Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული პოეზიის ოთხი ასისთავი და მათი მუზები

24 აპრილი 2018

ოთხი უდიდესი ქართველი პოეტი, ოთხი ასისთავი ქართული პოეზიისა: რუსთაველი, ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი და მათი მუზები...

შოთა რუსთაველი და თამარ მეფე

რუსთაველით დავიწყოთ, იმ კაცით, რომელიც არც კი ვიცით, ვინ იყო, სამაგიეროდ ზუსტად ვიცით, რომ თამარის გარდა, დედამიწის ზურგზე არავის აქვს შანსი, შოთას მუზა ყოფილიყო.

„ვეფხისტყაოსანი“, მისი სიძლიერე, არ იძლევა სხვა ტიპის ინტერპრეტაციის საშუალებას, გარდა იმისა, რომ შოთას თამარი უყვარდა. ასეთი პოემა ამ სიყვარულის გარეშე ვერ დაიბადებოდა. პრინციპში რა გასაკვირია, შოთა კი არა, თამარს მთელი საქართველო და მეზობელი ქვეყნები ეტრფოდნენ.

ჩვენ არ ვიცით, ეს იყო სიყვარული ქალსა და კაცს შორის, სიყვარული ღმერთსა და კაცს შორს, თუ ადამიანის სიყვარული მიუწვდომელი არსებისადმი. ამის ცოდნა დიდად არც არაფერში გვჭირდება; მთავარია, რომ თავად რუსთაველმა თქვა - ეს იყო მიჯნურობა, სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება, რომელიც სიშმაგით გონივრულობას სცდება.  

შმაგი იყო რუსთაველიც და მისი თითოეული სტრიქონი, პოემაში ნებისმიერი ქალის ყოველი გამოჩენა - თამარზე მიუთითებს. თავიდან, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დასახელებული - „მეფე-მზე“, „ღაწვ-ბალახშ“, „თმა-გიშერისა“, რომელიც უნდა ვაქოთ და მისი ქება ადრეც მითქვამსო. სავარაუდოდ, უკვე არსებობდა რუსთაველს პოემა ან ლექსების კრებული „ქებანი“ თამარის შესახებ.

რაც მთავარია, „ვეფხისტყაოსანში“ თამარი ისეა გამოყვანილი, რომ როგორც კი მეფედ არის მოხსენიებული, იმ წუთას უმაღლესი დონის პოეზიას მოითხოვს, მაგალითად:

„მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა...“

ცოტა უცნაური ბრძანებაა, ასეთი შეკვეთა ალბათ არც ყოფილა, თუმცა როდესაც პოეტი ამას ამბობს, ეს უკვე დიდი პოეზიაა, რადგან ფაქტია - ადამიანი შეყვარებულია. უსიყვარულოდ ვერ გაჩნდებოდა „ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა“.

წარმოიდგინეთ, საქართველო დიდი სახელმწიფოა, იმპერია, რომელსაც დიდი ლიტერატურა სჭირდება, ისევე, როგორც რომს დასჭირდა ოდესღაც „ენეიდა“. საქართველოს „ვეფხისტყაოსანი“ დასჭირდა და ნათელია, რომ შოთას თამარის მეფობის შესახებ ნაციონალური პოემა დაუკვეთეს. რუსთველმა კი დაწერა პოემა თამარის მიმართ უკიდეგანო სიყვარულზე.

ამისთვის მას ყველაფერი ჰქონდა: ხელოვნება, ენა, გული, გონება, ძალა... მაგრამ შოთა არ იყო უბრალო ავტორი და ამიტომაც, მან დაწერა სრულიად განსაკუთრებული პოემა, რომელშიც თამარ მეფე ყველა იმ ქალის სახეში ჩანს, რომელიც „ვეფხისტყაოსანში“ ფიგურირებს, ალბათ დავარის სახეშიც კი!

