Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"შუქი მიწისქვეშეთიდან" - ავლაბრის სტამბის უცნობი ისტორია

02 აგვისტო 2014

“სტამბა კავკასიის კავშირის კომიტეტისა” - მცირეფორმატიანი ბროშურების (ჯიბე-უბესა თუ სარჩულში რომ ადვილად მოთავსებულიყო) და პაპიროსის ქაღალდზე ნაბეჭდი პროკლამაციების ბოლოში დასმული ფრაზა, თითქმის სამი წლის მანძილზე სიამაყით ავსებდა ახალუხიან მუშებს, გიმნაზისტკებსა თუ თმამოზრდილ, მგზნებარე პროპაგანდისტ-ინტელიგენტებს, ტფილისის ჟანდარმერიას და ოხრანკას კი ძილს უფრთხობდა ის უხერხული ფაქტი, რომ აქვე, სადღაც, ყურის ძირში, გამალებით მუშაობდა აკრძალული სიტყვის ფაბრიკა და მთელ კავკასიაში ქართულ-რუსულ-სომხურ ენებზე ფენდა “კრამოლნიკურ” აზრებს.

თანამედროვე მოქალაქისთვის რთულად წარმოსადგენია ის ეფექტი - გასაგებ ხალხურ ენაზე ნაწერი მწვავე პამფლეტები, პოლიტიკური შინაარსის ნოველები თუ სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მოწოდებები რომ ტოვებდნენ მკითხველებზე (რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ეშხს სახიფათოობა და საიდუმლოობა მატებდა), რადგან კარგ ქაღალდზე, ლამაზი შრიფტით და გემოვნებიანი დიზაინით სუფთად ნაბეჭდი პატარა წიგნები და ბროშურები ხარისხით არ ჩამოუვარდებოდნენ ოფიციალურ სტამბებში ნაბეჭდ, ცენზურაგავლილ წიგნებს.

უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც ოდესმე იმ აკრძალული რადიოგადაცემის დაჭერა უცდიათ, მონდომებით რომ ახშობდა საბჭოთა რეჟიმი, შედარებით ადვილად გაიგებენ რამდენად მეტყველი ფაქტი იქნებოდა 1900-იანი წლების ტფილისის მოქალაქეთათვის ავლაბრის არალეგალურ სტამბაში ნაბეჭდი აგრერიგ ხარისხიანი “პროდუქციის” დანახვა - ეს იატაკქვეშეთის სიძლიერის დამადასტურებელი ურყევი საბუთი იყო.

არალეგალური სტამბების თბილისური ისტორია ფეხდაფეხ მიჰყვება დიდი სოციალური ცვლილებების დასაწყისს. მუშათა წრეების და არალეგალური ბიბლიოთეკების ქსელის აწყობასთან ერთად, სოციალ-დემოკრატიული და ყველა თავმოყვარე პარტია თუ საზოგადოება უკვე საკუთარი ბეჭდური სიტყვის მასებზე მოფენის საშუალებებს ეძებდა.

ყველაფერი კუსტარული - “ჩოთქის და ვალიკის” საბეჭდავებით, ხის შრიფტით თუ გამოკეტილ ოფიციალურ სტამბებში ღამისთევითა და ბეჭდვით - დაიწყო. დროთა განმავლობაში, უკვე მოპარული დაზგებითა და შრიფტით “შეიარაღებული” პროფესიონალი ასოთამწყობებისა და კონსპირაციაში დაოსტატებული “დისტრიბუტორების” კლასი ნაქირავებ ბინიდან-ბინაზე გადაბარგებით თუ ყოვლად წარმოუდგენელ ადგილებში თავშეფარებულები ტყვიის და საღებავის მომწამვლელი სუნით დაშუშხულები, ნახევრად მშივრები და თვალებდასიებულები გამალებით კრეფდნენ და ბეჭდავდნენ ტფილისის, პეტერბურგის თუ ჟენევის “რედაქციებიდან” გადმოგზავნილ “ჩერნოვიკებს”.

