Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“ტრანს–ჯორჯიან რესურსი”, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი და საყდრისის ლიცენზია

23 მაისი 2014

ლიბერალი აგრძელებს საგამოძიებო სტატიების სერიას. მეორე ნაწილში შეიტყობთ  ინტერესთა კონფლიქტების შესახებ, იმ კომპანიის დაფუძნებისას, რომელიც თავდაპირველად ფლობდა საყდრისის ლიცენზიას. სერიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


თამაზ ყარალაშვილმა დიდხანს ეძება ინფორმაცია შპს “ტრანს ჯორჯიან რესურსის” შესახებ. 90–იანი წლების ბოლოს, მას შემდეგ, რაც ის  ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსად დაინიშნა, წიაღის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი კომპანიების გრძელი სია მიიღო და მათი საქმიანობის შესწავლა დაევალა. სწორედ ამ სიაში აღმოაჩინა  კომპანია, სახელად ტრანსჯორჯიან რესურსი.”

“საინტერესო იყო, რომ ეს კომპანია  ძვირფასი ლითონების ლიცენზიებს 4 რაიონში – წალკაში, დმანისში, ბოლნისში და მარნეულში, - ყველა არსებული ძვირფასი ლითონის  შესწავლასა და მოპოვებაზე ფლობდა.  მაგრამ ვერსად მივაგენი, ვინ იყვნენ. პირველ რიგში, გარემოს დაცვის სამინისტროში დავრეკე, თუმცა ვერავითარი ინფორმაცია ვერ მივიღე. მაშინ მინისტრი ნინო ჩხობაძე იყო“, – იხსენებს თამაზ ყარალაშვილი.  

ბოლოს ის “ტრანს ჯორჯიან რესურსის” ოფისის ძიებაში საჯარო უწყებას –  გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს მიადგა.

“მივედი და წარვუდექი, როგორც სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი. თავიდან კარგად შემხვდენენ, მაგრამ მეორე მისვლაზე, ჩვენი სამსახურის უფლებამოსილება საერთოდ არ ცნეს და  კუდამოძუებულები დავბრუნდით, თუმცა ჩვენ მუშაობის უფლება პრეზიდენტის მიერ გვქონდა მონიჭებული”, – ყვება ყარალაშვილი.

მოგვიანებით, როცა მან კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციას ჩახედა, გაოცდა: “ტრანს–ჯორჯიან რესურსი”  ქართულ–ავსტრალიური კომპანია აღმოჩნდა, მისი ქართველი პარტნიორი კი გეოლოგიის დეპარტამენტი – სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ზედამხედველობის ფუნქცია ჰქონდა - უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა და შეეჩერებინა ასეთი სახის კომპანიების მუშაობა.

“ტრანს ჯორჯიან რესურსი” ის კომპანია იყო, რომელმაც თავიდან,  საყდრისის ლიცენზია მიიღო.

უფასოდ მიღებული გეოლოგიური ინფორმაცია  

გეოლოგიის დეპარტამენტი სახელმწიფო სტრუქტურა იყო, რომლის ფუნქციასაც წიაღით მოსარგებლეთა გეოლოგიური სამუშაოების მონიტორინგი შეადგენდა. გეოლოგიის დეპარტამენტთან ტერიტორიულად და შინაარსობრივად ახლოს იდგა  კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი. გეოლოგების ის ნაწილი, რომლებიც ამ ინსტიტუტში მუშაობდნენ, ასევე გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში იყვნენ დასაქმებულები.  

საბჭოთა კავშირის დროს და მისი დაშლის შემდეგ, სწორედ აქ მომუშავე გეოლოგები ქმნიდნენ ინფორმაციას ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესახებ. ეს ინფორმაცია ერთიან სახელმწიფო ფონდში მიდიოდა და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში ინახებოდა. თუ მისი მოპოვების მსურველს ის გეოლოგიის დეპარტამენტისგან უნდა ეყიდა.  

