Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაგროვებთ - რას? ვაგროვებთ - ვისთვის?

27 ივლისი 2018

ფრაზაში „დაგროვებითი საპენსიო რეფორმა” სიტყვა „პენსიის” არსებობა რეფორმას სოციალურ შეფერილობას აძლევს. ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ დღევანდელი მთავრობა ხვალინდელი პენსიონერების ღირსეულ სიბერეზე ფიქრში ათენ-აღამებს და ეს რეფორმაც პენსიონერების კეთილდღეობაზეა გათვლილი.

ამ რეფორმის მთავარმა ლობისტმა, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ 24 ივლისს „იმედის” ეთერში ნიშანდობლივი ფრაზა თქვა - „თავისი არსით ეს არა სოციალური, არამედ ეკონომიკური რეფორმაა”.

მართლაც ასეა.

პროცენტულად შეიძლება ექსპორტი ოდნავ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე იმპორტი, მაგრამ ჩვენი (დოლარის შემომტანი) ექსპორტი იმდენად პატარაა და (დოლარის გამტანი) იმპორტი იმდენად დიდია, რომ მათ შორის სხვაობა (უარყოფითი სავაჭრო ბალანსი) მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს ეროვნულ ვალუტას და, შესაბამისად, ჩვენს ჯიბეებს.

გამოსავალი მეტ ეკონომიკურ (დაბალი გადასახადები, ნაკლები შეზღუდვები) და პოლიტიკურ (კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო) თავისუფლებაშია, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და ეკონომიკურმა სუბიექტებმა ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ისარგებლონ (რაც ექსპორტის კიდევ უფრო მეტ ზრდას გულისხმობს).

რადგან „ქართული ოცნების” სოციალისტურ მთავრობას არც გადასახადების დაწევა უნდა (მაშინ მან და მისმა ბიუროკრატიამ თავად უნდა მოიკლონ) და არც კანონის უზენაესობა (როგორ აკეთონ მაშინ ტენდერებში ფული?) უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება არა ექსპორტის გაზრდით, არამედ იმპორტის შემცირებით უნდათ.

[არ მოგატყუოთ ექსპორტის წახალისების სამთავრობო ორგანიზაციებმა და პროგრამებმა. ეს ისეთივე კორუფციული სატყუარაა, როგორც „კეთილშობილი” მიზნებით შექმნილი „აწარმოე საქართველოში”.]

რას ნიშნავს იმპორტის შემცირება? ნაკლები უნდა მოვიხმაროთ (მოხმარების უდიდესი ნაწილი ხომ სწორედ იმპორტირებულ პროდუქტებზე მოდის). “ქართული ოცნების” აზრით, 

  • საწვავზე აქციზი უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობას მეტი ფული შეუვიდეს ბიუჯეტში, არამედ იმიტომაც, რომ ნაკლები საწვავი ჩავასხათ, შესაბამისად, ნაკლები საწვავი შემოვიტანოთ, შესაბამისად, ქვეყნიდან ნაკლები დოლარი გავიდეს
  • სესხებზე წვდომა იმიტომ კი არ უნდა შეგვეზღუდოს, რომ მთავრობას ჩვენი ჭარბვალიანობა აღელვებს, არამედ იმიტომ რომ, ვთქვათ, მობილურის, სარეცხი მანქანის ან მაცივრის (ეს ყველაფერი გარედანაა შემოტანილი!) საყიდლად სესხი არ გამოვიტანოთ
  • საპენსიო დანაზოგი მთავრობის ძალდატანებით იმიტომ კი არ უნდა გავაკეთოთ, რომ დღევანდელ მინისტრს ან პარლამენტარს ის აღელვებს, ავიღებთ თუ არა პენსიას 20-30-40 წლის შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ეს ფული დღეს არ დავხარჯოთ, მთავრობის აზრით, უყაირათოდ. 

ამ სამი, ერთი შეხედვით, ურთიერთდაუკავშირებელი მაგალითის უკან „ქართული ოცნების” ერთი მოძველებული მერკანტილისტური მაკროეკონომიკური ლოგიკა დევს: მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მეტი ინვესტიციის მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას და ოჯახების შემოსავლების მატებას ჩვენ ვერ შევძლებთ, ამიტომ ხალხს უფრო მომჭირნედ ცხოვრება უნდა ვაიძულოთ.

