Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკოლი და ყარაბაღი

24 აპრილი 2018

საიდან მოდის ნიკოლ ფაშინიანი?

ნიკოლ ფაშინიანის ოპოზიციური მოღვაწეობა მრავალი საინტერესო ეპიზოდითაა დახუნძლული; იგი ახლოს იყო სომხეთის პირველ პრეზიდენტთან ლევონ ტერ-პეტროსიანთან და 2008 წლის თებერვლის საპროტესტო გამოსვლების დროს მის აქტიურ მხარდამჭერთა ბანაკში იმყოფებოდა, რომლის ძალისმიერი დარბევის შემდეგ, ნიკოლი პოლიციის მიერ საკმაოდ დიდხანს იძებნებოდა. 2009 წელს იგი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ორი წელი ციხეში გაატარა.

გამოსვლიდან მალევე იგი კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკურ ცხოვრებას და 2013 წელს დააარსა პარტია - „სამოქალაქო თანხმობა“. მოგვიანებით, ორ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ნიკოლ ფაშინიანი ქმნის ახალ ოპოზიციურ ბლოკს - ელკ-ს (გამოსავალი). 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ბლოკი თითქმის რვა პროცენტს იღებს და პარლამენტში ცხრა დეპუტატი შეჰყავს, მათ შორის ნიკოლ ფაშინიანი. ამავე წელს, ფაშინიანი ერევნის მერის არჩევნებშიც მონაწილეობს, სადაც მისი მონაგარი ხმების ოცდაერთი პროცენტია.

ელკ და მისი მესვეურები, გაგიკ წარუკიანის (სომეხი ოლიგარქი და პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიის ლიდერი) ბლოკისგან განსხვავებით სომხეთის საზოგადოებაში, იმთავითვე აღიქმებოდა, როგორც სისტემის რეალური ოპოზიცია. მასში, ძირითადად, ახალი თაობის, რუსეთისადმი ზომიერად კრიტიკული და კორუფციასთან ნაკლებად ასოცირებული, ლიბერალი ოპოზიციური ლიდერები იყვნენ გაერთიანებული. თუმცა, სულ ორიოდე კვირის წინ, ანუ ერევანში პერმანენტული აქციების დაწყებამდე, ცოტა თუ მოიძებნებოდა, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, ვისაც ნიკოლ ფაშინიანისა და ელკ-ის მიერ, მმართველი - რესპუბლიკური პარტიის, ოლიგარქიულ-კორპორაციული სისტემის დამარცხების წარმოდგენა შეეძლო. მოსახლეობის ფართო ფენებსა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ წრეებში გაბატონებული ნიჰილიზმი, სისტემასთან ბრძოლის წარსული წარუმატებლობებით, ოპოზიციის მწირი ფინანსური და ადამიანური  რესურსებით იყო განპირობებული.

მომავლის შესაძლო ვარიანტები?

23 აპრილს უკვე არა ოპოზიციურ მიტინგზე, არამედ „გამარჯვებულთა“ გამოსვლისას, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პოლიტიკური ცხოვრების მისეული პერსპექტივა წარმოადგინა. პირველ პუნქტად მან ხალხის მიერ პრემიერის არჩევა განსაზღვრა - შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამ პოსტზე ის საკუთარ თავს ვარაუდობს, თუ გავითვალისწინებთ მის დამსახურებას რევოლუციის წინაშე, არცთუ უსამართლოდ. შემდეგ კი დროებითი მთავრობა დაინიშნება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 

შექმნილ ვითარებაში, ქვეყანაში არსებული რევოლუციური აღტკინების ფონზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები პროგნოზირებადია და ჯერ კიდევ მმართველ, რესპუბლიკურ პარტიას არაფერ სასიკეთოს არ უქადის. მართალია, ხელისუფლება დემორალიზებულია და კომპრომისებზე წამსვლელი, თუმცა იგი ჯერ კიდევ ფლობს პროცესებზე ზეგავლენის მრავალ ბერკეტს. შესაბამისად, რთულია იმის ვარაუდი, რამდენად დათანხმდება იგი ფაშინიანის მიერ შეთავაზებულ სრულ კაპიტულაციას.

