Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას?

16 მაისი 2018

დეზინფორმაციის საშუალებით ჩამოყალიბებულ მითებთან ბრძოლა ყოველთვის პრობლემურია. სიფრთხილის გარეშე, არასწორი მეთოდოლოგიით მასთან დაპირისპირება ყველა შემთხვევაში უკუეფექტს იძლევა და მცდარი ინფორმაცია უფრო მეტად დამაჯერებელი ხდება. მითებთან ბრძოლისას მსგავსი უკუეფექტებისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია 3 ძირითადი პრინციპის დაცვა:

  1. ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ჭეშმარიტ ფაქტებზე და არა ცრუ ინფორმაციაზე;
  2. ნებისმიერი დეზინფორმაციული ტიპის განცხადებას წინ უნდა უსწრებდეს განსაკუთრებული მინიშნება, რომ მასში გამოთქმული მოსაზრება სიცრუა;
  3. ყურადღება უნდა გამახვილდეს ალტერნატიულ ფაქტებზე, რომლებიც გამოკვეთენ, ვის და რატომ აწყობს აღნიშნული დეზინფორმაცია.

***

დეზინფორმაციასთან არასწორი მეთოდებით ბრძოლა უშედეგოა

დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორ ინფორმაციას უნდა ეფუძნებოდეს. აღნიშნულ პროცესში დეზინფორმაციას შეუძლია გაყოს საზოგადოების შეხედულებები და რეალურად ერთ აზრზე მყოფი ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპიროს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს, როდესაც დეზინფორმაცია კონკრეტული ჯგუფის პირად ინტერესებს ემსახურება [1].

ერთ-ერთი შეხედულებით, დეზინფორმაციის სწრაფი გავრცელების მიზეზი ინფორმაციის სიმწირეა. ამიტომ დიდი ოდენობით ჭეშმარიტი ფაქტების წარმოდგენა ხელს შეუშლის მცდარი შეხედულებების ჩამოყალიბებას. აღნიშნულ მეთოდს სამეცნიერო კომუნიკაციაში „ინფორმაციული სიმწირის მოდელს“ უწოდებენ [2]. მსგავსი მიდგომა არასწორი და უეფექტოა, რადგანაც ადამიანის ტვინი ინფორმაციას კომპიუტერივით ვერ ამუშავებს.

დეზინფორმაციის მიერ გავრცელებულ ცრუ შეხედულებებთან მხოლოდ ჭეშმარიტი ფაქტების მრავალჯერადი გამეორება უეფექტოა. ამას შესაბამისი სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს. მსგავსმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს უკუეფექტები, რაც ადამიანთა გონებაში დეზინფორმაციას ლეგიტიმურ შეხედულებად აქცევს. [3]

მითებთან ბრძოლისას უნდა გვახსოვდეს, რომ ცრუ შეხედულებების სწორით შეცვლა რთული კოგნიტური პროცესია, რომლის დროსაც უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ამუშავებს ადამიანის გონება მიღებულ ინფორმაციას, რამდენად ცვლის მას უკვე არსებული ცოდნისა თუ გამოცდილების საფუძველზე და რა გავლენას ახდენს მთელ ამ პროცესზე მისი მსოფლმხედველობა.

შესაბამისად, ნებისმიერმა დეზინფორმაციასთან მებრძოლმა უნდა იცოდეს: მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას ფიქრობს ხალხი, არამედ თუ როგორ ფიქრობს.

***

დეზინფორმაციასთან ბრძოლის დროს უკუშედეგის მომტანია მისი ხშირი გამეორება

მითებთან დაპირისპირებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა თვითონვე არ ვიქცეთ მის გამავრცელებლებად. ამისათვის მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ მის გამეორებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვზრდით ცრუ ინფორმაციასთან წვდომის არეალს, დეზინფორმაცია კიდევ უფრო ნაცნობი ხდება მკითხველისთვის და იგი ისე აღიქმება, როგორც სიმართლე. თუმცა, ხშირად აუცილებელი ხდება მითის პერიფრაზირება, რათა გამოვკვეთოთ საკუთარი პოზიცია და ვიმსჯელოთ მის მავნებლობაზე.

