Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არკადი ბაბჩენკო აგვისტოს ომზე: ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე ყველაფერი იწვოდა

14 აგვისტო 2018

პუტინის აქტიური კრიტიკოსი არკადი ბაბჩენკო 2008 წლის ომის დროს რუსულ სამხედროებთან ერთად გადაადგილდებოდა კონფლიქტის ზონაში. ის საკუთარ ბლოგზე ომის რეპორტაჟებს აქვეყნებდა. აგვისტოს ომის “განსაკუთრებული გაშუქებისთვის“ ბაბჩენკომ ბრიტანული ჯილდო მოიპოვა.

ბაბჩენკო დღეს გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტია. ის ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ყურადღების და კრიტიკის ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც უკრაინის უშიშროების სამსახურთან ერთად საკუთარი სიკვდილი გაათამაშა. ბაბჩენკოსა და უკრაინის უშიშროების სამსახურების განცხადებით, აღნიშნული საჭირო იყო ბაბჩენკოს მკვლელობის თავიდან ასარიდებლად და შემკვეთის გამოასააშკარავებლად. კრიტიკოსები კი ოპერაციის ეთიკურ მხარეზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ეს ხელს აძლევს რუსულ პროპაგანდას.

ამერიკის ხმის ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე მას აგვისტოს ომის 10-წლისთავთან დაკავშირებით ესაუბრა.

აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ საქართველოში დისკუსია ისევ მიმდინარეობს იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. მათ შორის, პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა საქართველოს დასდო ბრალი, მიუხედავად არსებული ფაქტებისა. თქვენ ომის დროს დღიურებს წერდით. რა იხილეთ?

მე ცხინვალში 10 აგვისტოს ჩავედი. დასაწყისი არ მინახავს, თუმცა ამ 10 წლის განმავლობაში ყველაფერი სრულიად ნათელი და გასაგები გახდა. ყირიმის ანექსიისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ, ერთსა და იმავე სქემას ვხედავთ. თავიდან, სამხრეთ ოსეთში რუსულ პასპორტებს არიგებდნენ, შემდეგ სწავლებები ჩაატარეს, და რუსეთი განუწყვეტლივ საქართველოს პროვოცირებას ცდილობდა. დასაწყისში დაუდგენელი მოიერიშეები აფეთქებებს ახორციელებდნენ, შემდეგ გაურკვეველი ტერორისტები აფეთქებდნენ გაზის მილსადენს და ეს გრძელდებოდა დაუსრულებლად. საბოლოოდ, საქართველომ პასუხი გასცა რუსეთს. მე ვხედავ, რა ხდება უკრაინასა და დონბასში. როდესაც რუსეთის თითქოსდა „მშვიდობისმყოფელები“, არტილერიის მაკორექტირებლებთან ერთად სხედან ყაზარმაში - აქ საერთოდ სალაპარაკო რა არის?

ტელევიზორიდან კი წარმოუდგენელი ტყუილები ისმოდა. საუბარი იყო ქართულ ფაშიზმზე, 2000 მოკლულ მშვიდობიან მოსახლეზე და ხდებოდა ანტიქართული ისტერიკის გაღვივება.

10 წლის თავზე არ არსებობს არანაირი შეკითხვა, თუ ვინ დაიწყო და რა დაიწყო. ომი რუსეთმა დაიწყო. ეს მკაფიოდ იყო რუსეთის დაპყრობითი იმპერიული ომი.

როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი შევაფასოთ 10 წლის თავზე, როდესაც აგვისტოს ომს, უკრაინის მოვლენებსა და სირიას ვუყურებთ? ვგულისხმობ არა მხოლოდ ომს, არამედ შემდეგ მოვლენებს  და ასევე, დასავლეთის პასუხს?

მხოლოდ ერთი შეფასება შეგვიძლია გავაკეთოთ: ეს არის რუსეთის დაპყრობითი იმპერიული ომი, რუსეთის თავდასხმა და საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია. თუმცა, იმ დროისთვის მსოფლიომ ეს ვერ გაიგო. ვერ მიხვდნენ, თუ ვისთან ჰქონდა საქმე და საბოლოოდ, კიდევ ერთი ომი მიიღეს უკრაინაში. დღეს მე ვფიქრობ საერთაშორისო საზოგადოება ხვდება, თუ რას წარმოადგენს პუტინის რეჟიმი და ნელ-ნელა, ძალზედ სუსტად იწყებს ზომების მიღებას, თუმცა აქამდე მივიდა. ევროპული ბიუროკრატია ისეთი მანქანაა, რომლის ჩართვასაც დიდი ხანი სჭირდება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის ამუშავდება მისი გაჩერება რთულია.