ამგვარი სცენარის განვითარების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რესპუბლიკური პარტია დაიშალოს და გარკვეული „რებრენდინგის“ შემდეგ, არჩვენებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა. ამ პარტიას, ისევე როგორც თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირს“, არცთუ სუსტი ახალგაზრდული განშტოება ჰყავს, რომელიც დიდი ალბათობით ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისგან განრიდებას ჯერ არ აპირებს.

სრულად ვერ გამოვრიცხავთ კომპრომისულ ვარიანტსაც, რომელიც ორი ძალის, გარკვეული პერიოდით თანაცხოვრების - კოჰაბიტაციის სივრცეს ტოვებს. მოვლენათა ამგვარი განვითარება არც საქართველოს უახლესი ისტორიისთვისაა უცხო.

რუსეთი, დასავლეთი და ყარაბაღი

უშუალოდ ნიკოლ ფაშინიანი და ასევე მისი თანაგუნდელები, არაერთხელ აკრიტიკებდნენ სერჟ სარგსიანს ევრაზიულ კავშირში შესვლის გადაწყვეტილებისა  და ზოგადად რუსეთის მიმართ ზედმეტი დათმობების გამო. აზერბაიჯანისათვის რუსეთის მიერ შეიარაღების აქტიურმა მიყიდვამ, რომლის შედეგებიც 2016 წლის აპრილის ესკალაციისას ნათლად გამოჩნდა, კიდევ უფრო შეარყია რუსეთის, როგორც სანდო პარტნიორის სტატუსი.

თუმცა სომხეთის ნებისმიერი ხელისუფლების წინაშე, ადრე თუ გვიან, ყოველთვის დადგება კითხვა - ვინაა ის სხვა, იდეალური პარტნიორი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო, სომხეთისათვის სასარგებლო სტატუსკვოს გარანტირებას შეძლებს. ამჟამად ამგვარი მოთამაშე არც რეგიონში, არ მის ფარგლებს გარეთ არ ჩანს. შესაბამისად, რაოდენ დემოკრატიულადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები სომხეთში,  ახლო მომავალში სომხეთს კვლავ მოსკოვის ორბიტაზე დარჩენა მოუწევს.

სავარაუდოდ, ამით უნდა აიხსნას რუსეთის „ჩაურევლობის პოლიტიკა“ რევოლუციის პროცესში. უკრაინის ევრომაიდანისგან განსხვავებით, რომლის საგარეო დატვირთვა სახელდებაშივე იკვეთება, ნიკოლ ფაშინიანი მუდმივად ხაზს უსვამდა რევოლუციის სოციალურ, შიდა სახელმწიფოებრივ განზომილებას და შეგნებულად ერიდებოდა გეოპოლიტიკურ თემატიკას.

ამასთანავე, ნუ დავივიწყებთ, რუსეთის გაღიზიანებას სერჟ სარგსიანის პერსონითაც, რომელიც როგორც შიდა, ასევე საგარეო ასპარეზზე, პერიოდულად მოსკოვთან შეუთანხმებელ და არასასურველ ნაბიჯებს დგამდა. მაგალითისათვის, 2009 წელს სერჟ სარგსიანმა იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა, რაც მოსკოვში ფრიად არამეგობრულ ჟესტად მიიჩნიეს. ამგვარი ეპიზოდები, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში მრავლად იყო, რამაც საბოლოოდ  მოსკოვის მიერ სერჟ სარგსიანის „გაწირვაში“ ჰპოვა ასახვა.

დასკვნის ნაცვლად

ამგვარად, რევოლუციის პირველი ეტაპი, პროტესტანტთათვის და მთლიანად სომხეთისთვის, წარმატებით დასრულდა. ხელისუფლების შემდგომი მშვიდობიანი ჩანაცვლება, სომხეთისთვის აჩენს უნიკალურ შესაძლებლობასა და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის იმედს. თუმცა, ერთი ცხადია, ყარაბაღის კონფლიქტისა და რუსეთის სრული დომინაციის ფონზე, ქვეყანაში სისტემური, გარდამტეხი ცვლილებების შეტანა, ახალ პოლიტიკურ ელიტას ძალიან გაუჭირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^