Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სინგაპურის სამიტი - როგორ იქცა სავლე პავლედ

14 ივნისი 2018

ერთი სახელმწიფოს ლიდერი სხვა ქვეყანაშია ჩასული, ქუჩაში დადის და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სელფებს იღებს. რატომაც არა, ასე ხომ ბევრი იქცევა. ასე იქცევა ტრუდო, მაკრონი; დასავლეთის და, ალბათ, არა მხოლოდ დასავლეთის ყველა ლიდერი... მაგრამ ამჯერად საუბარი მათზე არაა. საუბარია კიმზე, მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნის ლიდერზე.

დიახ, ასე იქცეოდა კიმი სინგაპურში, სადაც იგი ტრამპს შეხვდა. ყველასგან იზოლირებული, გიჟად და მანიაკად შერაცხული დიქტატორი იქცეოდა როგორც არა მხოლოდ ნორმალური ადამიანი, არამედ როგორც დახვეწილი და პროგრესული ლიდერი. თავად ტრამპთან შეხვედრამაც ისე ჩაიარა, რომ უკეთესს ვერავინ ინატრებდა, მით უმეტეს კი დიდი შვიდეულის ბოლო, სკანდალური და მძიმე სხდომის ფონზე. ყველა კმაყოფილი დარჩა ან კმაყოფილი სახე მიიღო მაინც. კმაყოფილია ტრამპი, რადგან მან შეუძლებელი შეძლო და მოლაპარაკებათა სკამზე დასვა მსოფლიოს ყველაზე პრობლემური ლიდერი. კმაყოფილნი არიან ჩინეთში, სადაც არანაირად არ აწყობთ ომი მათ უშუალო სამეზობლოში. შეიძლება დიდად კმაყოფილი არ არიან რუსეთში (მათ ყველაზე ნაკლები როლი აქვთ ამ პროცესში), მაგრამ ისტორიულ შეხვედრას აქაც მიესალმნენ. ყველაზე, ყველაზე კმაყოფილი კი ალბათ კიმი უნდა იყოს, რომელმაც იზოლაციას თავი დააღწია და თვით ამერიკის პრეზიდენტს თანასწორის რანგში შეხვდა. ჩრდილო კორეული პროპაგანდა აქედან დიდ ამბავს ააგორებს და მსოფლიოს მასშტაბითაც კიმს ახლა უკვე სხვა წონა ექნება.

ეს რაც შეეხება გარეგნულ მხარესა და მოკლევადიან ეფექტს. ახლა გადავიდეთ უშუალოდ მთავარ პრობლემაზე - რამდენად მოგვარდა ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის საკითხი. აი აქ ყველაფერი გაცილებით რთულადაა. კიმმა დაადასტურა რომ იგი თანახმაა, იმუშაოს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლიარიზაციაზე (ბირთვული იარაღისგან გაწმენდაზე), მაგრამ ეს თანხმობა ჯერჯერობით მხოლოდ დეკლარაციის დონეზეა, ასეთი დეკლარაციები კი წარსულში არაერთხელ ყოფილა. გაცილებით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ტრამპის განცხადება სამხრეთ კორეასთან ერთად სამხედრო მეცადინეობების შეჩერების შესახებ. ანუ, შემხვედრ ნაბიჯს უკვე ამერიკა დგამს. მართალია, ტრამპს შეუძლია სამხედრო მეცდინეობები ნებისმიერ მომენტში განაახლოს, მაგრამ, წესით და რიგით, ეს მანამდე მაინც არ უნდა მოხდეს, სანამ ჩრდილო კორეა ამერიკას ამის საბაბს არ მისცემს.

ასეთი საბაბი იქნება მოლაპარაკებათა ჩაშლა, ჩაშლა-არჩაშლა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოსთხოვენ ჩრდილო კორეის რეჟიმს. თუკი მას მოსთხოვენ ბირთვული ტესტების შეჩერებას, მაშინ ყველაფერი იოლად მოგვარდება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ რეჟიმს უკვე აქვს ბირთვული იარაღი, რომელსაც იოლად მიაწვდენს იაპონიას და, მით უმეტეს, სამხრეთ კორეას. ეს უკვე საკმარისია, რათა რეჟიმმა მშვიდად იგრძნოს თავი. მაგრამ რა მოხდება თუკი ჩრდილო კორეას მოსთხოვენ უკვე მის ხელთ არსებული ბირთვული იარაღის ლიკვიდაციას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ? არადა, ეს მოსალოდნელია; ამერიკის საგარეო მინისტრმა პომპეომ სინგაპურში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა სწორედ ამას ისახავს მიზნად და ნაკლებზე არაფრით დათანხმდება.