1990-იან წლებში სწორედ გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი გახდა ტრანს ჯორჯიან რესურსისთანადამფუძნებელი და პარტნიორი.  შესაბამისად, ყველა ის ინფორმაცია მარაგების შესახებ, რაც გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში ინახებოდა და საკავშირო  ფერადი მეტალურგიის სამინისტროს ხარჯებით საბჭოთა კავშირის დროს იყო მოპოვებული,  “ტრანს ჯორჯიან რესურსისთვისუფასოდ გახდა ხელმისაწვდომი.    

“ავსტრალიელებს ეს ინფორმაცია უნდა ეყიდათ. მაგრამ, რადგან დეპარტამენტი მას უკვე ფლობდა, “ტი–ჯი–არ”–მა (ტრანს ჯორჯიან რესურსი) ის უფასოდ მიიღო, – ამბობს თამაზ ყარალაშვილი, – გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი თავისივე დაარსებული შპს–ს მიმართ, რადგან თვითონ იყო დაინტერესებული სუბიექტი.”

შპს “ტრანს ჯორჯიან რესურსის” სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და წესდება ამჟამად საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არ მოიპოვება. ეს ინფორმაცია არც სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში ინახება.  

ამ დროისთვის შპს “ტრანს ჯორჯიან რესურსის” შესახებ საჯარო რეესტრში წერია, რომ მისი სახელმწიფო სარეგისტრაციო თარიღი 1995 წლის 8 სექტემბერია. მოგვიანებით ატვირთული,  2005 წლის დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ შპს “ტრანს ჯორჯიან რესურსის” საწყისი საწესდებო კაპიტალს 1000 აშშ დოლარი შეადგენდა.  შპს–ს დამფუძნებელი ქართული მხრიდან საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი, მხოლოდ ავსტრალიური მხრიდან “ბოლნისი მაინინგ ოპერეიშენზ ნლ” იყო.  

ოქმი N5

1999 წლის 30 აპრილით დათარიღებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის სამინისტროსთან არსებული წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშირისი ექსპერტთა საბჭოს სხდომის N5 ოქმი სწორედ “ტრანს–ჯორჯიან რესურსის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში არსებულ ინტერესთა კონფლიქტს აღწერს.

ლიცენზირების უწყებათაშირისი ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე, ზურაბ ქუთელია, შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:

“ტრანს ჯორჯიან რესურსის”  სადამფუძნებლო ხელშეკრულება წესრიგში არ არის.  კერძოდ, მმართველობის სტრუქტურას არა აქვს უფლება იყოს დამფუძნებელი, ან თუ აქვს ეს უფლება – გარკვეული შეზღუდვით. ამიტომ მიმაჩნია, რომ აღნიშნულმა საწარმომ სადამფუძნებლო ხელშეკრულება  მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა  მოიყვანოს. მას არ აქვთ ტერიტორიების გამოყოფის გრაფიკი, რაც, რა თქმა უნდა, გასაკეთებელია. აუცილებელია ლიცენზიაში განისაზღვროს ორი აუცილებელი პირობა:  1. ყოველწლიური საშუალოდ 20%–იანი ტერიტორიის კლება; 2. მინიმალური პროგრამა და ბიუჯეტი, 5 წლის განმავლობაში მინიმალური ინვესტიცია უნდა განესაზღვროს 5 მლნ დოლარის ოდენობით”.

1999 წლის 30 აპრილის სხდომაზე, როგორც “ტრანს–ჯორჯიან რესურსის” წარმომადგენელმა, გეოლოგმა მიხეილ ჭოხონელიძემაც გამოთქვა აზრი.

1999 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმში მიხეილ ჭოხონელიძე, გარდა იმისა, რომ არისტრანსჯორჯიან რესურსის” [კომპანიის] წარმომადგენელი, ასევე არის წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისი ექსპერტთა საბჭოს [სახელმწიფო უწყება] მოწვეული წევრი .  

