Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს განათლების სისტემისადმი ნდობა განათლებაზე დახარჯულ წლებთან ერთად იკლებს

06 ივლისი 2018

ათანასიოს კიპუროსი 

ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD)  მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლის მოსწავლეთა მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნებისა და კითხვის უნარები 2006 წლის შემდეგ გაუმჯობესდა, თუმცა  ქვეყანა კვლევის სხვა მონაწილე სახელმწიფოთა შორის მაინც ბოლო ადგილს იკავებს. განათლების სისტემაში რეგიონული უთანასწორობაც არსებობს: სოფლებში მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უფრო დაბალი მოსწრება აქვთ, ვიდრე - ქალაქებში. ამ საკითხების გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეტი დრო გაატარეს, ამ სისტემას ნაკლებად ენდობოდნენ.

მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (43%) განათლების სისტემას ნაწილობრივ ან კიდევ - სრულად ენდობა. თუმცა ისინი, ვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხანგრძლივად ჰქონია ურთიერთობა, ნდობას უფრო ნაკლებად გამოხატავენ, ვიდრე - უფრო ნაკლები განათლების მქონე ადამიანები. რეგრესიული ანალიზის თანახმად, განხილული ურთიერთკავშირი რესპონდენტის საცხოვრებელი ადგილის (თბილისი, სხვა ქალაქები, ან სოფელი), ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, შინამეურნეობის ეკონომიკური კეთილდღეობის (გამოთვლილია საყოფაცხოვრებო ნივთების რაოდენობის მიხედვით, რომლებსაც ოჯახი ფლობს) და ოჯახში არასწრულწლოვანი წევრების არსებობის გათვალისწინების შემთხვევაშიც ნარჩუნდება.

შენიშვნა: ორივე კითხვისთვის პასუხები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ გამოირიცხა ანალიზიდან. დიაგრამაზე ნაჩვენები ზედა ზღვრული ხაზი ასახავს პასუხების შესაძლო ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ცდომილების გათვალისწინებით. ქვედა ზღვრული ხაზი კი აჩვენებს მოსალოდნელ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 95%-იანი ნდობის ინტერვალის შემთხვევაში.

უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები, ზოგადად, შესაძლოა, ინსტიტუტების მიმართ უფრო სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. მონაცემებიც ამას ადასტურებს: 2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ გამოკითხვაში რესპონდენტებს  ინსტიტუტებისადმი საკუთარი ნდობა შეაფასებინეს. აღსანიშნავია, რომ თორმეტიდან ექვს ადგილობრივ ინსტიტუტს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონეებთან შედარებით, უფრო ნაკლებად ენდობიან. საგულისხმოა, რომ მოცემული სხვაობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.

საერთო ჯამში, უმაღლესი განათლების მქონე და არმქონე რესპონდენტებს შორის, განათლების სისტემისადმი ნდობაში 16%-იანი სხვაობაა. საგულისხმოა, რომ თუკი სხვაობას ყველა სხვა ინსტიტუტისთვისაც გამოვთვლით, ვნახავთ, რომ განათლების სისტემის შემთხვევაში, განსხვავება ყველაზე მაღალია. თუ აღნიშნულ ფაქტს ზემოთ მოყვანილ ანალიზსაც დავუმატებთ, ცხადი გახდება, რომ საქართველოში განათლების სისტემასთან უფრო ხშირი შეხება მის მიმართ უფრო სუსტ ნდობას უკავშირდება.

როგორც ვხედავთ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გატარებული დრო ამ სისტემისადმი ნდობის უკუპროპორციულია. ერთი მხრივ, ეს კრიტიკული აზროვნების შედეგიც შეიძლება იყოს, რომელსაც უმაღლესი განათლება ავითარებს. თუმცა რადგან სხვა ინსტიტუტებთან შედარებით, ამ სისტემის მიმართ ნდობა განათლების ზრდასთან ერთად იკლებს, საფიქრებელია, რომ სასწავლო დაწესებულებებთან შეხება ნდობის ჩამოყალიბების საკითხში მნიშვნელოვან ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს.

ამ სტატიისთვის გამოყენებული მონაცემების გასაცნობად ეწვიეთ ამ ბმულს. სტატიაში განხილული რეგრესიული მოდელის რეპლიკაციის კოდის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

ათანასიოს კიპუროსი არის „CRRC-საქართველოს“ საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის მონაწილე. ამ სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები ავტორისაა და შესაძლოა, არ წარმოადგენდეს „CRRC-საქართველოს“ ან მასთან დაკავშირებულ პირთა შეხედულებებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ო, მეგობრებო-თ!

მაესტრო დანიელ ორენის მიერ გამოძერწილ ბეთჰოვენს ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილმა პუბლიკამ ოცწუთიანი ოვაცია მოუწყო&n ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

Shoplifters - შეკითხვები პასუხებად

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ანდრეი ზვიაგინცევი სტუმრობდა. რუსი რეჟისორი მაყურებელს „ამირანში“ შეხვდა და მ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ფემინსტრიმი ► ობიექტივიზაცია - ჩაგვრის ს ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს: „წინა პოდკასტში ვისაუბრეთ, ფემინიზმის შესახებ, როგორ უკავშირდება ის ვეგანობ ...

მეტი

^