Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საერთო ენის ძიებაში

21 ოქტომბერი 2014

სტატია გამოქვეყნებულია "ლიბერალის" ოქტომბრის ნომერში

ეთნიკურად არაქართველი ადგილობრივებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის უცოდინარობა საქართველოს მოქალაქეებისთვის განათლების მიღებას, ეკონომიკურ ინტეგრაციას თუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში  სრულფასოვან მონაწილეობას მნიშვნელოვნად აფერხებს.

 

მარნეულის გზებზე გადატვირთული მოძრაობაა. მაღაზიებზე, სილამაზის სალონების, ლომბარდების, თითქმის ყველა დაწესებულების შესასვლელში წარწერები ქართულ და რუსულ, იშვიათად კი აზერბაიჯანულ ენებზეა.

წვიმს, მაგრამ N3 აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეები შესვენებაზე სკოლის შენობაში ვერ ჩერდებიან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გულნარა დარგალის, კაბინეტში ქართული ენის მასწავლებელს ვხვდებით. ნუნუ ხარშილაძე ამ სკოლაში უკვე ათი წელია მუშაობს. აზერბაიჯანულ სკოლებში ქართულის სწავლა პირველი კლასიდან იწყება და გაკვეთილი ყოველდღე უტარდებათ. ინგლისურთან ერთად მეორე უცხო ენად მეხუთე კლასიდან რუსულის სწავლას იწყებენ. ნუნუ ხარშილაძე ამბობს, რომ ახალ თაობაში ქართული ენისადმი ინტერესი შედარებით გაიზარდა, გაუმჯობესდა ენის სწავლებაც.

“ადრე სახელმძღვანელოებიც კი არ გვქონდა, ეს პრობლემა მოგვარდა. ამასთან, მოსახლეობაში სახელმწიფო ენისადმი ინტერესი გაჩნდა. მშობლები ძალიან მოტივირებულები არიან. უნდათ, რომ მათმა შვილებმა ქართული იცოდნენ. რა თქმა უნდა, გაკვეთილების ჩატარების დროს დაბალ კლასებში ენობრივი პრობლემებია. თან წესია, რომ ქართულად უნდა ვესაუბროთ. მაგრამ ბავშვებს ის არ ესმით, მათი მშობლიური ენა ჩვენც ელემენტარულ დონეზე ვიცით და ასე ვკონტაქტობთ. მეათე და მაღალ კლასებში თუ შეხვალთ, ნახავთ, რომ ბავშვები ქართულად გამართულად საუბრობენ”, - გვეუბნება ნუნუ.

მეათე კლასი. ქართული ენის გაკვეთილი. ოთახში ჩვიდმეტი მოსწავლე ზის. ერთი გოგონა ხელს იწევს. უნდა, რომ ფილოლოგი გახდეს. მეორე, მის უკან მჯდომი გოგო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე აპირებს სწავლის გაგრძელებას. დანარჩენები ხმას არ იღებენ. შეკითხვაზე იციან თუ არა ქართული იმ დონეზე, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელონ, პასუხს არ გვცემენ.

ქართულის მასწავლებელი გვეუბნება, რომ თბილისში სწავლის გაგრძელებაზე ახლა გაცილებით მეტი მოსწავლე ფიქრობს.

ქალაქში სულ რვა სკოლაა, მათ შორის მხოლოდ ერთია ქართულენოვანი, მეორე -შერეული აზერბაიჯანულ-ქართული სექტორებით.

N5 ქართულენოვან საჯარო სკოლაში 1000 მოსწავლე დადის. მათ შორის დაახლოებით 700 ეთნიკურად აზერბაიჯანელია. ქალაქის გარდა ბავშვები მარნეულის სხვადასხვა სოფლიდანაც დაჰყავთ. სკოლის დირექტორი ლელა ხარშილაძე ბოლო წლებში აზერბაიჯანელი მოსწავლეების სიმრავლეზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ მშობლები ხვდებიან, რომ თუ მათ შვილებს სახელმწიფო ენა არ ეცოდინებათ, სამომავლოდ საზოგადოებაში ინტეგრაცია გაუჭირდებათ.