ვფიქრობ, რომ რაკი პოემა თამარით სუნთქავს, ამით ის სრულიად განსაკუთრებულია - კი ბატონო, პერსონაჟები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მათ მიმართ გაჟღერებული პოეტური სიტყვები ერთმანეთს ჰგავს.

„სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული...“.

რა თქმა უნდა, თამარი იტაცებდა მის მჭვრეტელთა გულს, გონებას და სულს. სამივე ეს კომპონენტი: გული, გონება და სული ის სამებაა, რომელზეც ადამიანის რუსთაველისეული კონცეფციაა აწყობილი - ადამიანი სწორედ გულისგან, გონებისა და სულისგან შედგება. გონებასა და სულს კი გული ამოძრავებს.

შემდეგ ნათქვამია: „მისი სახელი თინათინ, არს ესე საცოდნარია!“ აი, ასეა წარმოდგენილი თინათინი.

ახლა ვნახოთ ნესტანი: „მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი“.

ორი, ძალიან განსხვავებული ქალი, პოეტურად ერთნაირადაა წარმოდგენილი: არაბეთის, ანუ დასავლეთის, ანუ ევროპის ქალი - თინათინი; და აზიის, ამ შემთხვევაში ინდოეთის, ვნებებით სავსე ქვეყნის წარმომადგენელი - ნესტანი. რა თქმა უნდა, თინათინი და ნესტანი განსხვავებული არიან, მაგრამ ამ განსხვავების ნიველირებას ახდენს შოთას მიდგომა მათ მიმართ - რუსთაველი ხომ ორივეში თამარს ხედავს!

საინტერესოა, რომ შესაძლოა სწორედ თამარის სიყვარული არ ეპატია რუსთაველს და ამიტომაც არაფერი ვიცით მის შესახებ, თუმცა ცოტა უცნაური ამბავი კია - მოსთხოვო პოეტს, არ უყვარდეს ქალი, რომელიც სრულიად საქართველოს, მთელ ახლომახლო სამყაროს უყვარდა.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

ნიკოლოზ ბარათაშვილი და ეკატერინე ჭავჭავაძე

ნიკოლოზ ბარათაშვილი ყველაზე უფრო ევროპელი ქართველი პოეტია, რომელსაც, როგორც ამბობენ, პირველი სიყვარული 19 წლისას ეწვია. რთული წარმოსადგენია, რომ მას ერთი დღე მაინც გაეძლო უსიყვარულოდ, მაგრამ პირველი ნამდვილი სიყვარული, რომელმაც ასახვა ჰპოვა, როგორც ბარათაშვილის პოეზიაში, ასევე მის ბიოგრაფიაში, 19 წლისამ გამოსცადა.

როგორც ტატოს სიყრმის მეგობარი, ლევან მელიქიშვილი წერდა, გრიგოლ ორბელიანს 1846 წელს, „პირველი სიყვარული საწყლისა იყო ნინო“.

უცნობია კონკრეტულად ვისზეა საუბარი, თუმცა, როგორც გოგლა ლეონიძემ ივარაუდა, ეს შეიძლება ნინო ორბელიანი ყოფილიყო.

1836 წლის ზაფხული პოეტმა მთლიანად ამ შთაგონებით, ამ სიყვარულით გაატარა. მისი გრძნობა კარგად ჩანს ბიძისთვის, გრიგოლ ორბელიანისათვის, მიწერილ წერილსა და ლექსში „ღამე ყაბახზედ“, სადაც პირველ სიყვარულთან შეხვედრის ისტორიას აღწერს.

ჩვენი დიდი მეცნიერი, პავლე ინგოროყვა ამბობდა, რომ ტატოს პირველი სიყვარული ყმაწვილური გატაცება უფრო იყო, ვიდრე ღრმა გრძნობაო. ამას ვერ დავეთანხმები, რადგან მას შემდეგ, რაც მეორე და მესამე სიყვარულში ბარათაშვილს ხელი მოეცარა, მის პოეზიაში სწორედ ეს პირველი სიყვარული, ნინოს სახე დაბრუნდა და ასე გაგრძელდა ბოლომდე... მგონი, სულაც ეს პირველი სიყვარული იყო ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი ბარათაშვილისთვის.

