Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გაუგრძელდა RMG Gold–ს ძველი ლიცენზია?

08 მაისი 2014

„ლიბერალი“ გთავაზობთ საგამოძიებო სტატიების სერიას, Rich Metals Group-ის (ყოფილი „მადნეულის“) საქმიანობის, სალიცენზიო პირობების შესრულების პრაქტიკის, ახალი ლიცენზიების შეძენის, მათში შესული ცვლილებების, მარაგების მდგომარეობის, მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის, წიაღის კანონში შესული ცვლილებების და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. 

პირველ ნაწილში შეიტყობთ დეტალებს, თუ რა ვითარებაში გაუგრძელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ RMG Gold– ძველი ლიცენზიის მოქმედების ვადა.

 

საქართველოს მთავრობამ ძვირფასი მეტალების მომპოვებელ კომპანია Rich Metals Gold–ს სასარგებლო წიაღით სარგებლობის მოქმედების ვადა გაუგრძელა. ამ გადავადების წყალობით, კომპანიას საყდრისი–ყაჩაღიანის ტერიტორიაზე,  რომელსაც კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა, მადნის მოპოვების საშუალება მიეცა.  

Rich Metals Gold–ის სალიცენზიო ფართობის ის ნაწილი, რომელშიც საყდრისი–ყაჩაღიანის ტერიტორია მდებარეობს,  ძველი ლიცენზიის ტერიტორიის საზღვრებში იყო მოქცეული. ძველ ლიცენზიას  ვადა მიმდინარე  წლის 7 აპრილს დაუმთავრდა. ახალ ლიცენზიაში კი, რომელიც ძალაში ამა წლის 14 აპრილს შევიდა, საყდრისი–ყაჩაღიანის ის ტერიტორია, რომელსაც კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა,  არ შედის.  

ძველი და ახალი ლიცენზიების მფლობელები ორი სხვადასხვა იურიდიული პირია:  ძველ ლიცენზიას შპს Rich Metals Gold–ი ფლობს. ახალ ლიცენზიას კი – შპს Mining Investment Gold–ი.  ძველი ლიცენზია  N0010 - 1994 წელს, ახალი კი, N100 1028 – 2012 წელს გაიცა.  

საყრდისი–ყაჩაღიანის ტერიტორიის ნაწილს 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა და RMG Gold–ის ტერიტორიაზე მუშაობა არ შეეძლო.  იმ დროისთვის კი, როცა ტერიტორიას კულტურული მემკიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა, ძველი ლიცენზიის ვადაც იწურებოდა.  

მას შემდეგ, რაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის, ხოლო მოგვიანებით არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოუხსნა, საყდრისის ტერიტორიაზე ლიცენზიების მფლობელმა კომპანიის დირექტორებმა შიდა მიმოწერები წამოიწყეს.

მიმოწერები სალიცენზიო ვადის გაგრძელებას ეხებოდა.

ვინაიდან Rich Metals Gold–ის ლიცენზიას ვადა 2014 წლის 7 აპრილს გასდიოდა და Mining Investment Gold-ის ახალი, ნომერ 100 1028 ლიცენზია 14 აპრილს შედიოდა ძალაში, Rich Metals Gold–ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ეგანოვმა სოლომონ ცაბაძეს, Mining Investment Gold-ის დირექტორს, 2014 წლის 30 იანვარს წერილი მისწერა და მის ახალ სალიცენზიო ტერიტორიაზე ძველი ლიცენზიის გაგრძელების ნებართვა სთხოვა.  

“ვაპირებთ შუამდგომლობას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში ლიცენზიის ვადის 1 წლით გაგრძელებასთან დაკავშირებით და ვითხოვთ თქვენს თანხმობას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს თქვენი ლიცენზიის ძალაში შესვლისა და, შესაბამისად, მოქმედების ვადის დასრულების ერთი წლით გადავადებას”, –  ნათქვამია წერილში.  

ამ წერილზე სერგეი ეგანოვს სოლომონ ცაბაძემ 2014 წლის 2 თებერვალს ორ დღეში უპასუხა.

“აღნიშნული საკითხი აღემატება დირექტორის კომპეტენციას,  ამდენად ვალდებული ვარ,  საკითხი განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად გავაცნო შპს მაინინგ ინვესთმენთ–ის ( Mining Investment Gold-ის 100%–ით დამფუძნებელი) სამეთვალყურეო საბჭოს. მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ დამატებით გაცნობებთ”.

5 დღის შემდეგ,  7 თებერვალს, სოლომონ ცაბაძემ სერგეი ეგანოვს წერილობით აცნობა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს დასტურით,   Mining Investment Gold–ი თანახმა იყო, რომ მისი სალიცენზიო ვადა ერთი წლით შეჩერებულიყო და მის ადგილას, Rich Metals Gold-ის ლიცენზია გაგრძელებულიყო.

სოლომონ ცაბაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ის მზად იყო,  Rich Metals Gold-ისთვის ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე სახელმწიფო უწყებებში შესაბამისი შუამდგომლობა გაეწია.

