Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIM[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კლასიკურნი, ფეხმარდნი და ხელმრუდენი...

28 ივნისი 2018
თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალზე ქორეოგრაფ მედი ვალერსკის Orawa-ს მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა და უკვე პირველივე განაცხადი - საფესტივალო პროგრამა, კლასიკურ და თანამედროვე ქორეოგრაფიის გადაკვეთას, ურთიერთობასა და ძიების პროცესს გულისხმობდა. წელს ფესტივალი მეორედ იმართება და მასში თბილისის ბალეტის დასთან ერთად, მსოფლიოში ცნობილი საბალეტო დასები - Spellbound Contemporary Ballet (იტალია), ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2) მონაწილეობენ. გარდა ამისა, ფესტივალს სტუმრობს ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, რომელმაც 26 ივნისს „რომეო და ჯულიეტაში“ (მახაილ ლავროვსკის ქორეოგრაფიული ვერსია, რომელიც თბილისში გასულ წელს დაიდგა) სახელოვან პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან ერთად, დაუვიწყარი საღამო აჩუქა კლასიკური ბალეტის მოყვარულებს.   

მანამდე, 23-24 ივნისს, საფესტივალო პროგრამის პირველ დღეებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენა თანამედროვე ქორეოგრაფიას დაეთმო: ფრანგი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, მედი ვალერსკის ორი, დაახლოებით 25-წუთიანი კომპოზიცია - Petite Cérémonie და Orawa (მსოფლიო პრემიერა თბილისის საბალეტო დასის მონაწილეობით) ნამდვილად აღუძრავდა ქორეომანებს დიალოგისა თუ დისკუსიის სურვილს.

სახელწოდება „Petite Cérémonie“ („პატარა ცერემონია“) მოცარტის, ბელინის, ჰარტისა და ვივალდის ნაწარმოების თანხლებით, ცხადია, შეგვახსენებს ირჟი კილიანის ირონიული ქორეოგრაფიის სურნელსაც, რომლის ამავე სახელწოდების ბალეტი მოცარტის მუსიკის თანხლებით, წლების განმავლობაში იდგმებოდა NDT-ს სცენაზე. სხვათა შორის, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ასევე წარმატებით დაიდგა  ირჟი კილიანის Sesch Tanze, რომელიც დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის უშუალო ძალისხმევის შედეგია. ცნობილმა ბალერინამ ბევრი რამ გააკეთა თანამედროვე ბალეტის დასამკვიდრებლად თეატრის რეპერტუარში. ირჟი კილიანის, თრეი მაკენტაირის, ალექსეი რატმანსისა და სხვა ცნობილი ქორეოგრაფების წარმოდგენები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე სწორედ ამის დასტურია.

რაც შეეხება მედი ვალერსკის ქორეოგრაფიას, რომელიც წლების განმავლობაში სახელგანთქმულ ნიდერლანების ცეკვის თეატრში ცეკვავდა, მისი ინტერპეტაციით Petite Cérémonie ეს არის სრულყოფილებისთვის ძიება თუ ბრძოლა; შესაძლოა, ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავებულობის „გაზომვაც“ (წარმოდგენაში ჩართულია საკმაოდ ირონიული ტექსტიც ქალისა და კაცის ტვინის შესაძლებლობების შესახებ) და კიდევ ბევრი რამ, რასაც კონცეფციას უწოდებენ, რაც ზოგჯერ სრულიად ხელოვნურია. თუმცა არა ამ შემთხვევაში, რადგან ქორეოგრაფმა კარგად შეისწავლა მოცეკვავეთა შესაძლებლობანი და მათ ცერემონიაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა.

Petite Cérémonie-ში მთავარი მაინც ქორეოგრაფის დახვეწილი ირონიაა, რომელიც ცარიელ სცენურ სივრცეში, თეთრი კუბების ამარა დარჩენილ ოცამდე მოცეკვავეს „აიძულებს“ მსუბუქად ფეხმარდი და გეომეტრიულად ხელმრუდი მოძრაობები ეკონომიურად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე „მოქსოვონ“. ვივალდის „წელიწადის დროები“ ფინალში უფრო ამ ქორეოირონიის პატარა, ეფექტური „გვირგვინია“, რომელიც შავებში გამოწყობილ მოცეკვავეებს ნამდვილად უხდება. ცალკე შეიძლება ვისაუბროთ თავად თბილისის საბალეტო დასის მოცეკვავეების შესახებ, რომელთაც მედი ვალერსკის, ანუ თანამედროვე ქორეოგრაფიის ენა ისე აითვისეს, რომ თამამად შეუძლიათ ამ „ენაზე“ საუბარი.

