Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემოქმედებითი ინდუსტრიის გამოწვევები საქართველოში - ინტერვიუ რაგნარ სილთან

25 ივლისი 2018

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა ევროკავშირმა 2015 წლის ივნისში დაიწყო და ის 6 ქვეყანაში ხორციელდება. საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და მოლდოვა  - უკვე მესამე წელია, ამ ქვეყნებში ევროკავშირის კულტურის ინდუსტრიის ექსპერტები  ადგილობრივ ორგანიზაციებსა და მთავრობებს სტრატეგიების შექმნასა და მარკეტინგული უნარების განვითარებაში ეხმარებიან. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურული და შემოქმედებითი სექტორის გაძლიერებას და აქ მომუშავე ადამიანების ჩართულობას ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური სფეროების განვითარებაში. პროგრამის პირველი ნაწილი, რომლის ბიუჯეტიც 4.2 მილიონ ევროს შეადგენდა, სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა, თუმცა, გადაწყდა, რომ პროექტი კიდევ ორი წელი გაგრძელდება და ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს მის დაფინანსებას.

როგორ აისახება შემოქმედებით ინდუსტრიის განვითარება სახელოვნებო სივრცეზე, პატარა და საშუალო ბიზნესების განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ამ თემაზე „ლიბერალს“ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის შემოქმედებითი ინდუსტრიის ექსპერტი, რაგნარ სილი ესაუბრა.  ის ამავდროულად  საერთაშორისო ორგანიზაცია Creativity Lab-ის დამაარსებელია, რომელსაც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უჭერს მხარს. სწორედ ამ ორგანიზაციის დახმარებით ჩატარდა საქართველოში შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სადაც 20-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

რას მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროექტის საქმიანობა დეტალურად და რა სამუშაოები ჩრდ პროექტის ფარგლებში?

ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს შემოქმედებითი ინდუსტრიის შესახებ ცნობადობის გაზრდაზე, კონსულტაციის გაწევაზე, ექსპერტების ჩამოყვანასა  და კონტაქტების გაღრმავებაზე. ორგანიზებას ვუწევთ სასწავლო ვიზიტებს, მაგალითად, არაერთი ქართველი, უკრაინელი, მოლდოველი და სხვა ქვეყნის კულტურული ოპერატორები წავიყვანეთ ესტონეთში, რომ ამ მიმართულებით უფრო გამოცდილი ქვეყნების პროფესიონალებთან შეგვეხვედრებინა. ვაწყობთ გუნდურ ლაბორატორიებს, ინოვაციის ვორქშოფებს და ა.შ. ვამზადებთ ანგარიშებს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაზე. ეს დოკუმენტი ქართულადაცაა გამოცემული. საქართველოში ჩვენ ვმუშაობთ როგორც მეწარმეებთან, ისე მთავრობასთან. ჩატარდა არაერთი კვლევა, დავეხმარეთ თქვენს მთავრობას, მოეზმადებინათ კულტურული პოლიტიკის პირველი დოკუმენტი, 2020- 25, რაც შემოქმედებითი ინდუსტრიის ქვაკუთხედია. შეიქმნა შემოქმედებითი ინდუსტრიის გზამკვლევიც და ახლა უკვე ისიც ვიცით, რამდენად დიდია  GDP-ის მხრივ ეს სფერო. დაარსდა ასოციაცია „შემოქმედებითი საქართველო“, რომელიც ჩვენი პარტნიორია საქართველოში. ამჟამად თბილისი ამზადებს მისი კულტურული და შემოქმედებითი  ინდუსტრიის სტრატეგიას.

თქვენ 13 წელია, ამ სფეროში ხართ. კარგად იცნობთ კულტურული ინდუსტრიის მდგომარეობასა და გამოწვევებს აღმოსავლეთ ევროპაში. მათ შორის საქართველოშიც. რა ცვლილებებს ამჩნევთ დღევანდელი გადმოსახედიდან ქვეყანას და რა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად?