ოღონდ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა „ვაიძულოთ ხალხს მომჭირნედ ცხოვრება” სოციალურად მძიმედ აისახება. საწვავზე აქციზის გაზრდამ გაგვიძვირა არა მხოლოდ ბენზინი და დიზელი (რის გამოც “სოფელზე მზრუნველი” მთავრობის პირობებში რეკორდულად დაეცა, მაგალითად, ნათესი მიწების ფართობი), არამედ ყველა სხვა ძირითადი პროდუქტი. მედიკამენტებზე ფასების ზრდა ისედაც უკვე იყო მწვავე პრობლემა. შედეგად, ქვეყანაში გაიზარდა როგორც უკიდურესი (ადამიანზე 110 ლარზე ნაკლები თვეში), ისე ზოგადი სიღარიბე (ადამიანზე 185 ლარზე ნაკლები თვეში).

საწვავზე აქციზის გაზრდისას მთავრობას, „მომჭირნეობის პოლიტიკის” გარდა, მოკლევადიანად, ბიუჯეტის დაბალანსების მოტივი ჰქონდა: მოგების გადასახადის რეფორმით გამოწვეული საბიუჯეტო დანაკლისი აქციზის გაზრდით შეავსეს. ეკონომიკურს რომ თავი დავანებოთ, ამას მძიმე სოციალური ეფექტი ჰქონდა: მოგების გადასახადის რეფორმით ისარგებლა მსხვილმა ბიზნესმა (ამის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს - ზ.ჭ.), ხოლო საწვავზე აქციზის გაზრდით დაზარალდა ყველა, მათ შორის, უკიდურესად ღარიბიც.

ზუსტად იგივე ეფექტს ველოდები დაგროვებითი პენსიის რეფორმის შედეგად. დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს დღეს ფულს იმისთვის ვაზოგინებთ, რომ მსხვილ ბიზნესს (თუ კაპიტალის ბაზარი განვითარდა, რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება) და ტრადიციულ “წურბელას” - მთავრობას - იაფი “გრძელი ფული” გაუჩნდეს.

824 ათასი დაქირავებით დასაქმებული ადამიანის პირობებში, დაახლოებით 577 ათასი დაქირავებულის ხელფასი არ აღემატება თვეში დარიცხულ 600 ლარს. ანუ იმ ადამიანთა უდიდესმა ნაწილმა, ვისაც ეს რეფორმა შეეხება, მაგალითად, მასწავლებელმა, ექთანმა, მაღაზიის გამყიდველმა ასეთი დაბალი შემოსავალი უნდა იმყოფინოს

გაძვირებულ სურსათზე

გაძვირებულ დენზე

გაძვირებულ გაზზე

გაძვირებულ საწვავზე

გაძვირებულ ტრანსპორტზე

გაძვირებულ მედიკამენტზე

გაძვირებულ კრედიტზე

და თან - „ჭკვიანი" მთავრობის დაძალებით - ხელფასის 2% დაზოგოს სიბერისთვის.

ვინმემ ეს ძალდატანება შეიძლება გაამართლოს, დაგროვებითი საპენსიო სქემა მართლაც რომ უზრუნველყოფდეს ღირსეულ სიბერეს. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ იგი დამაიმედებელ რიცხვებს ვერ იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო იდეალურ საინვესტიციო პოლიტიკას განახორციელებს, ფული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისებისა თუ კორუფციის გამო არ დაიკარგება და დანაზოგი “საბჭოთა ანაბრების” ბედს არ გაიზიარებს.

40 წლის ქალი მასწავლებელი, რომელსაც დღეს ხელზე ასაღები ხელფასი 600 ლარი აქვს, 20  წლის შემდეგ საბაზისო პენსიაზე (რაც დღეს 180 ლარია) დამატებით თვეში დღევანდელი მსყიდველუნარიანობის 70 ლარს მიიღებს (საერთშორისო ეკონომიკური სკოლის, ISET-ის კალკულაცია). ამ ადამიანს “ქართული ოცნება” ეუბნება, რომ მან საკუთარ თავს, შვილებს და ოჯახს დღეს თუნდაც 12 ლარი თვეში უნდა მოაკლოს იმიტომ, რომ 20 წლის შემდეგ იცხოვროს ისე, როგორც დღეს ცხოვრობს დაახლოებით 250-300 ლარის შემოსავლის მქონე ადამიანი. ანუ ღარიბად!

