Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შვიდეული და ორეული

12 ივნისი 2018

როგორც ჩანს, ტრამპის მიერ ირანთან ბირთვული გარიგებიდან გამოსვლა მხოლოდ დასაწყისი იყო. გაგრძელებად ევროკავშირზე (და ასევე კანადასა და მექსიკაზე) სავაჭრო ტარიფების დადება იქცა. სადამდე წავა ეს პროცესი, ჯერჯერობით ძალიან რთული სათქმელია. ეს ცხადი გახდა კვებეკში დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, რომელსაც ასეთი მძიმე პერიოდი ალბათ არასოდეს ჰქონია.

დიდი შვიდეული 70-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, ამის მიზეზადაც იქცა, ე.წ. არაბული ემბარგო და ნავთობის გაძვირება. ამ უკანასკნელმა მტკივნეულად დაარტყა განვითარებულ სახელმწიფოებს (რომლებიც ნავთობის იმპორტზე ისხდნენ) და ასეთ ვითარებაში გაჩნდა დასავლეთის (და იაპონიის) წამყვანი სახელმწიფოების საკონსულტაციო კლუბის შექმნის იდეა. ემბარგო და კრიზისი რამდენიმე წელიწადში დასრულდა. საწვავის გაძვირებამ დასავლეთში საინფორმაციო და ტექნოლიგიურ რევოლუციას მისცა ბიძგი, რამაც საბოლოოდ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ცივი ომის წარმატებულად დასრულებაში. მაგრამ დიდი შვიდეული შენარჩუნდა და 90-იან წლებში, მას დაემატა რუსეთიც, რის შედეგადაც უკვე დიდი რვიანი შეიქმნა. 2014 წელს რუსეთი გასაგები მიზეზების გამო რვიანიდან გააძევეს და შვიდეულმა ძველებურად გააგრძელა მუშაობა. მაგრამ მხოლოდ დროებით. 

კვებეკის შეხვედრა სენსაციით დაიწყო. ტრამპმა რვიანის აღდგენის (შვიდეულში რუსეთის დაბრუნების იდეა) დააყენა. ამან შვიდეულის დანარჩენი წევრები არა მხოლოდ შოკში, საგონებელშიც კი ჩააგდო: რაში სჭირდებოდა ტრამპს ასეთი განცხადების გაკეთება? იყო ეს უბრალოდ ევროპელების წნეხის გაზრდის მცდელობა მძიმე მოლაპარაკებების წინ? თუ ტრამპი რუსეთთან შერიგებას აანონსებდა? ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. ფაქტი ისაა, რომ მოლაპარაკებები კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, თუმცა საბოლოოდ ევროპელებისა და კანადელების პოზიცია ტრამპთან მიმართებაში არც ისე ძლიერი აღმოჩნდა. მათ ამერიკის პრეზიდენტი ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების დადების გამო სასტიკად გააკრიტიკეს და საპასუხო ქმედებებით დაემუქრნენ. მაგრამ ტრამპი ამისათვის მომზადებული აღმოჩნდა და პარტნიორებს საპასუხოდ ყველანაირი ბარიერის ლიკვიდაცია და სრულიად თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დამყარება შესთავაზა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად სახელმწიფოთა მხრიდან ყველანაირ სუბსიდიებზე უარის თქმას გულისხმობს. ეს უკვე ევროკავშირისთვის მიუღებელია, სადაც სოფლის მეურნეობა (და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობა) სუბსიდიებზე ზის. შედეგად ტრამპის კუთხეში მიმწყვდევა არ გამოვიდა. მით უმეტეს, რომ იაპონია (რომელიც ჯერჯერობით ტრამპის ტარიფებს გადაურჩა) უფრო ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა. 

თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ამით ამერიკამ ბევრი მოიგო. ორიოდ თვის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი, მაკრონი, ტრამპის უახლოეს ევროპელ მეგობარ-კოლეგად აცხადებდა თავს, ახლა კი იგი მისი უპირველესი ევროპელი კრიტიკოსია. ორი წლის წინ, ობამას მმართველობისას, ამერიკამ და ევროკავშირმა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გარშემო თითქმის ყველაფერზე მოილაპარაკეს, მაგრამ ეს ახლა უკვე შორეული წარსულის თემას ჰგავს. ორი წლის წინ ბოლომდე მივიდა წყნარი ოკეანის ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ცალკე ტოვებდა ჩინეთს და ამგვარად ერთგვარად აძლიერებდა ამერიკის პოზიციებს აზიის რეგიონში. მაგრამ ტრამპი ამ შეთანხმებიდან საერთოდ გავიდა. 