რა პარალელების გავლება შეიძლება უკრაინის, სირიისა და საქართველოს ომებს შორის?

10 წლის წინ საქართველოში რუსეთმა გამოიყენა იგივე ტექნოლოგია, რაც მოგვიანებით დონბასში. მათ შორის პროპაგანდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მასობრივი ზომბირების საშუალებებად გადაქცევა, ჰიბრიდული ომი, როდესაც მშვიდობისმყოფელების სახელით საოკუპაციო ძალები შეჰყავთ, პასპორტების გაცემა. ასევე, ომის დასაწყისში ტყუილი, რომ ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის მკვლელობა და იქვე, ქართულ ფაშიზმზე საუბარი. ეს ყველაფერი ერთი-ერთში განმეორდა. თუმცა, განსხვავება ალბათ ის არის, რომ ამ 10 წლის მანძილზე, რუსულმა ტექნოლოგიამ პროგრესი განიცადა, და უფრო უკეთ აკეთებენ ამ ყველაფერს. მოხდა ჯარის რეფორმა. რუსეთის ჯარი 10 წლის წინ და დღეს ორი განსხვავებული რამაა. თუმცა დანაჩენი უცვლელია.

როგორი იყო თქვენი გამოცდილება ომის დროს? პირადად თქვენ, რა ნახეთ?

მე იქ ომი ვნახე. ეს იყო სერიოზული ომი. მიუხედავად იმისა, რომ მე იქ მხოლოდ სამი დღე ვიყავი. ავიაციით, ტანკებით, რაკეტებით, ზალპური ცეცხლით. ცხინვალი არ ჰგავდა გროზნოს, თუმცა მსგავსად გროზნოსი, იქ ბრძოლა მიმდინარეობდა.

ჩემი განცდების მოყოლას დიდ დროს მოვანდომებ. ამაზე წიგნიც კი დავწერე. მაგრამ ძლიერი შთაბეჭდილება დამიტოვა ლტოლვილების ნახვამ, ქართველი მოსახლეობის, რომლებმაც სახლები დატოვეს და უეცრად გაქრნენ. ხედავ, რომ იქ ხალხი ცხოვრობდა დიდხანს, და ახლა მათ უკან ცარიელი ადგილები რჩება. მოდიან მარადიორები და ყველაფერს მიწასთან ასწორებენ. როდესაც მთის ძირიდან უკან ჯავაში შვეულმფრენით ვბრუნდებოდით, გარეთ ვიყურებოდი და მქონდა განცდა, რომ ყველაფერი იწვოდა ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე. ყოველი შემდეგი სოფელი იწვოდა. ყველაფერს კვამლის ტალღები ასდიოდა. ეს, რა თქმა უნდა, ძლიერ განცდებს იწვევს.

როგორ ფიქრობთ, რუსეთმა გადაიხადა ამ ყველაფრის საფასური თუ არა?

რა თქმა უნდა, არა. რუსეთს არაფრის საფასური არ გადაუხდია. საერთაშორისო თანამეგობრობამ აიღო დიქტატურის დაშოშმინების გეზი იმის ნაცვლად, რომ [მოსკოვისთვის] მკაცრად ეპასუხა. ამ ყველაფერმა ჩაიარა და არანაირი ზომები არ იქნა მიღებული. საბოლოოდ, ამან მიგვიყვანა დონბასის ოკუპაციამდე.

რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წლის  „ექვსპუნქტიანი შეთანხმების“ პირობებს. დღეს დასავლეთში ხშირად მოუწოდებენ რუსეთს, რომ შეასრულოს მინსკის შეთანხმება უკრაინის შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ აქვს ამას მნიშვნელობა?

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უკვე 10 წელი გავიდა. რუსეთთან შეთანხმება იმ ფურცლებადაც არ ღირს, რომელზეც ხელს აწერენ. რუსეთისთვის არანაირ შეთანხმებას არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა მაშინ ეს საჭირო იყო, რათა დანაშაულებრივი მოქმედება დასრულებულიყო. მაშინ სარკოზი ჩავიდა რუსეთში და მოხერხდა დანაშაულების შეწყვეტა.

