Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ შეიძლება „პანორამა თბილისის“ განხორციელება

12 იანვარი 2015

ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, „პანორამა თბილისის“ შეფასებისასაც საკითხი ორი კუთხითაა დასანახი - ერთია, რას მიიღებს ქალაქი და საზოგადოება ამ ღონისძიების განხორციელებით, და მეორე - რა გზით ცდილობს მავანი მის განხორციელებას, ანუ რა და როგორ.

1. რა

თბილისის ძირითადი ფასეულობა მისი ბუნებრივი ლანდშაფტისა და განაშენიანების ურთიერთმიმართებაა.

ეს ადგილი, სოლოლაკის ქედი, სადაც ეგრეთ წოდებული „პანორამის“ აშენებას აპირებენ, მდებარეობს თბილისის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს, მთაწმინდასა და ქალაქის ბირთვის შემომსაზღვრელ თაბორის მთას შორის.

დასავლეთიდან თავისი შემოჭრით ძველი ქალაქის გულში სოლოლაკის ქედი ერთდროულად აერთიანებს და ყოფს ორ მიკროლანდშაფტს - სოლოლაკის უბანს და ბოტანიკურ ბაღს/ლეღვთა ხევს და ამით სრულიად განსაკუთრებულ, ქალაქისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სივრცულ ორგანიზაციას ქმნის. შემთხვევითი არაა, რომ შუა საუკუნეების ქალაქის უმთავრესი დამცავი და ამავე დროს სიმბოლო-ნაგებობა, ნარიყალა, სწორედ ამ ქედის ბოლოსაა აგებული. მისი თხემი აღიქმება ქალაქის ბირთვის თითქმის ყველა წერტილიდან, ქმნის სრულიად სპეციფიკურ, მხოლოდ ამ გარემოსთვის დამახასიათებელ სურათს. სწორედ ამით არის ის თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მისი იდენტობის განმსაზღვრელი ფასეულობა. ხაზგასასმელია, რომ თბილისის ბირთვი (არეალი მთაწმინდას, თაბორის, მახათას, ლოტიკისა და ვეძისის მთებს შორის) ისტორიულად ისეა სივრცულად ორგანიზებული, რომ მთების ფერდების ზედა ნაწილები განაშენიანებისგან თავისუფალია, ხოლო ქვედა ნაწილებზე დაბალსართულიანი განაშენიანებაა შეფენილი. ამ თვალსაზრისით ერთადერთი გამონაკლისი ნარიყალაა და ამით მას სრულიად განსაკუთრებული როლი აკისრია თბილისის ბირთვის სივრცულ ორგანიზაციაში. მეორე ნარიყალა თბილისს არ სჭირდება, იგი მისი ავთენტურობის საწინააღმდეგო იქნებოდა.

ასეთ ფასეულობასთან დამოკიდებულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა თბილისელთათვის. მასთან ყოველი შეხება უკიდურეს სიფრთხილეს, ქალაქის ფასეულობათა მთელი სიგრძე-სიგანით გაცნობიერებას მოითხოვს.

ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის სასახლის ამ ქედზე აშენება უხეშობა იყო ზემოთ აღწერილი ფასეულობის მიმართ, რადგან ამ ნაგებობამ არ გაითვალისწინა ქედის განაშენიანების (ნარიყალას ციხის) ერთადერთობა თბილისისთვის, იგი ნარიყალის ორეულად მოგვევლინა, ამით ფასი შეუმცირა ნამდვილს და თბილისის ამ მიკროლანდშაფტს ავთენტურობა შეულახა. სოლოლაკის ქედის თხემის შემდგომი განაშენიანება ზევითკენ, რასაც ბიძინა ივანიშვილი ესწრაფვის, საბოლოოდ შეცვლის ამ ადგილის სივრცულ ორგანიზაციას და ამით მას თავისთავადობას დაუკარგავს. ეს ქედი კი, როგორც ზემოთ ვთქვი, თბილისის განუყოფელი, მისთვის იდენტობის მიმნიჭებელი ელემენტია.

