ყოფილი სამხედრო ტყვე - ერასტო კაჭარავა, დაბა ხაბუმე, 1920 წლის 1 აპრილი
I
ამ ჩემს პატარა წერილში მინდა მკითხველის ყურადღება მივაქციო გერმანული სოფლების მოკლე გეოგრაფიულსა და თვით სოფლელთა ცხოვრების აღწერას.
დღეს მსოფლიო ომის მიერ შექმნილმა ახალ პირობებმა შეძლება მისცა საქართველოს დემოკრატიას დაუახლოვდეს ევროპის დემოკრატიას და მასთან მჭიდრო კავშირი დაიჭიროს.
ერთის მხრით, ქართველ ჯარისკაცთა გადასვლამ ევროპაში და ხანგრძლივ ტყვეთ ყოფნის შემდეგ, კვლავ სამშობლოში დაბრუნებამ, დიდი ნაყოფი უნდა მოუტანოს ჩვენს ცხოვრებას. მეორეს მხრით, დასავლეთ ევროპასთან ახლად გაბმულმა კავშირმა ჩვენს მომავალ საქმიანობაში სარგძნობელი ცვლილებები უნდა შეიტანოს.
ამიერიდან დავიწყებული უნდა იქნეს ჩვენში აზიური მავნე ზნე-ჩვეულება და მომავალში ევროპის მუშებს და გლეხების გაკვეთილებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
გერმანიის სახელმწიფო გეოგრაფიულად სწორი და ვაკე ქვეყანაა, გარდა ორი პროვინციისა. სოფლები საერთოდ გაშენებულია ქუჩურ პლანზე, სახელმწიფოში არსებული კანონის თანახმად არც ერთ მხცოვრებს არა აქვს არავითარი უფლება ეს კანონი დაარღვიოს და სადაც მოისუვებს, იქ დასახლდეს, როგორც ეს ჩვენშია შემოღებული.
სოფელს გარეგნულად შეხედულება ისეთივე აქვს, რაც ქალაქს. ეს ერთის მხრით, სახელმწიფოს დიდათ უადვილებს სოფლის კულტურულთ და ეკონომიურად მოწყობას. და აი, სწორეთ ამისათვის არის გერმანელები ეძებენ სამოსახლო ადგილებს, სადაც უნდა მოთავსდეს არა ერთი და ორი მოსახლე, არამედ რამოდენიმე კომლისაგან შემდგარი ორი სოფელი, უთუოდ რომელიმე მდინარის ან ტბის პირად.
ზაფხულობით ამ წყლებით დიდათ უწყობს ხელს, იჭერენ თევზებს, ამრავლებენ უთვალავ იხვს და ბატებს, ნამუშევარ ცხენებს საღამოობით ტანს დაბანენ და სხვა ბევრი ასეთებისათვის იყენებენ.
სოფლის მდებარება: სწორ ვაკეზე მწკრივში აქეთ იქით ჩამწკრივებული, ქვისა და აგურის კრამიტით გადახურული სახლები. შუა სოფელში ფართე ქუჩა, მშვენიერი ქვა ფენილი და მოკირწყლული გზები, რომლებიც მიდის ერთი სოფლიდან მეორე სოფლამდე. ყოველი ჯვარედინა გზაზე არის ხის ბოძი დადგმული, ამ ბოძზე არის მიკრული გრძელი „დაფა“ ან უკეთ რომ ვთქვათ „რუქა“, რომელზედაც არის დაწერილი პირველი მახლობელ სოფლების სახელები, რამდენი კილომეტრია ამა თუ იმ სოფლამდე. ასე წარმოიდგინეთ, უბრალო წერა-კითხვის მცოდნე კაცსაც შეუძლია მთელი სახელმწიფო ფეხით მოიაროს გზის დაუკითხავად.
