Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უფლებების დარღვევა თუ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდი ბავშვის ცხოვრებიდან

19 აპრილი 2018

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ტირის არასრულწლოვანი ბიჭი და მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვს.

მომხმარებელი, რომელმაც ვიდეო გაავრცელა, წერს, რომ ბიჭი ბავშვთა სახლიდან იყო გამოქცეული და მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვდა.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა კითხვები, ვინ არის ბავშვი, სად სწავლობს, რა იცის მის შესახებ სოციალურმა სააგენტომ, განათლების სამინისტრომ და როგორი მდგომარეობაა არასრულწლოვნის ოჯახში.

„ლიბერალმა“ გამოარკვია, რომ ბავშვი საქართველოს ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობს. ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა და სწორედ ამის გამო ირიცხება თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ და ცხოვრობენ.  მშობელს ის არდადეგებზე პერიოდულად მიჰყავს ხოლმე სახლში და შემდგომ ისევ სკოლაში აბრუნებს.

როგორც ვიდეოში ჩანს, ბავშვს თბილისში დაბრუნება არ სურს და ის ოჯახის წევრს სახლში წაყვანას სთხოვს.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, რატომ არ ცხოვრობს ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახთან ახლოს და რატომ გახდა საჭირო მისი იმ სკოლაში ჩარიცხვა, რომელიც მისი ბიოლოგიური ოჯახიდან შორს არის.

ასევე, რატომ ვერ იღებს ბავშვი, მისი საჭიროებების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო და სხვა სერვისებს იმ რაიონში, სადაც ის ცხოვრობს.  

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბიჭი სახლთან ახლოს სწავლობდა. 2016 წელს კი მშობელმა მიმართა სამინისტროს და ბავშვის თბილისის იმ სკოლაში ჩარიცხვა მოითხოვა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ჯერზე მშობელს უარი ეთქვა ბავშვის თბილისში გადმოყვანაზე, რადგან მიიჩნიეს, რომ შესაძლებელი იყო ოჯახთან ახლოს მდებარე სკოლის გაძლიერება.

 „ლიბერალს“ მულტიდიცისციპლინური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ესაუბრა, რომელმაც ბავშვის მდგომარეობა შეაფასა.

„ეს ბავშვი რომ შეფასდა, ჩავთვალე, რომ ჰქონდა სირთულეები, მაგრამ ვამჯობინეთ, რომ სკოლაში, სადაც სწავლობდა იქ გვეცადა მისთვის შესაფერისი გარემოს უზრუნველყოფა. გვინდოდა, რომ დავმხმარებოდით სკოლას, რათა მას ემუშავა ბავშვის ინკლუზიაზე და გადაედგა ნაბიჯები მისი რესოციალიზაციისთვის. თუმცა მშობელთან და სხვა პირებთან კონსულტაცია/გასაუბრების შემდეგ ვამჯობინეთ თბილისის სკოლაში ბავშვის დროებით ჩარიცხვაზე მიგვეღო გადაწყვეტილება“, - განუცხადა „ლიბერალს“ თამარ ნაკაიძემ.

მისივე თქმით, მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნაში წერია, რომ ბავშვისთვის რეკომენდებულია ტიპური საგანმანათლებლო გარემო, მაგრამ ოჯახთან დაბრუნებამდე საჭიროა იმ სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა, რომელშიც ბავშვმა უნდა იცხოვროს  და ისწავლოს.  

განათლების სამინისტროში ყურადღებას  სოციალური სამსახურის ამ კუთხით მუშაობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ბავშვი მუდმივად გამოხატავს დედასთან ყოფნის სურვილს.

