Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აპრილის რაკეტები, ანუ მსოფლიო ომი, რომელიც არ შედგა

23 აპრილი 2018

როგორც გვახსოვს სულ ცოტა ხნის წინ, არც მეტი არც ნაკლები, ახალი მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება განიხილებოდა. განიხილებოდა საკმაოდ სერიოზულადაც. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ტრამპი თავის ტვიტერზე რუსეთსა და ირანს ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო დაემუქრა. ეს ამბავი თავისთავად ცოტათი სასაცილო იყო, რადგან თავად ტრამპი იმავე თავის ტვიტერზე ობამას ამათრახებდა და წერდა სირიის გამო მესამე მსოფლიო ომს იწყებს და ყველას შარში გვხვევსო (‘Our horrendous leadership could unknowlingly lead us into World War III’). სასაცილოა და მრავლისმეტყველიც, მაგრამ აქ ვერაფერს გავაწყობთ (პოლიტიკა პოლიტიკაა) და მთავარი მაინც სხვა რამეა: ბირთვული ზესახელმწიფოს ლიდერი დაემუქრა ორ სახელმწიფოს. აქედან ერთ-ერთს ასევე ბირთვულს და ასევე ზესახელმწიფოებაზე პრეტენზიის მქონეს. მით უმეტეს, რომ ცოტა ხანში ლიდერმა ახალი ტვიტიც მიაყოლა, რომელშიც უშუალოდ რუსეთს მიმართა: რაკეტები მალე გამოფრინდებიანო და მზად იყავითო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსები, თავის მხრივ, დაიმუქრნენ სირიის მისამართით გასროლილ რაკეტებს ჩამოვყრითო. რუსები მხოლოდ რაკეტების ჩამოყრის მუქარით არ შემოიფარგლნენ და განაცხადეს იერიშს უშუალოდ რაკეტების „მატარებლებზეც” მივიტანთო - ანუ თვითმფრინავებზე, ხომალდებზე და ბაზებზეც კი.

ყველაზე სერიოზული და შემაშფოთებელი სწორედ ეს უკანასკნელი მუქარა იყო: ერთია ამერიკელების რაკეტების ჩამოგდება და სულ სხვაა თვითმფრინავის ჩამოგდება (ან თუნდაც მასზე იერიშის მიტანა) და ბაზის დაბომბვა. ეს უკვე უშუალო დაპირისპირება და კონტაქტში შესვლაა, რომელსაც შეიძლებოდა ჯაჭვური რეაქცია გამოეწვია. ჯაჭვური და შემდეგ უკვე ბირთვული. ასე დაიწყო სამდღიანი კრიზისი. შიშებს ამძაფრებდა შემდეგი ფაქტორები:

  • ტრამპი ტვიტერზე დაიმუქრა და ამის შემდეგ უკან ვეღარ დაიხევდა. ამიტომაც ამერიკას სირიის მიმართულებით რაღაც იერიშის მიტანა მოუწევდა. იერიშის მიტანის ალბათობას ზრდიდა ტრამპის შიდა პოლიტიკური პრობლემები (მათ შორის პორნო ვარსკვლავთან დაკავშირებული სკანდალი), რომელთა თუნდაც დროებით გადასაფარად სირიაზე დარტყმა კარგ ვარიანტად ჩანდა. ოდესღაც პრეზიდენტმა კლინტონმა ერაყი დაბომბა სწორედ იმ დღეებში, როცა მისი და მონიკა ლევინსკის ცნობილი სკანდალი გორდებოდა;
  • პუტინი, რომელიც ძალიან (ალბათ ტრამპზე უფრო მეტად) უფრთხილდება თავის, როგორც ძლიერი ლიდერის იმიჯს, ამას უპასუხოდ ვერ დატოვებდა. 2017 წლის აპრილში მან ერთხელ გაატარა ამერიკელების მიერ სირიის დაბომბვა, მაგრამ მაშინ ეს „საპატიო მიზეზით” მოხდა - ამერიკამ უეცრად მიიტანა იერიში. ახლა ტრამპი წინასწარ დაიმუქრა და რუსეთიც იერიშს მომზადებული ხვდებოდა.

მაგრამ მეორეს მხრივ იყო ფაქტორები, რომლებიც სერიოზულ კონფრონტაციასა და ბირთვული ომის დაწყებას პრაქტიკულად ძირშივე გამორიცხავდა:

  • სირიაში ამერიკას სასიცოცხლო ინტერესები არ გააჩნია და იქაურობის გამო რუსეთთან სერიოზულ დაპირისპირებას (მით უფრო ბირთვულ ომამდე საქმის მიყვანას) აზრი არ ჰქონდა. მით უმეტეს, რომ სირიაში სამოქალაქო ომი რეალურად დასრულებულია და ახალ გამწვავებასა და სერიოზულ ჩარევას აზრი აღარ აქვს. ამას ობამას დროს ჰქონდა აზრი. თუკი მაშინ არ მოხდა ჩარევა (ობამამაც ვერ დაინახა სირიაში სასიცოცხლო ინტერესები, მით უმეტეს კი ერაყში მიღებული მძიმე გამოცდილების შემდეგ), ახლა მით უმეტეს აღარ მოხდებოდა.
  • სანქციებისა და დაპირისპირების მიუხედავად დასავლეთსა და რუსეთს შორის კავშირი არასოდეს გამწყდარა და ლიდერებს კომპრომისზე შეთანხმების სულ ცოტა თეორიული შანსი მაინც ჰქონდათ. კომპრომისი რა უნდა ყოფილიყო ამას ყველა ხვდებოდა: ამერიკა გაისროდა, ოღონდ იქ, სადაც რუსები არ იდგნენ. რუსები კი რაკეტების „მატარებლებს” არ ესროდნენ.