დიდი ასოებით დეზინფორმაციული სათაურის დაწერა ყველაზე უფრო საშიში და ცუდი პრაქტიკაა აღნიშნულ შემთხვევაში. აუცილებელია, რომ სათაურში კონცენტრირება მოვახდინოთ ჭეშმარიტ, ძირეულ ფაქტებზე და შემდგომი მსჯელობა მის ირგვლივ ავაგოთ.

ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ სწორი ინფორმაცია და არა დეზინფორმაცია. როდესაც აუცილებელი ხდება ცრუ ინფორმაციის წარმოჩენა, უნდა მივუთითოთ, რომ აღნიშნული შეხედულება მცდარია.

-

***

ზედმეტად ბევრი სწორი არგუმენტიც დეზინფორმაციის სასარგებლოდ მუშაობს

ადვილად წაკითხვადი ადვილად აღქმადს ნიშნავს - ეს ძალზე მარტივი მოცემულობაა. იოლად გადასამუშავებელ ინფორმაციას ტვინი ისე იღებს, როგორც ჭეშმარიტებას. [4] შესაბამისად, აუცილებელია, რომ მითებთან ბრძოლისას ყველაზე მარტივი და სწორი არგუმენტები მოვიშველიოთ. დიდი რაოდენობით წარმოდგენილი უტყუარი ინფორმაციის გადამუშებას ასევე დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამ პროცესში კი დეზინფორმაცია უფრო მარტივად მისაღები ჩანს. შესაბამისად, სწორი მიდგომაა, გამოვიყენოთ არა 12-20 არგუმენტი, არამედ 3 ყველაზე მარტივი.

უნდა გვახსოვდეს, რომ დეზინფორმაციის სწრაფ გავრცელებას მისი სიმარტივე უწყობს ხელს - მარტივი ენით, მოკლე წინადადებებით, პუნქტებად ჩამოწერილი არგუმენტებით. მასთან ამგვარად ბრძოლაც შესაძლებელია. თავი უნდა შევიკავოთ დრამატული პათეტიკით წერისა და დამამცირებელი შენიშვნებისაგან.

***

მსოფლმხედველობა ცრუ ინფორმაციას მარტივად შეიმეცნებს

მითებთან ბრძოლისას ყველაზე რთული ფართო მასების მსოფლმხედველობასთან დაპირისპირებაა. ასეთ დროს ადამიანი შერჩევითად იღებს იმ ინფორმაციას, რომელიც მის შეხედულებებთან უფრო მეტად არის ახლოს და დეზინფორმაცია მის გონებაში ღრმად იბეჭდება.

არგუმენტირებული, მწვავე დაპირისპირება ასეთ დროს არაფრისმომცემია. შესაძლოა ამგვარმა მიდგომამ ადამიანები თავიანთი მსოფმხედველობის სიმართლეში უფრო მეტად დაარწმუნოს და შესაბამისად, ცრუ ინფორმაცია სიმართლედ აღიქვან. მსგავსი მოცემულობის შემთხვევაში, ჩვენი ანტი-დეზინფორმაციული გზავნილები მიმართული უნდა იყოს ცალსახა პოზიციის არმქონე უმრავლესობისკენ და არა საკუთარი შეხედულებების სისწორეში მტკიცედ თავდაჯერებული უმცირესობისკენ.  