საპენსიო დანაზოგი 2%+2%+2% ფორმულით ივსება, საიდანაც 2%-ს დასაქმებული თავის სასარგებლოდ იხდის, დამსაქმებელი და მთვარობა კი 2-2%-ს უმატებს. არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ დამსაქმებლის მიერ ამ დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში შესატანი დამატებითი 2% ასევე დასაქმებულის ხელფასიდან არ ჩამოიჭრება. ან თუ დამსაქმებელი ახლა არ ჩამოაჭრის დასაქმებულს ამ თანხას, ხელფასს კარგა ხანს აღარ გაუზრდის. ეს კი დასაქმებულთა ისედაც დაბალშემოსავლიან უდიდეს ნაწილს კარგს არაფერს უქადის გაძვირებული ცხოვრების პირობებში.

ზოგადად, დამსაქმებელს უჩნდება მოტივაცია, სამსახურში (თუ ეს მაღალკვალიფიციური სამსახური არაა და სპეციფიკურ ცოდნა-გამოცდილებას არ მოითხოვს) 40 წელზე ნაკლები ადამიანები სამსახურში არ აიყვანოს, რადგან 40 წელზე ნაკლები ასაკის დასაქმებულებისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა (ამაშია მთავრობის ძალდატანება) და დამსაქმებულმაც დამატებითი 2% აუცილებლად უნდა გადარიცხოს ყოველი ასეთი დასაქმებულის საპენსიო დეპოზიტზე.

 ამ დროს უმუშევრობა, საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ 40 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებისთვისაა.

მით უმეტეს, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის მდგომარეობა გაუარესდა.

ვინმემ ხვალინდელი ქათმის მისაღებად დღევანდელი კვერცხის მოკლების პოლიტიკა შეიძლება გაამართლოს, მაგრამ აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ვაწყდებით:

  • 2016 წელს ბრაზილიაში თანაინვესტირების ფონდის დირექტორი დააპატიმრეს საპენსიო ფონდიდან 2.5 მლრდ აშშ დოლარის მოპარვისთვის;

  • ამავე წლის ბოლოს დააპატიმრეს სამხრეთ კორეის საპენსიო ფონდის დირექტორი;

  • 2017 წელს 14.8 მლნ. აშშ დოლარის კორუფციულ სქემაზე ყაზახეთის საპენსიო ფონდის დირექტორი დაიჭირეს.

დააკვირდით, ეს სულ ახალი, მაგრამ მცირე ნაწილია საპენსიო სქემების გაფლანგვის ისტორიული მაგალითებიდან. ზოგადად, მსოფლიოს 20 უმდიდრეს ქვეყანას 78 ტრლნ. აშშ დოლარის გარღვევა აქვს საპენსიო ფონდებში. გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, ესპანეთის საპენსიო ფონდების ვალდებულებები 3-ჯერ მეტია, ვიდრე მათი ეკონომიკა.

ამის გამო, ამ ქვეყნებში, სადაც ასეთი სქემა ათწლეულების წინ შემოიღეს, დღეს მთავრობა ან საპენსიო ასაკს ზრდის, ან საპენსიო ფონდების დანაკლისს ბიუჯეტიდან ავსებენ, რაც პოლიტიკურ მღელვარებასა და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს.

ვიმეორებ, იძულებით ასეთ სქემებში ადამიანების ჩართვის მთავარი ნაკლი ძალდატანებაა. მთავრობა ადამიანებს, რომლებსაც ფული დღევანდელ საჭიროებებზე არ ჰყოფნით, აიძულებს სარისკო ბიზნესში შევიდნენ, იქ, სადაც ყოველი ადამიანი პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს.

„საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების“ კვლევაც ამას ადასტურებს: მოქალაქეების 65% დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო, ძალდატანებითი მონაწილეობის მომხრეა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

ონელი ებრაელების ისტორია

ონი (რაჭა-ლეჩხუმი) მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და მაღალი მთებით არის გარშემორტყმული. ისტორიულ წყაროებშ ...
14 აგვისტო
14 აგვისტო

არკადი ბაბჩენკო აგვისტოს ომზე: ჰორიზონტი ...

პუტინის აქტიური კრიტიკოსი არკადი ბაბჩენკო 2008 წლის ომის დროს რუსულ სამხედროებთან ერთად გადაადგილდებოდა კონფლიქტის ...
09 აგვისტო
09 აგვისტო

ფოტოპროექტი► ბოშების ცხოვრება ქობულეთში

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ბოშათა 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. განათლების მიღება და სახელმწიფო ენის ცოდნა ერთ-ერთი ყველაზ ...

მეტი

^