Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუთი მონაცემი ჰომოფობიის შესახებ საქართველოში - IDAHOT გამოსვლების შემდეგ

17 მაისი 2018

☑️ მოსახლეობის 23%-ს ყველაზე ნაკლებად სურს მეზობლად ჰომოსექსუალები.

☑️ ახალგაზრდები უფრო მეტად ამჟღავნებენ ჰომოფობიურ განწყობებს, ვიდრე ასაკოვანი ხალხი.

☑️ კაცები უფრო ხშირად გამოხატავენ ჰომოფობიურ განწყობებს, ვიდრე ქალები.

☑️ 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის ფარგლებში  სომხეთის მოსახლეობაც გამოიკითხა. ჰომოფობიის დონე სომხეთშიც საქართველოს მსგავსია.

☑️ ისინი, ვინც რეგულარულად მარხულობენ და რელიგიურ მსახურებებს ესწრებიან, ნაკლებად ამჟღავნებენ ჰომოფობიურ განწყობებს, ვიდრე ისინი, ვინც არ მარხულობენ და არც მსახურებებს ესწრებიან.  

ხუთი წლის წინ, 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიური მსვლელობა მოეწყო. ეს იყო ლგბტქ თემის უფლებების მხარდამჭერი დემონსტრაციის პასუხი, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გაიმართა.

ჰომოფობიური მსვლელობის ათასობით მონაწილე, მათ შორის ანაფორიანი მღვდლები თბილისის ქუჩებში დემონსტრანტებს დაედევნენ, პოლიცია კი დემონსტრანტების ძალადობისგან დაცვას ცდილობდა (ზოგის თქმით, არც ისე გულმოდგინედ). მას შემდეგ ლგბტქ თემის უფლებები საქართველოში აქტუალური საკითხია. 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიიღეს, რომელიც ლგბტქ თემის წარმომადგენლებს გარკვეულწილად იცავს, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ღიად გეი კანდიდატი იყრიდა კენჭს.

ამ პროგრესის მიუხედავად, ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობა ქვეყანაში პერიოდულად მაინც ხდება (მაგალითისთვის იხილეთ ეს, ეს და ეს). 2013 წლის 17 მაისის მოვლენებიდან ხუთი წლის შემდეგ ეს სტატია წარმოადგენს ხუთ მიგნებას ჰომოფობიაზე საქართველოში CRRC-ის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვიდან.

1. მოსახლეობის 23%-ს ყველაზე ნაკლებად სურს მეზობლად ჰომოსექსუალი

 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვაში CRRC-მ მოსახლეობას ჰკითხა, ყველაზე მეტად ვის არ ისურვებდა თავის მეზობლად. დაახლოებით მეოთხედმა (27%) განაცხადა, რომ ყველაზე ნაკლებად ისურვებდა კრიმინალი მეზობლების ყოლას; ასევე დაახლოებით მეოთხედმა (22%) დაასახელა ნარკომომხმარებლები. მოსახლეობის ამავე წილს (23%) ყველაზე ნაკლებად სურს მეზობლად ჰომოსექსუალი. გამოკითხვის ცდომილების გათვალისწინებით ამ სამი ჯგუფის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების პროცენტული წილი სტატისტიკურად მსგავსია. ბოლო პასუხი, მეზობლებად ჰომოსექსუალის ყოლის შესახებ, ჰომოფობიაზე მიუთითებს.

2. ისინი, ვინც რეგულარულად მარხულობენ და რელიგიურ მსახურებებს ესწრებიან, ნაკლებად ამჟღავნებენ ჰომოფობიურ განწყობებს, ვიდრე ისინი, ვინც არც მარხულობენ და რეგულარულად არც მსახურებას ესწრებიან

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურობა შეიძლება ბევრისთვის ჰომოფობიურ დამოკიდებულებასთან იყოს კავშირში, მონაცემების მიხედვით, ისინი, ვინც რეგულარულად მარხულობენ და რელიგიურ მსახურებებს ესწრებიან, ნაკლებად ამჟღავნებენ ჰომოფობიურ განწყობებს, ვიდრე ისინი, ვინც არც მარხულობენ და არც მსახურებას ესწრებიან რეგულარულად. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურობის გაზომვის მრავალი შესაძლო კითხვიდან 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვა მხოლოდ ამ ორს იყენებს; შესაბამისად, შედეგები ვარაუდს უფრო გამოხატავს, ვიდრე მტკიცებულებას.