ანტი-დეზინფორმაციული გზავნილები იმგვარად უნდა იყოს წარმოჩენილი, რომ მან შეამციროს მიმღებთა ფსიქოლოგიური წინააღდეგომა. ასეთ დროს ყველაზე კარგი შედეგის მომტანი, ე.წ. „თავდაჯერებულობის ეფექტის“ გამოყენებაა, რა დროსაც სამიზნე აუდიტორიას უნდა შევახსენოთ ის დრო, როდესაც ისინი თავს კარგად გრძნობდნენ, რადგანაც მოქმედებდნენ მათთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების მიხედვით. აღნიშნული გზით, ადამიანები უფრო მეტად მიმღებნი ხდებიან მათი მსოფმხედველობის საწინააღმდეგო გზავნილების მიმართ. [5]

ასევე შესაძლებელია ანტი-დეზინფორმაციული გზავნილების იმგვარ ჩარჩოებში მოქცევა, რომ ისინი დიდ წინააღმდეგობაში არ მოვიდნენ ადამიანების მტკიცედ ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობასთან. მსგავსი მეთოდით ინფორმაციის გავრცელება ფაქტებს ბრძოლის შანსს აძლევს. [6]

აუცილებელია იმის გამოკვეთა, თუ ვის აწყობს დეზინფორმაცია

ინფორმაციის გაცნობისას ადამიანის ტვინი აწყობს მენტალურ მოდელს, რომლის საშუალებითაც ცდილობს, ახსნა მოუძებნოს წაკითხულს. ასეთ სიტუაციაში დეზინფორმაცია  ვითარების ასახსნელ საშუალებად გვევლინება. საბოლოოდ, ჩამოყალიბებული მცდარი შეხედულება კი ადამიანის გონებაში მტკიცედ იბეჭდება. [7] ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია, აღნიშნული მოცემულობის გააზრება და ქმედებების იმგვარად დაგეგმვა, რომ დეზინფორმაცია აუცილებლად ჩანაცვლდეს სწორი ფაქტებითა და არგუმენტირებული ინფორმაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მცდარი ინფორმაციის მოცილება ადამიანის გონებაში ერთგვარ ინფორმაციულ სიცარიელეს ტოვებს, რომელსაც თუ დროულად სწორი ინფორმაციით არ ჩავანაცვლებთ, კვლავ პირვანდელი ცრუ ინფორმაცია დაიკავებს.

აუცილებელია დეზინფორმაციას წინ უსწრებდეს გაფრთხილება, რომელიც მკითხველს მიანიშნებს, რომ ახლა ის ყალბ ინფორმაციას წაიკითხავს. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილდეს იმაზე, თუ რატომ არის დეზინფორმაცია სიცრუე და ვისთვის არის ხელშემწყობი, რას ემსახურება ის სინამდვილეში [8]. აღნიშნულ ეტაპზე სწორად უნდა იქნეს ხაზგასმული, თუ რა ტექნიკას იყენებენ ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად.

დადებით შედეგს იძლევა მსგავსი ტიპის სტატიებში გრაფიკული მასალის/ ინფოგრაფიკების გამოყენება, რაც კიდევ უფრო მარტივს ხდის გადმოცემული ინფორმაციის ათვისებას.

მაგალითი

პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები მთავრობისგან კითხვებზე პასუხს ითხოვენ (ძირითადი ფაქტი გამოტანილია სათაურში)

12 მაისს პოლიცია შეიარაღებულ სპეციალური დანიშნულების რაზმთან ერთად შეიჭრა კლუბებში „ბასიანი“ და „კაფე-გალერი“. შსს-ს ოფიციალური განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენდა 3 თვის წინ დაწყებული მოკვლევის დამასრულებელ ეტაპს, რა დროსაც მათ 8 ნარკორეალიზატორი დააპატიმრეს. თუმცა სახალხო დამცველის ანგარიშმა გამოავლინა, რომ ნარკორეალიზატორები სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე უკვე დაპატიმრებული იყვნენ. მსგავსი ძალის გადამეტების გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ  და მთავრობისგან პასუხს მოითხოვდნენ: „რა იდგა პოლიციის მხრიდან 12 მაისს გამოყენებული მასშტაბური ძალის უკან და რატომ გადაწყვიტა პოლიციამ, შტურმით აეღო ერთდროულად რამდენიმე კლუბი, მაშინ, როცა ამ სპეცოპერაციების შედეგად არავინ ყოფილა დაკავებული სისხლის სამართლის წესით“ (შემდგომი მსჯელობა აგებულია ჭეშმარიტი ფაქტის ირგვლივ).