მთავარი პრობლემა ადრეც და ახლაც არის ინფორმაციის, ცოდნისა და უნარების ნაკლებობა. საქართველოში ყოველთვის იყო ცალკეული შემოქმედებითი ბიზნესები, იყო წარმატებული შემთხვევებიც, კონკრეტული დიზაინერული, არქიტექტურული თუ სხვა კომპანიების. მაგრამ ისინი არ იყვნენ საკმარისად ძლიერები და კონკურენტუნარიანები და დიდად არც ერთმანეთთან თანამშრომლობა გამოსდიოდათ. ამიტომ, ცოტა რთულია ამას ინდუსტრია დავარქვათ. ბოლო წლებში ამ სექტორის ცნობადობა ნამდვილად გაიზარდა. მეტი ინტერესია როგორც მთავრობის, ისე მოქალაქეების და ამ სფეროში მომუშავე ადამიანების მხრიდან. მე რამდენიმე უნივერსიტეტში მქონდა ლექცია და ვიცი, რომ უამრავი სტუდენტი ონლაინკურსს გადის შემოქმედებითი ინდუსტრიის ბიზნესმოდელში. მთლიანობაში, 10 წლის წინანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ვითარება შესამჩნევად გაუმჯობესებულია. თუმცა, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა.

ესტონეთიც პატარა ქვეყანაა და  თქვენი გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. რა მდგომარეობაა ამჟამად კულტურულ ინდუსტრიაში თქვენთან და როგორ მუშაობს ეს მიმართულება, საიდან მოდის ფული?

დიახ, ესტონეთი პატარაა, საქართველოზე პატარაც კი. ჩვენი მოსახლეობა 1.3 მილიონია, თუმცა, შემოქმედებითი ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ესტონეთში. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სკაიპი და რამდენიმე მსხვილი IT კომპანია, ამავდროულად გვაქვს რამდენიმე პატარა ინდუსტრიაც. მთლიანობაში, ქვეყანაში მომუშავე ყველა კომპანია რომ ავიღოთ, მათი 12 პროცენტი კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიაზე მოდის. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი მოსახლეობის 5 პროცენტზე მეტი ამ ინდუსტრიაშია  დასაქმებული. ათობით ათას ადამიანზეა საუბარი, რაც დიდი რიცხვია ასეთი პატარა ქვეყნისთვის. კულტურის ინდუსტრია არ არის მხოლოდ სახელმწიფოსთვის ფულის თხოვნა - აი ჩვენ ღარიბები ვართ, დაგვეხმარეთ. გარდა იმისა, რომ ეს მემკვიდრეობაა, განათლებაა და გარკვეულ ღირებულებებთანაა კავშირში, ეს ბიზნესიც არის, რომელსაც შეუძლია სამუშაო ადგილები შექმნას. ამიტომ არის საჭირო ცოდნა და უნარები, რომ სწორად წარმართო ეს პროცესი. ამიტომ უნდა ვასწავლოთ სტუდენტებს, როგორ შექმნან ეს სტრუქტურა, და როგორ მოახდინონ ორგანიზება.

თუმცა, საქართველო პატარა, ღარიბი ქვეყანაა. მთავრობას არ აქვს საშუალება, დიდი თანხა ჩადოს შემოქმედებით ინდუსტრიაში და ზოგადად, კულტურის განვითარებაში. არც ბიზნესმენები არიან დიდად დაინტერსებული ამ სფეროში ინვესტიციით. რა არის ასეთ დროს გამოსავალი, ვის უნდა მიმართონ და რა ტიპის უნარები უნდა გამოიმუშაონ ადამიანებმა, რომ საკუთარი პროფესიით თავის გატანა შეძლონ?

აქ რამდენიმე პრობლემაა: პირველ რიგში, შემოქმედებით სექტორს რომ დავაკვირდეთ, აქ მომუშავე ადამიანების უმეტესობას არ აქვს მენეჯერული უნარები, არ იციან, როგორ მოიძიონ დაფინანსება, როგორ შექმნან ბიზნესმოდელი, რომელიც დამატებით შემოსავალს მოუტანდა მათ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, კულტურის, ხელოვნების მუშაკებმა მენეჯერული და  მარკეტინგული უნარები ისწავლონ და ბიზნესმოდელებისა და სპონსორობის დეტალებში გაერკვნენ.