მახლობელ ცენტრალური სადგურიდან გაყვანილი: ტელეგრაფი, ტელეფონი და ელექტრონი, რითაც სარგებლობს ყოველი სოფლელი. ელექტრონით ანათებენ ბინებს და, გარდა ამისა, მის ენერგიით ამუშავებენ სოფლელები პურის, ქერის და სხვა ჭირნახულის მანქანებს. ამასთანავე ელექტრონის ენერგიის საშუალებით აუთოებენ სარეცხს და სხვა.
იშვიათია ისეთი სოფელი, რომელსაც არ უვლიდეს 3-5 კილომეტრის მანძილზე რკინის გზა. თუ სოფელი უფრო მოშორებითაა, აქ უეჭველში დაგებულია ვიწრო ლიანდაგიანი რკინის გზა, რომელზედაც დაიარებიან პატარა ორთქმავალიანი და ზოგან კი „მატორიანი“ მატარებლები.
სოფლის შარა-გზების მიმოსვლა დაცულია კანონის თანახმად. მაგ[ალითად], არ შეუძლია მეეტლეს, საეტლო გზას გადაუხვიოს. საფეხო გზაზე აკრძალულია ველოსიპედით სიარული.
აღსანიშნავია ერთი რამ: ყანაში მიმავალ მუშას არ შეუძლია ცული მხარზე გადადებული გაატაროს, თუ ის თავის ბუდეში არ არის რიგიანათ შეკრული. არც მიწის სამუშავო მანქანას ატარებენ, თუ კი ის ახდენს გზა-ტკეცილს. ასეთები უსათუოდ ეტლით ან „ფურგანკით“ მიაქვთ. ამ კანონს ყოველი გერმანელი პირნათლად ასრულებს.
აქ, ჩვენში ბევრჯერ ვყოფილვარ მოწამე, ყანაზე მიმავალი ჩვენი კაცი მხარზე ნაჯახ ან თოხი გადაგდებული, ხან ერთი ხეს წაკრავს, ხან მეორეს, თუკი გზის პირად ლამაზი ხეები დაინახა.
რაც შეეხება ეტლს და ურმებს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სოფლებში კი არა ჩვენი დედა ქალაქ თფილისშიაც არ არის ისეთი დღე, რომ ერთ ან ორ ბავშვს ეტლი არ დაეჯახოს.
შუა სოფელშივე არის გაშენებული ლამაზი ორ ან სამი სართულიანი კარგა მოზრდილი სახლი, რომელშიც მოთავსებულია სოფლის სასწავლებელი, მის გვერდითვე ამშვენებს პატარა ბაღი. იქვე მახლობლად ლიუტერანების ეკლესია (ნემცები არიან კათოლიკები და „ევანგელისტებიც“), სოფლის თავზე ან შუა გულ სოფელშივე არის სასაფლაო, რომლის მშვენიერებასაც ვერ წარმოიდგენს არამც თუ ჩვენი კაცი, არამედ რუსეთის დიდრონ ქალაქების მცხოვრებლებიც: ძვირფასი ლოდები და ფერად-ფერადი ძეგლები - მიცვალებულის სურათით. აგრეთვე ზაფხულობით საფლავი მორთულია თიხის საყვავილო ქოთნებში ათასნაირი ფერად ფერადი სურნელოვანი ყვავილებით. ზაფხულის სიცხიან დღეებში ეს ყვავილები ირწყვებიან და ზამთრობით კი შინ მიაქვთ.
აქვე უნდა აღვნიშნო მიცვალებულის გასვენებაც. მიცვალებულის გარდაცვალების მეორე ან მესამე დღეს ნაშუადღევის ორი საათიდან დანიშნული კაცი დაუკრავს პატარა „რაჟოკს“ და ჩვეულებისამებრ მთელი სოფლის ქალი და კაცი მოიყრის თავს მიცვალებულის ბინაზე. ამ დროსვე გამოჩნდება შავათ შემოსილი ბალდახინი წყვილი ცხენებით და 6-10 კაცისაგან შედგენილი ორკესტრი, რომელიც უკრავს სამგლოვიარო ჰიმნს. ეს ამოდენა ხალხი ჩაცმულია შავ ტანისამოსში, მამაკაცებს კი ამისათვის აქვთ მაღალი ქუდები. ამ უკანასკნელს ხმარობენ ქორწილშიაც. აქ არც ტირილია და არც ქელეხი. მხოლოდ გაზეთებში გამოაცხადებენ მიცვალებულის სახელს და გვარს და გასვენების დროს.
