Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიზნესი ქალების გაძლიერებისთვის და პირიქით

20 ივნისი 2018

გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველოში ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე კაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებია:

  • შრომის ბაზარზე ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლით საქართველო 144 ქვეყნიდან 86- ე ადგილზეა;
  • თანაბარი ღირებულების შრომის ანაზღაურებით 45-ე ადგილს იკავებს; 
  • საქართველოში კაცის საშუალო წლიური შემოსავალი მაღალია ქალის საშუალო წლიურ შემოსავალზე.   2015 წელს,  ქალების საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა შეადგინა 693 ლარი, ხოლო კაცების - 1 074 ლარი.  წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სადაზღვევო კომპანია  „ჯიპიაი ჰოლდინგმა“  2016-2017 წლებში დასაქმების ფორუმი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში 500-მდე ადამიანი დასაქმდა. დასაქმების პროექტს ასაკობრივი და პროფესიული შეზღუდვა არ ჰქონდა  და  კომპანიაში დასაქმებულთა 80%-ზე მეტი ქალია. ფორუმი მიზნად ისახავდა ქალების გაძლიერებას ბიზნესსექტორში. აღსანიშნავია, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“  „სიდას“  სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელიც  ბიზნესსექტორში ქალთა გაძლიერებისთვის შეიქმნა. „სიდა“ ამ ჯგუფის ფარგლებში კომპანიებისთვის უზრუნველყოფს  საკონსულტაციო და ტექნიკურ დახმარებას. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გაძლიერებაზე მუშაობს. მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესსექტორში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა. პლატფორმების, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისა და გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მეშვეობით.

45 წლის ინგა ჩივიაშვილი დასაქმების ფორუმის მეშვეობით „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დასაქმდა.  პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი, მეღვინეა. წლების წინ თავისი პროფესიით მუშაობდა, თუმცა შემდეგ სამსახურიდან წამოსვლა მოუხდა. დაოჯახდა, შვილები გააჩინა.  მოგვიანებით ისევ სცადა თავისი პროფესიით დასაქმება, მაგრამ ვეღარ შეძლო. ამბობს, რომ ამ პროფესიით დასაქმება, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, პრობლემურია,  თუმცა ამასთან ერთად უკვე თავსაც ვეღარ ხედავდა ამ პროფესიაში.

 ის დასაქმებას, განვითარებასა და პროფესიულ რეალიზებას სხვადასხვა სფეროში ცდილობდა. 

„მუდმივად ვცდილობდი განვითარებას. ამ მცდელობების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი საგანი კარგად ვიცოდი და შემეძლო ბავშვების მეცადინეობა. შესაბამისად, გადავწყვიტე, ჩამებარებინა გამოცდა და სკოლაში მასწავლებლად მემუშავა. გამოცდა პირველივე ცდაზე წარმატებით ჩავაბარე და ავიღე სერტიფიკატი, პარალელურად მათემატიკაში ბავშვების მეცადინეობას ვაგრძელებდი“, - ამბობს ის. 

თუმცა მოგვიანებით  ინგამ გაიგო, რომ დასაქმების ფორუმი გამოცხადდა და მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.  გაიარა გასაუბრება, ტრენინგი, ტესტირება და დაიწყო მუშაობა.

ინგა ახლა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების ჯგუფის უფროსია. კომპანიაში ის პოზიციურად დაწინაურდა.

 მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავს რეალიზებულად გრძნობდეს. ამბობს, რომ ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც დასაქმებისას პროფესიულ შესაძლებლობებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან ხშირ შემთხვევაში დასაქმება ნეპოტიზმით ხდებოდა.

„ყველა ქალი უნდა იყოს რეალიზებული და ეს რეალიზება  მხოლოდ სამზარეულოში არ უნდა გამოიხატებოდეს.

აქ   შექმნილ გარემოში, თუ არ გყავდა ვინმე, ბიძა, მეზობელი, ნათლია, ვერ დასაქმდებოდი. ჩვენი თაობა ასე გაიზარდა. იყო გვარები, ოჯახები, რომლებიც სოციალურად წელში  გამართული იყვნენ. ამიტომ ქალები მუდამ დიასახლისები იყვნენ და მუდამ ჩრდილში იდგნენ“, - ამბობს ინგა.