შენიშვნა: მათ, ვინც გამოკითხვაში დააფიქსირა, რომ არ აქვს რელიგია ან რელიგიის შესახებ კითხვას უპასუხა „არ ვიცი“, „უარი პასუხზე“, არ ჰკითხეს მარხვისა და რელიგიურ მსახურებებზე დასწრების შესახებ. ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე, კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად ესწრებიან რელიგიურ მსახურებას, პასუხები „ყოველდღე“, „კვირაში ერთზე მეტად“ და „კვირაში ერთხელ მაინც“ დაჯგუფდა კატეგორიაში „კვირაში ერთხელ მაინც“. ხოლო პასუხები - „თვეში ერთხელ მაინც“, „მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულებზე“, „უფრო იშვიათად“ და „არასდროს“ გაერთიანდა კატეგორიაში „იშვიათად ან არასდროს“. კითხვაზე მარხვის სიხშირის შესახებ პასუხები „ხშირად“ და „ყოველთვის“ გაერთიანდა კატეგორიაში „ხშირად ან ყოველთვის“. პასუხები „ხანდახან“, „იშვიათად“ და „არასდროს“ დაჯგუფდა კატეგორიაში „იშვიათად ან არასდროს“. ისინი, ვინც თქვა, რომ მათი რელიგია მარხვას არ მოითხოვს, ანალიზში შეყვანილნი არ არიან, ისევე, როგორც ისინი, ვინც უპასუხა „არ ვიცი“ ან უარი თქვა მარხვისა თუ რელიგიურ მსახურებაზე დასწრების შესახებ შეკითხვის პასუხზე.

3. ახალგაზრდები უფრო ხშირად ამჟღავნებენ ჰომოფობიურ განწყობებს, ვიდრე ასაკოვანი ხალხი.

ყოველ შემთხვევაში ჰომოფობიის იმ საზომის მიხედვით, რაც აქაა გამოყენებული. მაშინ, როცა 18 წლის ადამიანი საქართველოში 29%-იანი ალბათობით ამბობს, რომ ყველაზე მეტად ჰომოსექსუალი მეზობლის ყოლას არ ისურვებდა, 85 წლის ადამიანებს ამის მხოლოდ 16%-იანი ალბათობა აქვს, თუკი სქესის, დასახლების ტიპის, განათლების დონის, რელიგიის, მარხვისა და რელიგიურ მსახურებაზე დასწრების სიხშირის, ოჯახში ბავშვის ყოლის და ოჯახის კეთილდღეობის ცვლადებს გავაკონტროლებთ. ოჯახის კეთილდღეობას ვზომავთ ოჯახის საკუთრებაში არსებული ღირებული ნივთების საშუალებით.

4. კაცები უფრო ხშირად გამოხატავენ ჰომოფობიურ განწყობებს, ვიდრე ქალები.

ზემოხსენებულ ცვლადების კონტროლმა დაადასტურა: კაცები 26%-იანი ალბათობით პასუხობენ, რომ ყველაზე მეტად ჰომოსექსუალებს არ ისურვებდნენ მეზობლებად, მაშინ, როცა ქალების შემთხვევაში ალბათობა 17%-ია.

5. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე გახმაურებული ჰომოფობიური ინციდენტი მოხდა, ჰომოფობიის ეს დონე მხოლოდ საქართველოში არ შეინიშნება. იგივე კითხვა 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის ფარგლებში დაუსვეს სომხეთის მოსახლეობასაც. შედეგები მსგავსია: სომხეთის მოსახლეობის 21% ამბობს, რომ ყველაზე მეტად ჰომოსექსუალს არ ისურვებდა მეზობლად; 27% - ნარკომომხმარებელს; 21% - კრიმინალს.

ჰომოფობიის უფრო სრულყოფილი საზომი საკითხის შესწავლის უკეთეს საშუალებას მოგვცემდა. კავკასიის ბარომეტრის შეკითხვა, რომელიც ბლოგშია განხილული, მხოლოდ იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ახდენს, ვისაც იმდენად ჰომოფობიური განწყობა აქვს, რომ ჰომოსექსუალის მეზობლობას კრიმინალის მეზობლობას არჩევს. ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ჰომოფობიური განწყობები საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.

დასტინ გილბრეთი „CRRC-საქართველოს კვლევის დირექტორის მოადგილე

სტატიაში გამოყენებული მონაცემების სანახავად და დამატებითი ანალიზის გასაკეთებლად, ეწვიეთ ვებგვერდს, ანალიზისთვის დაწერილი კოდის ნახვა კი შეგიძლიათ აქ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^