საბალეტო ფესტივალის გახსნის მთავარ მოვლენად იქცა მედი ვალერსკის ქორეოგრაფიული კომპოზიცია Orawa,  რომელშიც თბილისის საბალეტო დასის 23 მოცეკვავე მონაწილეობს და რომლის პრემიერა, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ცეკვის ათვისება-სრულყოფაში მათ მნიშვნელოვნად დაეხმარებათ. Orawa  თანამედროვე პოლონელი კომპოზიტორის, ვოიცეხ კილარის (1932-2013) სიმფონიური ფორმის ნაწარმოებს ეყრდნობა, რომელშიც იგორ სტრავინსკისა და ბელ ბარტოკის მუსიკალური ტრადიციების გავლენაც იგრძნობა და გასული საუკუნის 60-იანი წლების პოლონური მუსიკალური ავანგარდისაც (კშიშტოფ პენდერეცკი და ჰენრიკ გურეცკი).

სხვათა შორის, ვოიცეხ კილარი თანამშრომლობდა პოლონური კინოს ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა, ეჟი ჰოფმანი, კშიშტოფ ზანუსი, რომან პოლანსკი და კშიშტოფ კიშლოვსკი. მის მუსიკაში ერთდროულად იგრძნობა დოდეკაფონიისა და ნეოკლასიკის გავლენაც. განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიტორს ისევ კინომ მოუტანა, როდესაც 1992 წელს შექმნა მუსიკა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმისათვის „დრაკულა“.

კილარის მუსიკა ჩაკეტილ, გეომეტრიული ფორმის სცენურ სივრცესთან და შავ-თეთრ კოსტიუმებთან ერთად, ნამდვილად ქმნის ნეოექსპრესიონისტულ ატმოსფეროს, რომელშიც მედი ვალერსკის კონცეფცია ძალიან ზუსტ და ამავდროულად ძუნწ, გამომსახველ ქორეოგრაფიულ საშუალებებს ეყრდნობა. მოცეკვავეთა მუდმივი მოძრაობანი თანდათანობით გამძაფრებული რიტმით თითქოს ერწყმის მუსიკალურ ლანდშაფტს, სადაც ტატრას მთების მომნუსხველობა და მთის მდინარების გამჭვირვალება-სიცივე იგრძნობა. ქორეოგრაფია თითქმის არ ტოვებს ადგილს და სივრცეს მოცეკვავეთა ინდივიდუალური ძალისხმევისა და „თვითგანწირვისათვის“. გაცილებით მნიშვნელოვანია კოლექტიური და ჯგუფური კომპოზიციები, რომლებიც უფრო სკულპტურული ფორმისაა და მუსიკასთან ჰარმონიაში საოცარ ეფექტს ქმნის. ექსპრესია, ენერგია და სინქრონულობა Orawas ლამის ხარისხის ნიშანია, რომელსაც იმედია, მოცეკვავეები მომავალშიც შეინარჩუნებენ, როდესაც მედი ვალენსკის საბალეტო ოპუსი თეატრის რეპერტუარში დარჩება.

თბილისის საბალეტო ფესტივალს პირველად ესტუმრა Spellbound Contemporary Ballet იტალიიდან. მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია სტუმრებმა ორი კომპოზიციით გაგვაცნეს - Formami და Rossini Ouvertures. გაცილებით შთამბეჭდავი მეორე კომპოზიცია იყო, რომელიც როსინის ოპერების უვერტურას ეყრდნობა. თუმცა, მედი ვალერსკის ორივე ბალეტმა (Orawa და Petite Cérémonie) იტალიური დასის ფერადოვანი და ოდნავ გროტესკული ძალისხმევა მაინც გააფერმკთალა. ფესტივალს 1 ივლისს დახურავს „მძინარე მზეთუნახავი“. ამ გალა-პერფორმანსში თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მარსელო გომესი და პარიზის ნაციონალური ბალეტის ვარსკვლავები - ამანდინ ალბისონი და  ჟერემი-ლუ კერი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივლისი
15 ივლისი

უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა - გადა ...

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამერიკელთა ცხოვრებაზე მომავალი ათწლეულებისა და ხშირად ასწლეულების მან ...
12 ივლისი
12 ივლისი

„ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა იციან რა მოხ ...

„უფროსმა თაობამ ქართული ენა არ იცის, ამიტომაც საქართველოში მომხდარი ამბების შესახებ აზერბაიჯანის ტელევიზიებიდან ვი ...
12 ივლისი
12 ივლისი

როგორ პირობებში სწავლობენ ახალი მამუდლოს ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ მამუდლოში მცხოვრები 78 ბავშვი ავარიულ სკოლაში სწავლობს. ახალ მამუდლოში ძირითადად ე ...

მეტი

^