სკოლაში 1000 მოსწავლიდან 80% ბიჭია.

დირექტორის თქმით, დაწყებით კლასებში ბავშვებთან კონტაქტიც კი ჭირს, მათ არ იციან სასაუბრო ქართული. შესაბამისად, პედაგოგებს რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ მოსწავლეებმა ქართულად საუბარი შეძლონ.

“სკოლაში მქონდა შემთხვევა, როცა ექიმმა მშობელს ბავშვის აზერბაიჯანულენოვან სკოლაში გადაყვანა ურჩია, რადგან აქ სწავლა უჭირდა. ამიტომ ვცდილობ, მეხუთე კლასში არაქართულენოვანი ბავშვები აღარ მივიღო -მათთვის ქართულის სწავლა უკვე ძალიან რთულია”.

ლელა ხარშილაძე მშობლებთან კონტაქტის სიძნელეებზეც საუბრობს. ამბობს, რომ მშობლების ჩართულობა, ზოგადად, პრობლემაა ქვეყანაში, მარნეულის ქართულ სკოლებში კი პრობლემას ქართული ენის არცოდნაც ემატება. სახლში მათ ქართულად არავინ ესაუბრება, ისინი მარტო მეცადინეობენ.

“ამიტომ ხშირად მშობლებთანაც ვმუშაობთ. ელემენტარულ დონეზე ვასწავლით, როგორ დაეხმარონ შვილებს ენის გაუმჯობესებაში, უნარებსა და სხვა საგნების შესწავლაში”, - ამბობს დირექტორი.

ისმაილი მეთერთმეტე კლასშია. კარგად სწავლობს და უმაღლეს სასწავლებელში აპირებს ჩაბარებას:

“საქართველოში ვცხოვრობთ და სახელმწიფო ენა როგორ არ უნდა ვიცოდეთ”, - გვეუბნება დამტვრეული ქართულით. კლასში ისმაილი ქართულად ყველაზე უკეთ საუბრობს.

ეზოში ისევ ხმაურია. ბიჭები ცალკე თამაშობენ. გაკვეთილები დასრულდა. მშობლები მცირეწლოვან შვილებს ქოლგებით ხელში გარეთ ელოდებიან.

„თბილისი - ჩვენი დედაქალაქი”, „ეს საქართველო ხმელეთის თვალი, დიდი სამოთხის კუთხე პატარა”, - ეს წარწერები უკვე გარდაბნის აზერბაიჯანული სკოლის შესასვლელშია. სკოლა 2010 წელს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის, ფონდის დაფინანსებით მთლიანად გარემონტდა. აღიჭურვა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით.

ბავშვები არაქართულენოვან გარემოში ცხოვრობენ და ამის დაძლევა მხოლოდ მათი სურვილით შეიძლება. მე სულ ვთხოვ მასწავლებლებს, ბავშვებს ქართული სატელევიზიო არხების ყურება სთხოვონ. თუ შესაბამისი გარემო არ იქნება, შეუძლებელია ენის სწავლა”, - ამბობს ქართული ენის მასწავლებელი.

გარდაბნიდან ოდნავ მოშორებით თბილწყაროს დასახლებაა. ორსართულიანი პატარა სკოლის კედლები ლურჯადაა შეღებილი. შესვენებამდე რამდენიმე წუთი დარჩა. მეხუთე კლასში ხუთი მოსწავლე ზის. ერთადერთი გოგონა ცალკე მაგიდასთან მიმჯდარა. მასწავლებელი კლასიდან გასულია. ქართული არც ერთმა არ იცის, არ ესმით რას ვეუბნებით. საკლასო ოთახიდან გავდივართ.