სამინისტროში ფიქრობენ, რომ საჭიროა ოჯახის გაძლიერება, რათა მშობლებმა შეძლონ ბავშვის განვითარების სირთულეებთან გამკლავება და მისი მხარდაჭერა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ინფორმირებულია ბავშვის ჯანმრთელობისა და განათლების მდგომარეობის შესახებ. ფლობენ ინფორმაციას, რომ მან გაიარა ადაპტაცია, მოერგო ახალ სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ბავშვის ოჯახთან  მისი გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის მუშაობენ და, სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლიდან ბავშვი შეძლებს ბიოლოგიურ ოჯახთან დაბრუნებას და სწავლას საცხოვრებელთან ახლოს გააგრძელებს.  

„ლიბერალი“ თბილისის სკოლის დირექტორს ესაუბრა. დირექტორი ამბობს, რომ ბიჭი სკოლაში 2017 წელს ჩაირიცხა. ბავშვის მდგომარეობა ჩარიცხვამდე მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა შეაფასა და მის სკოლაში ჩარიცხვაზე რეკომენდაცია გასცა.

2017 წლის მიწურულს, დირექტორის ინფორმაციით, ბავშვი განათლების სამინისტროსთან არსებულმა მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა თავიდან შეაფასა და სააგენტოს სთხოვა, ადგილზე შეესწავლა ოჯახის მდგომარეობა, ასევე ემუშავა ოჯახის გაძლიერების კუთხითაც.

დირექტორი  ბიჭს ახასიათებს როგორც ემოციურს, თუმცა ამბობს, რომ ის აგრესიას არ ავლენს. საგანმანათლებლო აქტივობებში მის მონაწილეობას ის დადებითად აფასებს.

„ლიბერალი“ არასრულწლოვნის მშობელსაც ესაუბრა. დედის თქმით, ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს და ის ახლა სკოლაშია. ვიდეოს გადაღების დროს, მშობლის თქმით, ბავშვს ჰქონდა სტრესული ისტერიკა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

კითხვაზე - რატომ არ სწავლობს ის სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში და რატომ ითხოვა მისი თბილისში გადმოყვანა - პასუხობს, რომ „ასე იყო საჭირო“.

„ასე იყო საჭირო და იმიტომ არის აქ. ამ სკოლაში არის უკეთესად, ბევრი რამ ისწავლა, ბავშვებთან კონტაქტს მიეჩვია. იქ, სადაც ვცხოვრობთ, არ არის ისეთი პირობები, როგორიც აქ. ახლა თბილისში სკოლაში ვარ, ჩემი შვილი მშვიდად არის. დავტოვებ და მე ვბრუნდები ოჯახში“, - განუცხადა „ლიბერალს“ მშობელმა.

 მისივე თქმით, სკოლა-პანსიონში ბავშვს კარგად უვლიან, მის განვითარებაზე ზრუნავენ. „ლიბერალის“ სხვა კითხვებს,  კერძოდ - სჭირდება თუ არა ოჯახს სოციალური სამსახურის მხარდაჭერა? სხვადასხვა სერვისების არსებობის შემთხვევაში გადმოიყვანდა თუ არა თავის შვილს თბილისში სასწავლებლად? - მშობელმა არ უპასუხა და გვითხრა, რომ მან  უკეთ იცის, რა ჯობია მისი შვილისთვის.

გუშინ აღნიშნულ ფაქტს ომბუდსმენიც გამოეხმაურა. ის პირადად შეხვდა ბავშვს.

ომბუდსმენის განცხადებით, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მათ შორის ოჯახთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანი ჩართულია განათლების პროცესში და მისი ძირითადი სამედიცინო და სოციალური საჭიროებები უზრუნველყოფილია.

„აღსანიშნავია, რომ ფრაგმენტული ჩანაწერის და ფოტო-სურათების გავრცელებამ, რომელიც ბავშვის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, თუმცა არ მოიცავდა დაზუსტებულ ინფორმაციას, უარყოფითი გავლენა იქონია ბავშვის და მისი ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, მსგავსი ინფორმაციის გავრცელების დროს უზრუნველყონ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დაცვა,  მიმართონ შესაბამის უწყებებს, მათ შორის სახალხო დამცველს“. ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^