[საბჭოს სხდომების სხვადასხვა წლების ოქმებში, მიხეილ ჭოხონელიძე მითითებულია, როგორც უწყებათაშორისი საბჭოს წევრი].

ნაწყვეტი 1999 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმიდან:

მიხეილ ჭოხონელიძე:  “ჩემი აზრით,  5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ძალიან ბევრი იქნება. დადგენილების პროექტში ჩავწეროთ არანაკლებ 3 მლნ ამერიკული დოლარისა”.

ზურაბ ქუთელია: “ჩავწეროთ არა ნაკლებ 3 მლნ დოლარი და ეს საკითხი პროექტების შესწავლის შემდეგ ხელახლა განვიხილოთ.  რაც შეეხება მე–10 ლიცენზიას, იქ განხილულია გარემოსდაცვითი ნებართვის საკითხი”.

სხდომის ბოლოს საბჭო ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, კომპანიამ სადამფუძნებლო დოკუმენტაციები წესრიგში მოიყვანოს.    

საბოლოოდ საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიას N10 ანუ საყდრისის შესწავლამოპოვების ლიცენზიის გეოლოგიური შესწავლის ეტაპი 3 წლით უგრძელდება, ხოლო შესწავლის დროს განსახორციელებელი ინვესტიციები  5 მილიონიდან 3 მილიონამდე უმცირდება.

“ამით დაირღვა ‘საქართველოს კანონი წიაღის შესახებ, 30–ე მუხლი,  მე–4 პუნქტი, რომლის თანახმად, “უწყებათაშორისი ექსპერტთა საბჭოს შემადგნელობაში არ შეიძლება იყვნენ წიაღით მოსარგებლე სუბიექტის წარმომადგენლები”, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ქვემო ქართლში წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში არსებული მდგომარეობის შემსწავლელმა კომისიამ 1999 წელს გააკეთა.

“ზურაბ ქუთელია, როგორც ამ საბჭოს ხელმძღვანელი, ვალდებული იყო, რომ “ტი–ჯი–არ”–ის  ხალხი  ამავე კომპანიის საკითხების განხილვის დროს საბჭოში არ შეეყვანა,  ეს პირდაპირი  ინტერესთა კონფლიქტია”, –  ამბობს თამაზ ყარალაშვილი,  რომელიც 1999 წელს ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი იყო. – “დირექტორის მოადგილე ქართული მხრიდან მიხეილ ჭოხონელიძე იყო; ის ასევე იყო კომისიის წევრიც და საბჭოზე  თავის კომპანიას ლობირებდა:  განსაზღვრავდა, რა ოდენობის ინვესტიცია უნდა ჩაედო თავისივე ფირმას. ბოლოს ქუთელია ამას დაეთანხმა. რატომ? რატომ გაუგრძელა გეოლოგიური შესწავლის დრო?  რატომ არ გააკონტროლა? ქუთელიამ თავისი ფუნქცია არ შეასრულა“.

ზურაბ ქუთელიას პოზიცია

გეოლოგების იმ სიაში, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მუშაობდნენ 1990–იანი წლების ბოლოს, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ზურაბ ქუთელია იყო.

1993 წლიდან 2004 წლამდე ზურაბ ქუთელია გარემოს დაცვის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ ქვეუწყებებში წამყვან თანამდებობებს იკავებდა.

1993 - 1995 წლებში  გეოლოგიის დეპარტამენტში ლიცენზირებისა და ინფორმატიკის სამმართველოს უფროსი იყო.  1995 წლიდან,  ერთდროულად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიცენზირების სამმართველოს უფროსი და სამინისტროსთან არსებული წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისი ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.  

ამავე პერიოდში,  კერძოდ კი  1997 წელს,  ზურაბ ქუთელია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრი იყო.  ამ კომისიის მოვალეობა მარაგების დამტკიცება და სახელმწიფო ბალანსზე აყვანაა.    