ის იმედოვნებს, რომ ამ  კომპანიის მაგალითს გაიზიარებენ  სხვა კომპანიები, რაც ქვეყანას როგორც სოციალურ, ისე ბიზნესსარგებელს მოუტანს.

ია თოდრიაც „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მუშაობს. ის 50 წლისაა და ამ დასაქმების ფორუმის მეშვეობით საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა. ფიქრობს, რომ კარგად ართმევს თავს სამსახურს, წარმატებულია ამ სფეროში და სურს, რომ უფრო მეტი ისწავლოს და განვითარდეს პროფესიულად. ია აღნიშნულ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერია.

ია  ქიმიკოსია. მუშაობდა „სანეპიდ სადგურში“ კვების ექიმ-ლაბორანტად. სადგური  ქვეყანაში შემქნილი ვითარების გამო დაიხურა და იაც უმუშევარი დარჩა.  მიუხედავად მცდელობებისა, დასაქმებულიყო თავისი პროფესიით, მან ეს მაშინ ვერ შეძლო, ამასთან შექმნა ოჯახი, ჰყავს შვილები.

„გადავწყვიტე, რომ ოჯახს დავხმარებოდი.  მე  რომ მომენდომებინა რაღაც ახალი, ახალ სფეროში წასვლა, აუცილებლად შევძლებდი, უბრალოდ სხვა საჭიროება იყო. სახლში არასდროს ვმჯდარვარ. სამსახური  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემს ოჯახშიც ყველა მუშაობდა. დედაჩემი ის ქალი იყო, რომელიც გადაწყვეტილებასაც იღებდა, თანამდებობაც ჰქონდა და ა.შ. ჩემი შვილებიც უკვე დასაქმებული არიან..  ასე რომ, ქალის როლი ჩვენს ოჯახსა და სამსახურში მნიშვნელოვანი იყო“, - ამბობს ია.

ია თოდრია ამბობს, რომ სამუშაო პროცესი მისთვის სასიამოვნოა და მომავალშიც ამ პროფესიაში ხედავს თავის თავს. 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამის მენეჯერი ვახო კორძაია ამბობს, რომ კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფორმატში განხორციელებულ პროექტებს შორის ეს პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. აღნიშნულ ვაკანსიაზე პრიორიტეტი არ იყო პროფესიული განათლება, არ იყო გადამწყვეტი არც გამოცდილება და არც ასაკი.  კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო დასაქმებულის  მოტივაცია.  გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე დასაქმების მსურველი მზად უნდა ყოფილიყო ახალი პროფესიული უნარების შეძენისთვის. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდათ ექვსთვიანი მოსამზადებელი ტრენინგი, რომელიც ანაზღაურებადი იყო. დასაქმებული ქალები საშუალო და საშუალო ასაკს გადაცილებული არიან. 

„მინიმალური ასაკი მითითებული გვქონდა 25 წელი და ზედა ზღვარი შეუზღუდავი იყო.  დავასაქმეთ საპენსიო ასაკის ქალებიც. ყველაზე ასაკიანი „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ფოთის ფილიალში მუშაობს. ის 69 წლის ქალია, რომელმაც 2017 წელს, აგვისტოში დაიწყო  მუშაობა გაყიდვების მენეჯერად და დღემდე ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელია“, - ამბობს ვახო კორძაია.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. დასაქმების ფორუმი 2016-2017 წლებში გაიმართა. 2016 წელს შერჩეული კანდიდატების 89% ქალი იყო. 2017 წელს კი დასაქმების ფორუმი თბილისის გარეთ გავიდა და საქართველოს 5 ქალაქში ჩატარდა , ამჯერადაც შერჩეული კანდიდატების 83% ქალი იყო.

„საინტერესო გათვლა იყო, რომ ძირითადად ვეძებდით დიასახლისებს, რომლებმაც შვილები წამოზარდეს, ბევრი თავისუფალი დრო და ახალი კარიერის დაწყების სურვილი ჰქონდათ. ბუნებრივადაც ისე აღმოჩნდა, რომ ძირითადად მსურველებიც და დასაქმებულებიც ქალები აღმოჩნდნენ“.

