Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაფიცი მსაჯულები - ინსტიტუტის პრობლემები და პერსპექტივები

10 სექტემბერი 2014

საზოგადოების მხრიდან სასამართლოს მიმართ უნდობლობა  და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება - ეს ის ძირითადი არგუმენტებია, რის გამოც წლების წინ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შექმნაზე მსჯელობა დაიწყეს. გამოთქმული შენიშვნების მიუხედავად, ინსტიტუტი  მაინც შეიქმნა. თუმცა მისი განსჯადობის არეალი შეზღუდულ დანაშაულებსა და ტერიტორიას მოიცავს. 2014  წლის 1 ოქტომბრიდან ეს შეზღუდვა უნდა მოხსნილიყო. თუმცა მთავრობა ამის 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადების წინადადებით გამოვიდა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტიც მოამზადა.

თავდაპირველად 12 მსაჯული მხოლოდ 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ანუ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის საქმეებს განიხილავდა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან კი მსაჯულთა განსჯადობის არეალში 111-ე და 117-ე მუხლებიც მოექცა. აქედან პირველი უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩადენილ მკვლელობას ეხება, მეორე კი – გაუპატიურებას.

ამასთან გასულ წელს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეები დაექვემდებარა.

1-ლი ოქტომბრიდან კი ძალას კარგავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა, რის შემდეგაც ზოგადი წესი სრული მოცულობით უნდა ამოქმედდეს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ყველა ის სისხლის სამართლის საქმე დაექვემდებაროს, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ მოქმედი კოდექსის გათვალისწინებით, 1 ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა უკლებლივ ყველა სასამართლოზე უნდა გავრცელდეს. იუსტიციის სამინისტრო სწორედ ამ ნორმის ამოქმედების გადავადების ინიციატივით გამოვიდა.

კანონპროექტის ავტორის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფართო მასშტაბით ასამოქმედებლად მოცემული მომენტისათვის სათანადო პირობები არ არსებობს.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2011 წლიდან დღემდე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის შვიდი საქმე განიხილეს. მათი ანალიზის შედეგად შემდეგი ძირითადი პრობლემა იკვეთება  – პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებში სათანადო რესურსის დეფიციტი და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არაკვალიფიციურობა.

 გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო ყურადღებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოების სხვა სირთულეებზეც ამახვილებს. უწყება აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის დარბაზები უნდა მომზადდეს.

იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი დიმიტრი ხაჩიძე მიესალმება.

იურისტი განმარტავს, რომ ერთი ხელის მოსმით ახალ რეჟიმზე გადასვლა ძალიან რთული იქნება. მისი შეფასებით,  უკეთესი იქნება, თუ ეს სხვადასხვა მუხლების ეტაპობრივად დამატებით მოხდება.

დიმიტრი ხაჩიძე განმარტავს, რომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის არეალის ერთიანად გაზრდა გამოცდილების თვალსაზრისითაც ძალიან რთული იქნება როგორც პროკურატურისთვის, ასევე  ადვოკატებისა და სასამართლოსთვისაც.

„ერთბაშად გადასვლა პირველი 2-3 წელი მაინც კატასტროფას გამოიწვევს. ახლა რამდენიმე მუხლთან მიმართებაში უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული პრაქტიკა და სასურველი იქნება, თუ ის ყველა მუხლზე ეტაპობრივად გავრცელდება“,- აღნიშნავს იურისტი „ლიბერალთან“ საუბრისას.

ის განმარტავს, რომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის სფეროს გაფართოების შემდეგ ბრალდებული თავად აირჩევს, ვინ განიხილოს მისი საქმე. იურისტი ვარაუდობს, რომ 50% არჩევანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე გააკეთებს. ასეთ შემთხვევაში კი სასამართლო სისტემა გაჩერდება, რადგან ფიზიკურად ვერ მოასწრებს საქმეების განხილვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი კი განმარტავს, რომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის არეალის გაზრდა პირველ ყოვლისა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ მან უნდა გამოყოს შესაბამისი თანხა.

„გამოცდილება უკვე არსებობს და ერთ პროცესს გავუკეთებთ ორგანიზებას თუ ათს, ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, რომ სასამართლოში შესაბამისი დარბაზები და აღჭურვილობა შეიქმნას და პერსონალის ხელფასებისთვის თანხა გამოიყოს. ძალიან რთულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესების ორგანიზება და თუკი მათი განსჯადობის არეალი გაფართოვდება, ამას ორჯერ მეტი რესურსი დასჭირდება“.

მამუკა ახვლედიანი  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით ზოგიერთ პრობლემაზეც საუბრობს. მისი განმარტებით, მსაჯულთა შერჩევა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და თუ ამ კუთხით არ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, სასამართლოში დიდი რაოდენობით საქმეები დაგროვდება.

