Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოხე აქციების შემდეგ

26 ოქტომბერი 2014

ორდღიანი ხმაურიანი გამოსვლების, პოლიციასთან დაპირისპირებისა და თანასოფლელების დაკავება-გათავისუფლების  შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა ოდნავ შეცვლილი „ამინდით“. 

ოქტომბრის ცივი დღე. დილის 9:00 საათი. სოფლის ცენტრში პოლიციის ორი მანქანის გარდა არაფერი ჩანს, მანქანები ერთ-ერთი შენობის ნანგრევებთან დგას, იქვეა აბრა წარწერით: „მიმდინარეობს სოფელ მოხის ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დამკვეთი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, შემსრულებელი: ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე „ბექა ტაბიძე“.

წარწერის მიხედვით, სამუშაოები 16 ოქტომბერს დაიწყო და 16 დეკემბერს უნდა დასრულდეს. შენობისგან მხოლოდ კედელებია დარჩენილი, კედლებს შიგნით ჯერ ისევ ყრია ნარჩენები, სავარაუდოდ, სახურავისა და კედლების...

მას შემდეგ, რაც ეს შენობა სოფელში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, სამართალდამცველები იქ უწყვეტად მორიგეობენ.

მუსლიმები ამბობენ, რომ ეს შენობა ძველი მეჩეთია და მის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ. ქრისტიანები კი ირწმუნებიან, რომ ეს მეჩეთი ეკლესიის ქვებითაა აშენებული და არცერთი მხარე უკმაყოფილო რომ არ დარჩეს, მასში ისეთი რამ უნდა განთავსდეს, რითაც მთელი სოფელი ისარგებლებს. იგივე პოზიცია აქვს ადიგენის ადგილობრივ ხელისუფლებას. გამგეობაში აცხადებენ, რომ შენობას კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს და მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადეს.

სოფელ მოხეში დაახლოებით 66 ოჯახი ცხოვრობს. აქედან 25–მდე ოჯახი ქრისტიანია, დანარჩენი - მუსლიმები. სოფლის ცენტრში, სადაო შენობასთან ახლოს, მართლმადიდებლური ტაძარი შენდება, ოდნავ მოშორებით მუსლიმების სალოცავია, კერძო სახლში გახსნილი მეჩეთი. 

ახლა სოფელში დაპირისპირებაზე საუბარს ყველა გაურბის, მუსლიმებიც, ქრისტიანებიც და იქვე მდგომი სამართალდამცავებიც. თუმცა ამბობენ, რომ ბოლო დღეების გამო თანასოფლელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის უხილავი კედელი აღიმართა.

18 ოქტომბერს  მუსლიმებმა მოხეში ასულ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მუშაობის უფლება არ მისცეს და განაცხადეს, რომ შენობის ბედი ჯერ გასარკვევი იყო. მათ ოპტიმიზმს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება აძლიერებდა. ღარიბაშვილს მუსლიმი თემის რელიგიური ლიდერები, სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და სოფელ ჭელას მეჩეთის იმამი ჯამბულ აბულაძე ორი დღით ადრე, 16 ოქტომბერს, ბათუმში შეხვდნენ, მოხის სადაო შენობის შესახებ მოახსენეს, მისი გადაცემის თხოვნით 500-ხელმოწერიანი განცხადება მიუტანეს და მიიღეს დაპირება, რომ პრემიერი საკითხს ერთ კვირაში შეისწავლიდა.

თუმცა ოთხ დღეში მოხეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. 

22 ოქტომბერს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები  სოფელში სამართალდამცველების თანხლებით გამოჩნდნენ. პოლიციელებმა შენობის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მუშებმა დემონტაჟი დაიწყეს. შენობასთან მალე გამოჩნდნენ როგორც მუსლიმი, ასევე ქრისტიანი მოსახლეობა. მუსლიმებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მუშების შეჩერება სცადეს, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებით, პოლიციის მანქანების დაზიანებითა და  14 მუსლიმის დაკავებით დასრულდა.

მათ დაკავებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. აქციებმა შედეგი გამოიღო - 14-დან 3 დაკავებული სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს მათთვის ბრალის წარდგენის საფუძვლის არარსებობის გამო, თუმცა, განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ძიება გრძელდება. 11 კი ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა 250 ლარით დააჯარიმა და გადასახდელად ერთი კვირის ვადა მისცა.

დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ, გვიან ღამით, მუსლიმებმა აქცია შეწყვიტეს, თუმცა განაცხადეს, რომ სამუშაოები თუ გაგრძელდება, აქციებს ისევ გააგრძელებენ.

ქრისტიანები ამბობენ, რომ მუსლიმ მეზობლებთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც 2014 წლის ივნისში სოფლის ცენტრში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა დაიწყეს.

