Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეამცირე ეკონაკვალევი

09 ივნისი 2014

კაცობრიობის ეკოლოგიური ნაკვალევი სულ უფრო იზრდება. მსოფლიოში უამრავი ადამიანი იმაზე მეტ ენერგიასა და რესურსს მოიხმარს, ვიდრე სჭირდება.  მათ მიერ დატოვებული ნაკვალევის მოცულობა კი პირდაპირ აისახება გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე.

კეტავთ თუ არა ონკანს კბილების გახეხვის და ჭურჭლის გარეცხვისას? ან რამდენად ხშირად დადიხართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ფეხით? შესაძლოა, ამაზე არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ ჭურჭლის რეცხვით, შხაპის მიღებით, კბილების გახეხვით, კვებით თუ მგზავრობით გარემოზე  გარკვეულ გავლენას ახდენთ და თქვენი ცხოვრების წესით მასზე ეკოლოგიურ ნაკვალევსაც ტოვებთ.

ადამიანი გარემოზე ზემოქმედებას დაბადებისთანავე, ავტომატურად იწყებს, თუმცა რამდენად მტკივნეული იქნება ეს პროცესი, თავად მის არჩევანზეა დამოკიდებული. ეკოლოგიური ნაკვალევი სწორედ ერთი ადამიანის მიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირი საშუალებებით გარემოზე ზეგავლენას ნიშნავს. ამ საშუალებებში კი ცხოვრების წესი, ენერგოეფექტურობა, მოხმარებული ენერგიის რაოდენობა და წყაროები იგულისხმება.

ეს ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვურადაა გადაბმული: მაგალითად, როცა ანთებულ ნათურას უსარგებლოდ ვტოვებთ, არა მარტო ჭარბ ელექტროენერგიას მოვიხმართ, არამედ წყლის ზედმეტ რესურსსაც ვხარჯავთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ჩვენი ენერგოსისტემა იძულებული გახდება ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდეს, ატმოსფეროში უფრო მეტი CO2 გატყორცნოს და ბუნებაზეც მეტად მავნე ზეგავლენა იქონიოს. 

მნიშვნელოვანია ყოფითი ცხოვრების წესიც: თუ მაგალითად,  კბილის გახეხვისას ონკანი მუდმივად მოშვებული გვაქვს, ამ შემთხვევაშიც წყალს ფუჭად ვღვრით, არადა პირობითად მდინარე არაგვიდან ჩვენს ონკანებამდე წყლის მოყვანისა და ფილტრაციისთვის უამრავი ენერგია იხარჯება. შესაბამისად, თუ წყალს ოპტიმალურად გამოვიყენებთ, ამ გზით არაგვის ეკოსისტემაზეც ვიზრუნებთ. იგივე შეიძლება ითქვას ჭურჭლის რეცხვისა თუ შხაპის მიღების პროცესზე. ცხადია, წყლით ეფექტურად სარგებლობა არდაბანას არ ნიშნავს. მთავარია, ისარგებლო იმდენი წყლით, რამდენიც რეალურად გჭირდება.

იმაზე თუ დაფიქრებულხართ როგორი სიმძლავრის ძრავიანი მანქანა ან მანქანები გყავთ? ხშირად ერთ ოჯახში ორი უზარმაზარი ჯიპი საერთოდ არ არის საჭირო და თუ ერთ-ერთს მაინც მცირელიტრაჟის ავტომობილით შეცვლით, გარემოს უფრო ნაკლებ ნახშირორჟანგს გაუგზავნით. „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ დირექტორის, გიორგი აბულაშვილის თქმით, ეკოლოგიური ნაკვალევის ზომის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისიც, თუ რამდენად მოიხმარენ ადამიანები ადგილობრივ პროდუქციას: „საქმე იმაშია, რომ ენერგია იხარჯება არა მარტო მის წარმოებაში, არამედ ტრანსპორტირებაშიც. ასეთ დროს ეკოპატრიოტიზმი სრულად ემთხვევა ეკონომიკურ პატრიოტიზმს და თუ მე ეროვნულ პროდუქციას მოვიხმარ, ამით არა მარტო ადგილობრივ წარმოებას ვახალისებ, არამედ მისი გადაზიდვების დროს მოხმარებულ ენერგიასაც ვზოგავ“,-აღნიშნავს გიორგი აბულაშვილი.

