Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა იციან რა მოხდა დღეს აშშ-ს რომელიმე შტატში, მაგრამ არ იციან რა ხდება თბილისში”

12 ივლისი 2018

„უფროსმა თაობამ ქართული ენა არ იცის, ამიტომაც საქართველოში მომხდარი ამბების შესახებ აზერბაიჯანის ტელევიზიებიდან ვიღებთ ინფორმაციას. ქვეყნის ამბებს ყველაზე გვიან ჩვენ ვიგებთ. ბევრი მოვლენის შესახებ კი საერთოდ არაფერი ვიცით,“ - ამბობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 47 წლის საქინა ახმედოვა. 

საქინა დასძენს, რომ ქვეყანაში ყველა ცნობილი და გავლენიანი ტელეკომპანია და მედიასაშუალება ქართულენოვანია: „ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. გვინდა ვიცოდეთ, აქ რა ხდება, მაგრამ არცერთ ცენტრალურ ტელევიზიაში აზერბაიჯანულ ენაზე ერთი გადაცემაც კი არ გადის.“

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდმა ნაწილმა ქართული ენა არ იცის. ამიტომ ბევრი მათგანი ინფორმაციას ძირითადად აზერბაიჯანული და თურქული მედიიდან იღებს. არიან ისეთებიც, რომლებიც რუსულ არხებს უყურებენ.

თბილისში მცხოვრები ხაგანი აბასოვი ამბობს, რომ ქართულენოვან მედიაში მისთვის საინტერესო ინფორმაცია და გადაცემები ძალიან ცოტაა: „ქართული ტელეკომპანიების პროგრამებში ჩემთვის საინტერესო არაფერია. ძირითადად ქართველების, მათი კურტურისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ გადის სიუჟეტები. ჩვენი პრობლემების შესახებ რომ წერდნენ ან აჩვენებდნენ რამეს, დიდი ინტერესით ვნახავდი.“

თბილისელი აიდა თაგიევა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, მიჩნევს, რომ ქართული მედია ეთნიკური აზერბაიჯანელების ცხოვრებასა და პრობლემებს საკმარისად არ აშუქებს: „ქართულ მედიაში ეთნიკური აზერბაიჯანელები ძირითადად კრიმინალურ ამბებში ჩანან. როცა საქმე დანაშაულს ეხება, აქცენტი სწორედ ეთნიკურ კუთვნილებაზე კეთდება, რის გამოც აზერბაიჯანელების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპები ყალიბდება. ქართული მედია არ ინტერესდება იმით, როგორ ვცხოვრობთ და რა პრობლემები გვაქვს. სამი წლის წინ ამ ვაკუუმის შევსება ვცადეთ და სპეციალური საიტი გავაკეთეთ. გვინდოდა დამოუკიდებული, კრიტიკული აზროვნების ფორმირება. მაგრამ თვითონ ეთნიკური აზერბაიჯანელების სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ისეთი ნეგატიური შეფასებები წამოვიდა, რომ ერთი წლის შემდეგ საიტი გავაჩერეთ.“

ამჟამად ქვეყანაში რამდენიმე აზერბაიჯანულენოვანი მედიასაშუალება ფუნქციონირებს. მათ შორის არის რადიო მარნეული და მარნეული ტვ, რომლებსაც უფრო დიდი არეალი აქვთ. 

რადიო მარნეულის თანამშრომლები მათ მიერ მომზადებულ ამბებს სოციალური ქსელის - Fაცებოოკ-ის საშუალებითაც ავრცელებენ. რადიოს აქვს როგორც ქართულენოვანი, ისე აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდი. რადიოს დირექტორი კამილა მამედოვა ამბობს, რომ პროფესიონალი კადრების მოზიდვა უჭირს: „ჟურნალისტების მოძებნა და პროფესიონალური გუნდის შექმნა რთულია. ვცდილობთ, ობიექტური გადაცემები მოვამზადოთ. რადიო ფინანსდება საერთაშორისო ფონდებიდან. სახელმწიფოსგან დაფინანსება არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ რომელიმე სახელმწიფო ორგანო თუ დაფინანსებას გამოგვიყოფს, საკუთარ ინტერესებსაც მოგვახვევს თავს. ჩვენ კი ეს არ გვინდა.“

