Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

19 აპრილი 2018

მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და გავხსენით. მაგრამ სენტიმენტები იქით იყოს და მისაწვდომობის კუთხით ბევრი რამ შესაცვლელია. 

ყურადღებას მხოლოდ უსინათლოთათვის მისაწვდომობაზე გავამახვილებ, რადგან სხვა ჯგუფების საჭიროებებზე იმ ჯგუფების წარმომადგენლები ჩემზე უკეთ იტყვიან (მაინც აღვნიშნავ, რომ ეტლით მოსარგებლეთა და ზოგადად გადაადგილების/მობილობის სირთულეების მქონე ადამიანებისთვის მეტროს არცერთი სადგური თბილისში დღემდე მისაწვდომი არ არის). 

ტაქტილური ბილიკი, რომელსაც უსინათლო მიჰყვება და რომელსაც თეთრი ხელჯოხის გამოყენებით გრძნობს, ზედმეტად ახლოსაა რკინიგზის ლიანდაგთან. ამ ბილიკზე გავლა არ შეიძლება, მხოლოდ გვერდიდან უნდა გაუყვე, რომ არ ჩავარდე. ტაქტილური ბილიკი, ძირითადად, დერეფნის შუაში გადის, ესკალატორამდე ჩასასვლელს ვგულისხმობ. ამბობენ, რომ საერთაშორისო სტანდარტით გააკეთეს, თუმცა ჩემი პირადი გამოცდილებით,  ორივე მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით მიმავალ/მორბენალი ხალხით გარშემორტყმული უსინათლოსთვის დერეფნის ცენტრისკენ ხელჯოხით გადაადგილება ძალიან ძნელი იქნება; განსაკუთრებით - პიკის საათებში. 

დიდი ალბათობით, ხალხის ნაკადი უსინათლოს არც მისცემს შესაძლებლობას, ბილიკს გაუყვეს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ბილიკი კედელს მიუყვებოდეს. ასეთ შემთხვევაში ხალხის ნაკადი უსინათლო ადამიანის მხოლოდ ერთ მხარეს მოექცეოდა და ბილიკიდან მას ვეღარ გადევნიდნენ. თუმცა იქ, სადაც ის კედელთან ახლოსაა, ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩნდება: ბარათის გასატარებლად მისვლამდე პირდაპირ ბილიკზე სამსახურებრივი ოთახის კარია. ის შიგნით ან გვერდულად/კუპესავით კი არა, გარეთ, ბილიკის მხარეს, იღება. როცა ბილიკზე მივდიოდი, უცებ ის კარი გაიღო და მხარზე გამკრა.

მეტროში შესასვლელი კარები, რომლებთანაც ბილიკი მიდის, ადრე ჩაკეტილი იყო, ახლა კი გააღეს, მაგრამ რაღაც სკამი გასასვლელში მაინც იდგა. მხოლოდ ჩემი და კამერების დანახვაზე გაწიეს. ბარათის რომელ გასატარებლამდეც ბილიკს მივყავართ, ის გასატარებელი უფასო ბარათს არ ატარებს. ბაქანზე უსინათლოს შესაძლოა გაუჭირდეს იმ ადგილის მიგნება, სადაც მატარებელი ჩერდება. მე რომ ვცადე, აღმოჩნდა, რომ ძალიან უკან ვიდექი და მატარებელი გამცდა. კარის პოვნაც გამოწვევაა. მემანქანიგან გავარკვიეთ, რომ მატარებელი პრაქტიკულად ყოველთვის ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას ჩერდება, განსხვავება სანტიმეტრებშია. ხოდა ალბათ შეიძლება იმ ბილიკზე ნიშნულების გაკეთება,  მატარებლის გასაჩერებელი დაახლოებითი არეალისა და კარებების მოსანიშნად, რომ უსინათლოს კარის ძებნა მცირე რადიუსში უფრო ადვილად შეძლოს.

კიდევ ერთი გამოწვევა მოსახლეობის არაინფორმირებულობაა. ჟურნალისტმა იქვე გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ბაქანზე მყოფმა ხალხმა არ იცოდა ამ ბილიკის დანიშნულება. ესეც საფრთხის მიზეზად შეიძლება იქცეს, რადგან მათ, შესაბამისად, არც ის ეცოდინებათ, რომ ამ ბილიკზე თეთრი ხელჯოხით მომავალ ადამიანს გზა უნდა დაუთმონ.