არ გასულა დიდი ხანი და 1837 წელს, გულგატეხილი პოეტის ცხოვრებაში გამოჩნდა ფრანგი გოგონა, იონა მეუნარგიას გადმოცემით, „მებულკე ფრანგის ლაბიელის ქალი დელფინა“.

დელფინა საქართველოში იყო გაზრდილი და ალბათ ქართულსაც კარგად ფლობდა. წესით, მას არც ბარათაშვილის ლექსების გაგება გაუჭირდებოდა. სწორედ მას ეძღვნებოდა ტატოს ლექსი „ასტრა“, რომელმაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია. რატომღაც მგონია, რომ ეს ლექსი დიდი შედევრი უნდა ყოფილიყო.

ფრანგ ქალიშვილთან ურთიერთობა ორ წელს გაგრძელდა. ძალიან ჰყვარებია ტატოს „ფრანცუზის“ ქალი, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთ დღეს დელფინა შემოსწყრომია და სწორედ მაშინაა დაწერილი ბარათაშვილის კიდევ ერთი შედევრი - „რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო? მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო: შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,. შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!“

რა თქმა უნდა, არც ეს სიყვარული აღმოჩნდა იღბლიანი.

ზუსტად არ ვიცით, ამ უიღბლობაში იყო თუ არა გარეული ტატოს მტკივანი ფეხის ამბავი, მაგრამ არ მგონია, ასე ყოფილიყო. ზოგადად, მისი კოჭლობის ამბავი ცოტა გაზვიადებულია. როგორც თვითონ ამბობდა, საერთოდ არ ეტყობოდა.

მტკივანი ფეხი ვერ იქნებოდა რაიმე ტიპის ხელისშემშლელი ფაქტორი ეკატერინე ჭავჭავაძესთან ურთიერთობაში. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ჭავჭავაძის სამივე ქალიშვილი ძალიან ლამაზი იყო, განსაკუთრებით კი ნინო და ეკატერინე, რომლებსაც მთელი საქართველო ეტრფოდა. ვიცით, რომ კალმით ნახატი ეს ქალები მაშინდელ საზოგადოებას თავბრუს ახვევდნენ და ამ ფონზე ბარათაშვილს არ ჰქონია გამარჯვების დიდი შანსი.  

არადა, ახლა კი ვიცით ვინ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი და გვიკვირს კიდეც, რომ იგი სხვებთან ერთად უნდა მდგარიყო გამარჯვების მსურველთა რიგში, მიუხედავად იმისა, რომ მაგ ეპოქაში ნიკოლოზ ბარათაშვილი ერთადერთი იყო. ეს იყო ეპოქა, რომელიც იყოფოდა ნიკოლოზ ბარათაშვილად და დანარჩენ საქართველოდ. მისი დარი, მისი ტოლი, მისი ფასი მაგ დროს არავინ გვყოლია, თუმცა ცხოვრება ითხოვდა, რომ ისიც რიგში მდგარიყო, რიგში, სადაც მას არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდა.

ბარათაშვილის განსაკუთრებული დამოკიდებულება ეკატერინესადმი 1838 წელს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. 1839 წელს კი, როდესაც ელისაბედ ორბელიანის სახლში გამართულ წვეულებაზე ნიკოლოზ ბარათაშვილიც იყო მიწვეული, პოეტმა ვეღარ გაუძლო ეკატერინე ჭავჭავაძის სიახლოვეს, მოზღვავებულ გრძნობებს და გაიქცა. ყაფლან-ორბელიანების სახლში მისულს ლევან მელიქიშვილისთვის გადაუშლია გული: „გავგიჟდი, მეტი აღარ ვარ. ეკატერინე იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია“. ასე დაიბადება ქართული ლიტერატურის შედევრი - „საყურე“.