ჩვენში კი მიცვალებულთ ქელეხებს უმართავენ და ტყუილ-უბრალოთ სარჩო საბადებელს ფლანგავენ. ამ ჩვეულებას ჩვენში, სახელმწიფოსა და კერძო ოჯახისათვის აუარებელი ზარალი მოაქვს და მეც ამიტომ გავაგრძელე საუბარი. დროა ამას ახლად დაარსებულ სოფლის წვრილ ერთეულებმა მიაქციონ ჯეროვანი ყურადღებადა მოსპობილი იქნას ძველი მავნე ჩვეულება, რომელსაც აუარებელი ქონება ეწირვება. სჯობია ამ საფასურის გუთნები და სხვადასხვა მიწის სამუშაო იარაღები შევიძინოთ და მათივე საშვალებით წინ წავწევთ ჩვენს ცხოვრებას.
გერმანია, განთქმული ქვეყანაა ვაჭრობა-მრეწველობით, სოფლის ახლო-გარშემო არის რამოდენიმე სხვადასხვა ქარხნები და ქარის წისქვილები (გერმანიაში სოფლად შემოღებულია უფრო მეტი ქარის წისქვილები).
სოფელშივე უსათუოდ შეხვდებით სათეატრო სახლს, ორ ან სამ სასტუმროს, რესტორანს, რამდენიმე კერძო და საზოგადო სავაჭროებს, სადაც მყიდველს შეუძლიან დიდრონ ქალაქებში არსებულ ფასებზე შეიძინოს ყოველ გვარი ცხოვრებისთვის საჭირო საგნები.
ყოველ სოფელში არის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება, საიდანაც მცხოვრებთ დღეში ორჯერ მოსდით ყოველგვარი კორესპონდენციები და ჟურნალ-გაზეთები. გაზეთის გამოწერა გერმანიაში სავალდებულოა ყველა მოქალაქისათვის. არ არის ისეთი გლეხი, მუშა, მეცხვარე ან ღორის მწყემსი, გაზეთი არ მოსდიოდეს. 1914-15 წლებში გაზეთი ღირდა 3 მარკა, დაახლოებით მანათ-ნახევარი, რევოლიუციის შემდეგ კი 7 მარკა.
ყოველ სახლს წინ აქვს სახლის ნომერი და ეზოს კარზე მიკრული პარატა ყუთი, რომელიც ფოსტალიონს უადვილებს თავის სამსახურს ყოველ გვარი კორესპონდენციის დარიგებაში გარდა დეპეშისა.
საუცხოოდ იცავენ გერმანელები ჰიგიენას: პურსა და ყოველგვარი საჭმელების გამოსახვევად ხმარობენ ნახმარ გაზეთებს. არ მქონია ერთხელაც შემთხვევა მთელი ხუთი წლის განმავლობაში დამენახოს ღია კალათით ან გამოუხვეველი სურსათ-სანოვაგე მიქონდეს რომელიმე გერმანელს. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთ სოფლებში საფურთხებელი ემალისაგან გაკეთებულებს შეხვდებით. აგრეთვე მთელი რეინის ნაპირათ, ყოველ 3-5 საჟენზე ნახავთ ასეთ საფურთხებელს. ქალაქებზე ზედმეტია ამაზე ლაპარაკი.
მშვიდობიანობის დროს გერმანელს თქვენ ვერ შეხვდებით ფეხშიშველას, რადგანაც ეს ექიმებისაგან ქონდათ აღკრძალული. ომიანობის დროს კი ამავე ექიმებმა აღკრძალეს, - განსაკუთრებით სკოლის ბავშვებისათვის - ფეხზე ჩაცმა (ეს, ეტყობა, ტყავის სიძვირისაგან იყო გამოწვეული).