ასეთ მოთხოვნაზე კიმი ხელაღებით უარს ვერ იტყვის, მით უმეტეს, რომ დენუკლიარიზაციას თავად დაეთანხმა. მაგრამ იგი შეეცდება ყველანაირად გაწელოს მოლაპარაკებები, რათა არ დაუშვას მის ბირთვულ იარაღზე ზედამხედველობის დამყარება. მოლაპარაკებების პარალელურად კი დიქტატორი აუცილებლად შეეცდება დამატებითი უსაფრთხოების გარანტიის მიღებას. გავიხსენოთ, რომ იგი თანხმობას აცხადებს მთელი კორეის დენუკლიარიზაციაზე. ეს კი ნიშნავს, რომ იგი მოითხოვს გარანტიებს, სამხრეთ კორეაში აღარასოდეს განთავსდეს ამერიკული ბირთვული რაკეტები (რომლებიც სამხრეთში 1958 წელს განთავსდა. 1991 წელს ამერიკელებმა ისინი კი გაიტანეს, მაგრამ თუ სულ რაღაც შარშან სამხრეთ კორეის მთავრობა მათი დაბრუნების აუცილებლობაზე ალაპარაკდა). გარდა ამისა, კიმი ალბათ მოითხოვს სამხრეთ კორეაში განთავსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებასაც (როგორც ვარაუდობენ, სინგაპურში ამაზე უკვე იმსჯელეს კიდეც). კადაფის მაგალითი მეტად მრავლისმეტყველია - მან ბირთვული პროგრამა დახურა, მაგრამ შემდეგ მისი რეჟიმი მიწასთან გაასწორეს. შესაბამისად, კიმი მეტად მყარ გარანტიებს მოითხოვს პრინციპით „დილით ფული, საღამოს სკამები”. 

მაგრამ ყველაფერი ეს, რაც სულ რამდენიმე წინადადებაში ჩავატიეთ, წლები გაიწელება. გაწელვა კი ისევ კიმს აწყობს. იქნებ ამასობაში მსოფლიო შეეგუოს მის ბირთვულ ამბიციებს, მით უმეტეს, რომ კიმი ბოლო დროს ნორმალური ადამიანივით იქცევა. ან იქნებ ამერიკის მომავალ ადმინისტრაციას კორეა საერთოდ გადაავიწყდეს. ანაც ორივე ერთად.

ეს ყველაფერი, ცხადია, ვაშინგტონშიც კარგად ესმით და იქ ახლა არჩევანი აქვთ: დაკმაყოფილდნენ სინგაპურში მიღწეული პიარ-ტრიუმფით და ჩრდილო კორეის პრობლემა მიაჩუმათონ თუ გამოიჩინონ პრინციპულობა და გააგრძელონ კიმთან დენუკლიარიზაციაზე მუშაობა. ალბათ ტრამპის ადმინისტრაცია რაღაც შუალედურს აირჩევს: კიმისათვის კატეგორიული მოთხოვნების წაყენება დიდ შედეგს ვერ გამოიღებს და სინგაპურის ტრიუმფსაც გააფუჭებს. ამიტომაც მას უბრალოდ მოლაპარაკების გაგრძელებას შესთავაზებენ, რის წყალობითაც ამერიკა სულ ცოტა გარეგნულად მაინც შეინარჩუნებს ექსკლუზიურ გავლენას კორეის საკითხზე. ასეთი მოლაპარაკებები სულ ცოტა ორი წელი მაინც გაიწელება. ამის შემდეგ კი ამერიკაში არჩევნებია და… და, წესით, კორეაზე უკვე სხვა პრეზიდენტმა უნდა იმტვრიოს თავი. 

აი ეს არის ალბათ პასუხი მთავარ შეკითხვაზე და იგი არც ისე მარტივია. ამიტომაც მიმომხილველები ძირითადად იმაზე აკეთებდნენ აქცენტს, ვინ როგორ იქცეოდა სინგაპურის სამიტზე (ტრამპმა მისალმებისას ტრადიციულად ხელით თავისკენ მოქაჩა კიმი, თავისი მანქანა შიგნიდან დაათვალიერებინა...) და ვინ უფრო მოიგო პიარისა და პრესტიჟის თვალსაზრისით. ვინ უფრო მოიგო ამ მხრივ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ამიტომაც იყო, რომ კიმი მოთმინებით შეხვდა ტრამპის გამოხდომებს და სამიტი არ ჩაშალა. ამ სამიტზე იგი დიდ გათვლებს აკეთებდა და გათვლებმა ნამდვილად გაამართლა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ერთი შეხვედრის შედეგად სავლე პავლედ იქცა და ახლა ალბათ შეეცდება გარე სამყაროსათვის მაინც პავლედ დარჩეს.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

თურქეთი არჩევანის წინაშე

თურქეთში კვირას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო კვლევებში ერდოღანის "სამართლიანობი ...
21 ივნისი
21 ივნისი

სამთო დარტყმა თუ „ადამიანური გადაცდომა" ...

99%-ით შეიძლება ითქვას, რომ ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა არ ყოფილა. ეს უფრ ...
20 ივნისი
20 ივნისი

ბიზნესი ქალების გაძლიერებისთვის და პირიქ ...

გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველოში ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე კაცებთან შედარებით ბევ ...

მეტი

^