საკრებულოს განხილვაზე წარმოდგენილი "რენდერები" (ამას სხვას ვერაფერს დაარქმევ, ეს არც პროექტია და არც იდეა) ზემოთ ნახსენები სიფრთხილისა და ცნობიერების ნიშნებსაც კი არ შეიცავენ. უზარმაზარი "კორპუსი", რომელიც ლეღვთა ხევიდან შეიძლება ამოიზარდოს, ამ თხემს სიმაღლით ასცდეს და ხიდით დაუკავშირდეს ასევე უზარმაზარ დატერასებულ შენობას, დაარღვევს სივრცით მიმართებათა სრულიად ელემენტარულ, ქალაქთმშენებლობის ანბანურ კანონებს. თავად დატერასებული შენობა ფაქტობრივად ნაგებობად აქცევს სოლოლაკის ქედის ნაწილს. ამით იგი არსებითად შეცვლის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ, კულტურულ ლანშდაფტს (მთაწმინდა, სოლოლაკის უბანი, სოლოლაკის ქედი, ბოტანიკური ბაღი/ლეღვთა ხევი, თაბორის მთა). ეს იქნება სივრცული ძალადობა თბილისის მიმართ.

2. როგორ

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც კერძო პირმა 90-იან წლებში ქალაქისგან (ესე იგი ჩვენგან, მოქალაქეებისგან) იყიდა (ამას "პრივატიზაცია" კი ქვია, მაგრამ სინამდვილეში მიტაცებაა, რადგან ჩვენთვის არაფერი უკითხავთ) ზემოთ აღწერილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქური ლანდშაფტის, საზოგადოებრივი სივრცის ერთი ნაწილი და იქ სასახლე აიშენა (მას რატომღაც ბიზნესცენტრი ჰქვია). იმავდროულად ან ცოტა გვიან მან ასევე უკითხავად, გადახურა კოჯრის გზის ნაკვეთთან მომიჯნავე ნაწილი, ე.ი. ასევე საზოგადოებრივი სივრცე (ამის მერე თბილისელები, მათთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით, იძულებით მიდი-მოდიან ამ გვირაბში), რითაც მიანიშნა თავის განზრახვაზე - ხელში ჩაიგდოს და განაშენიანებით აითვისოს სოლოლაკის ქედის ზედა ნაწილიც. იმავდროულად მან იყიდა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული ბოტანიკის ინსტიტუტის შენობა და მისი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, რომელზეც GDS-ის სტუდია აშენდა. ამის მერე, ან თავიდანვე იყიდა (ასევე საზოგადოებრივი სივრცე, ასევე მოქალაქეებისგან, ასევე მათ დაუკითხავად) კიდევ ერთი მომიჯნავე ნაკვეთი, რომელზეც მიიღო მშენებლობის ნებართვა GDS-ის რეკვიზიტების საწყობის ასაშენებლად (ეს საწყობი 8-სართულიანი(!) უნდა ყოფილიყო). აღნიშნული ნაკვეთი, რომელიც ლეღვთა ხევის დონიდან ზემოთ ვრცელდება და სოლოლაკის ქედის შესაბამის თხემს მოიცავს, ფართით 3,2 ჰექტარს აჭარბებს. "საწყობის" მშენებლობა კი ქვევით, ლეღვთა ხევის პირას, მის პატარა ნაწილზეა მშენებლობის უფლებით გათვალისწინებული. ამ ნაკვეთის ზედა, თხემის მომცველი ნაწილი სამი მხრიდან ერტყმის ეგრეთ წოდებული "ამერიკულ სოფლის" ნაკვეთს, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის (ან მისი ფონდის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) საკუთრებად იქცა. მოკლედ, ნაბიჯ-ნაბიჯ ბიძინა ივანიშვილმა დაისაკუთრა სოლოლაკის ქედის, თბილისისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ლანდშაფტის, დიდი ნაწილი.

