Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენად სამართლიანია მემანქანეთა გაფიცვის გადავადება - ვაკო ნაცვლიშვილის თვალსაზრისი

02 მაისი 2018

მეტროს მემანქანეებს სასამართლომ გაფიცვა ერთი თვით გადაუვადა. ეს ნიშნავს იმას, რომ მემანქანეებს, როგორც დაანონსებული ჰქონდათ, ხვალ გაფიცვის უფლება არ აქვთ. სასამართლოს სატრანსპორტო კომპანიამ მიმართა და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ  გაფიცვაზე ნებართვის გადაწყვეტილება შეცვალა. სასამართლოსთვის მიმართვა ის ბოლო ბერკეტი იყო, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც კომპანიას ჰქონდა. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, მეტროს მემანქანეებმა წინა კვირას გაფიცვა დააანონსეს. სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, რომ ხელფასის მატების მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ. 

გთავაზობთ იურისტის ვაკო ნაცვლიშვილის თვალსაზრისს, რომელიც მან facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. 

მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის გადადება ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს სვამს გაფიცვის კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით. წავიკითხე სასამართლოს გადაწყვეტილება და ვეცდები, ეს კითხვები არაიურიდიულ, გასაგებ ენაზე ჩამოვაყალიბო.

1. სასამართლომ მხოლოდ კომპანიის განცხადების საფუძველზე მიიღო განჩინება, გადაედო გაფიცვის დაწყება. სასამართლოს ფორმალურადაც კი არ მოუსმენია მშრომელებისა და პროფკავშირისთვის. სასამართლომ გაიმეორა ის ცალმხრივი დასაბუთება რაც კომპანიას - დაინტერესებულ მხარეს - ჰქონდა. არ დაგვავიწყდეს, რომ როგორღაც მერიამ წინასწარ იცოდა სასამართლოს განჩინების შინაარსი. სასამართლო არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა მერიას გეგმა იმ შემთხვევაში, თუ უარს ეტყოდა გაფიცვის გადადებაზე.

2. უდავოა გარემოება, რომ მეტროს საქმიანობის შეჩერება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ქალაქის ცხოვრებაში. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხე, მაგალითად, ადამიანის სიცოცხლეს ექმნება. სასამართლო კი ამას ამტკიცებს. სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია, გამოეკვლია, შეეძლო თუ არა მერიას ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც აღმოფხვრიდა ან შეამცირებდა მეტროს თანამშრომელთა გაფიცვით გამოწვეულ საფრთხეებს, თუ ასეთი არსებობდა.

3. გაფიცვის გადადება, შრომის კოდექსის მიხედვით, შეიძლება „არა უმეტეს 30 დღით“. მაშასადამე, 30 დღე არის ზედა ზღვარი. კანონის მიერ ზედაზღვრული ვადის დადგენა არ ნიშნავს, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში 30 დღე უნდა გამოიყენოს. ეს ჩანაწერი სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას, შეისწავლოს ყველა გარემოება, რომელიც გაფიცვის გადადების საფუძველს ქმნის და დაადგინოს, გაფიცვის რა პერიოდით გადადება არის მართლზომიერი. 5 დღე? 15 დღე? 25 დღე? სასამართლოს არ უმსჯელია, რა დრო სჭირდებოდა მერიას მეტროს თანამშრომელთა გაფიცვასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.

4. ეს, მეორე მხრივ, ნიშნავს, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია, რატომ ითხოვდა მერია გაფიცვის გადადებას. მერია მოქალაქეთა ტრანსპორტირების ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს და იმიტომ? პროფკავშირთან მოსალაპარაკებლად დამატებითი დრო სჭირდება და იმიტომ? სხვა სიტყვებით, თუ სასამართლო არ გამოიკვლევს გაფიცვის გადადების მოტივს და მეტროს მნიშვნელობის შესახებ ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლება, 30 დღის შემდეგ მეტრო ამ მნიშვნელობას დაკარგავს? 30 დღის შემდეგ მეტრო დღიურად 327 ათასს მგზავრს აღარ გადაიყვანს? სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახური აღარ იქნება? ცხადია, იქნება, მაგრამ კანონი არ გამორიცხავს მათი გაფიცვის უფლებას. ვერც სასამართლო და ვერც მერია 30 დღის შემდეგ ვერაფერს იზამს.

