Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაკერბერგი ევროპარლამენტის წინაშე და ახალი რეგულაცია

24 მაისი 2018

შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებსა და ზაკერბერგს შორის 22 მაისს ფეისბუქის ევროპარლამენტის გვერდზე, პირდაპირ ეთერში, ცენტრალური ევროპის დროით (CET) 18:15-19:30 გადაიცა.

ფეისბუქის დამფუძნებელმა ევროპელი კანონმდებლების წინაშე „კემბრიჯ ანალიტიკას“ სკანდალისთვის ბოდიში მოიხადა. ევროპარლამენტარებს შეხვედრამ იმედები გაუცრუა - დროში შეზღუდვისა და სპეციფიკური, მოუხერხებელი ფორმატის გამო, ზაკერბერგმა ყველა მნიშვნელოვან, მწვავე შეკითხვას თავი აარიდა და წყლიდან ისევ მშრალი გამოვიდა.

შეხვედრის კონტექსტი

 „ზაკერბერგის ბოდიშის მოხდის ტურნეს შემდეგი გაჩერება ევროპაა“ - ამ მესიჯის ვარიაციით იუწყებოდნენ Reuters, New York Times, Financial Times და სხვა აუთლეტები ფეისბუქის დამფუძნებლის ბრიუსელში ჩამოსვლას.

აპრილში, როდესაც ფეიბუქის CEO-მ ამერიკის კონგრესის შეკითხვებს უპასუხა, ყველაზე მკაფიოდ მხოლოდ ერთი რამ გაირკვა,  ციფრული უსაფრთხოების ექსპერტები კონგრესის წევრთა შორის არ მოიკითხება. მედიამ კი ზაკერბერგს „მოსმენაში გამარჯვებულის“ სტატუსი მიანიჭა. ამჯერად, დასავლური მედია ელოდებოდა და იმედოვნებდა კიდეც, რომ ბრიუსელში როლები შეიცვლებოდა.

განსხვავებით ამერიკისგან, ევროპაში პირად მონაცემთა გამოყენების თამაშის წესებს კანონმდებლები ადგენენ. ეს, ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ ფეისბუქმა და ფეისბუქის კომპანიებმა (ინსტაგრამი, უათსაპი), ათასობით სხვა ტექკომპანიის მსგავსად, ახალი ევროპული კანონმდებლობის მიხედვით უკვე განაახლა კომპანიის პირად მონაცემთა გამოყენების პოლისები (Privacy Policy), რომელიც ძალაში პარასკევს, 25 მაისს შევა.

მართალია, ევროპარლამენტის წევრებმა ზაკერბერგს, მწვავე, მკაფიო და მარტივად ფორმულირებული შეკითხვები დაუსვეს, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ზაკერბერგს არცერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ გაუცია. რა არის ამ მოსმენის წარუმატებლობის მიზეზი?

შეხვედრა ევროპარლამენტთან

მოსმენა უჩვეულო ფორმატში შედგა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია, ჯერ პარლამენტის წევრებს, შემდგომ კი პრესკონფერენციის მონაწილეთა შორის.

ზაკერბერგს საშუალება მიეცა, 40 წუთის განმავლობაში მოესმინა და ჩაეწერა პარლამენტართა კითხვები, შემდგომ კი მის მიერვე ამორჩეული კითხვებისთვის მხოლოდ 22 წუთის განმავლობაში ეპასუხა. ბრიუსელის დროით 19:30-ზე პარლამენტის პრეზიდენტმა შეხვედრა დასრულებულად გამოაცხადა. ამ ფაქტმა აშკარად განაცვიფრა რამდენიმე პარლამენტარი, რომელთაც ხმამაღლა აღნიშნეს, რომ ზაკერბერგმა მნიშვნელოვან კითხვებს აშკარად თავი აარიდა.