სასახლის ნაკვეთის ზემოთ, მის მომიჯნავედ არის თხემის ერთი მონაკვეთი, რომელსაც ზემოთ ნახსენებ 3,2 ჰექტრიან ნაკვეთთან ერთად შეეხო ზონის ამასწინანდელი ცვლილება, ოღონდ მისგან განსხვავებით, საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად, რითაც ნათელი გახდა, რომ სასახლე, დაბალსართულიანი ლუქსუსსაცხოვრებელი განაშენიანება და თხემის უფრო მაღალი ნაწილისთვის განსაზღვრული „მრავალფუნქციური ნაგებობა, პანორამა თბილისი" დამკვეთს თავის საკუთრებაში მყოფ ერთ კომპლექსად აქვს მოაზრებული. ამ კომპლექსის შექმნა განსაზღვრულია ზედ სოლოლაკის ქედზე, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ლანდშაფტში (იხ. ზემოთ), საიდანაც ქალაქის თითქმის მთელი ბირთვი ჩანს. ეს ნიშნავს, რომ ქალაქის თავზე, სივრცულად დომინირებულ ადგილას იგეგმება უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ქალაქზე ბატონობის სიმბოლოდ აღიქმება, რამდენადაც იგი, თავისი სივრცული ჟესტით, ძალზე წააგავს ფეოდალის ციხე-სასახლეს, რომელიც ამ ფეოდალის, როგორც პატრონის, მის სამფლობელოსთან, როგორც მის ქვეშევრდომთა ქვეყანასთან დამოკიდებულებას განასახიერებდა.

ზემოთ აღწერილის შესაფერისად მთელი ეს პროცესი ძირითადად სამართლებრივი დარღვევებითაა წარმართული, რითაც კიდევ ერთხელ ესმება ხაზი დამკვეთის კანონზე მაღლა დგომას. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ მოიწონა თავი, რომ მან "ბიზნესცენტრის" შენება მშენებლობის უფლების მიღებამდე დაიწყო. ახლაც "პანორამის" განსახორციელებლად მშენებლობის უფლების გარეშე მოიჭრა კლდის უზარმაზარი ნაწილი სოლოლაკის ქედის იმ მონაკვეთზე, რომელიც სასახლის ზემოთაა. ეს იმას ნიშნავს, რომ "პანორამის" მშენებლობა მანამ დაიწყეს, სანამ საკრებულო ამ ადგილს ზონის სტატუსს შეუცვლიდა და არა თუ მშენებლობის, ამ ადგილას პროექტირების ფორმალურ წინაპირობას შექმნიდა. გარდა ამისა, არსებითად უსაფუძვლოდ მიენიჭა ამ განზრახულებას მეხუთე კლასის მშენებლობის სტატუსი (ამ კლასის ნაგებობებია მაღალი რისკების შემცველი ნაგებობები, როგორებიცაა, აეროპორტები, პორტები, ელექტროსადგურები და სხვ.) მხოლოდ იმისთვის, რომ მისი დამტკიცება ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილებაში გადავიდეს და თბილისელ მოქალაქეებს ქალაქის მმართველობისადმი „პანორამასთან“ დაკავშირებული პრეტენზიების წაყენება არ შეეძლოთ.

რაც მთავარია, დღემდე არ განხორციელებულა არცერთი დონის ქალაქთმშენებლური კვლევა და დაგეგმვა, რაც აუცილებელია ასეთი მნიშვნელობის ადგილას ამ მასშტაბის ღონისძიების მიზანშეწონილობის განსასაზღვრად. ასევე ფართო საზოგადოებას საშუალება არ მიეცა, მოესმინა ამ უზარმაზარი ღონისძიების სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ გამოთქმული პროფესიული აზრები და თავისი პოზიცია ჩამოეყალიბებინა მის მიმართ. გრძელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკვალულ გზაზე სიარული, როცა ყოველგვარი ქალაქთმშენებლური დაგეგმვის გარეშე, საზოგადოების ზურგს უკან, ძალაუფლებამოხვეჭილნი იღებენ ქალაქისთვის საბედისწერო გადაწყვეტილებებს, ცვლიან მიწათსარგებლობის გეგმით დადგენილ სამშენებლო რეჟიმებს ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე, ჩადიან სიყალბეებს მათი ახირებული მიზნების მისაღწევად. ეს გზა არ ითვალისწინებს ქალაქის საჭიროებებს, ეყრდნობა მხოლოდ კერძო დამკვეთთა ანგარებით ინტერესებს და ძალაუფლების წარმოჩენის სურვილს. ეს არის არასამართლებრივ სახელმწიფოთა, ავტორიტარულ რეჟიმთა დამახასიათებელი გზა, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება ქალაქგანვითარების ევროპულ პრინციპებს.