ვახო კორძაია ამბობს, რომ დასაქმების ეს ფორუმი საქართველოში ინოვაციური, ახალი იყო. მისი თქმით, რადგან მსგავსი გამოცდილება ბაზარზე არ იყო, ეს გარკვეულწილად საფრთხისშემცველი იყო    კომპანიისთვის. თუმცა საბოლოოდ  კორპორაციული პასუხიმგებლობის ფარგლებში დაწყებულმა პროექტმა როგორც საზოგადოებისთვის, ისე კომპანიისთვის დადებითი შედეგი მოიტანა.

„ერთი მხრივ, გაიზარდა კომპანიის გაყიდვები, რა თქმა უნდა, და მეორე: ის ადამიანები, რომლებმაც მუშაობა დაიწყეს, ამბობენ, რომ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თავდაჯერებულნი არიან სახლშიც, სამსახურშიც. ორმაგი სარგებელი მივიღეთ და ჩვენი მიზანიც ეს იყო“, -ამბობს ის.

წელს კომპანია დასაქმების მსგავსი ფორუმის გამართვას აღარ გეგმავს. კორძაიას თქმით, ახლა მათი მთავარი მიზანი დასაქმებულების პროფესიული გაზრდა და მათი გამოცდილების სხვა კომპანიებისთვის გაზიარებაა.

მაკენზის კვლევის მიხედვით ,კომპანიებს, რომლებშიც ქალთა წარმომადგენლობა მაღალ მენეჯერულ პოზიციებზეა:

  • 42%-ით უკეთესი მაჩვენებელი აქვთ გაყიდვების მიმართულებით;
  • 66%-ით მაღალია ამ კომპანიების ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე;
  • კომპანიის თანამშრომლები 22%-ით უფრო    პროდუქტიულები  არიან;
  • ბიზნესის მომგებიანობა 27%-ით უფრო მაღალია;

მომხმარებელთა კმაყოფილება კომპანიის მიმართ 39%-ით უფრო მაღალია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქალთა გაძლიერება ბიზნესსექტორში ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ორგანიზაცია სხვადასხვა კომპანიასთან   მუშაობს. მისი თქმით, ქალთა გაძლიერების პრინციპები გაერო-ს მიერ მიღებული ინსტრუმენტია, რომელიც გულისხმობს ქალთა გაძლიერებას სამი მიმართულებით - დასაქმების ადგილზე, ბაზარზე და საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც კომპანიის წარმომადგენლები   არიან. „ჯიპიაი ჰოლდინგიც“ ამ სამუშაო ჯგუფის წევრია.

„ჩვენი მიზანია, ბიზნესმა გააცნობიეროს, რომ, ქალების გაძლიერება არა მხოლოდ საზოგადოებისთვის არის კარგი, არამედ ასევე მომგებიანია ბიზნესისთვის. ამ შემთხვევაში აღნიშნულმა კომპანიამ ქალთა გაძლიერების პროექტის განხორციელების შედეგად დათვალა სტატისტიკურად რამდენად გაიზარდა მომხმარებლების კმაყოფილება, რამდენად გაიზარდა თანამშრომლების ლოიალურობა და პროდუქტიულობა“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

„სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ბიზნეს  სექტორში ქალთა გაძლიერების  სამუშაო ჯგუფში ამჟამად 17 კომპანიაა ჩართული და როგორც ის აცხადებს, დაგეგმილია, რომ 2020 წლისთვის კომპანიების რაოდენობა 60-მდე გაიზარდოს.

ინგა ჩივიაშვილი:

„მე არ და ვერ ვიტყვი, რომ  სუსტი ადამიანი ვარ, მე ვარ ძალიან ძლიერი ქალი და ჩემს გარშემოც მინდა, იყვნენ ძლიერი ქალები. სწორედ ამიტომ,  ძალიან კარგი იქნება, თუ ჯიპიაი ჰოლდინგის მაგალითს გაიზიარებს ყველა კომპანია და დაასაქმებს ქალებს. პირველ რიგში თვითონ დარჩებიან მოგებულნი“. 

_________________________________

სტატია მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ინიციატივით ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^