Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამარჯვებულის „გვირგვინით" სამხრეთ კორეაში

08 მაისი 2018

თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია სამხრეთ კორეელი ბანი, ბონგ მინ გილი. ქართველი მომღერლები - სოფია მჭედლიშვილი და გიორგი წამალაშვილი მეორე და მესამე პრემიებით დაჯილდოვდნენ. 

შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი - Opera Crown („საოპერო გვირგვინი") წარმატებული აღმოჩნდა. ეს დაადასტურა არა მხოლოდ კონკურსის მონაწილეთა მომზადებამ და მაღალმა დონემ (სულ 50 მომღერალი 20 ქვეყნიდან), არამედ დასკვნითმა კონცერტმაც, სადაც ჟიურის გადაწყვეტილებით, თორმეტ მონაწილეთა შორის ოთხი ქართველი მომღერალი მოხვდა! სოფია მჭედლიშვილისა (სოპრანო) და გიორგი წამალაშვილის (ბარიტონი) გარდა, დასკვნით კონცერტზე საოპერო არიები შეასრულეს გიორგი ჭელიძემ (ბანი) და ნინო ზაქაიძემ (მეცო-სოპრანო).

თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის მასშტაბი და მნიშვნელობა მხოლოდ პროფესიულ-მუსიკალური თვალსაზრისით არ შეიძლება განისაზღვროს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ნამდვილად მოვლენაა, რომელიც სცდება „ჩეკინგ ჯორჯიასა" თუ კლასიკურ-ვოკალური მუსიკის ფარგლებს და გაცილებით ფართო, გლობალურ მნიშვნელობას იძენს.

ამასვე ადასტურებს ჟიურის შემადგენლობა, რომელშიც აღიარებული მომღერლები, საოპერო თეატრების დირექტორები და სამხატვრო ხელმძღვანელები შედიოდნენ. მათ შორის იყვნენ: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო და მეცო-სოპარნო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი მომღერალი, „დიდი თეატრის" სოლისტი მაყვალა ქასრაშვილი, ლონდონის სამეფო თეატრ „კოვენტ გარდენის“ დირექტორი პიტერ მარიო კატონა, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯონათან ფრენდი, პარიზის ნაციონალური ოპერის დირექტორი ილიას ცემპეტონიდისი, ბარსელონას საოპერო თეატრ „ლისეუს“ სამხატვრო ხელმძღვანელი კრისტინა შეპელმანი, ნეაპოლის „სან-კარლოს თეატრის“ სამხატვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანჩესკო ანდოლფი, გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრის დირექტორი და მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი ოლგა როსტროპოვიჩი, გლინდებორნის საოპერო ფესტივალის გენერალური დირექტორი სებასტიან შვარცი.

ამგვარი კონკურსი პირველ რიგში, სჭირდებათ ახალგაზრდა ქართველ მომღერლებს, რომლებმაც საკუთარი ძალები, ნიჭი და შესაძლებლობები მკაცრი და პრესტიჟული ჟიურის წინაშე გამოსცადეს. ეს კი უდავოდ კარგი შანსია მომავალი საერთაშორისო კარიერისა და აღიარებისათვის. ჟიურის წევრებიც თავიანთ კომენტარებში ერთხმად აღნიშნავდნენ ქართული ვოკალური სკოლის წარმატებას. მაგალითად, გრეის ბამბრიმ აღფრთოვანება გამოხატა ახალგაზრდა ქართველი მომღერლების მიმართ: „კარგად ვიცნობ ქართველ საოპერო მომღერლებს, თვალს ვადევნებ მათ წარმატებას მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენებზე. როცა თბილისში ჩამოვედი და ახალგაზრდა მომღერლებს მოვუსმინე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მათ ნიჭიერებასა და მუსიკალურობაში". 

 

სოფია მჭედლიშვილი (სოპრანო)

ცხადია, მუსიკალურ კონკურსში გამარჯვება არ უნდა იყოს თვითმიზანი, ხოლო წარუმეტებლობა - განაჩენი. ეს უბრალოდ, საშუალებაა მომღერალმა საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები სწორი მიმართულებით წარმართოს. გარდა ამისა, საერთაშორისო კონკურსი მატერიალურ და შემოქმედებით სტიმულს აძლევს ახალგაზრდა ვოკალისტებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

რაც შეეხება ფინალურ, მესამე ტურსა და გამარჯვებულებს: ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი პრემია და 15 ათასი დოლარი გადაეცა ბონგ მინ გილს (სამხრეთ კორეა), რომელმაც დონ ბაზილიოს არია როსინის ოპერიდან „სევილიელი დალაქი" შესანიშნავად შეასრულა. თუმცა, შედარებით ნაკლებად შთამბეჭდავი იყო ალეკოს კავატინა რახმანინოვის ოპერიდან „ალეკო". პარიზის ნაციონალური ოპერის დირექტორისგან მან სპეციალური შეთავაზებაც მიიღო - ორწლიანი სტაჟირება და კონტრაქტი პარიზის „გრანდ ოპერის" საოპერო სტუდიაში.

მეორე პრემია (10 ათასი დოლარი) მიენიჭა ქართველ სოპრანოს სოფია მჭედლიშვილს, რომელმაც ლუჩიას ცნობილი არია Regnava nel silenzio დონიცეტის ოპერიდან „ლუჩია დი ლამერმური" შესანიშნავად იმღერა. ისევე როგორც წარმატებით დაძლია ღამის დედოფლის ურთულესი არია მოცარტის ოპერიდან „ჯადოსნური ფლეიტა".

მესამე პრემიის (7 ათასი დოლარი) ლაურეატი გახდა ქართველი ბარიტონი გიორგი წამალაშვილი, რომელიც ცნობილი მომღერლის, ელდარ გეწაძის მოსწავლეა. უნდა აღინიშნოს, რომ დამაჯერებელი, მღელვარე და გულწრფელი იყო მის მიერ შესრულებული ალეკოს არია სერგეი რახმანინოვის ოპერიდან „ალეკო". მშვენივრად იმღერა თარაშის არიაც ოთარ თაქთაქიშვილის ოპერიდან „მთვარის მოტაცება".

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეციალური პრიზი - საოპერო სპექტაკლში მონაწილეობა და ჰონორარი 2 ათასი დოლარი გადაეცა სიფამანდლა მოიაკეს (სამხრეთ აფრიკა, სოპრანო). მისი შესრულებით პუბლიკამ ალის არია მოისმინა ანტონინ დვორჟანის ოპერიდან „ალი".  პირადად ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო, რომ გამარჯვებულებს შორის ვერ მოხვდნენ შესანიშნავი მეცო-სოპრანო ნუცა ზაქაიზე და სოპრანო - მარიამ როინიშვილი.  

და კიდევ ერთი - თბილისის საერთაშორისო კონკურსის „Opera Crown” დასკვნითი კონცერტი და საზეიმო დახურვის ცერემონია (დაახლოებით ოთხი საათი) სრულად შიძლება ნახონ საოპერო მუსიკის მოყვარულებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საოპერო საიტზე http://operavision.eu, რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კულტურულ-პოლიტიკური კონტექსტის გააზრებისათვის. 

 

გიორგი წამალაშვილი (ბარიტონი)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^