კაცობრიობის ეკოლოგიური ნაკვალევი სულ უფრო იზრდება. მსოფლიოში უამრავი ადამიანი იმაზე მეტ ენერგიასა და რესურსს მოიხმარს, ვიდრე სჭირდება.  მათ მიერ დატოვებული ნაკვალევის მოცულობა კი პირდაპირ აისახება გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე.  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (World, Wildlife Fund, WWF) და გლობალური ნაკვალევის ქსელის (Global Footprint Network) კვლევის მიხედვით, გლობალურმა ეკოლოგიურმა ნაკვალევმა დედამიწის ბიოლოგიურ შესაძლებლობას 25%-ით ჯერ კიდევ 2003 წელს გადააჭარბა. შესაბამისად, თუ ყველა ადამიანი ენერგიების ჭარბად მოხმარებას გააგრძელებს, დედამიწას რესურსი უბრალოდ არ ეყოფა.

კომფორტი მოსწონს ყველას, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა უჯდება გარემოს ეს კომფროტი. ენერგოეფექტურობა კი სწორედ იმას ნიშნავს რომ კომფორტიც გქონდეს, ნაკლები ენერგიაც დახარჯო და გარემოსაც ნაკლები ზიანი მიაყენო. ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად არსებობს მარტივი რჩევებიც, რომელთა გათვალისწინებითაც ცხოვრების წესის შეცვლა და საკუთარი ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირება ყველას შეუძლია. მაგალითად:

* შეცვალეთ ვარვარა ნათურები შუქდიოდურით. იგივე განათებას მიიღებთ, თუმცა ელექტროენერგიის 80%-ს დაზოგავთ

* თუ კომპიუტერით 10-15 წუთი არ სარგებლობთ, გამორთეთ მონიტორი, ის ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს. პარამეტრების გასწორებისას კი screensavers ფუნქციის ნაცვლად  არჩევანი sleep mode ფუნქციაზე გააკეთეთ.

* ნუ მოათავსებთ მაცივარში ცხელ კერძებს და ნუ დატოვებთ კარს ღია. დადგით ის ყველაზე გრილ ადგილას. გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტია დაშორება კედლიდან, მით უფრო ეფექტურად მუშაობს მაცივარი.

* ყოველთვის დაიცავით სარეცხის წონა. ნურც გადააჭარბებთ და ნურც დააკლებთ. ეს  დახარჯული ელექტროენერგიის 10-30%-ით ზრდას გამოიწვევს. შეარჩიეთ სწორად რეცხვის პროგრამაც.

* საკვების თავღია ჭურჭელში მომზადება ენერგიის 2-6%-ის დაკარგვას იწვევს. ნუ ჩაასხამთ ამ ჭურჭელში ზედმეტი რაოდენობის წყალს, ეს არა მარტო კერძის მომზადების ხანგრძლივობას, არამედ დახარჯულ ენერგიასაც გიზრდით.

* გაწმინდეთ მტვერსასრუტი: გაუწმენდავი ტომრითა და ფილტრით ის 40%-ით მეტ ენერგიას ხარჯავს.

* დაზოგეთ წყლის მოხმარება: შხაპის მიღებას თუ 1-2 წუთით შემაცირებთ, თვეში 600 ლიტრ წყალს დაზოგავთ. თუ კბილების გახეხვისას ონკანს დაკეტავთ კი - 100 ლიტრს.

* გამორთეთ ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი თუ დამმუხტველი მოწყობილობები ქსელიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მაინც აგრძელებენ ელექტროენერგიის მოხმარებას.

* მოწყობილობების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ენერგეტიკულ იარლიყს. მასზე მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორია მათი წლიური ენერგომოხმარება. შეეცადეთ ყველაზე ეკონომიური შეარჩიოთ.

სხვათა შორის, ამჟამად „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ ქართულენოვანი კალკულატორის შექმნაზე მუშაობს. აპლიკაცია, რომელშიც სხვადასხვა კითხვები გაერთიანდება, ეკოლოგიური ნაკვალევის ზომის დადგენაში დაგეხმარებათ:  „ჩვენ შევეცდებით ადამიანებს დავანახოთ, თუ რამდენად მტკივნეულ გავლენას ვახდენთ თითოეული ჩვენგანი ცხოვრების წესით გარემოზე. დავაფიქროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რესურსების ოპტიმალურად გამოყენება. იმედია, ამით ოდნავ უკეთესი მაინც გახდება მსოფლიო“,-აღნიშნავს გიორგი აბულაშვილი.

ქართულენოვანი კალკულატორის გამოსვლამდე კი გარემოზე თქვენი ზემოქმედების ხარისხისა და ეკოლოგიური ნაფეხურის ზომის გაგებაში უცხოურენოვანი კალკულატორები დაგეხმარებათ. ერთ-ერთ მათგანს, აი, ამ ბმულზეც იპოვით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^