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბაზაზე მიმდინარე წლის მაისიდან აზერბაიჯანულენოვანი დეპარტამენტი შეიქმნა. მათ მიერ მომზადებული გადაცემები ამჟამად სატესტო რეჟიმში გადის. ეს განყოფილება პირველი არხის პროექტის - „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში შეიქმნა. პროექტის ხელმძღვანელი რამილია ალიევა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საკმარისი გამოცდილება დაუგროვდებათ, ციფრულ მაუწყებლობაზე გადავლენ: „ჩვენი საბოლოო მიზანი აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ტელევიზიების შექმნაა, რადგან სომხებიც და აზერბაიჯანელებიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების დიდ ჯგუფებს წარმოადგენენ. ეს პროექტი ახალგაზრდული პროექტია. ამჟამად ჩვენთან 10 აზერბაიჯანელია დასაქმებული. გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ ციფრულ მაუწყებლობაზე გადავალთ. ჯერჯერობით, ჩვენი რესურსი ამის საშუალებას არ გვაძლევს.“

ორგანიზაციის - „გენდერული თანასწორობის ჟურნალისტთა ქსელი“ ქვემო ქართლის წარმომადგენელი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ აზერბაიჯანულენოვანი მედია საშუალებების საქმიანობა დამაკმაყოფილებელი არ არის: „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის აზერბაიჯანულენოვანი გადაცემები ძალიან სუსტია მოსახლეობის ინფორმირების და მათი მსოფლმხედველობის განვითარების თვალსაზრისით. გადაცემების დიდი ნაწილი შაბლონური საყოფაცხოვრებო თემების შესახებ არის მომზადებული. რადიო მარნეულის გადაცემები კი ხარისხის მხრივ დამაკმაყოფილებელია.“

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ელბრუს მამედოვი ფიქრობს, რომ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების თვალსაზრისით მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეები საკმარისი არ არის: „მთავრობა თავის ანგარიშზე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ ენაზე გამოდის გაზეთი „საქართველო“. ჩემი ინფორმაციით, ამ გაზეთის გამოცემისთვის 120 ათასი ლარია გამოყოფილი. ის 4-გვერდიანია. გაზეთი თვეში ერთხელ გამოდის. სინამდვილეში 3-4 თვეში ერთხელ თუ წააწყდებით სადმე. როგორც ჩანს, მთავრობა ამ გაზეთს ფორმალობისთვის უშვებს.“

აიდა თაგიევა მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, პირველ რიგში ქვეყნისთვის არის ცუდი: „ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა იციან რა მოხდა დღეს აშშ-ს რომელიმე შტატში, მაგრამ არ იციან რა ხდება თბილისში. ეს კი ქართული საზოგადოებისგან მათ გაუცხოებას იწვევს.“ 

 
 რაჰიმ სალიევი
 

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივლისი
15 ივლისი

უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა - გადა ...

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამერიკელთა ცხოვრებაზე მომავალი ათწლეულებისა და ხშირად ასწლეულების მან ...
12 ივლისი
12 ივლისი

როგორ პირობებში სწავლობენ ახალი მამუდლოს ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ მამუდლოში მცხოვრები 78 ბავშვი ავარიულ სკოლაში სწავლობს. ახალ მამუდლოში ძირითადად ე ...
12 ივლისი
12 ივლისი

18 მუნიციპალიტეტი, სადაც კიბოს ინიციდენტ ...

კიბოს რეგისტრი - ასე ჰქვია პროგრამას, რომელშიც მთელ საქართველოში კიბოს გავრცელების შესახებ სრული ინფორმაცია გროვდებ ...

მეტი

^