Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

SMS სიკვდილს არ აპირებს

29 ოქტომბერი 2014

22 წლის წინ, 22 წლის ბრიტანელი ნილ პეპუორტი Sema Group-ში მუშაობდა და Vodafone-ისთვის ახალ ტექნოლოგიას ქმნიდა. 1992 წლის დეკემბერი იდგა. ნილმა გადაწყვიტა სერვისი მეგობარზე დაეტესტა. კომპიუტერით ორი სიტყვა „Merry Cristmas“ აკრიფა და საახალწლო წვეულებაზე მყოფ კოლეგას Vodafone-ის ქსელში ჩართულ მობილურ ტელეფონზე გაუგზავნა. მაშინ ნილი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მიერ შექმნილი სერვისი მობილური კავშირის სამყაროს სრულად შეცვლიდა, SMS კი ადამიანებისთვის საყვარელ მომსახურებად იქცეოდა.

ამ ფაქტიდან 21 წლის შემდეგ იგივე Vodafone-მა სხვადასხვა ქვეყანაში SMS-ის გამოყენების ტენდენციასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. მათზე დაყრდნობით ირკვევა, რომ კომპანიის აბონენტები სულ უფრო ნაკლებად სარგებლობენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისით. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტენდენცია ყველა ქვეყანაში ერთნაირი არ არის. მაგალითად, Vodafone-ს აბონენტებისთვის თურქეთში, პორტუგალიასა და ბრიტანეთში SMS კვლავაც პოპულარული, სერვისის გამოყენება კი - ინტენსიურია. ბრიტანელები დღეში მინიმუმ ექვს, პორტუგალიელები რვა, თურქები კი თერთმეტ SMS-ს აგზავნიან.

Vodafone-ს სტატისტიკის გარეშეც, ტექნოლოგიური მედია სხვადასხვა ანალიტიკური კომპანიის პროგნოზებზე დაყრდნობით ბევრს წერს იმაზე, რომ მესინჯერებმა და სოციალურმა ქსელებმა მოკლე ტექსტური შეტყობინება ძალიან შეავიწროვა, რომ SMS-ით სულ უფრო ნაკლები ადამიანი სარგებლობს, რომ საყვარელი მომსახურება ბევრმა დაივიწყა და ის უბრალოდ ნელ-ნელა კვდება. 2012 წელს ანალიტიკური კომპანია Informa წერდა, რომ მესინჯერებმა გამოყენების სიხშირით SMS-ებს გაუსწრო. 2012 წელს მათი მეშვეობით 19 მილიონი შეტყობინება გაიგზავნა, SMS-ის შემთხვევაში კი ეს რიცხვი 17,6 მილიონს შეადგენდა.

რამდენიმე წლის წინ მობილური ტელეფონით შეტყობინების გადაცემის ერთადერთ ინსტრუმენტად მხოლოდ SMS ითვლებოდა, თუმცა მობილური ინტერნეტის განვითარებასა და სმარტფონების რიცხვის ზრდასთან ერთად მომხმარებელს  სტანდარტული მომსახურებებით სარგებლობის ჩარჩოები მოეხსნა. ტექსტური შეტყობინების გადასაცემად მას უკვე შეუძლია WhatsApp, facobook-ის ჩატი და iMessage გამოიყენოს ან დარეკოს Skype-თ და Viber-ით. შესაბამისად, ამ სერვისების მომხმარებელთა რიცხვიც იზრდება: Viber-ის შემთხვევაში მათი რაოდენობა 280 მილიონს, WhatsApp-ის შემთხვევაში კი - 600 მილიონს აჭარბებს. ცხადია, ეს რიცხვი სულ უფრო იზრდება.

მომხმარებლების  სტიმულის მიზეზი მარტივია: მესინჯერებსა და აპლიკაციებში ფულს არ იხდი, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც Wi-Fi-ით სარგებლობ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მესინჯერების შემთხვევაში გარკვეულ კომპრომისზე წასვლაც გიხდება. ეს კომპრომისი კი ხარისხია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი თეა ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ხმოვანი აპლიკაციებისა და მესინჯერების გავრცელებასთან ერთად მომხმარებელი და ტრაფიკი როგორც SMS-ს, ისე ხმოვან სერვისს აკლდება. თუმცა ასეთი,  ე.წ. არამართვადი, Over The Top მომსახურებებით სარგებლობისას აბონენტს გარანტირებული ხარისხი არ აქვს: „Viber რომ გაითიშოს SMS-ის გაგზავნისას, ან საუბრისას, რას იზამთ? კომპანიას დაურეკავთ და პასუხს მოსთხოვთ, რომ მან სერვისი ცუდი ხარისხით მოგაწოდათ? სწორედ ამით განსხვავდება Over the Top მომსახურებები მობილური კავშირის ოპერატორის სერვისისგან: თუ მისი სერვისი გიწყდებათ, ზუსტად იცით, ვისთან უნდა გქონდეთ პრეტენზია. ცხადია, ოპერატორი ამისთვის რაღაც თანხას აუცილებლად გართმევთ, თუმცა სინამდვილეში არც მესინჯერები და აპლიკაციებია უფასო. თქვენ ამაშიც იხდით, რადგანაც მობილურ ინტერნეტს იყენებთ“, - აღნიშნავს თეა ტყეშელაშვილი.

