Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფელი სეიდგოჯალო - “წვიმის დროს აქ ისეთი ტალახია, საქონელიც არ გაივლის”

30 ივნისი 2018

სოფელი სეიდგოჯალო, სადაც 500-მდე ადამიანი ცხოვრობს, მარნეულიდან 21 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი სოფლის ერთადერთი გზა ამორტიზებულია. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია გზის შეკეთებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ.

სეიდგოჯალოელი 48 წლის ასგერ მამედოვისთვის, ისევე როგორც სოფლის ყველა სხვა მცხოვრებისთვის, შემოსავლის ერთადერთი წყარო მის მიერ მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული ფულია. სეიდი ამბობს, რომ უგზოობის გამო  მოსავლის გაყიდვა უჭირთ: „ცუდი გზის გამო ჩვენს სოფელში მყიდველი არ მოდის, აქ მოსვლა არავის უნდა. იძულებულები ვართ, პროდუქტი ბაზარში ჩვენ თვითონ წავიღოთ. კარგი გზა რომ იყოს, მყიდველი თვითონ მოვიდოდა და ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნებოდა: გზის ფული მაინც დაგვრჩებოდა უკან.”

სეიდგოჯალოში მცხოვრები თემურ მამედოვი აცხადებს, რომ ამორტიზებული გზის გამო სოფელში დროულად მისვლა ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსაც უჭირთ: "ავადმყოფი დედა მყავს. ამას წინათ სასწრაფო გამოვიძახეთ და ორი საათის დაგვიანებით მოვიდა. სახლში ყველას გვყავს ავადმყოფი ან ბავშვი. შესაძლოა, სასწრაფო დახმარების დაგვიანება ერთხელაც სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს.”

აიდა ქერიმოვას რძალი ხუთი თვის ორსულია. რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. "სასწრაფო გვიან მოვიდა. ამის გამო ჩემი რძლის მდგომარეობა გაუარესდა. რამდენი ხანია ვითხოვთ გზის გაკეთებას, მაგრამ არ აკეთებენ,” - ამბობს აიდა ქერიმოვა.

სოფელს არც სკოლა აქვს. ამის გამო სეიდგოჯალოელი ბავშვები მეზობელ სოფელში, არაფლოში დადიან. „უამინდობის დროს ბავშვები სკოლას აცდენენ. მანქანას, რომლითაც ბავშვები სკოლაში დადიან, ჩვენი ფულით ვქირაობთ. ზამთარში ამ გზაზე სიარული მანქანასაც უჭირს. არ ვიცით, ვის შევჩივლოთ, რადგან ჩვენი პრობლემებით არავინ ინტერესდება. ჩვენს სოფელში მხოლოდ არჩევნების დროს მოდიან და გვეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერს მოაგვარებენ. წლებია, ასეთ პირობებში ვცხოვრობთ. წვიმის დროს აქ ისეთი ტალახია, საქონელიც არ გაივლის,”- ამბობს სეიდგოჯალოელი აფეთ ისმაილოვა.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სოფელ სეიდგოჯალოსთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საკითხი “დღის წესრიგში დგას”, თუმცა, ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^