Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰოჯესი: საქართველომ თავი ისე უნდა დაიცვას, რუსეთმა ადვილად ვერ გადაყლაპოს

01 მაისი 2018

გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი და ნატოს ქვეითი ჯარების სარდალი იყო, ამბობს, რომ რუსეთი ნატოს მოკავშირეებს შორის ბზარის გაჩენას ცდილობს, თუმცა ალიანსი ისეთი ერთიანი და ძლიერი, როგორიც დღეს არის, დიდი ხანია არ ყოფილა.

საქართველოზე საუბრისას, ჰოჯესი ამბობს, რომ ქვეყანას საუკეთესო ჯარისკაცები ჰყავს. სამვარსკვლავიან გენერალს მიაჩნია, რომ საქართველომ თავდაცვის კონცეფცია ისე უნდა შეიმუშაოს, რუსეთისთვის მოუნელებელ ლუკმად იქცეს. გენერალ ბენ ჰოჯესს ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო გენერალო, მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ აფასებთ ნატო-რუსეთის ურთიერთობას ამ ეტაპზე?

ჩემი აზრით, ალიანსს ძლიერი და მკაფიო რეაგირება ჰქონდა რუსეთის აგრესიაზე. რუსეთი ცდილობს, დაარღვიოს საერთაშორისო წესრიგის ნორმები; გავლენა იქონიოს ჩვენს ინსტიტუტებზე, სასამართლო სისტემაზე და ბზარი გააჩინოს ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის ურთიერთობაში.

რუსეთს სურს, მთელმა სამყარომ ის დაინახოს, როგორც ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ალიანსისა და ევროკავშირის დასუსტებით არის შესაძლებელი. ნატო და ევროკავშირი ამ დამოკიდებულებას მკაფიოდ გამოეხმაურნენ - ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ ევროკავშირის სანქციები დღემდე ძალაში რჩება.

2014 წლიდან ყოველ სამიტზე ალიანსმა შეკავების მეთოდები გააძლიერა, ივლისის ბრიუსელის სამიტზე კი, სავარაუდოდ, რეაგირების გზების დახვეწაზე ისაუბრებენ. ჩემი აზრით, ალიანსი დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე წარსულში იყო. გამოწვევები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მე ასეთი ერთიანი ალიანსი არ მახსოვს.

თქვენი აზრით, ნატოს ამ ერთობას აქვს თუ არა გავლენა რუსეთის თვითშემეცნებაზე და იმაზე, თუ როგორ უყურებს ის არა მხოლოდ თავის თავს, არამედ სხვა ქვეყნებსაც?

შესაძლებლობებს აძლიერებს. ერთი რეგიონი, რომელიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შავი ზღვის აუზია. ეს მათთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით საუკეთესო საწყისი პოზიციაა. რუსეთი ამ რეგიონს სტრატეგიულად მიიჩნევს.

ამის გამო, ნატო ისეთივე ძლიერი უნდა იყოს ამ რეგიონში, როგორიც ბალტიისპირეთშია. ის ფაქტი უდავოა, რომ რუსეთი ამ რეგიონში დიდძალ ფულსა და ძალისხმევას ხარჯავს იმისათვის, რომ რეგიონის ქვეყნები ევროკავშირს და ნატოს არ შეუერთდნენ. ამ მიზნით ისინი დემოკრატიულ ინსტიტუტებში არსებულ ბზარებს იყენებენ და ამას ამატებენ დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სამხედრო მეთოდებს.

საქართველო არაერთი თვალსაზრისით, რთულ რეგიონში მდებარეობს. რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა ნატოს წევრია, ზოგი - რუსეთის მოკავშირე. როგორ უნდა გაართვას ქვეყანამ თავი ამ გეოპოლიტიკურად რთულ გარემოს?

მესამე ასპექტი კი ის არის, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონის ნაწილია. საკუთარი უსაფრთხოებისთვის რეგიონულ კონტექსტში მიდგომა მნიშვნელოვანია. რუსეთს სამხრეთიდან ასე უნდა მივუდგეთ. როცა რუსები შავი ზღვის რეგიონს შეხედავენ - უსაფრთხოების მიზნით გაერთიანებულ ექვს ქვეყანას უნდა ხედავდნენ. ამაში საზღვაო ოპერაციები, ერთობლივი წვრთნა, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა იგულისხმება. ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოების ხარისხს საგრძნობლად გაზრდის.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობას რაც შეეხება, ჩემი აზრით, შეიარაღებული ძალების მეთაური და თავდაცვის მინისტრი კარგად აცნობიერებენ, რომ ქვეყანა ისე უნდა გაძლიერდეს, რუსეთისთვის მოუნელებელი ლუკმა იყოს, იმ დრომდე, სანამ დამხმარე ძალები არ ჩამოვლენ - და მე ვფიქრობ, ისინი ჩამოვლენ.