თუმცა აპლიკაციების და მესინჯერების კონკურენტუნარიანობას არც მობილური ოპერატორები უარყოფენ. პერიოდულად მედიაში ჩნდება ხოლმე ინფორმაცია, რომ ესა თუ ის კომპანია აბონენტებისთვის საკუთარ ქსელში უფასო შეტყობინებების გადაცემის დაბლოკვას აპირებს. უფრო კონკურენტულ პირობებში არიან ქართული მობილური კომპანიებიც: მათთვისაც ნებისმიერი აპლიკაცია შეიძლება კონკურენტი იყოს, თუმცაღა რადიკალური ზომების მიღება მათ საქართველოში ნამდვილად არ სჭირდებათ.

39 წლის თეონას სატელეკომუნიკაციო ცხოვრებაში SMS-ს დიდი ადგილი უკავია: „საკმაოდ ბევრს ვაგზავნი, როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობებისთვის და შეიძლება ითქვას უფრო SMS-ით ვსარგებლობ, ვიდრე ვრეკავ. თუ არ არის აუცილებელი საუბარი, ვცდილობ არ მოვაცდინო არც სხვა, არც საკუთარი თავი და SMS გავგზავნო. ამით დროსაც ვზოგავ. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, SMS-ს ძირითადად მაშინ ვიყენებ, როდესაც არ მინდა საუბარი გარშემომყოფებმა გაიგონ. მაგალითად, ტრანსპორტში, სამსახურში, თუნდაც სახლში...  თან SMS სულ სხვაა, რაღაცნაირად ერთი წინადადებით ფლირტის საშუალებას გაძლევს. დარეკვით ეს შეუძლებელია“, - ყვება თეონა.

SMS-ის გაგზავნა განსაკუთრებით უყვარს 21 წლის ვახოსაც. ამბობს, რომ განსაკუთრებით პოზიტიურ ემოციებს იღებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისთვის სასიამოვნო ადამიანს „ემესიჯება“. „ძირითადად სამსახურისთვის ვიყენებ და საფლირტაოდ, ასე ვთქვათ სასიყვარულოდ. დარეკვა მეზარება, მესინჯერებს საერთოდ არ ვიყენებ, SMS კი შეიძლება დღეში ასზე მეტიც გავგზავნო“, - მეუბნება ვახო.

ქართველი მომხმარებლების SMS-ისადმი სიყვარული სტატისტიკითაც დასტურდება. მისი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2013 წლის 14 აგვისტოს გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა 496,025,196 იყო. წელს, ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 556,027, 240-მდე გაიზარდა. 2012 წელს საქართველოში სულ 4,690,259,516 SMS გაიგზავნა, 2013 წელს კი - 5,599,450,235. „წლევანდელი პროგნოზიც ზრდადია“, - აღნიშნავს თეა ტყეშელაშვილი და დასძენს: „თვეების ჭრილში არის ხოლმე განსხვავება, თუმცა ეს  სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული: მაგალითად, იანვარში ზოგადად მობილურ კავშირს, როგორც SMS-ს, ისე ხმოვან სერვისს, ადამიანები უფრო აქტიურად იყენებენ. იგივე ხდება ზაფხულის თვეებშიც, როცა აბონენტები ქალაქიდან გადიან. შესაბამისად, ასეთ დროს სერვისის გამოყენების სიხშირე ყოველთვის უფრო მაღალია. ამას გარდა, გააჩნია რომელმა ოპერატორმა რა პერიოდში რა ტიპის აქცია გამოიყენა აბონენტების მისაზიდად. ზოგადად, ქართულმა კომპანიებმა ტექნოლოგიურ ტენდენციებს ფეხი აუწყვეს და აბონენტებს ისეთ პირობებს, ტარიფებს და პაკეტებს სთავაზობენ, რომ მათი SMS სერვისი კვლავაც მიმზიდველია“, - აცხადებს ის.  

სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებასთან ერთად მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი არჩევანი აქვს. თეა ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მესინჯერები კი არ ანაცვლებენ SMS-ს, უბრალოდ მომხმარებლებს  მეტი არჩევნის საშუალებას აძლევენ. ერთ-ერთი ასეთი მომხმარებელია ნიაც. მას შემდეგ, რაც სკოლაში მეტყველების მასწავლებელმა „ალო“ დაუწუნა, ნიამ გადაწყვიტა, აღარ დაერეკა და მხოლოდ SMS -ები გაეგზავნა. „მართალია, „ლ“ გამომისწორდა, მაგრამ „ალოს“ თქმას დღემდე ვერიდები. ეს ნახევრად ხუმრობით, სინამდვილეში კი მესიჯს სხვა უპირატესობებიც აქვს: გარშემომყოფები არ წუხდებიან, არც ადრესატს აწუხებ უდროო დროს, იცი, რომ, მაშინ გიპასუხებს, როცა მოიცლის. ცხადია, მიჩვევაზეც ბევრია დამოკიდებული“, - ამბობს ნია. SMS-ის პარალელურად მესინჯერებსაც იყენებს და როცა სახლშია, ძირითადად Viber-ით სარგებლობს, თუმცა ამბობს, რომ „თბილისს ყველგან არ ვუყვარვართ, არც Wi-Fi-ია ყველგან და არც  ყველას აქვს ეს აპლიკაცია, ამიტომ უფრო ხშირად SMS-ის გაგზავნა უწევს, ვიდრე მესინჯერებით სარგებლობა.

ასე რომ, ამჟამინდელი ტენდენციით საქართველოში SMS-ის სიკვდილამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა მეოთხე თაობის მაღალსიჩქარიანი მობილური ქსელების დანერგვა, რომელიც არცთუ შორეულ მომავალში იგეგმება, მობილურ მომსახურებებში დამატებით ცვლილებებს ნამდვილად შეიტანს. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^