Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკოს ახალი რეფორმა მარტოხელა პენსიონერებს “საარსებო შემწეობის” გარეშე დატოვებს

06 იანვარი 2015

რეცეპტების შემდეგ - სოციალური დახმარების სისტემაა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მიზნობრივი სოციალური დაცვის სისტემის გადახედვა დაიწყო.

ახალი მეთოდიკით ფულად დახმარებას 143,750 ოჯახის ნაცვლად 106,000 ოჯახი მიიღებს[1]. ამ ოჯახებიდანაც ყველა ვეღარ მიიღებს ფულად დახმარების იმავე ოდენობას, რასაც ადრე იღებდა. იმისდა მიხედვით, რომელ კატეგორიაში მოხვდება, ოჯახის წევრზე საშუალო 52 ლარის ნაცვლად, ზოგიერთი ოჯახი თითო წევრზე 40 ან 30 ლარს მიიღებს.

ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ გაზარდა სოციალური წნეხი მთავრობაზე. მეტი და მეტი ადამიანი ითხოვს სოციალურ დახმარებას. ამასთან, ქვეყნის ეკონომკური პრობლემები სახელმწიფო ბიუჯეტზეც აისახება. მთავრობა ცდილობს, როგორმე სოციალური ტვირთი შეიმსუბუქოს (იმ განცხადებების მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის წევრები სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტზე საუბრობენ) და ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს.

მინისტრი, სავარაუდოდ, შემდეგი არგუმენტებით გაიმართლებს თავს საზოგადოების წინაშე: მართალია, ფულადი დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა მცირდება 37,750-ით, მაგრამ, სამაგიეროდ, კიდევ 73,200 ოჯახი ბავშვის 10-ლარიან დანამატს მაინც მიიღებს. გავიმეორებ: დღეს 143,750 ოჯახი წევრზე საშუალოდ 52 ლარს იღებს. სერგეენკოს “რეფორმის” შემდეგ” კი რაიმე ტიპის ფულადი დახმარება (სოციალური დახმარება და/ან ბავშვის დანამატი) 179,200 ოჯახს ექნება, ოღონდ ამ ოჯახების უმრავლესობას საშუალო 52 ლარზე ნაკლებ თანხას (ზოგიერთს მხოლოდ 10 ლარიც კი) მისცემს სახელმწიფო.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ რამდენსაც ხარჯავს სახელმწიფო დღეს არსებული მეთოდიკით ყოველთვიურად (დაახლოებით 23 მლნ ლარი), იმდენსვე დახარჯავს მას შემდეგაც, რაც ოჯახების ქულები სერგეენკოს ახალი მეთოდიკით განისაზღვრება.

შესაბამისად, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემთხვევაში, ახლაც მინისტრი სერგეენკო აპირებს, ერთიდაიმავე თანხით (დაახლოებით 23 მლნ ლარი) უფრო მეტი ოჯახი მოიმადლიეროს (143,750-ის ნაცვლად 179,200), მაგრამ ოჯახებზე გაცემული უფრო ნაკლები თანხით. იგი კვლავ მოქმედებს პრინციპით: ცოტ-ცოტა რაც შეიძლება მეტს.

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა

სერგეენკოს ინიციატივას აქვს ლეგიტიმური საფუძველი. თუმცა, როგორც რეცეპტების შემოღების შემთხვევაში, აქაც მნიშვნელობა აქვს, სამინისტრო რას როგორ აკეთებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირება 2005 წელს დაიწყო და მის შექმნაში საქართველოს დახმარებას მსოფლიო ბანკი უწევდა. პროგრამა 2006 წელს ამოქმედდა.

რადგან, ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებასთან ერთად, იცვლება სიღარიბის ინდიკატორები და მათი გავლენა ოჯახების კეთილდღეობაზე, მუდმივად იდგა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების 2005 წელს დანერგილი მეთოდიკის გადახედვის აუცილებლობა.

2007 წელს მსოფლიო ბანკმა ჩაატარა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გამოკვლევა. მის ბაზაზე შემუშავდა და 2010 წლიდან დაინერგა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდიკა.

2012 წლის ივლისში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა მისივე ეგიდით 2009 და 2011 წელს ჩატარებული კვლევების შედეგების შედარებითი ანალიზი. ანალიზმა საქართველოში სიღარიბის  შემცირების ტენდენცია აჩვენა. გაირკვა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული პენსიის მუდმივმა ზრდამ, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამების ამოქმედებამ სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებული დოკუმენტი „საქართელო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება“ ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ გაუმჯობესებული მდგომარეობის მიუხედავად, განსაკუთრებით პენსიონერთა შორის, მაინც ბევრი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში და ამიტომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ფინანსები საქართველოში ყველაზე დაუცველი ბავშვების დასახმარებლად.

ამიტომ, თავად ის ფაქტი, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით მიზნობრივი სოციალური დახმარება ბავშვზე ორიენტირებული ხდება, მისასალმებელია: 100,000 ქულამდე მყოფი ოჯახები ყოველ ბავშვზე 10-ლარიან დანამატს მიიღებენ. მაგრამ აქ ორი ძირითადი კითხვა ჩნდება:

- ფასების მატების ფონზე, განსაკუთრებით სურსათსა და მედიკამენტებზე, რა არსებითი ეფექტი ექნება ყოველთვიურ 10 ლარს? და ვის ხარჯზე ხდება მიზნობრივი სოციალური დახმარება ბავშვზე ორიენტირებული?