„ამერიკა არ არის ყულაბა, საიდანაც ყველა ფულს იპარავს”, - ტრამპის პოლიტიკა კვებეკში გაკეთებული ამ განცხადებით შეიძლება შეფასდეს. მთავარია ამერიკის ეკონომიკური ინტერესები და ამერიკული სამუშაო ადგილები. „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. კვებეკიდან ტრამპი დროზე ადრე წავიდა. სხვა ყველაფერთან ერთად მან უარი თქვა, ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეზე და ასევე არ დაესწრო შეხვედრის ბოლო სხდომებს, სადაც უნდა განხილულიყო ისეთი თემა, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება. რას მოიგებს გრძელვადიან პერიოდში ამერიკა ასეთი მიდგომით, რთული სათქმელია. გასაგებია ლოგიკა, როცა ტრამპი სავაჭრო ტარიფებს ადებს ჩინეთს - ამერიკის გეოპოლიტიკურ მეტოქეს, რომელთანაც ამერიკას დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს. ასევე გასაგებია ტარიფები მექსიკის წინააღმდეგ - ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდი დეფიციტი ამერიკას სწორედ ამ ქვეყანასთან აქვს. მაგრამ დიდი სახელმწიფოსათვის, რომელსაც მსოფლიო ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, ყველაფერი ფულით არ უნდა იზომებოდეს. მით უმეტეს, უახლოეს პარტნიორებთან ურთიერთობაში.      

სანამ დიდი შვიდეული თავის ყველაზე დიდ შოკს გადიოდა, პუტინი ჩინეთს ესტუმრა, სადაც ადგილობრივმა ლიდერმა მას უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო უბოძა. შვიდეულისგან განსხვავებით ორეულის შეხვედრამ სრულ ჰარმონიაში ჩაიარა. პუტინი შვიდეულის შეხვედრას ერთგვარად გამოეხმაურა, განაცხადა რა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების ერთობლივმა ეკონომიკურმა მოცულობამ დიდ შვიდეულის ქვეყნების ერთობლივ ეკონომიკას უკვე გადაასწრო. ეს განაცხადი ბევრს არაფერს ნიშნავს. დავიწყოთ იქიდან, რომ შანხაიმ დიდ შვიდეულს გადაასწრო, თუკი ეკონომიკას მსყიდველობითი უნარიანობით გავზომავთ. აბსოლუტური დათვლის მიხედვით კი დიდი შვიდეული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას სერიოზულად უსწრებს. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ შანხაის წევრებს (რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი) შორის გაცილებით მეტი უთანხმოება და წინააღმდეგობაა, ვიდრე დიდ შვიდეულში. ასე მაგალითად, ინდოეთი საერთოდ არ უჭერს მხარს ჩინეთის „ერთი გზა და ერთი სარტყელის” პროექტს. დაძაბული ურთიერთობებია იმავე ინდოეთსა და პაკისტანს შორის. დიდ შვიდეულს წინ კიდევ რამდენი კვებეკიც არ უნდა ელოდოს და ტრამპა რა დემარშებიც არ უნდა მოაწყოს, მის წევრებს შორის ურთიერთობები მაინც სულ სხვა იქნება. შანხაი ოდესღაც ამერიკის გავლენის დასაბალანსებლად შეიქმნა (მისი უმთავრესი ავტორი რუსეთის ყოფილი საგარეო მინისტრი და პრემიერი, აკადემიკოსი პრიმაკოვი იყო). დიდი შვიდეული კი მართალია კრიზისის დროს იშვა, მაგრამ იგი აერთიანებს დემოკრატიებს, რომელთაც გაცილებით მეტი აქვთ საერთო ერთმანეთში, ვიდრე იმავე რუსეთსა და ჩინეთს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საერთო საბოლოოდ ბოლოდროინდელ წინააღმდეგობებს გადაწონის.

ტრამპი კი კვებეკიდან სინგაპურში გაემგზავრა, სადაც ჩრდილო კორეის ლიდერს შეხვდა. ვნახოთ, რას იზამს ლიდერი, რომელიც მოკავშირეებთანაც საერთო ენას ვერ პოულობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^