მეტროსადგური უნივერსიტეტი, ზოგადად, არ არის ძალიან ხალხმრავალი. ჩვენ იქ პიკის საათის დროს ვიყავით და მაინც ცოტა ხალხი იყო. რკინიგზასთან ძლიერ ახლოს გაკეთებულ ბილიკს მივუყვებოდი. ამ დროს მატარებელი  გვირაბიდან გამოდიოდა. ვერ ავცდი ჩემი მიმართულების საპირისპიროდ მიმავალ ქალს. უამრავი ადგილი იყო ბაქანზე. მაინც ძლივს მოასწრო ჩემთვის გზის დათმობა. ხელჯოხი მაინც მოხვდა ცოტათი. არ ვიცი, როგორ ვერ დამინახა ამხელა თავისუფალ სივრცეში ხელჯოხით მომავალი ადამიანი. მამაჩემმა, რომელიც იქვე იყო, მითხრა, რომ სულ ცოტაც და ან მე გადამაგდებდა ის ქალი ლიანდაგზე, ან მე - იმას, რომ არ გაწეულიყო. რამდენად მოახერხებენ ადამიანები ხელჯოხით მიმავალი უსინათლოს დანახვასა და გზის დათმობას ხალხმრავლობისას?...

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გარემოს ადაპტირებისას ხშირად დგება დღის წესრიგში: რამდენად სარგებლობენ ამ მისაწვდომი გარემოთი შშმ პირები? ღირს კი თანხების გაღება მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, როცა არავინაა იმდენად დამოუკიდებელი, რომ ეს გარემო გამოიყენოს? გარემოთი სარგებლობის რეალური უზრუნველყოფა ძალიან კომპლექსური მოვლენაა. მას სახელმწიფო და საზოგადოება სისტემურად უნდა მიუდგეს. მხოლოდ ფიზიკური გარემოს შესაბამისად მოწყობა/გადაწყობა საკმარისი არ არის, რომ მისით სარგებლობა ყოველდღიურ რეჟიმში ათეულობით შშმ პირმა შეძლოს. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საჭიროა, ამას ერთვოდეს საინფორმაციო საგანმანათლებლო საქმიანობა ამ კონკრეტული სივრცით მოსარგებლეებისთვის. მაგ. შეიძლება მეტროში დამონტაჟებულ მონიტორებზე ტაქტილური ბილიკის შესახებ რგოლების გაშვება - როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ბილიკზე ან მის გასწვრივ ხელჯოხით მომავალი ადამიანის დანახვისას.

ასევე, თავად შშმ პირებისთვის სივრცით დამოუკიდებლად სარგებლობის სწავლება, მათი გაძლიერება, შეგულიანება, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდნენ - უნდა ხდებოდეს რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. სასურველია, რომ სკოლიდანვე ასწავლიდნენ, მაგალითად, უსინათლოებს, როგორ გადაადგილდნენ მარტო მეტროში, მერიაში, იუსტიციის სახლში და სხვა ხშირად გამოყენებად სივრცეებში; რას ნიშნავს, მაგალითად, ტაქტილურ ბილიკზე დატანილი ტაქტილური ნიშნები (ზოგან წრე და ზოგან ხაზები), რომ ბილიკზე რაღაცები მიანიშნებს, სად უნდა მოუხვიონ და მისთ.  შშმ პირთა ინფორმირება, რომ ამა და ამ ადგილას გარემო მეტ-ნაკლებად მისაწვდომია (ასეთი 23 სადგურიდან 1 თუა. ტრანსპორტის დანიშნულება ხომ ისაა, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდე. აუცილებელია რაღაცით დაწყება და შემდეგ ეტაპობრივად გაუმჯობესდება). რთულია, ისარგებლო მისაწვდომი სივრცით, თუ სხვა მსგავსი დანიშნულების ან მისთან მიმავალი სივრცეები არ არის მისაწვდომი; თუ მეტრომდე ვერ მივედი ან იმის იქით ვეღარსად წავედი დამოუკიდებლად დანარჩენი გარემოს მიუწვდომლობის ან იქ გადაადგილების არცოდნის გამო; თუნდაც სტიგმის გამო: თუ ახლობლები არ მიესალმებიან ქალაქში შშმ პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას, უცხო ადგილებში საზოგადოებაში არსებული სტიგმის, სტერეოტიპებისა და ამის გამო გარემოში არსებული საფრთხეების ან თუნდაც არარაციონალური შიშების გამო.

ეკონომისტები ამბობენ, რომ მოთხოვნა ქმნის მიწოდებას. უფლებადამცველ სფეროში კი ხშირად პირიქითაც ხდება ხოლმე: მიწოდება თანდათან ქმნის, განაპირობებს და ზრდის მოთხოვნას. არა დღესვე, მაგრამ დროთა განმავლობაში შშმ პირები სრულად „აითვისებენ" მისაწვდომ გარემოს და დაიწყებენ მისით სარგებლობას. მისაწვდომი გარემოს შექმნა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი შშმ პირთა გაძლიერების, გააქტიურების, კარჩაკეტილობიდან გამოყვანის ხელშესაწყობად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^