ერთხელ, მთაწმინდის წყალსადენის რეზერვუარში შეფარებულმა მბეჭდავებმა, პროკლამაციების გავრცელების მეტად ეფექტური გზაც მოსინჯეს - წყალსაცავში ჩაშვებული პროკლამაციებით სავსე ვარცლებიდან ერთი ამობრუნდა და დილით, ტფილისის მოქალაქეების ბინებში, ონკანებიდან რევოლუციური მოწოდებების ფრაგმენტები მოედინებოდა. ამ ამბავზე დიდხანს იცინოდნენ - როგორ მოუშვა დილით ჟანდარმთა შეფმა ონკანი და იქედან გადმოიღვარა მოწოდება - “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!”

როგორც მოგვიანებით უყვარდათ ხოლმე აღნიშვნა, “გმირული ბრძოლისა და თავდადების” ეს ფურცლები კასპის ქუჩაზე, რკინიგზის პირას მდგომ პატარა სახლში “დაბინავდნენ” და საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების კოლექტიურ მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა დრამატული სურათი, თუ როგორ დაღუპა ცნობისმოყვარე ჟანდარმის მიერ ჭაში ჩაგდებულმა ცეცხლმოკიდებულმა ფარატინა ფურცელმა აწყობილი საქმე.

ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმი კავკასიის ბოლშევიკთა ისტორიის ერთგვარ მექად იქცა - ათწლეულების განმავლობაში გიდთა თაობები წარმატებით უჭედავდნენ თავში სტამბის შთამბეჭდავი საინჟინრო გადაწყვეტით მონუსხულ დამთვალიერებლებს ამხანაგი სტალინის დიდი ორგანიზატორული და პუბლიცისტური მოღვაწეობის სურათებს, ისე როგორც ამას სტამბა-მუზეუმის შესასვლელზე დღემდე დარჩენილი დაფა იუწყება ამაყად - “სტალინის სახელობის არალეგალური სტამბა”. მოქალაქეთა მეხსიერებაში სტალინისა და ავლაბრის სტამბის სახელები მტკიცედ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ეს მუზეუმი ლამის ახალგაზრდა სტალინის პერსონალური ხსოვნის ადგილად იქცა.

მსურველს დღესაც შეუძლია  “დროის მანქანით” მოგზაურობით ტკბობა; საქართველოს ერთიანი კომპარტიის წევრები, რომლებმაც 1990-იან წლებში სტამბა და საგამოფენო ექსპოზიცია ძარცვა-განადგურებისგან კბილებით დაიცვეს, სიამოვნებით და დიდი სიამაყით მოგიყვებიან შთამბეჭდავ ეპიზოდებს ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილის ფანტასტიკური თავგადასავლებიდან, იმ საწოლსაც გიჩვენებენ, სადაც დაღლილი რევოლუციონერი თავს უფლებას აძლევდა რამდენიმე საათით მაინც მოეტყუებინა თვალი.

ერთი სიტყვით, ავლაბრის სტამბა-მუზეუმი ჯერ კიდევ “ნაკრძალია”, სადაც სრულად შეგიძლიათ იგრძნოთ საბჭოთა საქართველოსა და კომპარტიის გმირული ისტორიის სურნელი.

თუმცა ყოველივე ეს არ იარსებებდა, რომ არა  კოტე როსტომაშვილის ჩვენი თანამედროვეებისათვის ასე საკვირველი პატიოსნება და შორსმჭვრეტელობა. 1906 წლის აპრილში, როდესაც ჟანდარმერიამ სტამბა შემთხვევით აღმოაჩინა, სახლი გადაწვა და ააფეთქა, მეპატრონე დათიკო როსტომაშვილი კი ციმბირის გზას გაუყენა. ძმამ სახლისგან დარჩენილ პირღია ორმოს ღობე შემოავლო და ხელუხლებლად დატოვა, იმ იმედით, რომ ნამდვილად დადგებოდა დრო, როდესაც ეს ისტორიული ნაშთი სათანადოდ დაფასდებოდა.

დაფასებაც არის და დაფასებაც - ამხანაგმა ბერიამ 1936 წელს კარგად გაიაზრა, რამდენად ძვირფასი ცოცხალი ილუსტრაცია იქნებოდა აღდგენილი ავლაბრის სტამბა ბელადის საამებლად შექმნილი “კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის” ყალბი ვერსიისთვის, რომლის ავტორობაც თავადვე მიიწერა.