რუსეთი ერთ ღამეში შევიდა გორში და თბილისშიც შევიდოდა კიდევ ერთ ღამეში. [მოსკოვი] ამისთვის მზად და მოტივირებული იყო. მათ საკმარისი ხალხი ჰყავდათ. 58-ე არმიამ ცხინვალის დაიკავა... როცა ჩვენ მივდიოდით, ვხედავდით, რომ ტერიტორია სავსე იყო რუსული სამხედრო ტექნიკით. იმ ეტაპზე, საჭირო იყო ამის შეჩერება, და მათ თავიანთი როლი ითამაშეს ისევე, როგორც მინსკის შეთანხმების შემთხვევაში, რათა შეეჩერებინათ აგრესია უკრაინაში. თუმცა ამ შეთანხმებების აღქმა რკინა-ბეტონის არგუმენტად არ ღირს, რადგან რუსეთი მას დაარღვევს წარამარა, როგორც დაარღვია 2008 წელს დაგომისის (სოჭის) შეთანხმება და 2014 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმი. ასევე დაარღვევს ყველაფერს, რისი დარღვევაც დასჭირდება.

როგორ ფიქრობთ, როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ რუსულ აგრესიას?

ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთი დღეს რეალურად ძლიერია... ნავთობის ფასები ისე არ დავარდნილა, როგორც ელოდნენ, და რეჟიმი ახერხებს გადარჩენას. 100 მილიონი ადამიანი ჯერ ისევ ჭკუიდან გადადის ახალი მიწების დაპყრობის იდეით. რეჟიმი სრულიად თვითკმარია. ამიტომ მარტო ვერაფერს გახდები. საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობამ საბოლოოდ გააანალიზოს, თუ ვისთან აქვს საქმე, რას წარმოადგენს რუსეთი და აქედან გამომდინარე შეიმუშაოს რეჟიმთან გამკლავების მეთოდები.

ჩვენ ახლა ვხედავთ ამერიკის სანქციების ახალ კანონპროექტს [რუსეთის წინააღმდეგ], და რომელსაც რუსეთში ჯოჯოხეთურ სანქციებს უწოდებენ. ამან შეიძლება იმუშაოს. სანქციების ეს პაკეტი ძალზედ ძლიერია... ვფიქრობ, ამ ეტაპზე, რეჟიმის ეკონომიკური დასუსტება არის ერთადერთი გზა. [რუსეთი] 140 მილიონიანი ქვეყანაა, რომელიც ბირთვული იარაღის გამო ჭკუიდან გადადის და გასაგებია, რომ მასთან ომი არავის სურს.

ხშირად საქართველოში განიხილავენ - რა შეიცვლება თბილისისთვის, თუ პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად, [ოპოზიციის ლიდერს] ალექსეი ნავალნის ოკუპირებულ აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით მსგავსი პოზიცია აქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას შეიძლება ველოდეთ?

კითხვა ის არის, როგორ შეიცვლება ყველაფერი. გასაგებია, რომ პუტინი მხოლოდ მაშინ წავა, როცა ეკონომიკა ჩამოიქცევა. მსგავსად იმისა, რასაც დღეს ვენესუელაში ვუყურებთ. ამიტომ კითხვა უნდა დაისვას ასე - როგორ შეიცვლება ყველაფერი, სრულიად თუ უმნიშვნელო შიდა რუსული გადატრიალებით; სამოქალაქო ომით თუ მის გარეშე? ამ პროცესის წინ, შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მიზნით დაიწყებენ საგარეო ომს, მაგალითად, ხარკოვზე იერიშის მიტანას, ან არ დაიწყებენ. ჯერჯერობით ეს არ ვიცით.

არსებობდა საბჭოთა კავშირი, რკინის ფარდა და შემდეგ, ის ჩამოიშალა. თითქოს რუსეთი გახდა დემოკრატიული ქვეყანა, აიღო კურსი დემოკრატიაზე, ევროპულ ღირებულებებზე და ა.შ. გაიარა 20-მა წელმა და რუსეთი თავს დაესხა საქართველოსა და უკრაინას. და მე ვფიქრობ ეს ბოლო ომი არაა. ამიტომ მე უკვე აღარ მჯერა, აღარ მჯერა მომავლის, გასაოცარი, დემოკრატიული რუსეთის.

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ

ავტორი: ანი ჩხიკვაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^