Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დუმილის შემზარავი ფასი

18 ივნისი 2018

დავით დოიაშვილის „ტარტიუფი“, როგორც პაზოლინის „თეორემის“ დღევანდელი ანარეკლი

გახსოვთ პიერ-პაოლო პაზოლინის ფილმი „თეორემა“? გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გადაღებული სოციალური, სასტიკი, დაუნდობელი და მძაფრად ანტიბურუაზიული იგავი: როგორ მოხვდება რესპექტაბელურ ოჯახში უცნაური ახალგაზრდა კაცი (ამ როლს ტერენს სტამპი ასრულებს), რომელიც რიგრიგობით ამყარებს სექსუალურ ურთიერთობას ოჯახის ყველა წევრთან - დედასთან, მამასთან, ქალიშვილთან, ვაჟთან, მოსამსახურესთან...  სტუმარი მიდის და ოჯახის ჩვეული ცხოვრება და ბურჟუაზიული რიტუალებიც ბოლომდე სანიმუშოდ ინგრევა. ქალებიც და კაცებიც სტუმრის წასვლის შემდეგ თითქოს აქამდე შეუცნობელ ცხოვრებას „აღმოაჩენენ“ - მოკლედ, ის რაც არ კლავთ და მხოლოდ ტყ...ვთ, მათ ახალ „სულიერ“ ჰიპოსტაზს აპოვნინებთ!

მართალია, დავით დოიაშვილის ახლახან დადგმულ მოლიერის „ტარტიუფში“ (მუსიკისა და დრამის თეატრის მორიგი პრემიერა) ორგონის ოჯახში ჩასახლებული  „უცნაური“ კაცი - ტარტიუფი, უფრო ყველას დასანახად ლოცულობს, ვიდრე მხოლოდ ტყ...ბს ოჯახის წევრებთან, მაგრამ მოლიერი პიესის ფინალისგან განსხვავებით, ის არსადაც არ მიდის და ორგონის ოჯახის ქონებას ეპატრონება!.. სხვათა შორის, სპექტაკლის ლოგიკით ამგვარი რადიკალური ცვლილება სრულიად გამართლებულია, რადგანაც, სინამდვილეში მოლიერის პიესის ფინალი (ფარისეველი ტარტიუფის მხილება და სამართლის ზეიმი) კონიუნქტურულია და რეალურად ლუდოვიკო XIV-ის გულის მოგებას და ცენზურისგან თავდაცვას უფრო გულისხმობდა. თუმცა მოლიერს ამანაც ვერ უშველა და რელიგიური წრეების გავლენითა თუ ზემოქმედებით მეფე იძულებული გახდა პიესა საერთოდ აეკრძალა.

აქვე დავძენ, რომ ჯერ არწარეცხილი ჩემი თეატრალური მეხსიერება მოლიერის „ტატიუფის“ სამ ეროვნულ ვერსიას ინახავს: რეჟისორ ნანა ხატისკაცის მიერ რუსთაველის თეატრში, 80-იან წლებში დადგმულ, კარგი მსახიობებით აღჭურვილ სპექტაკლს  (ორგონი - ავთანდილ მახარაძე, ტარტიუფი - გოგი ხარაბაძე), დავით საყვარელიძის დაახლოებით 10-12 წლის წინანდელ უფრო ელეგანტურ-ირონიულ ვერსიას მიხეილ თუმანიშვილის თეატრიში (ტარტიუფი - გიორგი ნაკაშიძე) და ლევან წულაძის ხალისიან, ფერადსა და ოდნავ მწაკლატე სოციალური გემოთი აღბეჭდილ სანახაობას (რომლის პრემიერითაც, 2013 წელს გაიხნა მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი; ტარტიუფის როლში ზვიად სხირტლაძე). და აი, ამ სამს მეოთხე და, ჩემი აზრით, თეატრალურად ყველზე შთამბეჭდავი დაემატა - დავით დოიაშვილის დადგმული „ტარტიუფი“, რომელშიც მთავარ როლს თეატრისა და ტელევიზიის კოხტად შეთავსების უნარის მქონე გიორგი ბახუტაშვილი ასრულებს.

