Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვის ხელშია შენი პირადი ცხოვრების "გასაღები"?

19 ივნისი 2014

ფარული მიყურადება საქართველოში ახალი პრობლემა არ არის. პოლიტიკური ოპონენტები მიყურადებასა და თვალთვალში ჯერ კიდევ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებდნენ. ეს დადასტურდა კიდეც, როცა შსს-ში ათიათასობით ფარული ჩანაწერი აღმოჩნდა. ახალმა ხელისუფლებამ კი პირობა დადო, რომ "საქართველოში ფარული მოსმენების დრო დასრულდა". თუმცა რამდენიმე კვირის წინ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ მათი არსებობის შესახებ განაცხადა და მაყურებელს რამდენიმე მათგანის შემოკლებული ვერსიაც შესთავაზა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოებაში ფარული ჩანაწერების აღმოჩენისა და განადგურების მოლოდინი გაჩნდა. დიდი მსჯელობის შედეგად ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი არასამთავრობოების, ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანდასწრებით განადგურდა.

თუმცა პირადი ცხოვრების უსაფრთხოების ილუზია მალე დაიმსხვრა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ფარული ხარჯებით შესყიდული რამდენიმე მილიონის ტექნიკა სამინისტროდან გაიტანეს და შესაძლოა, ფარული მიყურადებები კვლავ გრძელდებოდეს.

რა მნიშვნელობა აქვს „ტექნიკა გატანილია“ და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გისმენენ, თუ ტექნიკა სამინისტროშია და შენ წინააღმდეგ კომპრომატებს ამჟამინდელი ხელისუფლება არგოვებს? შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია - შენი პირადი ცხოვრება დაუცველია და შესაძლოა ერთ დღეს შენი ცხოვრება და კარიერა თავდაყირა დადგეს.

ამას ერთი მიზეზი აქვს - სახელმწიფო პირადი ცხოვრების დაცვის რეალურ მექანიზმებს ვერ გვთავაზობს.

საქართველოს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას საქართველოს კონსტიტუციის მეოცე მუხლი იცავს. რაც შეეხება უშუალოდ მიყურადების შესახებ კონკრეტულ საკანონმდებლო ნორმას, საქართველოში ფარული მიყურადების საფუძვლები „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონით რეგულირდება, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავ ორგანოებს, სხვა ღონისძიებებთან ერთად სატელეფონო მოსმენის უფლებაც აქვთ.

თუმცა ეს ნორმა რომ მხოლოდ ჩანაწერად რჩება და პრაქტიკაში მისი იმპლემენტაცია ნაკლებად ხდება. ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ. გარდა ამისა, ეს კანონი არც დანაშაულის კატეგორიებს აკონკრეტებს და არც იმ პირების ვინაობას, ვისი მოსმენაც დასაშვებად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ იგი უკანონო მოსმენისგან დაცვის რეალური მექანიზმი არ არის. შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებსა თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს მისი ბოროტად გამოყენება შეუძლიათ.

კანონპროექტი, რომლის მიზანიც არსებულ კანონმდებლობაში ხარვეზული ნორმების გამოსწორება და შეცვლა იყო, პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გავიდა. იგი ბევრ ისეთ რეგულაციას შეიცავს, რომელიც პროცედურებს უფრო გამჭვირვალესა და კონკრეტულს ხდის.

მაგრამ მთავარი საკითხი - თუ ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები, ანუ მოსმენის ტექნიკური საშუალება, ამ დრომდე გადაუწყვეტელია. საკანომდებლო ორგანომ მხოლოდ იმ ნაწილს დაუჭირა მხარი, სადაც პროცედურებზე იყო საუბარი, ხოლო აზრთა სხვადასხვაობის გამო "გასაღების" საკითხი უცვლელად დატოვა და ამის გადასაწყვეტად სპეციალური კომისიის შექმნა გადაწყვიტა.

პრობლემა ისაა, რომ, რაც არ უნდა პროგრესული ცვლილებები შევიდეს კანონში, ვერასოდეს გაკონტროლდება, როგორ ახორციელებენ სამართალდამცავი ორგანოები ამის იმპლემენტაციას, თუკი ე.წ. გასაღები მათ ხელში იქნება, ანუ მათ ჩვენს პირად ცხოვრებაზე პირდაპირი და გაუკონტროლებელი წვდომა ექნებათ.

ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მნიშვნელოვან შედეგს ვერ გამოიღებს.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, "გასაღები" მობილურ ოპერატორებს უნდა გადასცემოდათ. ანუ მას შემდეგ, რაც სასამართლო სამართალდამცავ ორგანოებს ფარული მიყურადების/თვალთვალის ნებართვას მისცემდა, ისინი მობილურ ოპერატორებთან მივიდოდნენ და მოქალაქეთა საუბრებზე წვდომა მათი მეშვეობით ექნებოდათ.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუში ამბობს, ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია და საკმაოდ კარგად მუშაობს.

თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ თინა ხიდაშელს, რომელიც მიიჩნევს, რომ რიგ შემთხვევებში მობილური ოპერატორებისთვის "გასაღების" გადაცემა უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ახლა, როცა ის ძალოვან უწყებებს აქვთ.

ლაშა ტუღუში ფიქრობს, რომ ეს ერთი შეხედვით რეალური არგუმენტია, სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა. მას პარლამენტის არგუმენტები არადამაჯერებლად მიაჩნია. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეს კანონპროექტი დიდი დებატების საგანი იყო, სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდათ და პარლამენტმა ეს წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

"ეს იმ ძალების პოლიტიკურ სისუსტეზე მეტყველებს, რომლებსაც ქვეყანაში რეფორმის განხორციელება უნდათ. რადგან ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ რეფორმაა და არა კანონის ერთი მუხლის შეცვლა. თუმცა ცხადია, რომ რეფორმისთვის ყველა მზად არ არის", - გვითხრა ლაშა ტუღუშმა.

იგი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია კანოპროექტის ამჟამინდელ ვერსიას დაეთანხმება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო რამდენიმე თვეს ტყუილად დაკარგავს, თანაც იმ ფონზე, როცა ამ კანონპროექტის განხილვა ისედაც 1 წლის განმავლობაში ყოვნდებოდა.

ტუღუშისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი წინ, როცა ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს: "პრობლემა ისაა, რომ თანმიმდევრული ნაბიჯებისთვის არ აღმოვჩნდით მზად".

კანონპროექტის ავტორი მიიჩნევს, რომ თუკი რაიმე საკითხი ტექნიკურად მოსაგვარებელი იყო, ჯობდა ჯერ კანონი მიგვეღო, პრობლემა პრინციპულად გადაგვეწყვიტა და ტექნიკური ნაწილის დახვეწაზე მერე გვეფიქრა.

"იმის გამო, რომ ვიღაცებს არ უნდათ ამის შეცვლა, იმიტომ, რომ სხვანაირად მუშაობა არ შეუძლიათ, იმიტომ, რომ ძველებურად მუშაობა უნდათ და ასე გაგრძელება სურთ, ეს ჯანსაღი არგუმენტი არ არის".

მსგავსი მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ სერგო რატიანსაც. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსმენების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენისას დაუჭირა მხარი. მაგრამ მათთვის მიუღებელია ის, რომ "გასაღების" საკითხი კანონში უცვლელად დარჩა. მისი თქმით, ამ ჟესტით მმართველმა ძალამ განაცხადი გააკეთა, რომ ისინი მოსმენას გააგრძელებენ. საპარლამენტო უმცირესობისთვის სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა და არაფერი გამოსწორებულა.

"ამ მუხლის არშეცვლით, მთავრობამ გამოგვიცხადა, რომ მოსმენებს გააგრძელებს. მთავარი ხომ ისაა, რომ გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროშია და მას აქვს უკონტროლო და უპრობლემო წვდომა. ერთი საკითხია სასამართლო პროცედურები, მაგრამ მეორეა, რომ შენ გაქვს გასაღები და ამას პრინციპულად ვერავინ გააკონტროლებს", - განმარტა `ლიბერალთან~ საუბრისას სერგო რატიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე და კანონში "გასაღების" ნაწილის უცვლელად დატოვებაზე პასუხისმგებლობას ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს.

თინა ხიდაშელი კი განმარტავს, რომ ე.წ. გასაღების საკითხის მოგვარება მათი ამოცანაა და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ეს შესაძლებელი იქნება.

ამ საკითხის დასარეგულირებლად ვადა 1 ნოემბრამდეა განსაზღვრული. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით და როდის შეიქმნება კომისია.

თუმცა ერთი რამ ცხადია, მოსმენების შესახებ კანონპროექტი ერთი წლის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული და მისი ყველაზე საკვანძო ნაწილის მიღების კიდევ ერთხელ გადადება კარგის მომასწავებელი არ არის. მით უფრო, რომ უახლოეს წარსულში ყველას გვახსოვს ანტიდისკრიმინაციული კანონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები როგორ დავიდა კონკრეტული რეგულაციებისა და სანქციების მქონე კანონი ფორმალურ საკანონმდებლო ნორმებამდე.