ასეც მოხდა: 24 თებერვალს,  სოლომონ ცაბაძემ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და სერგეი ეგანოვის თანხმობით და სახელით,  Rich Metals Gold-ის ლიცენზიის გაგრძელების თხოვნით მიმართა.

შალვა ჯავახაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ადასტურებს, რომ უწყებაში კომპანიის დირექტორის წერილები შევიდა. ჯავახაძის თქმით, ლიცენზიის მოქმედების ვადა  ჯერ მთავრობის განკარგულებით და შემდეგ სააგენტოს თანხმობით გაგრძელდა.

“[კომპანიები] ორი სხვადასხვა იურიდიული პირებია და დამფუძნებლები ვინ არიან, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი”, – ამბობს ჯავახაძე. – “თუ ორი სხვადასხვა ჯგუფია,  რომლებიც ერთმანეთში მორიგდა და მოილაპარაკეს, პრობლემა არაა.  თუ ერთი და იგივე ჯგუფია, საერთოდ  ვერ ვხედავ პრობლემას”.

Mining Investment Gold–ის ლიცენზიის გაგრძელებაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს გივი ქოროღლიშვილი, რომელიც 1999–2003 წლის ჩათვლით სააქციო საზოგადოება “მადნეულის” სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

(სააქციო საზოგადოება “მადნეულს” სახელი 2012 წელს შეეცვალა.  საწარმოს ხელახლა გაყიდვის შემდეგ, ახალმა მფლობელებმა სახელწოდება “მადნეული” Rich Metals Copper–ით შეცვალეს, ხოლო  შპს “კვარციტი” – Rich Metals Gold-ით.)  

“ლიცენზია პრაქტიკულად გაუგრძელეს შპს თი–ჯი–არ [ტრანს–ჯორჯიან რესორსიზ]–ს,– რომელიც საყდრისის ლიცენზიას 1994 წლიდან 2014 წლის 7 აპრილამდე ფლობდა და არ შეასრულა ლიცენზიის მთავარი პირობა – შესწავლა.  ეს პირობა შესრულებული რომ ყოფილიყო, ახალი ლიცენზია შესწავლაზე აღარ გაიცემოდა. ლიცენზია გაიცემოდა პირდაპირ მოპოვებაზე და ბევრად უფრო ძვირი ეღირებოდა. ასევე, არ განხორციელდა ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაზე მიმართული არც ერთი პროექტი.  აქედან გამომდინარე, შპს თი–ჯი–არ –ისთვის ლიცენზია უნდა ჩამოერთმიათ და არა გაეგრძელებინათ.  აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მთავრობის გადაწყვეტილებები ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე, როდესაც სავსებით შესაძლებელი და სწორი იქნებოდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის  სტატუსი აქვს,  ახალი ლიცენზიის გაყიდვა, სულ ცოტა, 55 მილიონად მაინც. ფაქტობრივად, საქართველოს ბიუჯეტს ამ თანხის ოდენობით ზარალი მიადგა”.

ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი.

“უნდა გაგრძელებულიყო თუ არა ეს ლიცენზია?  ცხადია, თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საყდრისი–ყაჩაღიანი არის ყველაზე მდიდარი უბანი და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კომპანია ამას სწორედ რომ თვითონ აფიქსირებდა, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: თუკი სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ობიექტი ახალი ლიცენზიის გაყიდვის დროს იმიტომ არ გაასხვისა, რომ კულტურული ძეგლი იყო, ამ მოცემულ მომენტში ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია აღარაა და, ამასთან ერთად,  ყველაზე დიდი ოქროს მარაგების შემცველია, რატომ არ ყიდის სახელმწიფო თავიდან ამ ტერიტორიას, თავი რომ დავანებოთ კულტურული მემკვიდრეობის საკითხს და მხოლოდ წმინდა ეკონომიკური კუთხით შევხედოთ?“ – ამბობს სალაძე - „მთავარია მეორე მომენტიც:  იმ მიმოწერაში, რაც კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შედგა, არანაირი დასაბუთება,  არანაირი კვლევა არ არსებობს, რატომ გახდა  აუცილებელი  ძველი ლიცენზიის გაგრძელება“.

“მე ვნახე მთავრობის განკარგულება, როცა გარემოს ეროვნულ სააგენტოს ლიცენზიის გაგრძელების შესახებ თანხმობა მიეცა. მეტი იქ არაფერი არაა ნათქვამი. ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ის წერილებია, რომლებიც კომპანიამ სააგენტოში წარადგინა:  არც იქაა არანაირი გათვლა.  

ჩნდება მეორე კითხვა: სად იყო კომპანია 2006 წლიდან 2013 წლამდე, თუ ეს ძეგლი მის განვითარებას ხელს უშლიდა?  კომპანია, ბუნებრივია, თავის პოზიციას დაიცავს, მაგრამ კითხვას პასუხი სახელმწიფომ უნდა გასცეს, რომელმაც ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეს კითხვები არ დასვა“.

შალვა ჯავახაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, რომელმაც მთავრობის განკარგულების შემდეგ, ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე თანხმობას ხელი მოაწერა, ამბობს, რომ ლიცენზიის გაგრძელება  საყდრისის ტერიტორიის მოპოვებას საერთოდ არ უკავშირდება.

