ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
კვიციანის აზრით, ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო დროს Facebook-ზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხშირად შეურაცხყოფენ. „შეურაცხყოფა ზოგადად ცუდი რამაა, მით უმეტეს რელიგიაზე. ამიტომ გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ“, - თქვა კვიციანმა კომიტეტის სხდომაზე.
ემზარ კვიციანის ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 155-ე პრიმა მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე, ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.
კანონპროექტის ინიციატორის თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებულია მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიებისა და წმინდანების შეურაცხყოფა. სწორედ ეს გახდა მისი ინიციატივის საფუძველი.
„რამდენიმე წელია, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ საბაბით, პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ“, - წერია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი, რომელსაც კვიციანი წარადგენს, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორის ზვიად ტომარაძის მომზადებულია.
ზვიად ტომარაძე ასეთივე კანონპროექტის ავტორი იყო 2016 წელსაც. მაშინ მისი ინიციატივა პარლამენტს „ქართული ოცნების“ წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა წარუდგინა.
სოსო ჯაჭვლიანის მიერ წარდგენილი კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციული წესით სჯიდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ის პირველი მოსმენით 2016 წლის 2 თებერვალს განიხილა და მხარიც დაუჭირა.
ჯაჭვლიანის კანონპროექტის მიხედვით, პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 600 ლარი იქნებოდა. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვაზე კი 500-ლარიანი ჯარიმა უნდა ყოფილიყო. მის მიღებამდე სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი უკან გაითხოვა.