1) კითხვაზე, თუ რატომ გასცა ლიცენზია კომპანიაზე, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იყო თანადაფუძნებული, ზურაბ  ქუთელია პასუხობს:

“ლიცენზია გაიცემა არა რომელიმე სამმართველოს უფროსის, არამედ კოლეგიალური ორგანოს – ექსპერტთა საბჭოს – გადაწყვეტილების საფუძველზე.  ამდენად არასწორია მოსაზრება, რომ ლიცენზია გავეცი მე, როგორც  გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზირების სამმართველოს უფროსმა.”

2) კითხვაზე, თუ რატომ გაუგრძელდა ლიცენზია კომპანიას, რომელსაც 1999 წლისთვის, სადამფუძნებლო დოკუმენტაციები  წესრიგში არ ჰქონდა, ქუთელიას პასუხი ასეთია:

“იმ დროისათვის  მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ლიცენზია გაიცემოდა მეწარმეზე, მიუხედავად მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ფორმისა – შ.პ.ს. ”ტრანს-ჯორჯიან რესურსი” წარმოადგენდა შ.პ.ს.-ს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გეოლოგიის დეპარტამენტი იყო. ამდენად, ლიცენზიის გაცემის პერიოდში შ.პ.ს. ”ტრანს-ჯორჯიან რესურსის” სადამფუძნებლო დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს და   შ.პ.ს. ”ტრანს-ჯორჯიან რესურსი” სათანადო ორგანოების მიერ კანონის მიხედვით იყო რეგისტრირებული“.

3) კითხვაზე, თუ რატომ გაუგრძელდა 1999 წელს ლიცენზია და გეოლოგიური სამუშაოების დრო “ტრანს ჯორჯიან რესურსს ,,შესაბამისი ინვესტიციის და პირობების შეუსრულებლობის გარემოებებში,  ზურაბ ქუთელია პასუხობს:

“მიუხედავად ჩვენი გარკვეული შენიშვნებისა, “ტრანს ჯორჯიან რესურსმა” მაინც ძალზე სოლიდური სამუშაოები ჩაატარა, რაც მისთვის ლიცენზიის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. იგივე ეხება საინვესტიციო პროგრამას  –  ექსპერტთა საბჭოზე მასზეც იყო მსჯელობა და საბოლოოდ გადაწყვეტილება 3 მილიონზე იქნა  მიღებული”.

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ამ  მოვლენებზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.  

“როცა სახელმწიფო დაწესებულება იურიდიულ პირს აფუძნებს და  ამ კომპანიის კონტროლი შემდგომში მასვე უხდება,  რა თქმა უნდა, ეს უხერხულობას ქმნის. საუბარია იმაზე, რომ თუკი  ლიცენზიის გაცემის საკითხი დადგება,  ასეთ შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ ამ კომპანიას სხვა კომპანიებთან უპირატესი პირობები ექნება, საკმაოდ მაღალია, – ამბობს სალაძე. –  “ 1994 წლიდან თუ  მოვყვებით, მთავარი კომპონენტი, რაც ჩანს, ისაა, რომ ადამიანები, რომლებიც მაშინ იმ კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები იყვნენ და დოკუმენტებს უშუალოდ ხელს აწერდნენ  (მაგალითად, ბატონი ქუთელია სახელმწიფოს სახელით ხელს აწერდა ლიცენზიის გაცემის დოკუმენტს), დღეს ლიცენზიის მფლობელი  კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიები არიან“

ამჟამად, “ტრანს ჯორჯიან რესურსი” არ არსებობს. 2009 წელს ის შპს “კვარციტს” შეერწყა. 2012 წელს, “კვარციტს” სახელი გადაერქვა და Rich Metals Gold–ად იწოდა. შესაბამისად, N0010 ლიცენზია შპს “კვარციტზე” გადაფორმდა, შემდეგ კი – Rich Metals Gold–ზე.