საბოლოო ჯამში, როგორც ვნახეთ, სწორედ ასე მოხდა. ამერიკამ გაისროლა იქ, სადაც რუსები არ იდგნენ. რუსებმაც ეს გაატარეს. როგორც გაირკვა, შუამავლის როლი ტრამპსა და პუტინს შორის მაკრონმა ითავა და ჩანს კომპრომისიც სწორედ მან შეათანხმა. სამხედრო დეტალები კი (მოსალოდნელი შეტევის მიმართულებები) ალბათ თავად ამერიკელმა სამხედროებმა მიაწოდეს რუს კოლეგებს (მაკრონი და პუტინი ასეთი დეტალებით თავს არ და ვერ შეიწუხებდნენ) - ყოველი შემთხვევისათვის, რათა ისინი შემთხვევით არ აღმოჩენილიყვნენ არასწორ ადგილას.

ამერიკელებმა იერიშის შემდეგ განაცხადეს, რომ ყველა რაკეტამ მიზანს მიაღწია. ტრამპმა თავისი კიდევ ერთხელ დაამტკიცა - რაც თქვა აასრულა. გარდა ამისა, დაამტკიცა რომ ამ მხრივ ობამაზე „უკეთესია”. მოგეხსენებათ, ობამამ ოდესღაც ასადს „წითელი ხაზი” დაუწესა - ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში დარტყმით დაემუქრა. ასადმა ხაზი გადაკვეთა, ობამამ კი არაფერი მოიმოქმედა.

რუსებმა განაცხადეს, რომ სირიელებმა მათი (რუსული და საბჭოთა) ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით ამერიკული რაკეტების ნახევარი ჩამოყარეს. ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაზვიადება უნდა იყოს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცოტათი ალბათ ამერიკელებმაც გააზვიადეს (ბისმარკი ამბობდა, რომ არასოდეს იტყუებიან იმდენს, რამდენსაც ნადირობისა და ომის შემდეგ), სიმართლე ალბათ სადღაც შუაში უნდა იყოს: ნახევარი არა, მაგრამ რაკეტების მეხუთედამდე შეიძლება მართლაც ჩამოყარეს. ამაზე სრულ სიმართლეს ალბათ დიდხანს ვერ გავიგებთ. მით უმეტეს ვერ გაიგებს ამაზე სიმართლეს რუსული ტელეარხების მაყურებელი, სადაც ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების (ბრიტანეთი და საფრანგეთი) იერიში „სასაცილოდ” შეფასდა. წამყვანები ამტკიცებდნენ, რომ რაკეტებს არამცთუ არანაირი მსხვერპლი არ მოჰყვა (ცხადია, მიჩუმათდა ის გარემოება, რომ განსხვავებით რუსეთისგან, დასავლეთის ქვეყნები დაბომბვის დროს მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზებას ცდილობენ), არამედ სირიის სამხედრო ინფრასტრუქტურასაც თითქმის არანაირი ზიანი არ მიადგა. ამერიკელებმა ტყუილად გაისროლეს რაკეტები და ასეულობით მილიონი დოლარი - ზეიმობდნენ რუსული არხები, რათა გადაეფარათ ერთი ძალიან უხერხული მომენტი: პუტინმა ხომ უკან დაიხია და „მატარებლებზე” იერიში არ მიიტანა.  

ასე ორმხრივი ტრაბახით დასრულდა მინი-კრიზისი, რომელმაც თავად სირიაში ვერაფერი შეცვალა. ასადმა სამოქალაქო ომი მოიგო. შესაძლოა საქმე ასე არ დამთავრებულიყო ოთხი წლის წინ საფრანგეთს მაკრონი რომ ჰყოლოდა, ამერიკას კი ტრამპი, რომელიც მაშინაც იმის ცდაში იქნებოდა თავისი „არაპრორუსულობა” დაემტკიცებინა. სირიაში ამ ეტაპზე მოსკოვმა გაიმარჯვა. თუმცა, სირიაში რუსების ყოფნისას უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა, რომ ისინი ამერიკელებთან შეტაკებას უფრთხიან და უკან იხევენ. ეს ყველაზე უკეთ ორიოდე თვის წინ გამოჩნდა როცა ამერიკელებმა „ვაგნერი” (რუს დაქირავებულ პროფესიონალთა შენაერთი) ამოხოცეს და მოსკოვმა ეს ჩუმად გაატარა.    

ტრამპმა კი კრიზისის შემდეგ ერთი ტრიუკი გაათამაშა. „უოლ სტრიტ ჯორნალში” გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტრამპი სირიაში იმ პოზიციების დაბომბვასაც ითხოვდა, რომლებზეც რუსებიც იდგნენ. ეს ცოტა რთული დასაჯერებელია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, ტრამპმა თავისი მრჩევლების ნების საწინააღმდეგოდ მიულოცა პუტინს არჩევნებში გამარჯვება. ჩანს, ამ ინფორმაციის „გაჟონვა” განგებ მოხდა, რათა ტრამპი კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს არაპროგნოზირებად და საშიშ მეტოქედ, რომელთან დაპირისპირებაც საშიშია. წინ პუტინთან შეხვედრაა და ჯობს პუტინს მისი ეშინოდეს...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^