მეორე პრობლემა: ძველმოდური გაგებაა იმისა, თუ რა არის კულტურა. როდესაც ამბობთ, რომ საქართველსნაირ ქვეყნას არ აქვს ფული კულტურისთვის, ეს მართალია - კულტურის დაფინანსების შემთხევაში ეს მართლაც ასეა. მაგრამ მაგალითად ავიღოთ ფესტივალი. ესტონეთში ასე გავზომეთ ეს თავის დროზე. რა არის ამ ღონისძიების პირდაპირი ეკონომიკური გავლენა? იქნება ეს მუსიკალური, სპორტული, კინო თუ სხვა სახის  ფესტივალი. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აქ დახარჯული ერთი  ევრო საშუალოდ 4 ევროს ქმნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ასეთ დროს ადამიანებს სჭირდებათ დამატებითი საჭმელი, ბინა, ტრანსპორტი და ა.შ.

თუ იცი, რომ 1 ევროს 4 ევრო მოაქვს, არის თუ არა სწორი ფესტივალის დაფინანსება? კულტურული გადაწყვეტილებაა ეს თუ ეკონომიკური? საიდან უნდა წამოვიდეს ფული, მხოლოდ კულტურის ბიუჯეტიდან თუ ეკონომიკიდანაც? რა თქმა უნდა, ორივე მხრიდან. ზოგადად, ბიზნესის, ეკონომიკის ბიუჯეტი ბევრად უფრო დიდია ხოლმე, ვიდრე კულტურის და რადგანაც ამ კულტურულ ღონისძიებებს ეკონომიკური სარგებელიც აქვს, ამიტომ ასეთ დროს უფრო ფართოდ უნდა განვიხილოთ საკითხი.

მესამე პრობლემა: ყოველთვის არაა აუცილებელი პირდაპირ ფული მისცე ამა თუ იმ საფესტივალო ინდუსტრიას, შეიძლება უბრალოდ სათანადო პირობები შეუქმნა. ეს შეიძლება იყოს საგადასახადო შეღავათი, ინფრასტუქტურული დახმარება და ა.შ.  რაზეც აუცილებლად უნდა იფიქროს მთავრობამ. მეორე მხრივ, შემოქმედებითი ჯგუფები უნდა შეეცადონ, სხვა გზებიც იპოვონ პროექტების მხარდასაჭერად, მაგალითად, საზოგადოებრივი დაფინანსება (crowd funding ). Indiegogo და სხვა მსგავსი ვებპლატფორმები და დახმარებით ესეც უნდა მოსინჯონ. ვიცი, რომ რთულია მსგავსი კამპანიის დაწყება და მხარდაჭერის მოპოვება ახალგაზრდა ბიზნესებისთვის, მაგრამ მგონია, რომ ყველა შანსი უნდა გამოიყენონ.

რა რეკომენდაციები გექნებათ კერძო სექტორის შემთხვევაში? როგორ უნდა დააინტერესო ბიზნესმენი, რომ შენს პროექტში ფული ჩადოს? ინდუსტრიაში?  აქაც უნარებია მთავარი, რომ მათი დარწმუნება მოახერხო? თანაც, უნდა გავითვალისწინოთ,  რომ ბიზნესი საქართველოში ჯერ კიდევ არ არის მოტივირებული, კულტურაში მსხვილი ფინანსები ჩადოს.

თუ ვსაუბრობთ კერძო დაფინანსებაზე ძველმოდური სისტემით აქ  მხოლოდ ერთადერთი მოდელია -  სპონსორობა. შენ გაღელვებს კულტურა და ამაში დებ ფულს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ფილანტორპული მიზნებით დებენ კულტურაში ფულს. მაგრამ ერთია სპონსორი და მეორეა ინვესტორი. ინვესტორს უკან უნდა ფული. შემოქმედებითი ინდუსტრიის დისკურსში კულტურა შეიძლება ინვესტიცია იყოს. ამ შემთხვევაში უკვე სხვა პრობლემა იჩენს თავს - ვართ საკმარისად გონებამახვილი და გვაქვს შესაბამისი უნარები, რომ ბიზნესმენს ინვესტიციის პოტენციალი ავუხსნათ? სანამ ამას ვერ მივაღწევთ, მანამდე სულ გვექნება ფინანსების ნაკლებობა.

ფესტივალებს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც საქართველოში ასეთ ღონისძიებაში მთავრობა ფულს დებს, ეს ალბათ უფრო სპონსორობაა, რადგან ღონისძიების თვითღირებულებას და ბილეთის ფასს თუ შევადარებთ, ჩადებულ თანხას უკან ვერ ამოიღებენ, გაძვირების შემთხვევაში კი ბილეთის გაყიდვა გაჭირდება. მოაქვს კი ფესტივალს მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკისთვის იმდენი მოგება, რომ გადასახადების გადამხდელთა ფულის ამაში ჩადება ღირდეს? ამ გადაწყვეტილებებს არაერთხელ მოჰყოლია კრიტიკა საქართველში და არცთუ უსაფუძვლო.