II
სოფლის რესტორანებში მზადდება სადილ-ვახშამი, იყიდება ყოველგვარი სასმელები და უფრო მეტი ლუდი და ლიმონადი, აგრეთვე იყიდება სიგარა და პაპიროსი. გერმანელები უფრო ეტანებიან ლუდსა და ყავას. რესტორანშივე არის სხვადასხვა ევროპიული დასაკრავი, რამოდენიმე კაცისაგან შემსდგარი ორკესტრი და ზოგან კი „ავტომატიური“ ფორტოპიანოც (!) ბილიარდი და სხვადასხვა სათამაშოები, კედელზე ევროპის დიდი „რუქა“ და იქვე ახლოს კუთხეში სამწერლო მაგიდა, ჟურნალ-გაზეთებით და საწერ- ქაღალდით. აქ უქმე დღეებში და მოცლილ საათებში, თავს იყრიან ადგილობრივ მცხოვრებლები, მაგრამ მთელ დღეებს არ კარგავენ, როგორც ჩვენში.
გერმანელებს უქმე დღეები ძალიან ნაკლები აქვთ. ხვნა-თესვისა და რთველის დროზე კვირა დღეებშიც მუშაობენ, მხოლოდ სადილობამდე. ამ უქმე დღეებშიაც გერმანელებს მთვრალს ვერ შეხვდებით ისე, რომ მას არ ახსოვდეს თავის გუთანი და ცხენები.
გერმანელები ომის დროს, როდესაც სამშობლოს გასაჭირი ადგა, გასართობადაც თავს ვერ იყრიდნენ ასეთ რესტორნებში და არც თეატრებს მართავდნენ სოფლად, ვინაიდან მთელი სოფლის ახალგაზრდობა ომში იყო გაწვეული და მთელ სოფელს ერთგვარი გლოვის ნიშანი ეტყობოდა.
გერმანელების ქორწინება ყოველ შემთხვევაში სიამოვნებით ტარდება ხოლმე. ქორწილის დღისათვის მოწვეულია რამდენიმე ნათესავ მეზობლები, ტოლ-ამხანაგებით, სულ 30-50 კაცამდე და ასე, ეს მცირე რიცხოვანი „კამპანია“ ცეკვავენ, მღერიან, ორკესტრს უკრავენ და მთელ ღამეს მხიარულათ ატარებენ. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ჩვენებურათ ქუჩაში მოქეიფე და მომღერალ „ტარიელს“ გერმანიაში სოფელ ქალაქებში ვერ შეხვდებით. ამნაირი მშვიდობიანათ თავდება „მეფე-დედოფლის“ დღესასწაული გერმანიის სოფლებში.
ახლა ჩვენში არ იკითხავთ? ჩვენში ქორწილი, ქორწილს კი არა, არამედ უფრო ტრაგედიას წარმოადგენს. ხუთი - ექვსი ძროხა, ხარი, ცხვარი, თხა, ღორი და აუარებელი ფრინველები უნდა დახოცონ, 30-50 ფუთი ღვინო არ ყოფნით, მთელი ერთი პოლკი ლაშქარმა უნდა მოიყაროს თავი ბედკრულ გლეხის ქოხში და მთელი ოჯახის ნახევარი ქონება ერთბაშად უნდა გააოხრონ, რომ მეორე დღეს ლუკმასაც ვერ იშოვნით. არ არის სასიამოვნო, როცა ასეთ საქმისათვის აუარებელი სახელმწიფო და კერძო სიმდიდრე უმოწყალოდ იფლანგება.
რათ ხდება ეს ჩვენში და რათ არ ხდება გერმანიაში ?
ამის მიზეზი ყველასთვის აშკარა უნდა იყოს, - ვინაიდან როგორც ზევით მოგახსენეთ, ჩვენი ქვეყანა ჩამორჩენილია.
