Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯერ ფიქრი და შემდეგ ბგერა

01 მაისი 2018

ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი თბილისის კონსერვატორიას ეწვია 

მუსიკის მოყვარულებმა უკვე იციან, რომ 30 აპრილს  საზეიმოდ გაიხსნა თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ოცი ქვეყნის ორმოცდაათი ახალგაზრდა მომღერალი მონაწილეობს. კონკურსი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში 5 მაისამდე გაგრძელდება და მას  პრესტიჟული საერთაშორისო ჟიური - გამოჩენილი  მომღერლები, ცნობილი საოპერო თეატრის დირექტორები და მუსიკალური ხელმძღვანელები შეაფასებენ.  მათ შორისაა ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, რომელიც თბილისის კონსერვატორიას ეწვია და დიდ დარბაზში იმპროვიზებული შეხვედრა გამართა.

ამერიკელმა მომღერალმა ახალგაზრდა ვოკალისტებს - ირინა თაბორიძეს (სოპრანო), მარიკა მაჩიტიძეს (სოპრანო), ნინო ჩაჩუას (სოპრანო), ირინა ალექსიძეს (მეცო-სოპრანო), თინა მამულაშვილს (სოპრანო), კონსტანტინე ყიფიანს (ტენორი), ალექსანდრე დეკანოიძეს (ტენორი) და გიორგი მჭედლიშვილს ყურადღებით მოუსმინა და მათ კონკრეტული, საჭირო რჩევებიც მისცა.

თითქმის სამი საათის განმავლობაში უსმენდა პუბლიკა (შეხვედრა თავისუფალი იყო) უშუალობითა და იუმორით გაზავებულ მის ფრაზებსა თუ მოულოდნელ, ტემპერამენტით გაჯერებულ წამომღერებას ხან ვერდის, ხან ბიზეს, ხან ბოიტოს ოპერებიდან: „თავი დაზოგეთ; სადაც საჭირო არ არის, „ფორტეს“ ნუ გამოიყენებთ; ხმის ფორსირებას ნუ შეეცდებით... გახსოვდეთ, ხმა გასაღებია, თქვენი პროფესიაა, თქვენი სამუშაო; ის აუცილებელი იარაღიცაა და კიდევ დიდ ხანს გამოგადგებათ... ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რას აკეთებს თქვენი პერსონაჟი კონკრეტულ მომენტში და შესაბამისი განწყობით იმღეროთ... უნდა ხედავდეთ ნოტებს, უნდა გააკონტროლოთ თითოეული ბგერა... არ არის საჭირო ფრანკო კორელივით თავდაუზოგავი ტემპერამენტით სიმღერა; მოთოკეთ იგი, თუ გრძნობთ, რომ ხელს გიშლით“.

გრეის ბამბრიმ წარსულიც გაიხსენა - დიდ დირიჟორთან, ჰერბერტ ფონ კარაიანთან თანამშრომლობა, ასევე, ცნობილი იტალიელი ტენორი ფრანკო კორელი და ბულგარელი სოპრანო გენა დიმიტროვა: „მას დიდებული, მომნუსხველი და მძლავრი ხმა ჰქონდა, თითქოს ორღანი უკრავდა, თუმცა სულ ხმამაღლა, ფორტეთი მღეროდა და გარკვეული დროის შემდეგ უკვე მოსაბეზრებელი იყო მოსმენა. ამიტომ მომღერლისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება და შეგრძნება, რა დროს არის საჭირო ლირიკა და სად უნდა „ჩართოს“ ხმის სიმძლავრე“.

საღამოს დასასრულს კი ბამბრიმ თავისი მომავალი წიგნის ფრაგმენტები წაიკითხა: „მომღერალი ინსტრუმენტია, ისეთივე, როგორიც ვიოლინო, ჩელო ან ფორტეპიანო. აუცილებელია, ეს „ინსტრუმენტი“ შესაბამისად მოვმართოთ და მოვამზადოთ... ხმა, ნიჭის გარდა, დიდი შრომისა და ვარჯიშის შედეგია. ის სულ უნდა ვავარჯიშოთ და ვაკონტროლოთ. ყოველთვის გვახსოვდეს - რასაც ვმღერით, წინასწარ გავიაზროთ. ჯერ არის ფიქრი და შემდეგ ბგერა; ჯერ აზრი და მერე მუსიკა. ეს საშუალებას მოგვცემს, ზუსტად გავიგოთ კომპოზიტორის ჩანაფიქრი“.

გრეის ბამბრი მისისიპის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში დაიბადა. დედა სკოლის მასწავლებელი იყო, ხოლო მამა მტვირთავად მუშაობდა რკინიგზის სადგურზე. 17 წლის ასაკში(!) მან ვოკალისტთა ადგილობრივ რადიოკონკურსში გაიმარჯვა, სადაც პირველად შეასრულა ებოლის არის O, don fatale ვერდის ოპერიდან „დონ კარლოსი“. თუმცა, გამარჯვების მიუხედავად, გრეის ბამბრი ადგილობრივ კონსერვატორიაში არ მიიღეს, როგორც შავკანიანი....

სწავლა ბოსტონის უნივერსიტეტში განაგრძო, ხოლო შემდეგ ნორსვესტერნის უნივერსიტეტში, სადაც შესანიშნავ გერმანელ დრამატულ სოპრანოსთან, ლოტა ლემანთან გაიარა მასტერკლასი. სწორედ მისი რეკომენდაციით მოხვდა 1961 წელს ბაიროითის ვაგნერის საერთაშორისო საოპერო ფესტივალზე, სადაც 24 წლის ასაკში იმღერა ვენერას პარტია რიჰარდ ვაგნერის „ტანჰოიზერში“. გრეის ბამბრი პირველი აფრო-ამერიკელი მომღერალი იყო, რომელმაც ბაიროითის ფესტივალზე იმღერა და ამის გამო „შავი ვენერა“ (Black Venus) შეარქვეს ...

ბაიროითის ფესტივალზე უდიდეს წარმატებამდე ბამბრიმ ამნერისის პარტია შეასრულა პარიზის გრანდ ოპერის სცენაზე ჯუზეპე ვერდის „აიდაში“, ხოლო მოგვიანებით, იგივე პარტია ბაზელის ოპერის თეატრის სცენაზეც იმღერა. აღსანიშნავია, რომ ბაიროითის ფესტივალზე საყოველთაო აღიარების შემდეგ მომღერალი ჟაკლინ კენედიმ თეთრ სახლში მიიწვია.

1964 წელს გაიმართა მისი ბრწყინვალე დებიუტი კარმენის პარტიაში ზალცბურგის საოპერო ფესტივალზე, სადაც ის პირველად შეხვდა გამოჩენილ დირიჟორს, ჰერბერტ ფონ კარაიანს. შემდეგ კი ეს პარტია სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრის სცენაზეც იმღერა. მუსიკის კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ მისი ხმის საოცარ დიაპაზონს, ტემბრსა და მოქნილობას. აღსანიშნავია, რომ გრეის ბამბრი იმ იშვიათ მომღერლებს მიეკუთვნება, რომელთა ხმა თანაბარი სიძლიერით და სილამაზით ჟღერს ყველა რეგისტრში. ამიტომ მას თავისუფლად შეეძლო ემღერა როგორც დრამატული სოპრანოს (ტოსკა, ლედი მაკბეტი, ლეონორა), ისე მეცო-სოპრანოს (კარმენი, ებოლი, ამნერისი) რეპერტუარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^