მეორე სართულის ფანჯარაზე დიდი ფურცელია გაკრული ორენოვანი წარწერით: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გილოცავთ 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებას”, -ეს ჩემი ხელით მოვხატე, გვეუბნება რუსულად ერთ-ერთი მასწავლებელი.

თბილწყაროს სკოლაში 100-მდე ბავშვი სწავლობს. კლასში მაქსიმუმ 10 მოსწავლეა. შესვენებაზე ყველა მათგანი გარეთაა. ჩვენთან გამოლაპარაკებას ცდილობენ, მაგრამ ერთმანეთის არ გვესმის.

“ამ სკოლაში ქართული ენის ცოდნას სკოლის ადგილმდებარეობაც უშლის ხელს. ბავშვები ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან გარდაბნიდან. არც მათმა მშობლებმა იციან სახელმწიფო ენა”, - გვეუბნება ქართულის მასწავლებელი. 

ენობრივი ბარიერით გამოწვეული პრობლემები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგებსაც აწუხებთ. მარნეულისა და გარდაბნის ორივე საბავშვო ბაღში მასწავლებლებს დიდი წვალება სჭირდებათ, აღსაზრდელებისთვის ელემენტარული სიტყვების სასწავლებლად. “ვერ წარმოიდგენთ, თავიდან რა რთულია ბავშვებთან კონტაქტი. ენის არცოდნას, სექტორებში ბავშვთა დიდი რაოდენობაც ემატება. ერთ ჯგუფში 50 აღსაზრდელთან კონტაქტი, როცა ერთმანეთის ფაქტობრივად არ გვესმის, შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენც ვცდილობთ აზერბაიჯანული სიტყვები მოვიშველიოთ”, - გვიყვება გარდაბნის N3 საბავშვო ბაღის აღმზრდელი მთვარისა გულბანი.

* * *

რამდენიმე წელია მარნეულში USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ფუნქციონირებს. მისი წარმომადგენელი მარიამ სამხარაძე ამბობს, რომ ცენტრში შეხვედრები, როგორც წესი, სამ - ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ტარდება.

“დისკუსიების ჩატარების დროს ენა მუდმივი პრობლემაა. ხანდაზმულებს არც რუსული ესმით და არც ქართული. ახალგაზრდებმა რუსული არ იციან. შედარებით კარგად საუბრობენ ქართულად. თუმცა ახალი თაობის წარმომადგენლებიც ენობრივი ბარიერით გამოწვეულ პრობლემებს ხშირად ეჩეხებიან. მაგალითად, აზრბაიჯანელი და ქართულენოვანი ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლა ცალ-ცალკე გავაკეთეთ. ერთად გვინდოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, სინქრონულად ვერ ვთარგმნიდით”, -ამბობს მარიამი, და იხსენებს შემთხვევებს, როცა საჯარო დაწესებულებებში დასაწერი განცხადებებისთვის მოსახლეობა ხშირად მათ მიმართავს:

„საკრებულოს სხდომებზეც ვყოფილვარ, გამგეობაში ქართველები არიან, საკრებულოში - აზერბაიჯანელები. სხდომები მუდმივად რუსულად მიმდინარეობს, სხვა გზა არაა, ერთმანეთის არ ესმით”.

ნილუფერ კურბანლი რამდენიმე თვეა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მუშაობს. უმაღლესი სასწავლებელი თბილისში დაამთავრა. თავიდან ქართულად მეტყველება და სწავლა უჭირდა, მაგრამ თბილისში ქართველების ოჯახში ცხოვრობდა. დედამაც იცის ელემენტარული სიტყვები და ამიტომ ქართული საბოლოოდ კარგად შეისწავლა.

“შეიძლება ითქვას, რომ ადრე მეორე ენად რუსული ენის სწავლა იყო მოდაში, ახლა ქართულია. ბევრი შუახნის ადამიანი ვიცი, ვინც ქართულის სწავლა ახლა დაიწყო, რომ სამსახურის შოვნა მოახერხოს”, - ამბობს ნილუფერი.