„ეს საკითხი მეტ-ნაკლები დოზით 20 წლის განმავლობაში სადაო იყო, მაგრამ განსაკუთრებით გააქტიურდნენ ამ ბოლო დროს, მას შემდგ, რაც ეკლესიის მშენებლობა დავიწყეთ“,– ამბობს  მოხეში მცხოვრები 45 წლის ლევან რეხვიაშვილი.

 ეკლესიის მშენებლობის შემდეგ მუსლიმების გააქტიურებაზე საუბრობს ნათია რეხვიაშვილიც: „არ ვიცი, შეშურდათ ალბათ, სხვა არაფერი  შემიძლია ვთქვა. თვითონ არ მალავენ, თუ თქვენი ტაძარი ცენტრშია,  მეჩეთი რატომ უნდა იყოს მივარდნილ ადგილზეო. მოხიდან ორ კილომეტრში მოქმედი მეჩეთი აქვთ, ყველა სოფელში აქვთ სალოცავი, რამდენი მეჩეთი უნდა ჰქონდეს 1500 მოსახლეს? გამეცით პასუხი! ჩვენ კი  ახლოს არსად გვაქვს ტაძარი, 25 კილომეტრის გავლა გვიწევს ფეხით, ზარზმაში რომ ჩავიდეთ და ვილოცოთ“.

შენობა, რომელზეც ნათია რეხვიაშვილი საუბრობს, მუსლიმთა თქმით, ნაქირავები აქვთ:

 „ყველას ჰგონია, რომ თურქეთი გვაფინანსებს, მაგრამ ასე არ არის. რასაც ამ სალოცავში გაკეთებულს ხედავთ, 8 წლის შედეგია, ადგილობრივი მუსლიმების შემოწირულობით კეთდება. ეს შენობა ადემ ჭელიძის საკუთრებაა, წალკაში გადასახლდა და სახლი დაგვითმო. სალოცავად 2006 წელს გადავაკეთეთ“, - გვიხსნის ადგილობრივი მუსლიმი თემურ მიქელაძე.

მუსლიმები გვიყვებიან, რომ შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას 90-იანი წლების შემდეგ ითხოვენ. საკითხი განსაკუთრებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე, წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურდა. 

მათი მონათხრობით 30 მაისს ადიგენის მუსლიმურ თემს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის გამგებლობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან ზაქარია ენდელაძე (უკვე გამგებელი) და სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე სტუმრობდნენ. შეხვედრაზე მუსლიმებს  განუცხადეს, რომ შენობა მათ გადაეცემოდათ. იმავე დღეს, მუსლიმებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შენობის გადაცემის მოთხოვნით წერილიც შეიტანეს. 

არჩევნებამდე გამგეობას წერილი არ განუხილავს, არჩევნების დასრულების შემდეგ კი, უკვე გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ, მუსლიმებს მისწერა, რომ შენობას კულტურის სახლის სტატუსი ჰქონდა და მისი შეცვლა არ შეეძლო. მოგვიანებით კი აღნიშნული შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა, და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამარჯვებულ ფირმას შენობაში ბიბლიოთეკის გაკეთება დაევალა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში ირწმუნებიან, რომ მუსლიმებს არაფერს დაჰპირებიან. ბიბლიოთეკის გაკეთებაზე კი ერთობლივად შეთანხმდნენ. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, 23 ოქტომბერს მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბიბლიოთეკის მოწყობაზე თანხმობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის მუფთისგან, მამუკა ვაშაყმაძისგან.

 ვაშაყმაძე გუბერნატორის ნათქვამს უარყოფს. 

„აქ თუ ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის სამუშაოები გაგრძელდება, გამოვალთ და შენობას დავიცავთ, რომც შევეწიროთ ამ საქმეს, მაინც არ გავჩერდებით“, – ამბობს მოხეში მცხოვრები მუსლიმი დავით ბერიძე. მას  თანასოფლელებიც ეთანხმებიან.

ქრისტიანები კი ამბობენ, რომ სოფლის ცენტრში მოქმედი მეჩეთის არსებობას არ დაუშვებენ.

„მამაჩემი ამ სოფელში ყველაზე უხუცესია, ჩამოსახლების დროს 14 წლის იყო და კარგად ახსოვს, ეს შენობა რა მდგომარეობაშიც იყო, ზუსტად იმ მდგომარეობაშია. დაუსრულებელი იყო და შიგნით ლობიო და კომბოსტო ეყარა. მეჩეთი  არ ფუქციონირებდა და  რელიგიური რიტუალი არასდროს ჩატარებულა“, – ამბობს ლევან რეხვიაშვილი.