არც ბერიას განადგურებამ, არც სტალინის პიროვნების კულტის დაგმობამ, ავლაბრის სტამბისთვის დიდად არაფერი შეცვალა - საბჭოთა ისტორიკოსების ჩუმი და გაუბედავი რევიზიის მცდელობები, სადისერტაციო მასშტაბებს არ გასცდენია. 1990-იანი წლებიდან კი დღემდე არავის უცდია 1937 წლის ვერსიის “თეთრ ძაფებს” მიჰყოლოდა და სტამბის შოკისმომგვრელი, ნამდვილი და დასაფასებელი ისტორია აღმოეჩინა.

ავლაბრის სტამბის რეალური ისტორიის ეშხიც უამრავ წვრილმან ფაქტსა და ამბავშია, რომელსაც მცირე სტატია ვერ დაიტევს. თუმცა ორი სიტყვითაც კი შეიძლება გადმოიცეს ის მარტივი და კარგად მიჩქმალული ფაქტები, რაც სტამბის გაზეპირებულ ისტორიას ამსხვრევს და “ბოლშევიკური გმირული ბრძოლის” სიმბოლოდან წარსულის გაყალბება-გადაწერის შთამბეჭდავ ილუსტრაციად აქცევს:

დიდი და საიმედო არალეგალური სტამბის მოწყობის იდეა მიხა ბოჭორიძესა და დათიკო როსტომაშვილს ეკუთვნოდათ. სწორედ მათ ზურგზე გადაიარა საინჟინრო გადაწყვეტის, სამუშაოს ორგანიზებისა და ასოთამწყობთა ჯგუფის დაკომპლექტების სიმძიმეებმა. ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილი ამ დროს ბათუმის მღელვარების ორგანიზების გამო იყო დაპატიმრებული და ქუთაისის ციხეში იხდიდა სასჯელს, საიდანაც ეტაპით ციმბირში გაამგზავრეს.  მან სტამბის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.

რეალურად სტამბა “ბოლშევიკური” არ ყოფილა - საქართველოში, კავკასიაში და თბილისში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილება გვიან, 1905 წლის დასაწყისში დაიწყო და აქ “მენშევიკები-მეუმცირესეები” უმრავლესობად იქცნენ, ხოლო “ბოლშევიკები” კი – უმცირესობად. ავლაბრის სტამბის ორგანიზატორი და ასოთამწყობთა დიდი ნაწილი ბოლშევიკებს მიემხრნენ. სანამ “მენშევიკური” ტფილისის კომიტეტი მათ საკუთარ ძალასა და გავლენას აგრძნობინებდა, არალეგალური პრესის ფურცლებზე ბოლშევიკ-მენშევიკთა კამათისთვის ბოლშევიკურ გაზეთებს ავლაბრის სტამბაში ბეჭდავდნენ ხოლმე, თუმცა უარს მენშევიკების არასადისკუსიო ლიტერატურის დაბეჭდვაზეც ვერ ამბობდნენ. ამასობაში რევოლუციამ ძალა მოიკრიბა, 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ ლიტერატურისა და პრესის ბეჭდვა ლეგალურ სტამბებში დაიწყეს და ავლაბრის სტამბაც მოსალოდნელი უარესი დროისათვის “დააკონსერვეს”.

1904-1905 წლების განმავლობაში, როდესაც სტამბა სრული დატვირთვით მუშაობდა, მისი ადგილსამყოფელი სასტიკად იყო გასაიდუმლოებული. არათუ ისეთმა საშუალო რანგის ინტელიგენტ-პროპაგანდისტებმა, როგორიც ახალგაზრდა სტალინი იყო, არამედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმაც კი არ იცოდნენ და არც უნდა სცოდნოდათ,  ქალაქის რომელ ნაწილში იყო დაახლოებით მათი საამაყო სტამბა. ოხრანკის მიერ თვალთვალზე აყვანილი და დევნილი რევოლუციონერები მით უმეტეს  ახლოსაც არ უნდა გაჰკარებოდნენ ასეთ მნიშვნელოვან ობიექტს. თბილისში მუშაობის დროს გადასახლებიდან გამოქცეული სტალინი ავლაბრის არალეგალურ სტამბაში ნამყოფიც კი არ იყო. იქ მხოლოდ “დიასახლისი”, უცხო თვალის მოსატყუებლად დასახლებული საიმედო ქალი, და ასოთამწყობები ცხოვრობდნენ, რომლებიც ორ ცვლაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ და გარესამყაროსთან კავშირი უკიდურესად შეზღუდული ჰქონდათ.

