Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰოჯესი: რუსეთს სურს, მისი ეშინოდეთ. მას მხოლოდ ძალის ესმის

31 ივლისი 2018

„ამერიკის ხმა" აგრძელებს ინტერვიუების ციკლს 2008 წლის ომის მე-10 წლისთავის თემაზე. გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი იყო, ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრა იმის მაგალითია, თუ როგორი სახელმწიფოა რუსეთი და ეს დასავლეთს არ უნდა დაავიწყდეს. ჰოჯესი ასევე დასძენს - იმისთვის, რომ საქართველომ რუსეთის ასიმეტრიულ თავდასხმებს, მათ შორის, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას თავი წარმატებით გაართვას, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გააძლიეროს. გენერალ ჰოჯესს „ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი პატარა ქვეყანაში მოკლე ომი იყო, რომელმაც საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა, გლობალურად კი დიდი გავლენა იქონია. თქვენ როგორ იხსენებთ ამ ომს?

საინტერესოა ის, რომ [ომიდან] რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ყველას შეახსენა, რომ [რუსეთი] საქართველოსაც დაესხა თავს და რომ რუსეთის ჯარისკაცებს დღემდე ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.

მახსოვს, ფორტ ბრეგიდან პენტაგონში ახალი გადასული ვიყავი. ვიცოდი ომის შესახებ, მაგრამ ის თითქოს ძალიან შორს იყო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და შავი ზღვის აუზისთვის დიდი ყურადღების ფონზე, ხალხმა გააცნობიერა, რომ რუსეთის ჯარი ისევ საქართველოშია.

მე ყველას ნაცვლად, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დავიწყოთ უკუანალიზი იმისა, თუ რა მოხდა, რატომ იყო რუსეთი არაკომპეტენტური, რატომ დაესხა ის თავს საქართველოს, რა ისწავლეს რუსებმა ამ გამოცდილებიდან... ასევე დავიწყეთ იმის შეფასება, თუ რა შედეგი აქვს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. საქართველოზე ყურადღება ამ თვალსაზრისით გავამახვილე.

მას შემდეგ, რაც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი გავხდი, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ საქართველო [რუსეთისთვის] მოუნელებელი გამხდარიყო. ამას არა მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდით, რომ საქართველო ავღანეთში კოალიციის ასეთი კარგი წევრია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებთან შედარებით პროპორციულად ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენ მიერ დადებულ პირობაშიც დევს და ის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილია.

თქვენი აზრით, რა შედეგი მოიტანა ამ ომმა?

ერთი ის, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ამასთან, მე ყოველ ჯერზე ვამბობ ამას, როცა საშუალება მეძლევა - ხალხმა უნდა გააცნობიეროს ის, თუ ვინ არის რუსეთი. მე-19 საუკუნეშიც კი, ბისმარკმა თქვა, რომ რუსეთთან გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება არ არის იმ ქაღალდზე მეტად ღირებული, რომელზეც ხელშეკრულებაა დაწერილი.

იცით, რომ რუსეთი დათანხმდა, ეგრეთ წოდებულ, სარკოზის შეთანხმებას, მაგრამ დღემდე მის პირობებს არ ასრულებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან მოლაპარაკება არასდროს ვაწარმოოთ. მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ისინი მხოლოდ ძალას სცემენ პატივს და ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც მათთან მივაღწევთ, უნდა შეიცავდეს აღსრულების ისეთ პროტოკოლს, რომლისაც ყველას სჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირობებს არ შეასრულებენ.

სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღემდე არ სრულდება - როგორც თქვენ თქვით. როგორ აფასებთ ამას უფრო გლობალურ კონტექსტში - თქვენი აზრით, წააქეზა თუ არა რუსეთის აგრესია სხვაგან, დასავლეთის მხრიდან რუსეთ-საქართველოს ომის მიმართ სუსტად გამოვლენილმა ყურადღებამ?

აბსოლუტურად მჯერა მაგის. ვფიქრობ, რუსები გააკვირვა იმან, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა დასავლეთს ყირიმის ანექსიის შემდეგ და იმან, რომ რუსეთის მიმართ სანქციები ჯერ ისევ ძალაშია. აი, ეს არის რუსეთი და ჩვენ რეალისტურად უნდა მივუდგეთ მას.

რამდენიმე წლის წინ, როცა ჩემს მეგობარ გენერალ კაპანაძეს რამდენიმე წლის წინ პირველად შევხვდი, მან რუკა მაჩვენა და მითხრა, მოდი, აგიხსნი რა ხდებაო. ძალიან კარგი მიმოხილვა გააკეთა შავი ზღვის რეგიონზე, რომ რუსეთი ამ რეგიონს უყურებს როგორც პერიფერიას და მიაჩნია, რომ ეს მისი [გავლენის] სფეროა. როცა სიტუაციას საქართველოს გადმოსახედიდან ხედავ, რაღაცებზე სხვანაირად იწყებ ფიქრს. დღეს ვცდილობ, ისტორიული მაგალითების მოყვანით, დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავანახო ეს პერსპექტივა;  ვაჩვენო, როგორ იქცევა რუსეთი და რატომ უნდა ვიყოთ ერთად შეკრული.

როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა დასავლეთს მეტის გაკეთება ომის თავიდან ასაცილებლად?