როდესაც დოიაშვილი კლასიკურ დრამატურგიას მიმართავს, ყოველთვის ზუსტად ითვალისწინებს სად, ვისთვის და რატომ დგამს პიესას და შესაბამისად, მნიშვნელოვნად ცვლის კონტექსტსაც და კონტენტსაც. ასე იყო შექსპირის შემთხვევაში („მაკბეთი“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“ მუსიკისა და დრამის თეატრში), ასე იყო ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში დადგმული ჩეხოვის „ალუბლის ბაღის“ შემთხვევაში (სპექტაკლი 2017 წელს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უჩვენეს) და ასეა ახლაც, როცა მოლიერის კლასიკური ტექსტი რეჟისორის უკიდეგენო ფანტაზიით აღჭურვილ „ხორცსაკეპ მანქანაში“ დაუნდობელ სატირულ, სექსუალურ და სოციალურ დრამად ტრანფორმირდება.

ჟანგისფერ რკინის კედლებს, ასევე რკინის მაგიდასა და სკამებს სცენოგრაფიულ ანტირითმად უზარმაზარი ჭაღი გასდევს, რომელიც მხოლოდ მეორე მოქმედებაში ჩეხოვის თოფივით „გაისვრის“. ის, რომ რეჟისორი სცენოგრაფიასაც ითავსებს, ერთი მხრივ აზუსტებს და ამთლიანებს სათქმელს ორი პროფესიის საერთო ნიშნების შესახებ, თუმცა, მეორე მხრივ, აჩენს კითხვებს მათი სავალდებულო და ხშირად აუცილებელი გამიჯვნის გამო. თუმცა ეს ცალკე სერიოზული მსჯელობის საგანია. „ტარტიუფის“ შემთხევაში კი რეჟისორულ-სცენოგრაფიული კონცეფციის მთლიანობა გაცილებით ზუსტი და გასაგებია, ვიდრე ერთმანეთს დაშორებული.

ტექსტში ხალისიანი ქირურგიული ჩარევით  (ადაპტირებული ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძე) ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ორგონის ოჯახში გათამაშებული სცენები სადღაც აქვე, ჩვენს გვერდით თამაშდება. დისტანციის საგანგებო შემცირება კლასიკურ დრამატურგიასთან  ლამის სავალდებულო ჟესტად იქცა თანამედროვე ევროპულ თეატრშიც. ყველა ცნობილი რეჟისორი, ლეპაჟ-შეროთი დაწყებული, მარტალერ-ფაბრით დამთავრებული, ცდილობს ტექსტი „მოაქციოს“ და თანამედროვე ენაზე გასაგები გახადოს თეატრში მისული მაყურებლისთვის. ტექსტის დაჩეხვა-დამონტაჟება და პიესის მონოლოგების საოპერო კვარტეტ-კვინტეტებად გადანაწილება მსახიობებზე არამხოლოდ ირონიული და თავშესაქცევია, არამედ გასაგები და ზუსტი გზავნილების შემცველიც.

მთელი პირველი აქტი გაშმაგებულ ტემპში მიმდინარეობს და პერსონაჟების მოულოდნელი აქტიორული კულბიტებითა თუ მეტამორფოზებითაა გამორჩეული. დორინი - ნატა ბერეჟიანი, ამ დიდი, ჟანგმოდებული სახლის პატარა და ხალისიან დიასახლისად გვევლინება, კლეანტი - გიგი ქარსელაძე, ამავე სახლის „მგალობელი ჩიტია“, რომელიც ლამის რეჩიტატივივით უთავსებს თავის მონოლოგს თანმხლებ მენდელსონის სიმფონიურ მუსიკას, მარიანა - ანა წერეთელი, ინფანტილურ გოგონაა, რომელიც მექანიკურად იმეორებს სხვების რეპლიკებს და სათამაშო დათვს დაათრევს, დამისი - ჯეჯი სხირტლაძე, მოქმედი ნარკომანის იდეალური პლასტიკით მხოლოდ „განრისხების“ პაროდიას აღწერს, ვალერი - შაკო მირიანაშვილი, საოცარი იმპროვიზაციითა და სილაღით ახერებს ქუსლებზეც იდგეს და „ფღანგულადაც ილაპაღაკოს“, ქალბატონი პერნელის (ნონო გომართელი) ტარტიუფისადმი ფანატიკური რწმენა აკვიატებასა და ლამის სიშლეგეს უტოლდება ფორმულით - „თქვენ არ გჯერათ, რადგან რწმენა გაკლიათ“... 