ეკატერინე 1939 წლის მაისში გათხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ტატო არ ჰყვარებია, პოეტის ყველაზე ერთგული მკითხველი აღმოჩნდა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ტატოს პოეზია ილია ჭავჭავაძის ხელში აღმოჩნდა. ილიამ ბარათაშვილის გენია ამოიცნო და უპატრონა კიდეც მას.

ვაჟა-ფშაველა და კეკე ნებიერიძე

ვაჟა-ფშაველას ამბავი განსაკუთრებულია, თუმცა მე მხოლოდ მის ერთ მუზაზე ვისაუბრებ.  

1885 წელს, ვაჟა-ფშაველა, რომელიც მაშინ ჯერ მხოლოდ „შვლის ნუკრის ნაამბობის“ ავტორი იყო, ოთარ ამილახვრის ოჯახში მასწავლებლად მიიწვიეს. ამ ოჯახში იზრდებოდა ამილახვრის უკანონო შვილი და მისი მეუღლის მოახლე, ძალიან სათნო და მშვიდი ბუნების კეკე ნებიერიძეც. ამილახვრის უკანონო ასული დედის გვარს ატარებდა. დედამ კეკე პატარა ასაკში გაათხოვა, თუმცა ის მალევე დაქვრივდა და უშვილოდ და უძიროდ დარჩენილი, მამის ოჯახში დაბრუნდა.

ვაჟას კეკე შეუყვარდა და გრძნობების გამხელამდე, კეკესთვის ფშავში ცხოვრების სირთულეები გაუცნია. ამ სირთულეების მიუხედავად, კეკე ვაჟას ცოლობას დასთანხმდა.

მოსწონებიათ ფშავში ეს მშვიდი ბუნების პატარძალი, ვაჟას ნამდვილი მუზა და მისი ბედნიერი ვარსკვლავი. სანამ ის ჰყავდა, ბედნიერი იყო. ამბობენ, რომ ამ ქალმა კარგად იცოდა მისი ფასი. მათი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ ცოლ-ქმარი მთის დაწერილ და დაუწერელ კანონებს არღვევდა, მათ შორის იმას, რომ სიყვარულს მალვა უნდა. მთაში ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საერთოდაც, ემოციების სახალხოდ გამოვლენა არ შეიძლება და ეს ქალი კიდევ ისე იყო შეყვარებული, რომ მოჰკრავდა თუ არა ვაჟას თვალს,  სახლიდან გამოვარდებოდა და მიეგებებოდა. როგორც წესი, ვაჟა ხელში აიტაცებდა და ისე შეჰყავდა შინ.

ეს ამბავი ახსოვდა ვაჟას მეორე ცოლს, რომელიც პოეტმა დაქვრივების შემდეგ შეირთო. ეს ის ქალია, ვაჟას პოეტობას რომ არ აღიარებდა და საერთოდაც, მის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. თურმე დასცინოდა კიდეც თამარ დიდებაშვილი კეკეს, სიყვარულს ვერ მალავდაო.

საოცრად უყვარდა ვაჟას კეკე. მათი თანაცხოვრების პერიოდი ვაჟას ცხოვრების უბედნიერესი ხანაა. სწორედ ამ დროს იწერება „ალუდა ქეთელაური“, გლეხი ლუკა რაზიკაშვილი გენიოსი ვაჟა-ფშაველა ხდება, ქვეყანას ევლინებიან: თამარ, ლევან, გულქან და მარიამ რაზიკაშვილები.  

მეხუთე ბავშვზე იყო კეკე ორსულად, მუცელი რომ მოეშალა და დაიღუპა. ამ დროს ვაჟა ყვარელში იყო და უკან დაბრუნებულს მეუღლე უკვე დაკრძალული დახვდა. კეკეს საფლავზე მისულმა ცოლს ქართული პოეზიის წარმოუდგენელი ძალის შედევრი წაუკითხა - „იას უთხარით ტურფასა“.