“მე თუ დამიჯერებთ,  ლიცენზიის გაგრძელება საყდრისი–ყაჩაღიანთან კავშირში არაა”, – ამბობს ჯავახაძე.

როგორ აღმოჩნდა საყდრისის სალიცენზიო ტერიტორია ჯერტრანს ჯორჯიან რესურსის”, შემდეგკვარციტის”, ხოლო შემდგომ  Rich Metals Gold-ის ხელში?

საბჭოთა კავშირის დროს,  „მადნეულის” სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი პირდაპირ ექვემდებარებოდა საკავშირო ფერადი მეტალურგიის სამინისტროს.   საწარმოსთვის  ნედლეულის მარაგების გასაზრდელად, “მადნეულის”  გარშემო ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას ეს სამინისტრო საკუთარი სახსრებით  უკვეთავდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს,  N 0010  ლიცენზია წიაღით სარგებლობაზე - „ბოლნისის ჯგუფის ცნობილი საბადოების წიაღისეულის გეოლოგიურ შესწავლა-მოპოვებაზე“ (საყდრისის საბადოს ჩათვლით), - საქართველო-ავსტრალიის ერთობლივ საწარმო შპს „ტრანს-ჯორჯიან რესურსზე“ გაიცა.

„მიუხედავად სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ არაერთი წინააღმდეგობისა, ლიცენზია წიაღით სარგებლობაზე (საყდრისის ჩათვლით)  შპს „ტრანს-ჯორჯიან რესურსს“ მაინც გაეცა”, – ამბობს გივი ქოროღლიშვილი.   

ლიცენზიის აუქციონით გაცემის წესი პრაქტიკაში 2005 წელს დაინეგრა, მას შემდეგ, რაც “ლიცენზირებისა და ნებართვების” შესახებ კანონი ამოქმედდა.

1994 წელს, როცა ლიცენზიების აუქციონით გაცემის წესი ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული, სალიცენზიო ტერიტორია, მათ შორის,  საყდრისი–ყაჩაღიანის ნაწილი,  შპსტრანს-ჯორჯიან რესურსსუფასოდ გადაეცა.

 

2009 წელს, “ტრანს ჯორჯიან რესურსი” შპს “კვარციტს” შეერწყა და  N 0010 ლიცენზიაც, ჯერ “კვარციტის”, ხოლო შემდეგ – “კვარციტის” სამართალმემკვიდრე Rich Metals Gold-ის ხელში აღმოჩნდა.

 *  *   *

ზურაბ ქუთელია Rich Metals Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია (Rich Metals Group-ი  Rich Metals Gold -ს და Rich Metals Copper-ს აერთიანებს). 

1994 წელს, როცა N 0010 ლიცენზია „ტრანს-ჯორჯიან რესურსზე“ გაიცა, ქუთელია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მუშაობდა.  ის სამინისტროსთან არსებული წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.  ამ საბჭოს წევრი იყო სოლომონ ცაბაძეც.  

იმავე წლებში, ზურაბ ქუთელია გარემოს და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს ლიცენზირების სამმართველოს უფროსი იყო, რომელიც ლიცენზიების გაცემაზე აგებდა პასუხს.  

სწორედ მან მოაწერა ხელი N 0010 ლიცენზიის „ტრანს-ჯორჯიან რესურსზე“ გაცემის დოკუმენტს.

2002 წლის 14 ივნისს, N 0010 ლიცენზიაში ცვლილებები შევიდა.  ლიცენზიიდან ამოვარდა მთელი რიგი ტერიტორიები: დავით გარეჯის, ქვემო ბოლნისის, წითელისოფელის, დამბლუდას საბადოების ტერიტორიები.

დარჩა მხოლოდ საყდრისის ტერიტორია.  

2004 წელს, ზურაბ ქუთელია „მადნეულის“ მაშინდელი დირექტორის, კობა ნაყოფიას  მოადგილედ დაინიშნა საწარმოს განვითარების საკითხებში. მისი ერთ–ერთი ძირითადი მოვალეობა ლიცენზიების ეკონომიკური ღირებულების დაანგარიშება და საწარმოს პერსპექტიული განვითარება იყო.

2009 წელს  შპს “ტრანს ჯორჯიან რესურსი” შპს “კვარციტს” შეერწყა. 0010 ლიცენზიაც შპს “კვარციტზე” გადაფორმდა, შემდეგ კი – Rich Metals Group–ზე.

ამჟამად ზურაბ ქუთელია Rich Metals Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.  სოლომონ ცაბაძე – „მაინინგ ინვესთმენთის“ დირექტორი. ცაბაძე „მაინინგ ინვესთმენთის“ ორი შვილობილი კომპანიის - Mining Investment Gold–ისა და Mining Investment Copper–ის - დირექტორიცაა.

მედიასაშუალებებში სოსო ცაბაძე ასევე ჩნდება, როგორც Rich Metals Gold–ის კომერციული დირექტორი და კომპანიის გარემოსდაცვითი კონსულტანტი.

პირველი ნაწილის დასასრული  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^