პირველი აქტის მთელი ეს ირონიული, ფერადი, თავაწყვეტილი თამაშის სტიქია, რომელსაც თან სდევს მენდელსონის სიმფონიური უვერტურა „ზაფხულის ღამის სიზმრიდან“, მეორე მოქმედებაში შეიცვლება შავ-თეთრი, გრაფიული ტონალობითა და კოსტიუმებით (კოსტიუმების მხატვარი ანანო მოსიძე).  ეს მოულოდნელი ტრანფორმაცია მსახიობთა თამაშის ხერხებზეც აისახება. ისინი თითქოს ხელახლა აღმოაჩენენ კარგად დავიწყებულ „ფსიქოლოგიურ თეატრს“ და სწორედ ტონალობის ეს ცვლილება, ახალი შტრიხების შემოტანა და მოულოდნელი დრამატული სიმძიმე განაპირობებს სპექტაკლის ახლებულ რიტმს, რაც გვეხმარება ორგონის ოჯახის  შემზარავ რეალობა დავინახოთ.

სწორედ რომ შემზარავია სცენა, როდესაც ორგონი (ტატო ჩახუნაშვილი) ოჯახის წევრებს აიძულებს ფეხები დაუკოცნონ ტარტიუფს, რომელიც მანამდე თვითვგვემისა თუ რელიგიური ექატაზის სცენას ნამდვილი არტისტივით გაითამაშებს (გიორგი ბახუტაშვილის ტარტიუფი ჟანგმოდებულ, რკინის კედლებს რანდენიმეჯერ ეხეთქება და ძირს ვარდება). მოჩვენებითი ღვთისმოსაობისა და ფარისველობის მთელი ეს კასკადი მრისხანებად იქცევა, რადგან ვერცერთი მათგანი ღვთის სახელით გამოცხადებულ ამ ფარსს წინ არ და ვერ აღუდგება და სწორედ ესაა დავით დოიაშვილის მიერ კლასიკურ ტექსტში ჩატარებული „არქეოლოგიური გათხრების“ კიდევ ერთი მიგნება - ბოროტება, თამაშ-თამაშით მოდის და რომელიც უპასუხოდ რჩება, განწირულია წახალისებისთვის.

და მაინც, ყველაზე არსებითი და დრამატული ამ სპექტაკლში „ხაფანგის“ ცნობილი სცენაა, როდსაც ელმირა (ეკა დემეტრაძე) ტარტიუფს „სექსუალურ გამოცდას“ უწყობს და ქმარს, ორგონს მაგიდის ქვეშ შეძრომას აიძულებს. სწორედ ამ 40- წუთიან, დამქანველ, ხანგრძლივ, მაგრამ მსახიობთა ტრიოს მიერ შესანიშნავად გათამაშებულ ეპიზოდში, ირეკლება ზემოხსენებული პაზოლინის ფილმის თემაც: შეუძლებელი სოციალური მრისხანება და ურიცხვი სექსუალური კომპლექსები, ფარისველობის ზეიმი და ორგონის ოჯახის ძალადობის წინაშე უძლურება. რის გამოც ტარტიუფი ორგონის ოჯახს თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით ეპატრონება...

ამ სცენას თან სდევს ჰენდელის ცნობილი საფორტეპიანო მენუეტი (HWW 44, სოლ მინორი), რომელსაც უამრავი პიანისტი ასრულებს, ვილჰელმ კემპფით დაწყებული, ხატია ბუნიათიშვილით დამთავრებული. ის ბაროკოს, ანუ მოლიერის ეპოქის სულსაც გამოხატავს და დღევანდელ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ანარეკლებსაც ითავსებს. სინამდვილეში ყველაზე შემზარავი მაინც ორგონების დუმილია, რომელთა თანხმობითაც ტრატიუფების ფარისევლობით დაღდასმული ყველა „თამაში“ სწორედ ასე მთავრდება; რადგან, ვინც „არას“ არ ამბობს, სწორედ ის აგებს პასუხს დუმილისა და მომხდარის გამო! 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^