ფესტივალი მინუსშიც რომ წავიდეს და საკმარისი რაოდენობის ბილეთი არ გაიყიდოს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ამ ქალაქსა თუ რეგიონში სასტუმროებმა, მაღაზიებმა, კვების ობიექტებმა თუ ტრანსპორტის საშუალებებმა მოგება ვერ ნახეს. მოგება სერვისის  პროვაიდერებთანაც მიდის, ასეთ დროს დამატებითი პერსონალია ხოლმე საჭირო, შესაბამისად მეტი ადამიანი საქმდება, თუნდაც დროებით.  მთავრობა გადასახადებს იღებს. მე მესმის და ვიცი ის კრიტიკა, რაც, მაგალითად, Check-in Georgia-ს პროექტებს მოჰყვა. ადამიანების ნაწილი შეიძლება გაბრაზებული იყოს, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც არტისტებს უჭირთ, არ აქვთ მხარდაჭრა, მუზეუმები ცუდ დღეშია, ძველი მემკვიდრეობა ნადგურდება და ა.შ. რატომ  უნდა დავხარჯოთ კულტურისთვის გამოყოფილი ფული  Aerosmith-ის, რობი უილიამსის ან სხვა არტისტებისთვის. ეს სხვა საკითხია. შესაძლოა, მთავრობამ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან არ უნდა გამოყოს ეს თანხა. რადგან, ჩემი აზრით, ეს არ ეხება იმდენად კულტურას, რამდენადაც  ტურიზმსა და ეკონომიკას. ეს საინვესტიციო ფულია. ამიტომ კონკრეტულად ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, სწორია თუ არა. მაგრამ პრინციპზე შემიძლია ვისაუბრო. თქვენმა მთავრობამ  გამოაქვეყნა  Check- in Georgia-ს ეკონომიკური გავლენის შესახებ კვლევა. მაგალითად, მახსოვს, რომ დათვლილია თანხა, რაც გასულ ზაფხულს ტურისტებმა დატოვეს  აჭარაში. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური სარგებელი ლოკალური ბიზნესისთვის მეტი იყო, ვიდრე მთავრობამ  ჩადო ამ პროექტში. არ ვიცი, ეს რამდენად ზუსტი მონაცემებია  და როგორ დაითვალეს, მაგრამ თუ ეს მართალია, მაშინ ეს ნამდვილად ღირს. თუ 50 მილიონ ლარს გასცემ და ქვეყანა 100 მილიონს იღებს უკან, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. დიდ სურათს რომ შევხედოთ, ტურიზმისა და ეკონომიკისთვის ამას მაინც მოაქვს სარგებელი. საქმე ისაა, უნდა იყოს ეს კულტურული ფული, თუ არა და ხომ არ აჯობებდა ეკონომიკის სამინისტროდან მოდიოდეს ეს დაფინანსება.

თქვენი ბოლო პროექტი - შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია რმდენიმე თვე მიმდინრეობდრთველოში.  როგორ  გნვითრდ ის დ როგორი გამოცდილება გაქვთ მონაწილეებთან, ხედავთ თუ არა პერსპექტივას ამ ახალგაზრდებში, როგორც კულტურის ინდუსტრიის მომავალ წარმომადგენლებში?

ჩვენ გვინდა, უფრო სიღრმისეული ცოდნა მივცეთ ადამიანებს.  როდესაც 1-დღიან ჰაკატონს ან ტრეინინგს ატარებ, რა თქმა უნდა, ესეც სასარგებლოა, მაგრამ  ხანგრძლივი მუშაობით ყოველთვის უკეთეს შედეგს იღებ. ეს პროცესი მარტის დასაწყისში დაიწო და ჯერ კიდევ გრძელდება. პროექტში გვყავს ადამიანები როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. თავიდან  25 ადამიანი შევარჩიეთ, მერე გუნდებად დავყავით ისინი და საბოლოოდ, ფიჩინგის შედეგად 4 გუნდი ავირჩიეთ. თითოეული გუნდი 4 ადამიანისგან შედგება. ძალიან შერეული ჯგუფებია. ზოგ მათგანს მუსიკალური ბექგრაუნდი აქვს, ზოგი მათემატიკოსი ან მარკეტოლოგია, ვიღაც დიზაინერი ან  IT სპეციალისტი. პროექტის განვითარებისთვის არაა საკმარისი მხოლოდ არტისტული ხედვა. აუცილებლად საჭიროა ტექნოლოგიური დახმარება, ბიზნესხედვა, დიზაინი/ შეფუთვა და ა.შ. ასე იქმნება წარმატებული პროდუქტი.