გერმანია

გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ზუსტად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ფარული მიყურადება და ვინ შეიძლება გახდეს მისი ობიექტი. ასევე განმარტებულია, რომ ფარული მიყურადება მხოლოდ მაშინაა ნებადართული, როცა სხვა საშუალებების გამოყენება ძალიან რთულია, ან ნაკლებია წარმატების შანსი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ასევე არეგულირებს ტელეკომუნიკაციების მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ბრძანების ხანგრძლივობას:

„ბრძანება ძალაშია მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში. მისი გაგრძელება თითო ჯერზე დასაშვებია არაუმეტეს სამი თვის ვადით. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებაში აღწერილი პირობები კვლავაც ძალაშია, გამოძიებისას მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით“.

საუკეთესო პრაქტიკა

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლითაცაა გარანტირებული. საქართველო მისი ხელმომწერი 1999 წელს გახდა.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მინიმალური დაცვის შემდეგი მექანიზმები შეიმუშავა, რომლებიც კანონში უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ეს მექანიზმებია:

1. სამართალდარღვევის ხასიათი, რომელიც შეიძლება მოსმენის შესახებ გაცემული გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს;

2. იმ კატეგორიის ადამიანების განსაზღვრა, რომელთა ტელეფონებიც შესაძლოა ისმინებოდეს;

3. ტელეფონის მოსმენის ხანგრძლივობის ლიმიტი;

4. მიღებული მონაცემების შემოწმების, გამოყენების და შენახვის პროცედურები;

5. სიფრთხილის ზომები, როცა ხდება მონაცემთა სხვა მხარეთათვის გადაცემა;

6. ის გარემოებები, რომლებშიც ჩანაწერები შეიძლება ან უნდა წაიშალოს.

ამასთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ფარული მიყურადების სამართლებრივი საფუძველები უნდა განსაზღვრავდნენ წესებს, რომლებიც ფარული მიყურადებისგან ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შორის საუბრის დაცულობას უზრუნველყოფენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ფარული მიყურადების რაიმე ზოგადი მაქსიმალური ხანგრძლივობა განსაზღვრული არ აქვს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარული მიყურადება და ჩაწერა მხოლოდ ბოლო ინსტანციის ღონისძიება უნდა იყოს და უნდა გამოიყენებოდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სხვა, კლასიკური საშუალებები ამოწურულია ან ფარული მიყურადების გამოყენების გარეშე დანაშაულის გახსნის ალბათობა თითქმის არ არსებობს.

გაერთიანებული სამეფო

საგამოძიებო უფლებამოსილებების შესახებ კანონის თანახმად, ფარული მიყურადების შესახებ ნებართვის მისაღებად აუცილებელია შემდეგი საფუძვლები:

ა. ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები;

ბ. მძიმე დანაშაულის პრევენციის ან მიკვლევის მიზანი;

გ. გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა;

დ. იმ მიზნისა და გარემოებათა არსებობის შემთხვევაში, რომლებიც პრემიერ-მინისტრის აზრით მძიმე დანაშაულის პრევენციის ან მიკვლევის მიზნის ექვივალენტური იქნებოდა.

მიყურადების პროცესზე საბოლოო ზედამხედველობა ევალება სპეციალურ ოფიცერს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ეს უნდა იყოს პირი, რომელსაც უკავია ან ეკავა თანამდებობა სასამართლო ხელისუფლებაში. კანონდარღვევის ფაქტი ოფიცერმა პრემიერ-მინისტრს უნდა მოახსენოს. ოფიცერი პრემიერ-მინისტრს მისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშსაც წარუდგენს.

მოლდოვის რესპუბლიკა

კანონში ჩამოთვლილია ის დანაშაულები, რომლებიც ექვემდებარება მოსმენას. ეს ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას.

საგანგებო საგამოძიებო ღონისძიებები შეიძლება გატარდეს 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში და დასაბუთების არსებობის შემთხვევაში, გაგრძელდეს ექვს თვემდე ვადით. ამის შემდეგ საგანგებო საგამოძიებო ღონისძიების შესახებ იმავე საფუძველით და იმავე თემაზე განმეორებითი ნებართვის გაცემა აკრძალულია.

რაც შეეხება კონტროლს, სპეციალური საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია, ყოველი წლის 15 იანვრამდე გენერალურ პროკურორს წარუდგინოს სპეციალური გამოძიების ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს განხორციელებული მოსმენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

გენერალური პროკურორი ყოველი წლის 15 თებერვლამდე ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ოფიცერს წარუდგენს ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობის საბოლოო ანგარიშს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^