“ერთგვარი წრე იკვრება, – ამბობს იურისტი სულხან სალაძე, – ყველაზე მნიშვნელოვანი და ცუდი ამ პროცესში ისაა, რომ ლიცენზია,  თავის დროზე სახელმწიფომ შეიძლება ძალიან მარტივად გასცა და  “ტრანს–ჯორჯიან რესურსმა”  90–იანი წლების ბოლოს მიიღო, როცა ქვეყანაში ერთგვარი ქაოსი და არეულობა იყო.

მაგრამ დღესაც, როცა ქვეყანაში შედარებით მოწესრიგებულია სიტუაციაა, ჩვენ მაინც არ ვიცით, ვინ დგას ამ ოქროს მომპოვებელი კომპანიის უკან. შეიძლება “ოფშორით” გავიგოთ, როდის დაფუძნდა ესა თუ ის კომპანია, მაგრამ ვინაა დამფუძნებელი, ამის გაგება შეუძლებელია“.

სამინისტროდანკომპანიაში

გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა, დაარსებიდან  დღემდე, მრავალი რეფორმა განიცადა.  საბოლოოდ, მისი უფლებამოსილებები შესუსტდა და სხვადასხვა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში გაიფანტა.  

 

  • * გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი 1997 წლის 15 აპრილს ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი სამთავრობო დაწესებულება.  
  • * 2004 წლის 11 თებერვალს, დეპარტამენტი რეორგანიზდა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებად და მმართველობაში გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცა.  
  • * 2005 წლის 23 ნოემბერს  გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად -  გეოლოგიის სამსახურად გადაიქცა.  
  • * 2008 წლის 8 მარტს, გეოლოგიის სამსახური ცალკე სტრუქტურულ ქვედანაყოფად ჩამოყალიბდა.
  • * 2009 წლის 30 იანვარს, გეოლოგიის სამსახური სამმართველოს სახით გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში შევიდა.  
  • * 2011 წლის 10 მაისიდან გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის შემადგენლობაში გეოლოგიის სამმართველო აღარ შედის.  
  • * ამჟამად გარემოს ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში შედის გეოლოგიის

დეპარტამენტი, რომლის კომპეტენციად გეოლოგიის სამმართველოს გარკვეული ფუნქციები განისაზღვრება.

სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის ნაწილი, რომელიც თავიდან გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში ინახებოდა, დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოში, აღმაშენებლის N150 ნომერში მდებარე შენობაში გადავიდა, ნაწილი – დაიკარგა.  სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის  არქივის ნაწილი, მათ შორის, საბჭოთა დროს შექმნილი გეოლოგიური რუკები, შენობის ბოლო სართულზე, ბნელ ოთახში, დაურეგულირებელ ტემპერატურაზე დაუხარისხებლად ინახება.  

1990–იან წლებში გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე გეოლოგების ნაწილი დღემდე მუშაობს გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნაწილი კი სამუშაოდ სხვადასხვა კერძო კომპანიაში გადანაწილდა.

2004 წლიდან  მათი ნაწილი სამუშაოდ გადავიდა “მადნეულშიც”,  დღევანდელ Rich Metals Group–ში.  

ვარდების რევოლუციის შემდეგ,  კერძოდ 2004 წლიდან, რაც სააქციო საზოგადოებამადნეულისსამეთვალყურეო საბჭო შეიცვალა, სამინისტროს გეოლოგების ნაწილიმადნეულშიდასაქმდა.  მათ შორის:  

 ზურაბ ქუთელიაც, რომელიც   

 

  • * 1993 - 1995 წლებში –  გეოლოგიის დეპარტამენტში ლიცენზირებისა და ინფორმატიკის სამმართველოს უფროსად მუშაობდა;
  • * 1995 წლის 9 აგვისტოდან,  საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს წიაღისა და სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირებისა და დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე იყო.
  • * 1997 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა წიაღის დაცვისა და სამთო საქმის დეპარტამენტის თავმჯდომარის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.
  • * 2002 წლის 22 იანვრიდან გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან და წიაღის დაცვისა და სამთო საქმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.  აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებდა 2004 წლის 14 ივნისამდე.
  • * 2004 წლიდან,  ზურაბ ქუთელია სამუშაოდ „მადნეულში“ გადავიდა.  ქუთელია მაშინდელი დირექტორის, კობა ნაყოფიას მოადგილედ დაინიშნა საწარმოს განვითარების საკითხებში. მისი ერთ–ერთი ძირითადი მოვალეობა ლიცენზიების ეკონომიკური ღირებულების დაანგარიშება და საწარმოს პერსპექტიული განვითარება იყო.