თქვენი აზრით, ნატოს ბრიუსელის სამიტზე ივლისში ამ თემაზე საუბარი იქნება?

ამის დიდი იმედი მაქვს. ალიანსის მხრიდან შავი ზღვის მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებაზე ყურადღების გამახვილება გაცილებით ეფექტიანი იქნება, ვიდრე რეგიონის ინდივიდუალურ ქვეყნებზე ზრუნვა. შავი ზღვა რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამასთან, ყირიმის ანექსიის შემდეგ, შავ ზღვაში ტერიტორიული წყლების საზღვრები შესაძლოა, შეიცვალოს; ეს კი ევროპის ბევრ ქვეყანაზე მოახდენს გავლენას.

დიდწილად, ამერიკის მხრიდან დახმარების შემდეგ, კატარღის გადაცემა იქნება ეს, არსებული აღჭურვილობის შეკეთება თუ სხვა სახის დახმარება, საქართველო შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებაში თავის როლს თამაშობს.

დიახ. ისინი თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ბევრ რამეს აკეთებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებაა. შეკავების კრიტიკული ასპექტი სისწრაფეა - საფრთხის ამოცნობის სისწრაფე, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და ძალების მობილიზების სისწრაფე. საქართველოს უფრო მალე ეცოდინება, თუ რა ხდება სინამდვილეში, ვიდრე შეერთებულ შტატებს. იგივე ეხება მოლდოვას, უკრაინას და სხვა ქვეყნებს. რეგიონის ქვეყნების მხრიდან ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავის დასაცავად აღჭურვილობის ყიდვა.

თქვენ საქართველოსთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობთ. როგორ შეაფასებდით ქვეყნის განვითარებას სამხედრო თვალსაზრისით?

ერთი რამ, რაც არ იცვლება არის ჯარისკაცების ხარისხი. მოხიბლული ვარ ქართველი ჯარისკაცებით. მე ისინი ავღანეთში რამდენჯერმე ვნახე. ისინი ძლიერი, გაუტეხელი შემართების მქონე, სანდო ჯარისკაცები არიან. ოფიცრები, რომლებსაც მე შევხვდი, კარგად მომზადებული, საზრიანი ხალხია. ხვდებიან, რა გამოწვევები აქვთ და ფიქრობენ მათი გადალახვის გზებზე. ინვესტიცია, რომელსაც საქართველო დებს ჯარში მომსახურე ქალებისა და კაცების მომზადებაში, ნებისმიერი სახის აღჭურვილობის ყიდვაზე მნიშვნელოვანია.

ქვეყნის თავდაცვის კონცეფციისადმი მიდგომაზე რას იტყვით?

თავდაცვის სწორი კონცეფციის შემუშავება ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია. ჯერ ეს კონცეფცია უნდა შემუშავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იყიდოთ აღჭურვილობა და საკუთარი ძალების ორგანიზება თავდაცვის სტრატეგიაზე მორგებით გააკეთოთ. ვფიქრობ, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ფინეთსა და ესტონეთთან შეხვედრა კარგი გადაწყვეტილება იყო. ისინი რუსეთს ესაზღვრებიან და ისინიც იყვნენ რუსეთის სამხედრო თავდასხმის სამიზნე. საქართველოს მხრიდან კარგი გადაწყვეტილებაა მსგავსი სტრატეგიული გამოწვევების მქონე მოკავშირეებთან ახლო სამხედრო კავშირები და ომის გამოცდილების გაზიარება.

საქართველო რუსეთის მხრიდან ომის საფრთხის წინაშე ისევ დგას?

ამ საფრთხის წინაშე ყველა ვდგავართ. თუმცა ეს შეიძლება სხვადასხვა სახით გამოიხატოს - იყოს კინეტიკური, ელექტრონული ან სხვა სახის. ჩვენ ყველანი რუსეთის სამიზნეები ვართ. დეზინფორმაციის გამოყენებით რუსეთი ჩვენს ინსტიტუტებს გამუდმებით ესხმის თავს. ამიტომ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და მკაფიოდ დავანახოთ რუსეთს, რომ მათ ზოგიერთ ნაბიჯს არ შევეგუებით.

საქართველომ, ვფიქრობ, უნდა გააგრძელოს ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ რუსეთმა ადვილად ვერ გადაყლაპოს. ამისთვის მოკავშირეებთან, შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობა აუცილებელია. ქვეყნის შიგნით გადასადგმელ ნაბიჯებს რაც შეეხება, რუსეთი სარგებლობს მაშინ, როცა მოსახლეობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობაა, როცა მედიას საქმის გაკეთების საშუალება არ ეძლევა. ეს დიდი სისუსტეა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხს არჩევნების, მედიის დამოუკიდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობის სჯეროდეს. როცა ეს ნდობა ქრება, რუსეთი დეზინფორმაციით და სხვა მეთოდებით სისუსტეს გამოიყენებს.

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ 

ავტორი ია მეურმიშვილი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^