც თქვა - „მთელი ჩემი სიხარული, სიცოცხლე, ვნება შევწირე წიგნებს და ლექსებში რითმებად დავწვი“.

ელენე ბაქრაძე (დარიანი) - კიდევ ერთი ქართველი პოეტი, ამ ეროტიკული პოეზიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ასეთი ქალი საერთოდ არ არსებობდა და ამ ლექსების ავტორი პაოლო იაშვილი იყო.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა შესანიშნავი გამოფენა სახელწოდებით „ელენე დარიანი - ქალი პაოლოს უკან“ და ამ გამოფენაზე წარმოდგენილი მასალები სრულად ცხადყოფდა პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სასიყვარულო ისტორიას.

სიყვარულის ეს ისტორია პაოლოს ოჯახის წევრებმა დამალეს. საერთოდაც, „ცისფერყანწელების“ ცოლები დიდი გულშემატკივრები არ იყვნენ ელენე დარიანის, ამ თავისუფალი ქალისა. ამიტომაც იყო, რომ დიდი ხნის განმავლობაში ელენე არარსებულ ადამიანად ითვლებოდა.

დარიანული ციკლის ლექსები პირველად 1915 წელს გამოქვეყნდა და სითამამისა და ეროტიკულობის გამო საზოგადოებამ უარყოფითად მიიღო. ცნობილი ამბავია: როცა ამ ლექსების წაკითხვა ქუთაისში მოინდომეს, აუდიტორიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

XX საუკუნის ბოლოს კი გამოითქვა მოსაზრება, რომ დარიანული ციკლი არა პაოლო იაშვილის, არამედ ელენე ბაქრაძის შემოქმედებაა.

ბოლოს და ბოლოს, პაოლო იაშვილის ოჯახის ინტერესებზე მაღლა სიმართლის ინტერესი დადგა და გამოჩნდა მათი პირადი მიმოწერა. როგორც ელენე ბაქრაძე იხსენებდა, პაოლოს მან დაარქვა დორიანი, რაც პოეტს არ მოსწონებია. ამიტომაც, წყვილი ახალ სახელზე - დარიანზე შეთანხმდა და ეს სახელი შემდგომში მათი სიყვარულის, თითოეული მათგანის ფსევდონიმი გახდა.

ახლა, როგორც ვერავინ დაადგენს, რამდენი არის პლატონი პლატონში და რამდენი მისი მასწავლებელი - სოკრატე, ზუსტად ასე ვერ ვადგენთ რამდენია ელენე დარიანის პოეზიაში ელენე ბაქრაძისა და რამდენი - პაოლო იაშვილისა.

ვფიქრობ, დარიანის პოეზიაში ლექსების ინტენცია, სული ელენე ბაქრაძისაა, პოეტურად კი პაოლო იაშვილის მიერაა გაფორმებული.

სხვათა შორის, საგულისხმო ფაქტია, რომ ელენე ბაქრაძის მისამართი თავის ბლოკნოტში გალაკტიონს ჰქონდა ჩანიშნული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ელენე დარიანს ლიტერატურულ წრეებში კარგად იცნობდნენ.

ემანსიპირებული ქალი, ეწეოდა სიგარეტს და ატარებდა შარვალს. გასაგებია, რომ მაშინდელი საზოგადოება ასეთი ადამიანისთვის მზად არ იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ის შესანიშნავი ნიშანია ქალი პოეტისა ქართულ ლიტერატურაში.

ამის შემდეგ უამრავი მწერალი ქალი გვყავდა და მათი სახელების ჩამოთვლას დიდი აზრი არა აქვს, მაგრამ შეუძლებელია არ ვახსენოთ ანა კალანდაძე, ჩვენი ჩემპიონი ამ დარგში, რომელიც უკვე ისტორიამაც აღიარა საუკეთესოდ.

დღეს ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს საქმე - გამორჩეულად კარგი და ნიჭიერი მწერალი ქალები გვყავს, რომლებიც საოცარ ნაწარმოებებს ქმნიან.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი თანამედროვე მწერალი - თამთა მელაშვილი, რომლის რომანი „გათვლა“ ზღაპრულად ნიჭიერი ავტორის ნაწარმოებია. ასეთი დებიუტი მე არც მახსოვს - „გათვლა“ არის ნაწარმოები, რომლითაც ავტორი პირდაპირ შემოვიდა და დამკვიდრდა ლიტერატურაში, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალი.

13 წლის გოგონას თვალით დანახული ომი, არანაირი ხოცვა-ჟლეტა და სისხლისღვრა, მაგრამ ყველაფერი, რაც ომს ახასიათებს: ჯარისკაცები და ოფიცრები წმინდანები კი არ არიან, მათ შეიძლება კომერციული ინტერესებიც ჰქონდეთ; სოფელი ქალების ამარაა დარჩენილი;  ქალები იბრძვიან თავის გადასარჩენად და ელიან თავიანთ კაცებს; კაცები, როგორც წესი, ომიდან არ ბრუნდებიან; მშიერი ჩვილი, რომლისთვისაც საჭმელს ვერ შოულობენ; ნარკობიზნესი და უბედურება...

რაც მთავარია, ეს ყველაფერი განსაკუთრებულადაა აღწერილი - არც სევდიანად, არც მშრალად, რაღაცნაირად, უცნაურად, ობიექტურად. არადა, ისეთ საოცარ ემოციებს აღძრავს, იფიქრებ, ცრემლმდენი მასალითაა შექმნილიო. შეიძლება უმაღლესი შეფასებაა, მაგრამ ავტორი ჰომეროსივით წერს - ობიექტურად, მაგრამ აღძრავს ემოციებს.

როგორც ჩანს, ჩვენი მწერლობა აწი აღარასდროს გაღარიბდება, ვინაიდან ჩვენ გვყავს: ეკა ქევანიშვილი, რომლის „ევაკუაციის გეგმა“ ძალიან სერიოზულად იქნა აღქმული; თამარ თანდაშვილი, მაგდა კალანდაძე, სალომე ბენიძე, რომლის „ქალაქი წყალზე“ ვფიქრობ, რომ შედევრია; ანა კორძაია-სამადაშვილი, რომელიც როგორც მწერალი, როგორც მთარგმნელი, როგორც „ვინ მოკლა ჩაიკას“ ავტორი, როგორც პიროვნება - ცალკე თემაა ქართულ მწერლობაში. ჩვენ გვყავს თეონა დოლენჯაშვილი, ნინო ტეფნაძე, მარიამ ბექაური, ფაქტობრივად მთელი არმია! გარდა ამისა, სპეციალურად არ ვსაუბრობ იმ ქალ ავტორებზე, რომლებიც უცხოეთში გვყავს. ჩვენ უკვე ვახსენეთ ეს ადამიანები - ნინო ხარატიშვილი გერმანიაში, ელენე ბოჭორიშვილი კანადაში.

რა თქმა უნდა, ბოლოსთვის მყავს შემონახული ჩვენი ყველაზე დიდი ქალი პროზაიკოსი, უნიჭიერესი ნაირა გელაშვილი, რომლის თითოეული ნაწარმოები წარმოუდგენელი დონისაა. მასზე რა უნდა ვთქვა? ნაირა გელაშვილი ხომ მისი თაობის, ეპოქის სიმაღლეა!

საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ აღარა ვართ ბორენა დედოფლის თუ არა-დედოფლის იმედად. მწერლობა საქართველოში არის სფერო, სადაც ქალები თავის სერიოზულ სიტყვას დღესაც ამბობენ და კიდევ იტყვიან. 

პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^