ენობრივი ბარიერის პრობლემა როგორც სამედიცინო დაწესებულებების პაციენტებს, ასევე ადგილზე მომუშავე პერსონალსაც აქვს. მარნეულის ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმისა და მენეჯერის, მამუკა ჩხარტიშვილის კაბინეტთან თავის რიგს სამი ქალი ელოდება. მათთან გამოლაპარაკებას რუსულ და ქართულ ენაზე ვცდილობთ, თუმცა ვხვდებით, რომ არცერთი ენა არ ესმით.

მთავარი ექიმის კაბინეტში მათთან ერთად შევდივართ, გვაინტერესებს, რა ენაზე ესაუბრება პაციენტებს. არც ერთი მათგანი ხმას არ იღებს. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ექიმი საუბრის გარეშე ხვდება, რა სჭირდებათ მოსულებს. ფურცელზე ბეჭედს ურტყამს და ისინი ოთახიდან ასევე ხმაამოუღებლად გადიან.

მამუკა ჩხარტიშვილი გვეუბნება, რომ სამედიცინო პერსონალი ცდილობს, ქართულად ესაუბროს პაციენტს, თუმცა გამოუვალ მდგომარეობაში, როცა ენის არმცოდნე პაციენტს თავისი თარჯიმანი არ ჰყავს, ექიმები რუსულადაც ესაუბრებიან.

სახელმწიფო ენის არცოდნით გამოწვეულ პრობლემებზე აფთიაქის თანამშრომლებიც საუბრობენ: “როცა ქართულად დაწერილი რეცეპტი მოაქვთ, ასაკოვან ადამიანებს შვილიშვილები მოჰყვებიან, თუ არადა რუსულია გამოსავალი”.

2011 წელს მარნეულსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებში ქართულის სწავლების გასაძლიერებლად ქართული ენის სახლი გაიხსნა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სახელმწიფო ენის სწავლა აქ ნებისმიერ მსურველს უნდა შეძლებოდა. თუმცა მარნეულის ენის სახლში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით პროექტი სახელმწიფო მოხელეებზეა გათვლილი და ამ მომსახურებით ადგილობრივები ახლო მომავალში ისარგებლებენ.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში გვეუბნებიან, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო ენის სწავლა გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან საუბარი ძირითადად მაინც რუსულ ენაზე გვიწევდა.

რას აკეთებს სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის?

სახელმწიფო ენის არცოდნა, ზოგადი განათლების დაბალი დონე, ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა, არასათანადო სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობა -ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეს პრობლემები ჯერ კიდევ მწვავედ დგას.

ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობა 511,2 ათას ადამიანს ითვლის. რაც საქართველოს მოსახლეობის 11,4%- ია. მოსახლეობის 44,7% ეთნიკურად ქართველია, 45,1% - აზერბაიჯანელი, 6,4% - სომეხი, ხოლო 3,8% - აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი. ამასთან, რუსთავსა და თეთრიწყაროში ჭარბობენ ეთნიკურად ქართველები, წალკაში - სომხები და ბერძნები, ხოლო გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში - აზერბაიჯანელები.

მიმდინარე წლის ივნისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარია, თუ რა შედეგი გამოიღო სამოქმედო გეგმამ და რა ხარვეზები რჩება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მხრივ.

აღნიშნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა მთავრობამ 2009 წლის მაისში დაამტკიცა, რომლის მიხედვით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება, კოორდინირება და მთავრობისა და პრეზიდენტთან არსებული საბჭოს წინაშე ანგარიშის წარდგენა დაევალა. მინისტრმა ამავე წელს გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში არიან როგორც თავად ამ სამინისტროს, ისე შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სამი სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კონცეფცია სახელმწიფო სტრატეგიასა და ამოცანებს ექვსი ძირითადი მიმართულებით განსაზღრავს: განათლება და სახელმწიფო ენა, კანონის უზენაესობა, მედია და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება.