დაბოლოს:

ქალაქი სიღატაკეშია ჩაფლული. მოქალაქეებს სახლები თავზე ენგრევათ. ჩვენი საარსებო გარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია - ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის დონე ყოველგვარ ნორმებს აჭარბებს, ქალაქს არ აქვს რამდენადმე მაინც გამართული გამწმენდი ნაგებობები, სასმელი წყლისა და კანალიზაციის, ნაგვის გადამუშავების თანამედროვე სისტემები. ბოლო წლების ახალშენებმა ქალაქური სივრცეები ბეტონის ჯურღმულებად აქცია. გამწვანებულ ტერიტორიათა ფართი მსოფლიოში არსებულ ყველა ნორმაზე რამდენჯერმე დაბალია. ფაქტობრივად გაუქმებულია საზოგადოებრივი სივრცეები. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი - ქუჩა - ავტომობილების სათარეშო ადგილადაა ქცეული. ადამიანებს საზოგადოებრივი სივრცეებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება აღარ აქვთ.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქალაქის ხელისუფლება ბოლო განცხადებებით მწვანე შუქს უნთებს 900-მილიონიან(!) სამშენებლო განზრახვას, რომელიც გამიზნულია ქართველთა და სტუმრად ჩამოსულ უცხოელთა ძალზე მცირე და ძალზე მდიდარი ნაწილის ლუქსუსმოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, მეტი არაფრისთვის. ის, რომ ამ მშენებლობაზე ათასობით ადამიანი დასაქმდება, არ შეიძლება იყოს არგუმენტი მის სასარგებლოდ, რადგან ხალხის დასაქმება ბევრ ბოროტ საქმეშიც შეიძლება. საარსებო გარემოს გადაგვარებისკენ მიმართული საქმიანობისთვის გასამრჯელოს გადახდა ვერ გაამართლებს ამ დასაქმებას. ეს აუნაზღაურებელ ზარალს მოუტანს ადამიანებს და მათ შთამომავლობას.

ვინმემ დათვალა, რამდენ ზემოთ ჩამოთვლილ ნაკლოვანებებს გამოასწორებდა ქალაქი ამ ფულით? ესეც ხომ ადამიანთა დასაქმება იქნებოდა. არ არის ქალაქის მმართველობისა და საკრებულოს მოვალეობა ქალაქგანვითარება თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად დაგეგმოს და მის საფუძველზე ინვესტორებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, მისცეს, ერთის მხრივ, ჩარჩოპირობები და, მეორეს მხრივ, შესაძლებლობები ქალაქისთვის სასარგებლო და მათთვის მომგებიანი ინვესტიციებისთვის? ამას იდეალურად არა, მაგრამ არსებითად ახერხებს ევროპის ყველა დიდი ქალაქის მმართველობა. ამის მოხერხება თბილისსაც შეუძლია, თუ როგორმე დაიძლია წინასწარი აზრი, თითქოს ინვესტიციები თავისთავად ცხადი, უდაო სიკეთე იყოს. უგუნურმა, ანტისოციალურმა ინვესტიციებმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქალაქს. სამწუხაროდ თბილისს ამის ბევრი მაგალითი დაუგროვდა. თუ გონიერებამ არ გაიმარჯვა და „პანორამა“ განხორციელდა, ისიც მსგავს მაგალითებს შეემატება

ზურაბ ბაქრაძე - ქალაქთმგეგმარებელი

თბილისი, 11.01.2015

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^