ომის შემდეგ ბუნებრივი ტენდენცია განიარაღებაა - ყოველ შემთხვევაში ასე ხდება ამერიკის ისტორიაში სამოქალაქო ომის შემდეგ. ომის შემდეგ ვამბობთ ხოლმე, რომ ამის გაკეთება აღარასოდეს გვინდა და რომ ყველაფერს თავი უნდა გავართვათ და გავაგრძელოთ ცხოვრება.

ეს არის ტენდენცია დასავლეთში. ცივი ომი დამთავრდა, ყველა გათავისუფლდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელი ქვეყნები გახდა, კაპიტალიზმი და დემოკრატია ცოტა ხანი ყველგან იგრძნობოდა, მანამ, სანამ რუსეთმა არ გადაწყვიტა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, მისი აზრით, სად იყო მსოფლიოში რუსეთის ადგილი.

ჩვენ ეს გამოგვრჩა. ახლა ვაზოგადებ მოვლენებს, ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ჩვენი პარტნიორი იქნებოდა. იმაზე არ ვფიქრობდით, რომ რუსეთს შეეძლო კონკრეტულ ქვეყნებზე თავდასხმა.

რუსეთს არ უნდა, რომ ის უყვარდეთ; უნდა, რომ მას პატივს სცემდნენ; უნდა, რომ ქვეყნების დაშინება შეეძლოს, მაგრამ სიყვარული არ უნდა. რუსეთში კრემლს ვგულისხმობ. კრემლი არ დარდობს იმაზე, თუ რამდენად მოსწონთ რუსეთი მსოფლიოში. რუსეთი უკრაინაში სოჭის ოლიმპიადიდან ერთ კვირაში შეიჭრა და ეს მას შემდეგ, რაც მილიარდობით დოლარი დახარჯა ასეთი დიდებული ღონისძიების მოსაწყობად.

მათ შეიძლება ისიც სურდეთ, რომ რუსეთის ეშინოდეთ. რუსეთის ბოლო 400 წლის მანძილზე ისტორიას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთობა მუშაობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს. ცივი ომის დროსაც კი გვქონდა კულტურული გაცვლები, სპორტული თამაშები და ასე შემდეგ.​

როგორ ფიქრობთ, საქართველო რუსეთის მხრიდან ხელახალი სამხედრო საფრთხის წინაშე დღესაც დგას? თუ - არა, მშვენიერი; თუ - კი, მაშინ ისიც გვითხარით, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ან თავიდან ასაცილებლად?

ჩვენ ყველა ვართ რუსეთთან სავარაუდო კონფლიქტის საფრთხის წინაშე. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს - კინეტიკური, კიბერსივრცეში, იყოს თავდასხმა ჩვენს ინსტიტუტებზე. იცით რა მოხდა 2016 წელს ჩვენს არჩევნებზე? ეს ყველაფერი რუსეთისგან უწყვეტ ზეწოლას განიცდის. თვალები ყველას ფართოდ უნდა გვქონდეს გახელილი. აქ შვეიცარიაზე არ ვსაუბრობთ - ლაპარაკია რუსეთზე. საფრთხე ყველას გვემუქრება - თუ მომზადებული არ ვიქნებით, თუ ძლიერი არ ვიქნებით და თუ მკაფიოდ არ ვიტყვით, რომ ჩვენთვის რაღაცები მიუღებელია.

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავი დაიცვას. უნდა გააგრძელოს, იყოს მოუნელებელი და ამის გასაკეთებლად ახლოს უნდა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. ამაში შედის ინფორმაციის, დაზვერვის, შესაძლებლობების გაზიარება.

ქვეყნის შიგნით კი - თუ იარსებებს კორუფცია, არ იქნება მთავრობისადმი ნდობა, თუ მედიას საკუთარი საქმის კეთების საშუალება არ მიეცემა და თუ ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპები არ იმუშავებს, რუსეთი ამას გამოიყენებს.

ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სისუსტეა. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე - თქმა. მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასარწმუნებლად, რომ ჩვენივე ხალხი ენდობა ჩვენს არჩევნებს, მედიას, სასამართლო სისტემას და რომ მთავრობა გამჭვირვალეა. ამის გარეშე, იქმნება მყიფე სიტუაცია, რომლის გამოყენებაც რუსულ დეზინფორმაციას ადვილად შეუძლია და ეს გვასუსტებს.

ავტორი: ია მეურმიშვილი

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

ონელი ებრაელების ისტორია

ონი (რაჭა-ლეჩხუმი) მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და მაღალი მთებით არის გარშემორტყმული. ისტორიულ წყაროებშ ...
14 აგვისტო
14 აგვისტო

არკადი ბაბჩენკო აგვისტოს ომზე: ჰორიზონტი ...

პუტინის აქტიური კრიტიკოსი არკადი ბაბჩენკო 2008 წლის ომის დროს რუსულ სამხედროებთან ერთად გადაადგილდებოდა კონფლიქტის ...
09 აგვისტო
09 აგვისტო

ფოტოპროექტი► ბოშების ცხოვრება ქობულეთში

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ბოშათა 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. განათლების მიღება და სახელმწიფო ენის ცოდნა ერთ-ერთი ყველაზ ...

მეტი

^