წერილის თავში ვამბობდი: ევროპიდან დაბრუნებულმა ტყვეებმა უნდა წაბაძონ ევროპიელებს მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, ქ[ალაქ] ზუგდიდში ევროპიდან დაბრუნებული ტყვეს ქორწილში მოხდა ისეთი შემთხვევა, სადაც მოკლული იქნა ერთი გასათხოვარი ქალიშვილი და რამდენიმე სტუმარი კი დაიჭრა. მე, როდესაც გერმანიაში ვიყავი, თითქმის დამავიწყდა, თუ სადმე, რომელიმე კუთხეში ხალხი ქეიფს ეწეოდა. ჩამოვედი თფილისს და რა ვნახე! ხალხი გაიძახის: „სურსათი არა გვაქვს, ყველაფრის სიძვირეაო“ და ამავე დროს კი ყველაფერი ზედმეტია. აბა ნახონ იმ ხალხმა, რომელიც გაიძახის - „სურსათი არა გვაქვსო“ - ევროპის მილიონიან მცხოვრებ ქალაქებში ვერ შეხვდებიან იმდენ სურსათ-სანოვაგეს, რომ ჩვენს ათასობით მცხოვრებ დაბა ქალაქებშია, მაგრამ აქაც შეიძლება ითქვას ერთგვარი დაუდევრობა და უმომჭირნეობა.
გერმანიის მთელი სოფლის საყანე ადგილებში თქვენ ვერ შეხვდებით შემოღობილ ყანებს იმ დროს, როდესაც მთელი ჩვენი გლეხობის ნახევარი წლის შრომას მარტო ადგილების შემოკავებას ანდომებენ. ეს დიდათ აბრკოლებს ეკონომიურ მხრით წინ წაწევას. განა შესაძლებელია ადამიანმა ყოველ წლიურათ, რამოდენიმე თვეები უსარგებლო სამუშაოს მოახმაროს თავის ენერგია? იმ დროს, როდესაც ძალიან ადვილათ შეიძლება ევროპიელებს წავბაძოთ ამ საქმეშიაც?
მე ვამბობ: როდესაც ჩვენ კულტურულ მუშაობას მოვკიდებთ ხელს, დავამუშავებთ გავერანებულ უსარგებლო მიწებს, (ჩვენებური უსარგებლო მიწები გერმანიის სარგებლიან მიწებს შეედრება) მასში დავთესავთ სხვადასხვა ევროპიული საქონლის საკვებ მცენარეულობას, ამით გამოკვებას დავუწყებთ ჩვენს საქონელს, მაშინ უფრო მეტს მოსავალს მივიღებთ ჩვენი საქონლიდან და არც ამდენი ღობვაც დაგვჭირდება. ნაკელსაც ბლომათ მოვამზადებთ, სიმინდი და პურიც საკმაო მოგვივა, ერბოსაც ვიშოვნით და ყველსაც.
მასთან ჩვენ არ ვაქცევთ ერთ გარემოებას ყურადღებას: მაგ[ალითად], მთელი ჩვენი საყანე ადგილები დაფარულია უბრალო ხეებით, ეს ხეები დიდად აბრკოლებს ყანის დამუშავებას და ხეებით დაფარული სახნავ სათესი ადგილები საგრძნობლათ მცირე მოსავალს იძლევა. ევროპის გლეხები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ და არც დაინახავთ იმათ ყანებზე სარგებლიანს ან უსარგებლო ხეებს.
პირდაპირ გამოტეხით უნდა ვსთქვა, რომ მე, როდესაც ვმუშაობ, ძალიან მრცხვენია, თითქოს ჩემ გარშემო მცხოვრები გერმანელები მგონია და ჩემი კარმიდამო სახნავ სათესი მიწები იმათს არ ჩამოგავს.
