Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შერჩევითი სამართალი ფრანკფურტის ფორუმისათვის მზადების პროცესში

11 მაისი 2018

ნენე გიორგაძე


ამ წერილის გამოქვეყნება გადავწყვიტე იმდენად, რამდენადაც მრჩება შეგრძნება, რომ მასში დასმული პრობლემა კერძო შემთხვევას (მე, როგორც ავტორს) არ განეკუთვნება და ფრანკფურტის ფორუმზე ქართული ლიტერატურის წარდგენისათვის მზადების პროცესს შავ ლაქასავით თან სდევს.

1999 წლიდან ემიგრაციაში ვცხოვრობ. იმ დროისათვის საქართველოში ინტერნეტი ცოტას თუ აქვს. შტატებიდან ვრეკავ სატელეფონო ბარათით, წუთები დათვლილია. კოლეჯში ავტობუსით მივდივარ, 45-60 წუთი მჭირდება. კოლეჯი ამერიკის დედაქალაქში მდებარეობს. ავტობუსში ერთადერთი თეთრკანიანი ვარ. სასიამოვნოდ მაოცებს ეთიკის მაღალი დონე, მაგალითად, როგორ უხდიან მადლობას მძღოლს მგზავრები ავტობუსიდან ჩასვლისას.    

ყური ამერიკულ ინგლისურს თანდათან ეჩვევა. კულტურული შოკები, როგორც პატარ-პატარა (ან დიდი) აფეთქებები, რომლებიც გიყირავებს კლიშეებს, მენტალიტეტს. მექანიკურად აღარ მოქმედებ, ყოველი ნაბიჯი ძალისხმევას მოითხოვს და ამაში პოულობ შარმს. სწავლობ ძალების მობილიზაციას და მათ სწორად მიმართვას. მუდმივად მოძრაობ, შეცდომებს უშვებ, მაგრამ ეს გამოცდილებაა, რომელიც 12 წლის განმავლობაში ხელისგულზე ახალ-ახალ კანქვეშა ხაზებს ამოგიკაწრავს. აზროვნებისა და ემოციის ყოველი კუნთი გარემოს თანდათან ეჩვევა და გაოცებების წყებაც ნელ-ნელა ფერმკრთალდება გვიანი შემოდგომის ტყესავით. ცდილობ ბევრი რამ გადააფასო და ყველაფერს (ყველაფერს?) თავისი სახელი დაარქვა. იწყებ ხვრელების დანახვას, ზამთრის გამჭვირვალე დღეები გაძლევენ ამის საშუალებას. ეს ზამთარი შენშია.

2011 წელი. ისევ მორიგი კულტურული შოკი, ამჯერად - რუსეთში,  სანკტ პეტერბურგში. იხსენებ იმ ყველაფერს, რაც სამშობლოში დაგავიწყდა, თუმცა - განსხვავებულ რაკურსებში. მაგრამ ის კანქვეშა ნაკაწრები გკარნახობენ, როგორ მოიქცე, ნაბიჯი საით გადადგა. ეს განუმეორებელი შეგრძნებაა, ხელისგულები სასიამოვნოდ გექავება, თითქოს  დედამიწის მთელი საბანკო კაპიტალი ხელისგულში ჩადგმულ მინი-ჩიპში გეტეოდეს. ორი რუსეთი? ორი ამერიკა? თუ ასი, თუ მილიონი, თუ იმდენივე, რამდენი ადამიანიცაა?

ერთადერთი სამშობლო, საიდანაც არასოდეს წავსულვარ, ქართული ენაა. ესაა ჩემი აზროვნების ბილიკი, ჩემი მიწისქვეშა საბადო, რომელშიც მივძვრები დაუცველი,  შიშველი ხელებით და არ მეშინია, რომ მომწამლავ ტოქსინებს გადავაწყდე...

მოკლე ბიოგრაფია:

ნენე გიორგაძე,  ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი, დაიბადა თბილისში. ავტორი მოთხრობების კრებულისა „სამკუთხედი“ („პეგასი“, თბილისი, 2011).  პუბლიკაციები აშშ-სა და ევროპაში:  POESIA, Deus ex Machina, RHINO Poetry, The Raleigh Review, Skidrow Penthouse, Ann Arbor Review, Versal, Satori, Крещатик, Зеркало, Новый Берег და სხვა; რუსეთში: Воздух, TextOnly, Полутона, Лиterraтурa, Futurum Art და სხვა; საქართველოში: ახალი საუნჯე, არილი, აფრა, ინდიგო, ცხელი შოკოლადი და სხვა. თანამთარგმნელია ინგლისურ ენაზე მაია სარიშვილის ლექსების კრებულისა „მიკროსკოპი“; თარგმნის თანამედროვე პოეზიას ინგლისურიდან და რუსულიდან ქართულ ენაზე. მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალებში, მათ შორის: „პოეზიის დღეებში“, რიგა, ლატვია და „ახალი პოეტების ფესტივალში“, საკტ-პეტერბურგი, რუსეთი. მისი ტექსტები თარგმნილია ინგლისურ, იტალიურ, რუსულ, ჰოლანდიურ, ლატვიურ და ლიტვურ  ენებზე.