თუ მინისტრი სერგეენკო აპირებს, ბავშვის 10-ლარიანი დანამატის შემოღების შემდეგაც ბიუჯეტიდან ისევ იგივე თანხა (დაახლოებით 23 მლნ ლარი) გაიღოს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას სოციალური დახმარება უნდა შეუწყდეს.

სერგეენკოს მორიგი რეფორმის დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ სოციალური დახმარება მარტოხელა პენსიონერების და ცალკე მცხოვრები პენსიონერი წყვილების მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდება.

სერგეენკოს ინიციატივის დეტალური ანალიზი

 

ცხრილში მოცემულია ფულადი დახმარების მიმღებთა რაოდენობა დღევანდელი და სერგეენკოს ახალი მეთოდიკით:


იმის თქმის საფუძველს, სერგეენკოს ეს რეფორმა პენსიონერებს გაუუარესებს მდგომარეობას, სხვა მონაცემებიც გვაძლევს: ამჟამად ფულადი დახმარების მიმღები ოჯახების სულადობა საშუალოდ 3-ია, ახალი მეთოდიკით კი 4 იქნება.ვხედავთ, რომ სერგეენკოს მეთოდიკით ფულადი დახმარების მიმღები მოქალაქეების რაოდენობა, პრაქტიკულად, არ იცვლება. ოღონდ ფულადი დახმარების მიმღებ მოსახლეობაში 25,000-ით იმატებს ბავშვთა რაოდენობა (რაც მისასალმებელია), მაგრამ რამდენი იქნება ფულადი დახმარების მიმღები პენსიონერი მას შემდეგაც, რაც ოჯახების ქულები ახალი მეთოდიკით განისაზღვრება?

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ 1, 2 ან 3-წევრიანი ოჯახები საერთოდ აღარ იქნებიან ფულადი დახმარების მიმღებთა შორის. უბრალოდ, თუ ასეთი ოჯახების წილი ფულადი დახმარების მიმღებთა შორის დღეს უმრავლესობას შეადგენენ, სერგეენკოს მეთოდიკით მათი წილი მოიკლებს, ხოლო მრავალწევრა ოჯახების წილი მოიმატებს.

ვიმეორებ, ცუდი იმაში, რომ სახელმწიფო აქცენტს ბავშვებზე და, მით უმეტეს, მრავალსულიან (სავარაუდოდ, მრავალშვილიან) ოჯახებზე აკეთებს, არაფერია. პირიქით, მე ამას მივესალმები მხოლოდ იმ პირობით, რომ ცვლილება მდგომარეობას არ უუარესებს სხვა მოწყვლად, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს.

თუ სახელმწიფო ბავშვის 10-ლარიან დანამატს შემოიღებს ყოველ ბავშვზე, ფულადი დახმარების მიმღებთა შორის გაზრდის მრავალსულიანი ოჯახების წილს, მაგრამ ყოველთვიურად მაინც იმავე რაოდენობის თანხას დახარჯავს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ვიღაცას დახმარება უნდა შეუწყდეს.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: 2015 წლის სექტემბრიდან პენსია ფორმალურად საარსებო მინიმუმს უტოლდება.

[აღსანიშნავია, რომ პენსიის დაანონსებული 10-ლარიანი მატება უკვე შეჭამა ლარის კურსის ვარდნამ და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებამ, ხოლო პენსიის ოდენობა კი არ დაუახლოვდა, დაშორდა რეალურ საარსებო მინიმუმს. მაგრამ საკითხი, საჭიროა თუ არა საარსებო მინიმუმის ფორმულის გადაანგარიშება, რასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია “ქართული ოცნება” მოითხოვდა, ანდა როგორია დღეს, ფასების მატების ფონზე, 160 ლარის მსყიდველობითუნარიანობა, ცალკე საუბრის თემაა.]

ჯანდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, როდესაც ახალი მეთოდიკის უპირატესობაზე საუბრობს: ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში ყველაზე დიდი წონა შემოსავალს ექნება.

თუკი 2015 წლის სექტემბრიდან პენსია ფორმალურად საარსებო მინიმუმს უტოლდება, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში ყველაზე დიდი წონა შემოსავალს ექნება და ოჯახში ან მარტოხელა პენსიონერია, ან პენსიონერი წყვილი, როგორ გგონიათ, რას იტყვის სერგეენკოს ახალი სტატისტიკური ფორმულა? მარტივ რამეს: ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი და ის დამატებით ფულად დახმარებას სახელმწიფოსგან არ საჭიროებს.

დასკვნის სახით

პარლამენტში სამინისტროს მიერ მიზნობრივი სოციალური დაცვის სისტემის ახალი მეთოდიკის წარდგენის პირველივე დღეს განვაცხადე, რომ ბავშვებზე ზრუნვა კარგია, მაგრამ არა სხვა მოწყვლადი ჯგუფების ხარჯზე.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 2 წელი ეკონომიკური სტაგნაციით, ინვესტიციების კლებით, სამუშო ადგილების დაკარგვით და ბიუჯეტის შეუსრულებლობით გავიდა. ამიტომაცაა, რომ მისი მთავრობა ვერ ახერხებს ასწიოს ის სოციალური ტვირთი, რაც ბიუჯეტს დააწვა.

საჭიროა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში დღეს მყოფ პენსიონერთა დაცვის სპეციალურ გარანტიების შექმნა, მაგალითად, მარტოხელა პენსიონერთა შინმოვლის ცალკე პროგრამების ამოქმედება.



[1] სტატიაში მოყვანილი ყველა მონაცემი აღებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს და/ან UNICEF-ის მიერ გაზიარებული საჯარო ინფორმაცია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^