კომპანიაში, ქუთელიასთან ერთად, სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებიც დასაქმდნენ, მათ შორის ისინიც, ვინც მანამდე “ტრანს–ჯორჯიან რესურსის” დირექტორები ან გეოლოგები იყვნენ.

მათ შორის  მალხაზ ნაცვლიშვილი, რომელიც “ტრანს–ჯორჯიან რესურსის” დირექტორი იყო, მოგვიანებით “მადნეულის” ერთ–ერთი გეოლოგიც გახდა.  ნაცვლიშვილი დღემდე, Rich Metals Group–ში ერთ–ერთი მთავარი გეოლოგია.  

        *ვლადიმერ გუგუშვილი, რომელიც თავის დროზე, “ტრანს–ჯორჯიან რესურსის” გეოლოგი იყო,  2004 წლიდან კომპანიაში გადავიდა.  

1958-1959 წლებში გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა;

1959-1960 წლებში – კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში;  

1994 – 1997 წლებში გუგუშვილი“ტრანს–ჯორჯიან რესურსში” კონსულტანტი–გეოლოგი იყო;

2004 წლის თებერვლიდან – ”მადნეულის” სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარე.  

 სოლომონ (სოსო)  ცაბაძე

  • * ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრი იყო სამინისტროში, მოგვიანებით “მადნეულის” გარემოსდაცვითი კონსულტანტი გახდა.  დღეს სოლომონ  ცაბაძე სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს ყოფილ “მადნეულში” – Rich Metals Group–ში და მასთან დაკავშირებულ კომპანიებში.

სოლომონ ცაბაძე ამბობს, რომ არის

  • * Rich Metals Gold–ის კომერციული დირექტორი;
  • * კომპანიის გარემოსდაცვითი კონსულტანტი;
  • * „მაინინგ ინვესთმენთის“ დამფუძნებელი დირექტორი და მისი ორი შვილობილი კომპანიის -
  • * Mining Investment Gold–ისა და Mining Investment Copper–ის - დირექტორი.                     

ჯონდო შუბითიძე 

  • * 2004 წელს იყო გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზირების უწყებათაშორისი ექსპერტთა საბჭოს წევრი.  
  • * 2011 წელს კი, როცა შპს “კავკასიის სამთო ჯგუფმა” ბოლნისში სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალების და ბარიტის შესწავლა–მოპოვების ლიცენზია შეიძინა, ონდო შუბითიძე კავკასიის სამთო ჯგუფისდირექტორი გახდა.

“კავკასიის სამთო ჯგუფი” Rich Metals Group–თან დაკავშირებული  კომპანიაა. შესაბამისად, ამ კომპანიის ნაყიდ,  N1000226, ძველი ნომრით 0730 ლიცენზიას  ამჟამად Rich Metals Group ფლობს.

 Rich Metals Group-ში დღემდე გეოლოგად მუშაობს მიხეილ ჭოხონელიძეც, რომელიც 1999 წელს, სამინისტროს ექსპერთა სხდომაზე “ტრანს ჯორჯიან რესურსს” ლობირებდა.

1990–იანი წლების ბოლოს  მიხეილ ჭოხონელიძე გეოლოგიის დეპარტამენტშიც მუშაობდა, შემდეგ “კვარციტში” გადაინაცვლა  (დღევანდელ Rich Metals Gold–ი). ის დღემდე მუშაობს Rich Metals Group–ში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^