ამ ლექსში, ამ დიდ შედევრში, ისევე, როგორც ვაჟას ბრწყინვალე მოთხრობაში „ია“ და თითოეულ იმ ნაწარმოებში, სადაც ვაჟას შემოქმედებაში ია ფიგურირებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ულამაზესი, უჭკვიანესი, უთბილესი და ვაჟას უდიდესი გულშემატკივარი, მისი მუზა - თავადის ქალი კეკე ნებიერიძე იმალება.

გალაკტიონი და მერი შერვაშიძე

გალაკტიონი ის კაცი იყო, რომელსაც ჩვენ მიერ ნახსენები მუზებისგან განსხვავებით, ჰყავდა მუზა, რომელსაც მისი არცერთი ლექსი წაკითხული არ ჰქონია.

ულამაზესი ქალი იყო მერი შერვაშიძე, ასეთი სილამაზის შემხედვარე ჩვეულებრივი ადამიანები კვდებიან და წარმოიდგინეთ, რა მოუვა ნატიფ, დახვეწილ პოეტს, რომელიც ასეთ ქალს პირველად დაინახავს?!

1915 წელია, გალაკტიონი უკვე ჩამოყალიბებული პოეტია და ბაღში ხედავს ქალს, რომელსაც მრავალი წლის შემდეგ გაუკვირდება, როცა შეიტყობს, რომ გალაკტიონი მასზე ლექსებს წერდა.

არადა, გალაკტიონის პოეზიის დიდი ნაწილი სწორედ მერი შერვაშიძეს ეძღვნება! გალა კიდევ რისი გალა იქნებოდა, ისე დაეწერა, თითქოს გრძნობა ორმხრივი არ იყოს, მას არ იცნობდნენ და არ კითხულობდნენ?!

ბარათაშვილისგან განსხვავებით, მერი შერვაშიძესთან მიმართებაში, გალაკტიონი არავის ჩაუყენებია რიგში. გახდა თუ არა მერი შერვაშიძე გალაკტიონის მუზა, მან საკუთარი ბიოგრაფია დაკარგა!

კი, ბატონო, მერის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა, აღაფრთოვანებდა საქართველოს, რუსეთსა და საფრანგეთს, ჰყავდა მეუღლე, რომელიც უყვარდა, კოკო შანელის სახეც გახდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მერი შერვაშიძის ბიოგრაფია გალაკტიონმა თავისი სიყვარულით წაშალა.

ხანდახან გალაკტიონის მერიზე ამბობდნენ, ეს ბაირონის მერიაო, ეს ბლოკის მერიაო, მაგრამ არა!  ის არ იყო არც რომანტიკოსებისა და არც სიმბოლისტების მერი! ის იყო მერი შერვაშიძე, რომლის სახეც ვერაფერმა ამოშალა გალაკტიონის თვალებიდან. გალაკტიონს ერთი ცოლიც ჰყავდა, მეორეც და მესამეც, მაგრამ მის პოეზიაში მერის ადგილის დაკავება ვერავინ შეძლო.

მერი ქართული პოეზიის სიმბოლოდ იქცა და ის ათასჯერ უფრო ლამაზია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი ლამაზმანი, რეალური მერი შერვაშიძის ჩათვლით.

პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მონოლოგი სიკვდილზე... პლასტიკის ენით

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ლეგენდარულ მიხეილ ბარიშნიკოვს მასპინძლობს
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მოხუცი ქართული ლიტერატურა და ზღვა

ქართულ ლიტერატურაში ზღვა მნიშვნელოვანი თემაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა, თითქოს ზღვასთან ...
15 სექტემბერი
15 სექტემბერი

8.08.08-დან დღემდე...

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ და რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი ჩვენში.

მეტი

^