20-წლიანი ემიგრაციის მანძილზე, ასე მძაფრად არასოდეს მიგრძნია თავი „ემიგრანტად“, როგორც 2018 წელს. რატომ?  მომყავს მშრალი სტატისტიკა:

2017-2018 წლებში იტალიურმა გამომცემლობამ რომიდან ჩემი პოეტური კრებულის გამოცემაზე ორჯერ გააგზავნა განაცხადი ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში. იტალიელმა სლავისტმა და მე ერთად ვიმუშავეთ თარგმანებზე შუალედური, რუსული ენის გამოყენებით. მთარგმნელი, ბ-ნი პაოლო გალვანი, გამოირჩეოდა ძალიან დიდი ყურადღებით ტექსტის მიმართ და ჩემთან (ანუ ავტორთან) მუდმივად აზუსტებდა, როგორ იყო ორიგინალში მოწოდებული ტექსტის ესა თუ ის ნაწილი. (ამის შესახებ მე შედარებით ვრცლად ვისაუბრე წერილში, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს გავუგზავნე). სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, პროექტს დაფინანსებაზე ორივეჯერ უარი ეთქვა. როგორც წიგნის ცენტრიდან ოფიციალურად მიპასუხეს, უარის მიზეზი იყო თარგმანში შუალედური, კერძოდ - რუსული ენის გამოყენება.  წიგნის ცენტრის საიტზე არსადაა მითითებული, რომ შუალედური ენის გამოყენება აკრძალულია, შუალედური ენის გამოყენებით საგრანტო პროგრამით არაერთი წიგნია დაფინანსებული.

ჩემი ლექსების თარგმანები, რომლებიც პოეტურ კრებულში უნდა შესულიყო, შემდეგ  დაიბეჭდა ერთ-ერთ პრესტიჟულ იტალიურ ჟურნალში „პოეზია“ საგულისხმოა, რომ პუბლიკაციაში შესულია 32 ლექსი, მაშინ როცა ევროპული ჟურნალები, როგორც წესი, ერთი ავტორის 5-6 ლექსზე მეტს არ ბეჭდავენ ხოლმე. ვიფიქროთ, რომ საეჭვო ხარისხის თარგმანებს სოლიდური პოეტური ჟურნალი 10 გვერდს არ დაუთმობდა.

2018 წლის დასაწყისში ბრიტანულმა გამომცემლობამ ლონდონიდან, ჩემი პოეტური კრებულის გამოცემაზე გააგზავნა განაცხადი ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში. სპეციალურად ამ პროექტისთვის სანკტ-პეტერბურგში ჩამოვიდა ამერიკელი პოეტი, რაიენ ვან უინქლი და ჩვენ ჩემი ტექსტების ინგლისურ თარგმანებზე ერთად ვიმუშავეთ. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, არც ეს პროექტი დაფინანსდა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი „შუალედური ენა“  არ ყოფილა გამოყენებული, თარგმანები შესრულდა ორიგინალიდან ინგლისურ ენაზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ქართული მხარის მიერ არანაირი მცდელობა არ ყოფილა ჩემი ტექსტების უცხოური გამომცემლობებისათვის შეთავაზებისა. იტალიური და ბრიტანული გამომცემლობები თავად დაინტერესდნენ მათი გამოცემით. აქვე მინდა მადლიერება გამოვხატო წიგნის ცენტრის მთარგმნელობითი პროგრამის მენეჯერის, ირინე ჭოღოშვილის მიმართ, რომელიც დიდი გულისხმიერებით ეკიდებოდა ჩემს შეკითხვებს.

წიგნის ცენტრის მიერ ჩემთვის გამოგზავნილ მეორე ოფიციალურ წერილში ბრიტანული გამომცემლისათვის დაფინანსებაზე უარის მიზეზი არ არის მითითებული, მხოლოდ აღნიშნულია, რომ: „მათ [სამეთვალყურეო საბჭოს] აქვთ შეფასების საკუთარი კრიტერიუმები“.

რა შეიძლება მოვიაზროთ გამოთქმაში „შეფასების საკუთარი კრიტერიუმები“ ისეთი მნიშვნელოვანი პლატფორმის კონტექსტში, როგორიც ფრანკფურტის ფორუმია?  ევროპული გამომცემლობებისთვის კრიტერიუმი მაღალი სტანდარტის მქონე უცხოურ ლიტერატურულ პრესაში პუბლიკაციებია. წიგნის ცენტრის საიტზე არსადაა გაწერილი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ფრანკფურტის ფორუმზე წარსადგენი ლიტერატურა. მაშ, რა შეიძლება იყოს „შეფასების საკუთარი კრიტერიუმები“, რომლებითაც ხელმძღვანელობენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები? როგორც ფეისბუქზე ერთმა „ფრენდმა“ მომწერა: „ეს საქართველოა“.

ეს არ არის ჩემი საქართველო.

წიგნის ეროვნული ცენტრი ნენე გიორგაძეს პასუხობს

ვინ „უპატრონებს“ კლასიკოს მწერლებს - ინტერვიუ წიგნის ცენტრის დირექტორ დეა მეტრეველთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

ონელი ებრაელების ისტორია

ონი (რაჭა-ლეჩხუმი) მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და მაღალი მთებით არის გარშემორტყმული. ისტორიულ წყაროებშ ...
14 აგვისტო
14 აგვისტო

არკადი ბაბჩენკო აგვისტოს ომზე: ჰორიზონტი ...

პუტინის აქტიური კრიტიკოსი არკადი ბაბჩენკო 2008 წლის ომის დროს რუსულ სამხედროებთან ერთად გადაადგილდებოდა კონფლიქტის ...
09 აგვისტო
09 აგვისტო

ფოტოპროექტი► ბოშების ცხოვრება ქობულეთში

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ბოშათა 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. განათლების მიღება და სახელმწიფო ენის ცოდნა ერთ-ერთი ყველაზ ...

მეტი

^