შენობა რომ არ ფუნქციონირებდა, ამის შესახებ მუსლიმები იმ განცხადებაშიც საუბრობენ, რომელიც 16 ოქტომბერს პრემიერს გადასცეს, განცხადებაში ნათქვამია, რომ მოხეში მუსლიმები 1975–80 წლებიდან ცხოვრობენ და ამჟამად სოფლის მოსახლეობის 70–75 პროცენტს შეადგენენ. სოფლის ცენტრში მდებარე მუსლიმურ სალოცავს კომუნისტების პერიოდში ჯერ საწყობად, შემდეგ კი კლუბად იყენებდნენ. მას შემდეგ, რაც ქართველები სარწმუნოებას დაუბრუნდნენ  და თვითგამორკვევა დაიწყეს, ამ შენობაში აღარავინ შედიოდა. ბოლო 10 წელი შენობა უფუნქციოდ დარჩა და ჩამოიშალა. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროპის გზას დაადგა და ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, მუსლიმებმა ამ შენობის გადაცემა მოითხოვეს და ამისთვის ადიგენის გამგეობას წერილობით მიმართეს. თუმცა პასუხი შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.

როგორ განვითარდება მოვლენები სოფელ მოხეში უცნობია. ვითარებას ისიც ართულებს, რომ შენობაზე პრეტენზიას უკვე ქრისტიანებიც აცხადებენ. 



24 ოქტომბერს, აქციების დასრულების შემდეგ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში 1595 წლისთვის მოხსენიებულია ზემო და ქვემო მოხე, სადაც ეთნიკურად ქართველები ყოფილან დასახლებულები. ორივე მოხეს, დღეს უკვე გაერთიანებულ სოფელ მოხეს, ჰქონია თავისი მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიდანაც ერთ–ერთი დღეს ნანგრევების სახით ქვაბლიანის ხეობის სახით სოფლის სამხრეთითაა შემორჩენილი, მეორე კი - დღევანდელი სადაო შენობის ადგილას. ეს ყოფილა სამონასტრო კომპლექსი. 

„1920–იან წლებში, ამიერკავკასიის ფედერაციის დროს, ახალციხის მაზრას მართავდა ვინმე აღა სულთანი, რა დროსაც ეკლესიის ნგრევა და ამ ქვებით ნაეკლესიარ ადგილზე მეჩეთების მშენებლობა დაიწყო. მაგალითად: კახარეთში, სმადაში, ადიგენში, ბოლაჯურში, მოხეში და სხვა სოფლებში. მოხეში ეკლესიის ქვებით აშენდა კედლები, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი დამთავრება კომუნისტური წყობის გამო. აღნიშნული შენობა დაასრულეს კომუნისტებმა და განათავსეს ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, კინო, კანტორა და ასე შემდეგ“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ და დასძინა, რომ ზემოთქმულიდან გამომდინარე შენობა საპატრიარქოს უნდა გადაეცეს.

„ამ განცხადების შემდეგ მე ვიხსნი პასუხისმგებლობას. წინააღმდეგობას გაუწევს თუ არა მუსლიმი მოსახლეობა მშენებლობას, ამას მე ვეღარ გავაკონტროლებ. შეიძლება მოხდეს დიდი უბედურება, თუ არ შეიცვლება საპატრიარქოს დამოკიდებულება, ეს დიდი დაპირისპირების ზღვარზე მიგვიყვანს“, - გვითხრა მამუკა ვაშაყმაძემ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ორშაბათს მოხეში სამუშაოები უნდა გააგრძელოს. ხელშეკრულების თანახმად ბიბლიოთეკის მშენებლობა 16 დეკემბრამდე უნდა დამთავრდეს.

„ორშაბათს აუცილებლად ვაპირებთ სამუშაოების გაგრძელებას, თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი“, – ამბობს ინდმეწარმე „ბექა ტაბიძის“ წარმომადგენელი ზურაბ ტაბიძე.

კითხვაზე, რას აპირებენ იმ შემთხვევაში თუ აქციები ისევ გაგრძელდება, გვპასუხობს: „ეს მთავრობის გადასაწყვეტია, ჩვენ სახელმწიფოსთან ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. თუ ვერ შევძლებთ, მაშინ სახელმწიფო ვალდებული იქნება ხელშეკრულებაში მოცემული პირობების დარღვევისთვის ანაზღაურება გადაუხადოს მეწარმეს“.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ადამიანებზე მორგებული სატრანსპორტო პოლიტ ...

გასულ კვირას გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა ქალაქში სატრანსპორტო სამსახურის გაუქმება მოითხოვა და ულტიმატუმის ფორმი ...
11 აგვისტო
11 აგვისტო

საქართველო შემოდგომით, 1983

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და მისი თანამედროვე კონტექსტი იმ ოთხი ფილმიდან, რომლითაც წელს საქართვე ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

ბახალას საქმე

„მე დამაყენეს არჩევნის წინაშე - ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის“, -  აღნიშნა გიორგი გ ...

მეტი

^