გერმანიის სოფლის ცხოვრებაში აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, რომელიც მით უმეტესი ჩვენთვისაც დიდი საყურადღებოა: ეს არის [ცეცხლსასროლი] იარაღის ტარება. თქვენ ვერ შეხვდებით გერმანელ მოქალაქეს, რომელიც ატარებდეს რომელიმე სისტემის [ცეცხლსასროლ] იარაღს. მთელი ხუთი წლის ჩემს ტყვეობაში, ერთხელაც არ გამიგონია თოფისა და რევოლვერის ხმა, იმ დროს, როდესაც ჩვენში იშვიათია ისეთი დღე ან რამე სოფლათ, თოფ-რევოლვერის რამოდენიმე ათეული სროლის ხმა არ გაიგონოთ.
რა სარგებლობა უნდა მოქონდეს ამ იარაღის ტარების ნებართვას ხალხისთვის?
არაფერი.
ან შეიძლება სახელმწიფოსთვის მოჰქონდეს რაიმე სარგებლობა?
აქაც ზარალის მეტი ვერაფერი მოაქვს.
პირდაპირ, გადაჭრით შეიძლება ვთქვათ: იარაღი ველურების საქმეა და არა ნამდვილი ადამიანის. 1917 წელში, როდესაც ერთიან დაინგრა რუსეთის ძველი წყობილება, ჩვენი ტყვეები სულ იმას მეკითხებოდნენ: ახალი კანონები იარაღის ტარების უფლებას მოგვცემენ თუ არაო. და იმას კი არ ხედავდენ, ევროპიელი მოქალაქე ჯოხის მეტს არაფერს ატარებს.
საერთოდ ჩხუბი, აყალმაყალი ან გინება ევროპაში წარმოუდგენელია.
უბრალო საჩივრები თითქმის აღარ არსებობს. სოფლის ახალ ახალი „წმინდანებს“ და განთქმულ მკითხავებს სოფლად ვერ შეხვდებით, რაც რუსეთში და ჩვენში ჩვეულებრივი მოვლენაა.
ყოველი გერმანელი იმას ცდილობს, რაც შეიძლება მეტი იმუშაოს, რაც შეიძლება მეტი ეკონომია გასწიოს, სადაც საჭიროება მოითხოვს და სახელმწიფოს კი ხელი შეუწყოს, - თუ კი ერის სურვილია სახელმწიფოს არსებობას ხელი შეუწყოს. ასეთი ერისათვის დაუშვებელია უსაქმურობა და უბრალო ხეტიალი, რომელიც ჰქმნის ეგრედ წოდებულ „მოხეტიალე ჯგუფს“ (მათხოვარს), „ტარიელის“ მსგავს რაინდებს და ბევრ ასეთებს, რის შემწეობით ხალხის ჭირ-ვარამით შექმნილ სახელმწიფოს უჩნდება ათასგვარი პარაზიტები.
მოწამე ვყოფილვარ რუსეთის სხვადასხვა გუბერნიის სოფლებში მთელი კვირაობით ხალხის უმრავლესობა, განსაკუთრებით „მასლიანიცა“-ს დღესასწაულში ატარებენ და აგრეთვე თვეობით კი „ბოგომოლებში“ დახეტიალობს რუსის ბეჩავი გლეხობა, რის წყალობით ხალხი შრომას გაურბის.
არა ნაკლებ უსაქმურობაა ჩვენშიაც.
სახელმიფომ უნდა გამოსცეს ისეთი კანონი, სადაც ყოველი მოქალაქისათვის სავალდებულოდ გახდის მუშაობას, შეაჩვევს მას და მომავალში გახდის ევროპიელის მსგავს მოქალაქეს.
ბევრი რამ გამოვტოვე გერმანიის სოფლის ცხოვრებიდან, მაგრამ იმედია მკითხველი ჯერჯერობით ამით დაკმაყოფილდება და დანარჩენს კი შემდეგისათვის მოვაწვდი.
გაზეთი "ერთობა" #85, #86, 1920 წლის 17 აპრილი,18 აპრილი,