როგორც ახვლედიანი განმარტავს, კანონის თანახმად, პირველ ჯერზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100 ადამიანი უნდა შეირჩეს. მაგრამ ამ სიიდან ნაწილი ასაკოვანია და ფიზიკურად ვერ ახერხებს მოსვლას, ნაწილი საქართველოში არაა, ნაწილი პროფესიის გამო ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული და შეიძლება ისე მოხდეს, რომ 100-დან მხოლოდ 2-3 ადამიანის შეირჩეს.

„მეორე ჯერზე მხოლო 30 კაციდან შეგვიძლია ავარჩიოთ მსაჯულები. 100-დან რომ 2-3-ს არჩევ, 30-დან ხომ ნაკლები შეირჩევა. შესაბამისად, მსაჯულთა შერჩევის პროცესი 2 თვე ჭიანურდება ხოლმე. ამიტომ კანონში უნდა გაიწეროს, რომ მეორე ჯერზეც 100 კაციდან შეგვეძლოს არჩევა“, - განმარტავს „ლიბერალთან“ საუბრისას მამუკა ახვლედიანი.

ამიტომ საქალაქო სასმართლოს თავმჯდომარე მიესალმება ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის არეალის გაფართოების გადადებას. რაც შეეხება თავად ინსტიტუტის ფუნქციონირებას, ახვლედიანი აღნიშნავს, რომ მას დადებითიც ბევრი აქვს და უარყოფითიც. მისი თქმით, მსაჯულების ზოგ ვერდიქტს ეთანხმებიან, ზოგს - არა:

„თუმცა ეს ხალხის გადაწყვეტილებაა, შესაბამისად, ჩვენთვის  მისაღებია და საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს“.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შექმნაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2001 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში დაიწყო. პარტია ამ ინსტიტუტის შექმნისკენ ჯერ მაშინდელ ხელისუფლებას მოუწოდებდა, შემდეგ კი ამ გეგმას ხორცი თვითონ შეასხა.

 მსოფლიოს წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარობა საგრძნობლად მცირდება და ამ ფონზე ამ ინსტიტუტის საქართველოში დანერგვა პოლიტიკოსების, იურისტებისა და ექსპერტების დებატების საგანი გახდა.                                                                                        

მათი ნაწილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შექმნას სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიად მიიჩნევდა, ნაწილი კი აცხადებდა, რომ სწორედ არაიურიდიული განათლების მქონე ადამიანი შეიძლება უფრო მიკერძოებული იყოს  და მათი ვერდიქტიც უსამართლო იქნება.

თანაც იმ დროში, სადაც ნაკლები რესურსით მეტი საქმის კეთება შეიძლებოდა, ერთსა და იმავე საქმეში ერთის ნაცვლად 12 (+2 სათადარიგო მსაჯული)  ადამიანის ჩართვა არამიზნობრივად და ზედმეტი ხარჯის გაწევად შეფასდა.

სტერეოტიპული განწყობა, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა - ეს ის დამატებითი არგუმენტები იყო, რის გამოც საზოგადოების ნაწილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შექმნას ეწინააღმდეგებოდა.

ამის მიუხედავად,  2010 წლის 1 ოქტომბრიდან ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ძალაში შესვლისთანავე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა ფუნქციონირება დაიწყო და ერთი წლის მერე, 2011 წლის 10 ნოემბერს, პირველი პროცესიც გაიმართა.

ნაფიც მსაჯულთა განსჯადობით პირველივე საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. განსაკუთრებული იყო ვერდიქტისადმი მოლოდინიც. საქმე 1994 წელს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ეხებოდა. ნაფიც მსაჯულთა პირველი ვერდიქტი გამამტყუნებელი იყო.

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით რიგით მერვე საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმე ანნა ბაბოევის განზრახ მკვლელობასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას ეხება.

 საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ელოდოს იმას, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ნაფიც მსაჯულად მიიწვიონ. თუმცა აქ კონკრეტული რეგულაციები არსებობს:

 პირს შეუძლია ნაფიცი მსაჯული გახდეს, თუ: შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან სიაში; ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას (ჩვენს შემთხვევაში ქართულს); ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც პროცესი მიმდინარეობს; არა აქვს შეზღუდული ის ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას შეუშლის ხელს.

 პირს არ შეუძლია ნაფიცი მსაჯული გახდეს, თუ: არის  სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი; გამომძიებელი; პოლიციელი; ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული, ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; არის სასულიერო პირი; ფსიქოლოგი; ფსიქიატრი ან იურისტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

ჟაკარანდას ყვავილობა - აირჩიე შენი ცხოვრ ...

ფრაგმენტი მეი მასკის წიგნიდან „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვ ...
13 აგვისტო
13 აგვისტო

ჯანმრთელობა, წარმატება, ოჯახი, მოდა და თ ...

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრე ...
08 ივნისი
08 ივნისი

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზ ...

ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი

მეტი

^