მიუხედავად მოპროტესტეების ლეგიტიმური მოთხოვნებისა, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული აქციით მონაწილეები აპროტესტებენ ნარკორეალიზატორების დაპატიმრებას, ხოლო კლუბის მესვეურები მჭიდრო კავშირში არიან ნარკორეალიზატორებთან. (მკითხველი გაფრთხილებულია დეზინფორმაციის შესახებ და აღწერილია მისი შინაარსი).

შეთქმულების თეორიის მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია ხელს აძლევს ნეონაცისტურ ჯგუფებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პერმანენტულად ცდილობდნენ საკლუბო სივრცის დემონიზებას და მათ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებას. შედეგად საზოგადოების უმრავლესობაში ჩამოყალიბებულმა ცრუ შეხედულებამ ნეონაცისტურ ჯგუფებს  საშუალება მისცა „მორალურად“ გაემართლებინა თავიანთი კონტრაქცია, რა დროსაც ისინი ცდილობდნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ პარლამენტის ყოფილი შენობის წინ შეკრებილ ადამიანებს (აღწერილია ზემოთ მოყვანილი დეზინფორმაციის ალტერნატიული ახსნა).

***

სტატია მომზადებულია The Debunking Handbook-ის მიხედვით; ვიზუალური გაფორმებისთვის მადლობა ბექა მამუკაშვილს (Pale Blue Dot)  

წყარო

[1] The organisation of denial: Conservative think tanks and environmental scepticism- Peter J. Jacques; „Environmental Politics“

[2] The lure of rationality: Why does the deficit model persist in science communication?- Molly J. Simis, Haley Madden; Michael A. Cacciatore; Sara K. Yeo; “Public Understanding of Science”

[3] Correcting false information in memory: manipulating the strength of misinformation encoding and its retraction.- Ullrich K. H. Ecker; Stephan Lewandowsky; Briony Swire; Darren Chang; “Psychonomic Bulletin & Review”

[4] Metacognitive Experiences and the Intricacies of Setting People Straight: Implications for Debiasing and Public Information Campaigns- Norbert Schwarz; Lawrence J.Sanna; Ian Skurnik; Carolyn Yoon; “Advances in Experimental Social Psychology”

[5] Bridging the partisan divide: Self-affirmation reduces ideological closed-mindedness and inflexibility in negotiation.- Cohen GL, Sherman DK, Bastardi A, Hsu L, McGoey M, Ross L; „Journal of Personality and Social Psychology“

[6] A Dirty Word or a Dirty World? Attribute Framing, Political Affiliation, and Query Theory- Hardisty, D. J., Johnson, E. J. & Weber, E. U. „Psychological Science“

[7] Explicit warnings reduce but do not eliminate the continued influence of misinformation.- Ecker UK, Lewandowsky S, Tang DT; “Memory & Cognition”

[8] Memory for fact, fiction, and misinformation: the Iraq War 2003.- Lewandowsky S; Stritzke WG; Oberauer K; Morales M; “Psychological Science”

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ბერეზოვსკიდან ვირსალაძემდე... კორსანტიაზ ...

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ელისო ვირსალაძის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტებით დასრულდა თ ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ფემინსტრიმი ► რა კავშირშია ფემინიზმი ვეგ ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს:  „ფემინიზმზე საუბრისას პირველ სირთულეს მისი განმარტებისას ვაწყდებით, ვ ...
15 ოქტომბერი
15 ოქტომბერი

წყალტუბო - კურორტი ხავსში

როგორი მშვენიერი უნდა იყოს ქალაქი, რომ ამ მშვენიერების კვალი დანგრეულსა და გაღარიბებულსაც ეტყობოდეს. ასეთია წყალტუბო - უ ...

მეტი

^