მიუხედავად იმისა, რომ იდეების დახვეწაზე ჯერ კიდევ არის სამუშაო, ვფიქრობ, ფინალისტებმა ბევრი რაღაც ისწავლეს. მიიღეს ახალი ინფორმაცია, აითვისეს საჭირო უნარები...  ეს არის პროცესი, რომელიც მათ ბიზნესიდეების განვითარებაში დაეხმარება. ვფიქრობ, რაც არ უნდა გააკეთონ მომავალში, აუცილებლად უკეთესად გააკეთებენ. ეს მხოლოდ მოგება-მოგების (win-win ) ამბავია.  

მაისის ბოლოს, საბოლოო ბიზნესგეგმების შედგენის შემდეგ, პროექტის ფინალისტი გუნდებიდან  9 ადამიანი  ესტონეთში,  ტალინში იმყოფებოდა, სადაც  მათ ვოქრშოფებში, გამოფენებსა  და კონკურსებში მიიღეს მონაწილეობა და საერთაშორისო ჟიურის წინაშე თავიანთი პროექტები წარადგინეს.  ერთ-ერთმა  გუნდმა გარკვეული  ფულადი ჯილდოც მიიღო საბავშვო მულტიპლკაციური ფილმის პროექტისთვის.

თუმცა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ რამდენიმე სტარტაპის მხარდაჭერა არაა საკმარისი. მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის სათანადო გარემოა საჭირო. ეს ვორქშოფებიც რეგულარული, სისტემატიური უნდა იყოს, და რაც მთავარია, აუცილებელია ცვლილებები საგანმანათლებლო სისტემაში. დაუჯერებელია, რომ სხვადასხვა დისციპლინების სტუდენტები  4-5 წლის განმავლობაში ერთად სწავლისას ერთმანეთს თითქმის არ ხვდებიან და ერთობლივ პროექტებზე არ მუშაობენ. კროსდისციპლინური გუნდები აუცილებელია, იმიტომ რომ მხოლოდ ასე სწავლობ, ასე ხედავ პრობლემებს და გამოსავალს სხადასხვა ასპექტიდან. ამ შემთხვევაში უფრო მომზადებული  ხვდები რეალურ ცხოვრებას, როდესაც სწავლას ამთავრებ. თითქმის ყველა უნივერსიტეტშია ეს პრობლემა.

რა რეკომენდაციას მისცემდით საქართველოს მთავრობას, რა არის მთავარი გამოწვევა დღეს?

საქართველოს მთავრობას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიული პლატფორმა დღეს ევროპაში, თქვენი კულტურული პოლიტიკა ძალიან კარგადაა დაგეგმილი, თუმცა მე დაწერილ დოკუმენტზე ვსაუბრობ. ასე რომ, ერთადერთი რეკომენდაცია ამ ეტაპზე იქნება ის, რომ ეს რეალობაში გაატარონ. თქვენი კულტურის მინისტრი, მოადგილეები და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ ესტონეთში, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პროგრამაში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით მათთან და მე ვიცი, რომ აქვთ საჭირო უნარები და ღიაობა, რომ ამას თავი გაართვან. ახლა მთავარია, ამ პოლიტიკის გატარებაში სხვებიც დაარწმუნონ, მოიძიონ საჭირო პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა და  პრაქტიკულად განახორციელონ  ის, რაც დაწერილია. მეორე, უფრო გრძელ ვადაზე გათვლილი რეკომენდაცია იქნება განათლების სისტემაში ცვლილებები. საჭიროა ახალი მეთოდებისა და კროსსექტორული მიდგომების დანერგვა, რაზეც უკვე ვისაუბრე. ახალგაზრდები მზად არიან სიახლის მისაღებად, გახსნილი გონება და საინტერესო იდეები აქვთ, უნდათ სწავლა, მოგზაურობა, გამოცდილების მიღება. მიეცით მათ ეს შანსი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^