მან იგნორირება გაუკეთა შეკითხვას, ე.წ. ფეისბუქის „ჩრდილი-პროფილების“ შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვამ რამდენჯერმე და მკაფიოდ დაისვა. არ უპასუხია შეკითხვებისთვის: შეძლებს თუ არა მომხმარებელი მთლიანად „ამოეწეროს“ დამიზნებული მარკეტინგისგან; შეწყდება თუ არა ფეისბუქსა და whatsapp-ს შორის მონაცემთა ჯვარედინი გაცვლა; რატომ არ არის ცნობილი, ფეისბუქის კონტენტზე ცენზურის დამდები ერთეულები  - ანუ, ვისი გადაწყვეტილებით იხურება, მშვიდობიანი, მემარჯვენე გვერდები? ზაკერბერგს არ უსაუბრია, კონკრეტულად რა მექანიზმით აპირებს მომავალში მომხდარი დარღვევების დროულ რეპორტს, რომელიც ახალი ევროპული კანონის მიხედვით დარღვევის აღმოჩენიდან 72 საათში უნდა მოხდეს.

მოსმენის დასრულების შემდეგ, ანტონიო ტაჯანიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა ის არჩეული ფორმატის გამო გააკრიტიკეს. ფორმატი პარლამენტის წევრებს პირადად ტაჯანიმ შესთაზა, ხოლო მათ თანხმობა განაცხადეს.

როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელში ჩამოსვლით ზაკერბერმა კეთილი ნება გამოიჩინა, რადგან მას ამის ვალდებულება არ ჰქონია. ამიტომ, ამ სპეციფიკური მოვლენისთვის განსხვავებული ფორმატი შეირჩა.

ამგვარად, ევროპას შესაძლოა ახალი რეგულაციის ფორმით კოზირი უჭირავს, ხოლო კანონმდებლებს საკითხის ზუსტი ცოდნა აქვთ. სამაგიეროდ, პარლამენტის მიერ არჩეული მოსმენის ფორმატი ზაკერბერგის სასარგებლოდ მუშაობდა და მან კიდევ ერთხელ დაიძვრინა თავი საჯარო პასუხისმგებლობისგან.

ევროპის მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია

ევროპული პირადი მონაცემების დაცვისთვის ეს კვირა უაღრესად მნიშვნელოვანია. 25 მაისს, პარასკევს ძალაში შედის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მკაცრი პირადი მონაცემების დაცვის რეგულაცია General Data Protection Regulation (GDPR). რეგულაცია მრავალგზის აღინიშნა ზაკერბერგის კონგრესის მოსმენაზეც.

იმ შემთხვევისთვის, თუ ევროპელი მოქალაქის მონაცემები მუშავდება, რეგულაციას აქვს ექსტრა-ტერიტორიული იურისდიქციული წვდომა მსოფლიოს ყველა ქვეყანასა თუ ორგანიზაციაში.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ბიზნესი ან სხვა ერთეული, ევროპელი მოქალაქის მონაცემებს ამუშავებს, ის რეგულაციას უნდა დაემორჩილოს. შესაბამისად, რეგულაცია ფეისბუქზეც ვრცელდება. საგულისხმოა, რომ ფეისბუქს ევროპაში მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე ამერიკაში.

მსოფლიო ტექინდუსტრიაში GDPR ცნობილია მომხმარებლის პირადობის დაცვის მკაცრი მოთხოვნებითა და მაღალი ჯარიმებით. უმაღლესი ჯარიმა შესაძლოა კომპანიას 20.000.000 ევროდ ან წლიური ბრუნვის 4%-ად დაუჯდეს, გააჩნია რომელი მეტია. თუ ფეისბუქი მსგავსი ჯარიმის სუბიექტი გახდება, კომპანიას 1.6 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს.

გუშინდელი მოსმენისას კითხვების უგულებელყოფის შემდეგ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში, ფეისბუქი ევროპელ კანონმდებელთა მხრიდან ლმობიერებას არ უნდა ელოდოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აპრილი
17 აპრილი

ვცხოვრობდით ხელოვნებით

ქართველი საოპერო ვარსკვლავები - გიორგი გაგნიძე, ნანა ქავთარაშვილი და ვალერიან გამგებელი „ტოსკას“ თბილისურ პრ ...
17 აპრილი
17 აპრილი

გრიგოლ გეგელიას იდეალი

გრიგოლ გეგელია დაიბადა თბილისში. მამა, პროფესორი გიული გეგელია - მსოფლიოს არქიტექტურული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველ ...
17 აპრილი
17 აპრილი

როსღა გვეღირსოს ჩვენ აზერბაიჯანელი ან სო ...

ათ წელიწადში საქართველოს პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი (ან სომეხი) საქართველოს მოქალაქე. რა ნიშნავს ...

მეტი

^