5. სასამართლო ამბობს, რომ მეტროს მშრომელები არ ასახელებენ, რა ვადით გეგმავენ გაფიცვას. ამ ვადის განუსაზღვრელობა კი, - ამბობს სასამართლო, - საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს წარმოდგენა არ აქვს, რა არის გაფიცვა; წარმოდგენა არ აქვს, რომ გაფიცვა აზრს კარგავს, თუ წინასწარ დააანონსებ გაფიცვის დასრულების თარიღს. არ არსებობს არცერთი კანონი, რომელიც დაავალდებულებდა მშრომელებსა და პროფკავშირის, გაფიცვის დასრულების თარიღი წინასწარ გამოეცხადებინათ.

6. სასამართლოს თავისი დაუსაბუთებელი განჩინების გასამყარებლად მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყავს - Finish Seamen’s Union v. Viking Line ABP. ეს ქართული სასამართლოს ნაცადი ხერხია: მიუთითოს საქმე, რომელიც შესაძლოა, არც წაუკითხვას. ამ საქმეზე მსჯელობა შეიძლება, მით უფრო, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს ისტორიაში ეს არის ერთერთი ყველაზე ხშირად გაკიცხვადი საქმე, რომელმაც, ადამიანის უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე, ბიზნესის სპეკულატიურ ინტერესს დაუჭირა მხარი. მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ამ პრეცედენტს შემხებლობა არ აქვს მეტროს თანამშრომელთა და თბილისის მერიის საქმესთან. როგორ არის საქმე - სასამართლო ტყუის?

7. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან იღებს სათავეს გაფიცვის გადადების წესი. 1935 წელს, ფ.დ. რუზველტმა მიიღო შრომის ურთიერთობების ახალი კანონი, რომელიც პროფკავშირებს მოლაპარაკებისა და ბრძოლის ძლიერ იარაღებს სთავაზობდა. ამ კანონის მიღებისა და თანმდევი პოლიტიკის გატარების შემდეგ, ამერიკული პროფკავშირები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ, რაც პირდაპირ აისახა მშრომელთა კეთილდღეობაზე. პროფკავშირების დასასუსტებლად, 1947 წელს, ამერიკის კონგრესმა მიიღო დიდი ბიზნესის ლობირების შედეგად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც გაფიცვა გადავადებას დაექვემდებარა. ამ კანონის მიღებით, ამერიკული პროფკავშირების დასუსტება იწყება.

8. გაფიცვის გადავადების ზოგადი პრინციპის უკან, როგორც გვეუბნებიან, საზოგადოებრივი, საჯარო ინტერესის დაცვა დგას. ასე და ამგვარად: მეტროს თანამშრომლებს გაფიცვა გადაუვადეს იმიტომ, რომ დაეცვათ საჯარო ინტერესი - ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურები. თუ ეს ასეა, თუ გაფიცვის გადავადების უკან საჯარო ინტერესის დაცვა დგას, რატომ მიიჩნევა მოსარჩელედ კომპანია და არა - სახელმწიფო? კომპანია კერძო, კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობს. თუ გაფიცვით საფრთხე საჯარო სიკეთეს ადგება, მოსარჩელე ყოველთვის სახელმწიფო ან მუნიციპალური ორგანო უნდა იყოს. ამ შემთხვევაშიც, სასამართლოსთვის უშუალოდ მერიას უნდა მიემართა და არა - შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. მეტროს შემთხვევაში, ეს წესი შესაძლოა, არ მნიშვნელობდეს, რადგან შპს თბილისი სატრანსპორტო კომპანია მერიას უდრის. მაგრამ რა ხდება, თუ საჯარო ინტერესის დაცვის სახელით სასამართლოს არემჯი გოლდი მიმართავს? და თუ სასამართლო თვისებრივად საჯარო ინტერესზე მსჯელობს, რატომ განიხილავს საქმეს სამოქალაქო კოლეგია, რომელიც კერძო პირებს შორის დავებზე არის სპეციალიზებული? რატომ არ განიხილავს ასეთ დავებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სადაც თეორიულად მეტია საჯარო ინტერესის, როგორც ასეთის, გაგება?

სოლიდარობა თბილისის მეტროს მშრომელებს! ეს ის შემთხვევაა, როდესაც მშრომელებს აქვთ შანსი, გაიმარჯვონ. ეს კი - ამ უიმედობის ჟამს - ჭირდებათ არა მხოლოდ მათ და მათ ოჯახებს, არამედ ყველას, ყველა მშრომელს.

რადგან რაც უფრო მეტის მიღწევას ვახერხებთ, მით მეტის მებრძოლი იმედი ჩნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^