Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

83 წლის ქალი ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს - “ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია”

04 ივლისი 2018

83 წლის ჰამაილ სარიევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოში, ნახევრად დანგრეულ სახლში მარტო ცხოვრობს. სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს და მარტოხელა მოხუცი ნანგრევებში მოიყოლოს.

ულაშლოში რომ მიხვიდეთ, მარნეულიდან 26 კმ უნდა გაიაროთ. ის კასუმლოს თემის ერთ-ერთი სოფელია. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში 700-მდე ადამიანი ცხოვრობს. გაჭირვების და უმუშევრობის გამო ულაშლოს ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ტოვებს: 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ამ სოფელში 859 ადამიანს უცხოვრია. საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასულები ჰამაილ სარიევას შვილებიც. ის ახლა ნახევრადდანგრეულ სახლში მარტოდმარტო ცხოვრობს. მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო 180-ლარიანი პენსიაა.

“180 ლარი პენსია არ მყოფნის. მოხუცი ვარ და მუდმივად მჭირდება წამლები. მედიკამენტები რომ ვიყიდო, მარნეულში ტაქსით უნდა წავიდე. ვცდილობ, წამლები ისე ვიყიდო, რომ  ცოტა საჭმელის ფულიც დამრჩეს. ზამთარში შეშა უნდა ვიყიდო და  როგორმე ეს დანგრეული სახლი გავათბო. სახლის შეკეთებას მე ვერ მოვახერებ. შვილები და შვილიშვილები ვერ მეხმარებიან და არც სახელმწიფო ზრუნავს ჩემზე,” - ამბობს ჰამაილი.

ჰამაილის სახლის ერთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. დაზიანებულია სახლის სახურავიც, სადანაც წვიმის დროს წყალი ჩამოდის. “ყველაზე ძალიან წვიმის მეშინია. არ ვიცი, ამ დროს სად წავიდე და რას შევაფარო თავი. ყოველი წვიმა კიდევ უფრო ანგრევს ამ სახლს. ძალიან განვიცდი, რომ ჩემი სახსრებით სახლის შეკეთება არ შემიძლია,“ - ჩივის ჰამაილი.

ახლაც ორი თვის პენსია წინასწარ გამოიტანა: მხედველობის პრობლემის გამო თვალის ოპერაცია უნდა გაიკეთოს. როგორც პენსიონერს, ოპერაციისთვის საჭირო თანხის დიდ ნაწილს საყოველთაო დაზღვევა უფინანსებს, მაგრამ 207 ლარი თვითონ უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, წამლებიც უნდა იყიდოს. “ოპერაციის შემდეგ ამ  ნახევრადდანგრეულ სახლში ისევ მარტო დავრჩები. ხანდახან ვფიქრობ, რომ ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია. ერთ დღეს ალბათ სახურავიც ჩამოინგრევა, ქვეშ მომიყოლებს და მოვკვდები. არ ვიცი, ვინ შეიძლება დამეხმაროს, ან დახმარებისთვის ვის უნდა მივმართო,”  - ამბობს მოხუცებული.

ჰამაილ სარიევა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რუსლან ჰაჯიევმა მოინახულა. “ამ სახლში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. ჰამაილ სარიევას სახლის შეკეთებაში აუცილებლად დავეხმარებით,” - აცხადებს ჰაჯიევი.   

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^