სწორედ მათი, ასოთამწყობების ბედი გახდა მომავალი საბჭოთა რეჟიმისა და ისტორიის ამ მონაკვეთის ტრაგიზმის წარმოუდგენლად ცხადი და შთამბეჭდავი ილუსტრაცია. ერთი მათგანი ახალგაზრდა სტალინის მფარველი და მეგობარი - მანასე გოგუაძე - 1910 წლიდან სხვა სტამბის მოწყობის გამო კატორღაში გააგზავნეს, სადაც 1917 წლის რევოლუციამდე იყო. იქედან დაბრუნებული უკვე ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი გახდა. გასაბჭოების შემდეგ კი 1923 წელს უკვე ანტისაბჭოთა არალეგალური სტამბის მოწყობის გამო ჩეკამ დააპატიმრა, რომლის თანამშრომელი მეორე ყოფილი ასოთამწყობი (შესაბამისად ყოფილი ამხანაგების საიდუმლოთა მცოდნე) - გიგო ლელაშვილი იყო; მანვე ამხილა 1927 წელს უკვე ტროცკისტული ოპოზიციის ლიდერობაში  მესამე ყოფილი ასოთამწყობი - ლადო დუმბაძე. ეს უკანასკნელი ციმბირის რომელიღაც ბანაკში უკვალოდ გაქრა და მისი სახელი დღემდე წაშლილია საბჭოთა ისტორიაში.

ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და მოულოდნელი ამბავი კი 1906 წელს თავად სტამბის ჩავარდნას უკავშირდება. ამ დროისათვის სტამბის შენობაში უკვე სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო რაზმის წევრები ცხოვრობდნენ და პარტიზანული ბრძოლის მეთოდებს სწავლობდნენ. მათ არც კი იცოდნენ, რომ ამავე სახლში იყო ასე საამაყო სტამბა. 1906 წლის 15 აპრილს შენობა თითქოს მასობრივი ჩხრეკის ფარგლებში მოყვა და სტამბაც შემთხვევით იპოვეს. ჟანდარმთა ოფიცერმა ჭაში სიღრმის შესამოწმებლად ცეცხლმოკიდებული ქაღალდის ფურცელი ჩააგდო, ჭის ბოლოში სტამბისკენ გაჭრილმა გვირაბმა კი ქაღალდი შიგნით გაიტაცა. ოფიცერი მიხვდა რომ შენობის ქვეშ რაღაც იყო. სტამბის შენობის მეპატრონე დათიკო როსტომაშვილი, რომელიც მაშინვე დააპატიმრეს, უკვე ციხეში ყოფნისას დააეჭვა იმ ფაქტმა, რატომ დაიწყეს სტამბის აღმოჩენამდე ჟანდარმებმა ეზოში ზუსტად იმ ადგილების გათხრა, სადაც ყუმბარები იყო ჩამარხული. კვალმა როსტომაშვილი რაზმის ქიმიური საქმის “მასწავლებელ” - შავგვრემან მოქალაქემდე მიიყვანა, რომელიც, რა თქმა უნდა, სტამბის ჩავარდნის შემდეგ უკვალოდ გაქრა. სტამბის შენობის ოხრანკის თვალთვალის ოქმებში მისი კოდური სახელი “ამერიკანსკია”, რომლის მიღმა, თუკი დათიკო როსტომაშვილის ძიებას ვენდობით, მოქალაქე სახელად - გიორგი გურჯიევი იმალება.

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა" და ჟურნალ “ლიბერალის” ერთობლივი პროექტი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^