სამოქმედო გეგმის შეფასებამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მწირია, გარკვეული საგანმანათლებლო პროგრამები კი - არაეფექტური.

გარდა ტოლერანტობის კულტურის პრობლემისა, შეფასების დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არსებობს ხარვეზები, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებების რეალიზებას ხელს უშლის. სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისას კი პრიორიტეტულია მხოლოდ ყველაზე მსხვილი ეთნიკური ჯგუფები და უყურადღებოდ რჩებიან სხვა ეთნიკური უმცირესობები, მაგალითად, ბოშები, რაც საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას აფერხებს.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად კვლავ სახელმწიფო ენის არცოდნა და ზოგადი განათლების დაბალი დონე რჩება. ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში (2014-2021) წერია, რომ რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების დეფიციტია. ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მისაღებად ხშირად ბაქოსა და ერევანში მიდიან. მათი ძალზე მცირე ნაწილი სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. „ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქართული ენის არცოდნის გამო, სწავლის გაგრძელების სურვილს არ ამჟღავნებს. ისინი ხშირად სწავლას მეათე-მეთერთმეტე კლასში წყვეტენ“.

“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულია, რომ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენა ქართულია. საქართველოს მოქალაქეებს კი, რომელთათვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ, მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, თუმცა სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა.

მარნეულის სკოლის მასწავლებლების თქმით, ბოლო წლებში სახელმძღვანელობებთან დაკავშირებული პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაიჭრა. მიუხედავად ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ სახელმძღვანელოები ინტერკულტურული თვალსაზრისით დასახვეწია. ასევე, ეროვნულ უმცირესობათა ენებზე სახელმძღვანელოების თარგმნის და ორენოვანი სახელმძღვანელოების გამოყენების პრობლემა ისევ დგას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესი შეიცვალა. მშობლიურ ენაზე სახელმძღვანელოებში არსებული მასალის მხოლოდ 70% ითარგმნება, ხოლო 30% სახელმწიფო ენაზეა. ინიციატივის მიზანი ბილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა იყო, თუმცა სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ ეს ინიციატივა ხარვეზებით განხორციელდა.

„საგნის მასწავლებლები, რომლებიც საერთოდ ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, ვერც სახელმძღვანელოების გამოყენებას ახერხებენ, რადგან მათთვის გაუგებარია სახელმძღვანელოში სახელმწიფო ენაზე არსებული სასწავლო მასალის შინაარსის 30%;

არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა მშობლები კი ვერ ახერხებენ მოსწავლეთა დახმარებას, რადგან სახელმძღვანელოში სახელმწიფო ენაზე არსებული მასალა მათთვისაც გაუგებარია“, - აღნიშნულია სამოქმედო გეგმის შეფასების დოკუმენტში.

„ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მომზადებული ანგარიში -„ზოგადი განათლების ვაუჩერული დაფინანსების ეფექტურობის კვლევა თანასწორობის კონტექსტში“ - აჩვენებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული რიგი ღონისძიებები არაეფექტურია.

არაქართულენოვან სკოლებში განათლების შედარებით დაბალ ხარისხს სასკოლო საატესტატო გამოცდებისა და მისაღები გამოცდების შედეგებიც ადასტურებს.

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ არაქართულენოვან სკოლებში მხოლოდ სახელმწიფო ენის არცოდნა კი არა, ზოგადად, განათლებაა პრობლემა.

„განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამა ეფექტური რომ არაა, თვალსაჩინოა. სწავლობენ ქართულ ენას, მაგრამ უშედეგოდ. რადგან არ გვყავს ხარისხიანი, კვალიფიციური მასწავლებლები, მათ გადამზადებაზეც არავინ ზრუნავს. ამ სკოლებში რომ განათლება არაა განვითარებული, ამას კვლევებიც ადასტურებს. მაგალითად, საატესტაციო გამოცდებში 40% იჭრება. სამინისტროს მთავარი არგუმენტის მიხედვით, ქართული ენის სწავლება მაღალ დონეზე არ არის და არა მხოლოდ არაქართულენოვანი მოსწავლეების შემთხვევაში. მაგრამ თუ შევადარებთ ჩაჭრის მაჩვენებელს, ის ქართულენოვანი ბავშვების შემთხვევაში 10%-ით ნაკლები იყო. ანალოგიურია მისაღებ გამოცდებზეც. ზოგად უნარებს მშობლიურ ენაზე აბარებენ მაგრამ აქაც დაბალია მაჩვენებელი“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

კვლევის მიხედვით, არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებში ჩაჭრილთა პროცენტული რაოდენობა სხვადასხვა საგანში 8,23%-დან 29,95%-მდე მერყეობს. იგივე მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით 1,53%-დან 4,54%-მდეა.

2010-2013 წლებში მისაღები გამოცდების ზოგადი უნარების ტესტებში სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან ჩაჭრილ აბიტურიენტთა რაოდენობა 27,8%-ს შეადგენს. ქართულენოვან აბიტურიენტთა ანალოგიური მაჩვენებელი კი 10%-ს არ აღემატება.

შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბევრ ფულს ხარჯავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისთვის, მაგრამ კავშირი დაფინანსებას, განათლების პოლიტიკასა და ხარისხის გაუმჯობესებას შორის არ არის.

„მოსწავლე, რომელმაც ქართული ენა არ იცის, ამ ენაზე ვერც მათემატიკას, ვერც ისტორიას და ვერც სხვა საგანს ვერ შეისწავლის. სწორად განხორციელებული ბილინგვური განათლება ზუსტადაც მშობლიური ენისა და მეორე ენის კარგად, ხარისხიანად სწავლას უზრუნველყოფს“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

 

ტაბატაძის თქმით, 2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 13 არაქართულენოვანი მასწავლებელია სერტიფიცირებული, „ეს იმის ნიშანია, რომ ხარისხის მხრივ არაფერი შეცვლილა“.

ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების გაუმჯობესებისთვის 2009-2013 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე პროგრამა განახორციელა: “ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” და “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”. ორივე პროგრამა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მასწავლებლების გაგზავნას ითვალისწინებდა.  „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრში“ ფიქრობენ, რომ ამ წლების განმავლობაში მასწავლებლების ადგილზე გადამზადება უკეთესი იქნებოდა: „განათლების სამინისტროს არ აქვს ხედვა, არ არსებობს გრძელვადიანი გეგმა. სწორედ ამის შედეგია, რომ ამდენი ფინანსური რესურსის ხარჯზე ნაკლებეფექტური პროგრამები ხორციელდება“.

შესაბამისად, შალვა ტაბატაძის აზრით, განათლების პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა, ადგილობრივი კადრების მომზადება და მათი რეგიონებში დაბრუნებაა:

„სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ადგილობრივი სტუდენტები, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, რეგიონებში დაბრუნებისა და მასწავლებლად მუშაობის დაწყების სურვილი გაუჩნდეთ“.

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის სახელმწიფო განათლებაში საკმაოდ ბევრ ფინანსურ რესურსს ხარჯავს. გარდა ჩამოთვლილი პროგრამების არაეფექტურობისა, რჩება საკითხები, რომლებიც ამ ადამიანების ინტეგრაციას აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის რაიონში აზერბაიჯანელი მოსახლეობა ჭარბობს, სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე ძირითადად ქართველები გვევლინებიან. იგივე მდგომარეობაა თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებაში. მარნეულში რამდენიმე პრეცედენტულ ფაქტს იხსენებენ, როცა ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამდებობის პირი გახდა, ერთ-ერთი მაგალითია რამინ ისმაილოვი, რომელიც გამგებლის მოადგილედ ახლახან დაინიშნა. 

Funded by the U.S. Embassy in Georgia

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^