Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავისუფლების მოედანი - მეოცე საუკუნის პანორამა

25 თებერვალი 2015

თბილისის „სავიზიტო ბარათი“ - სიმბოლო, რომლის დანახვისას რეცეპტორები და სანავიგაციო სისტემა მეხსიერებასა და შეგრძნებებს 41° განედზე, კავკასიის ცენტრალური ქალაქისკენ მიმართავს, მეოცე საუკუნეში არაერთგვაროვანი იყო და დღესაც ვერ ვიტყვით, რომ ერთმნიშვნელოვანია - სუვენირებსა და ღია ბარათებზე გამოსახული მეტეხის სილუეტი, ქართლის დედა თუ მთაწმინდის არქიტექტურული ელემენტების კომპლექსი, გასული საუკუნის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ასოციაციას აღძრავს.

თუ სიმბოლიზმის ამ სქემას შევაბრუნებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს ქალაქში არსებობს სივრცე - არქიტექტურული კომპლექსი, რომელსაც ქალაქის და ქვეყნის მეოცე საუკუნის ისტორიის საკვანძო მომენტების ამსახველი ფოტოებისა და ამა თუ იმ ეპოქის განმსაზღვრელი პიროვნებების საკულტო გამოსახულებების ფონად ვხედავთ. დღეს კი ამავე სივრცეში შეიძლება ყოველდღიურად ვმოძრაობდეთ, მაგრამ მისი - როგორც უახლესი ისტორიის თავისებური რეტროსპექტივის აღსაქმელად არაფერი გვიბიძგებდეს - ეს „იმიჯები“ და ქალაქის ქრონიკები საზოგადოების კოლექტიური მეხსიერებიდან თითქმის წაშლილია.

თავისუფლების მოედანი მრავალშრიანი დოკუმენტია, რომელსაც უახლესი წარსულის თითქმის ყველა შემობრუნების კვალი დააჩნდა. საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის სქემატური მოდელის წარმოსადგენად საკმარისია თუნდაც მისი სახელწოდების ცვლილების ხაზს გავყვეთ - გრაფი პასკევიჩ-ერევნელის მოედნიდან თავისუფლების მოედანი - ზაკფედერაციის მოედანი - ლავრენტი ბერიას მოედანი -ლენინის მოედანი და კვლავ თავისუფლების მოედნამდე.

ამ იდეოლოგიების ერამ კი მოედანი სწორედ გლობალური ძვრების და ტრაგედიების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის პერსონალური და კოლექტიური კვალით დატვირთა; მოედნის განაპირას მდგომი შენობა, ყოფილი სასულიერო სემინარია, რომელსაც სემინარისტი-ბურსაკები სიყვარულით „ქვის ტომარას“ ეძახდნენ, ახლაგაზრდა იოსებ ჯუღაშვილის ფსიქოლოგიაში მომხდარი ძირეული გარდატეხის საიდუმლოებებს ინახავს, ყოფილი სოლოლაკის (ამჟამინდელი ლეონიძის) ქუჩის კუთხე კი ის ადგილია, სადაც 1907 წელს თავზეხელაღებული ტერორისტების ჯგუფმა უნაკლო და სისხლიანი დრამა მოაწყო - საბანკო ეკიპაჟი გაძარცვა და უკვალოდ გაქრა, რაც ფაქტების და ეჭვების მიუხედავად, ქალაქურ მეხსიერებაში დღემდე ახალგაზრდა სტალინის განგსტერული წარსულის მტკიცებულებად რჩება.

თბილისის ისტორიის მუზეუმი - "ქარვალსა"/ საქართველოს ეროვნული არქივი

ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული თანამდევი კვალი კი მაინც მოედნის მცირე სივრცეში თავმოყრილი საბჭოთა რეჟიმის დასაწყისისა და დასასრულის საკულტო გამოსახულებებია. დღემდე გამოცანად რჩება, ვინ იყო ის ფოტოგრაფი, რომელმაც 1921 წლის 25 თებერვლის შუადღისას ნახევრად ცარიელი, დათრგუნული და სახლში შეკეტილი ქალაქის ატალახებულ ქუჩებში გასვლა გაბედა, ან შესაძლოა სულაც ჯარისკაცების რუხ მასას შემოჰყვა კოჯრის გზიდან, რათა ქალაქის საბჭოს ყოფილი და უკვე რევკომის სამფლობელოდქცეული შენობის წინ, ჯერ კიდევ თავისუფლების მოედანზე სააღლუმოდ მოწყობილი მე-11 წითელი არმიის სარდლობისა და ნაწილების ისტორიული ფოტო გადაეღო, რომელიც მხოლოდ ჩვენს დროში თუ იქცა 70-წლიანი უხეში ძალმომრეობის, უპასუხისმგებლო ექსპერიმენტებისა და საზოგადოების დემორალიზაციის დასაწყისის ვიზუალურ სიმბოლოდ. საბჭოთა ქრონიკებში ეს კადრი არასოდეს გამოჩენილა - ფოტოობიექტივის უტყუარ ჩარჩოში არსად ჩანდა ის „მოზეიმე მოსახლეობა“, რომელიც აღტაცებული შეეგება „განმანთავისუფლებელ“ მუშათა და გლეხთა წითელ არმიას.

დასასრულამდე შორმა და გრძელმა გზამ კი თავისუფლების მოედნის, როგორც ძალაუფლების საჯარო დემონსტრირების სივრცის ფუნქცია ახალი ძალით დატვირთა და კომუნისტური „პერფორმანსების“ ეპიცენტრად აქცია. მომდევნო ათწლეულის საკვანძო მომენტებმა თუ საერთო-პოლიტიკურმა დინებებმა მოედნის სივრცეში ახალი იმიჯები დაამაგრა: 1924 წლის იანვარში, პროლეტარიატის დიდი ბელადის - ლენინის თეატრალური გამოგლოვებისთვის აღმართული თაღის წინ გულწრფელად დამწუხრებული ლენინელების საპატიო ყარაულითა და 1927 წლის ნოემბერში, ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის ათი წლისთავისთვის მოწყობილი მასკარადით, სადაც პატიოსან საბჭოთა მოქალაქეებს „ძველი რეჟიმის“ საფრთხობელებით - ჟანდარმებით, ცილინდრიანი, „უხერხემლო ინტელიგენტებით“, „სოციალ-გამყიდველებითა“ და მღვდლებით შეახსენებდნენ რამდენად ბედნიერად უნდა ეგრძნოთ თავი.

30-იანი წლები მოედანს საერთო რადიკალურობით დაატყდა თავს - ქალაქისა და ქვეყნის მმართველის ძლიერმა ხელმა ერთი დაკვრით მოასუფთავა ძველი დროების ნაშთი - ქარვასლა - და გაიხსნა სივრცე, სადაც ახალი ქვეყნის ახალ მოქალაქეებს თავისუფლად უნდა ესუნთქათ და სტალინური კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით აღჭურვილებს სოციალიზმში შეებიჯებინათ. ლავრენტი ბერიას სახელობის მოედანზე (სადაც უცნაურია, მაგრამ უკვე დაწყებული იყო სამზადისი დიდი ბელადის - ლენინის ძეგლის მოსაწყობად) 1936 წელს კონსტიტუციის სააგიტაციო პლაკატს შემოხვეული ბავშვების მხიარულება ის ფასადია, რომლის მიღმა დღემდე უთქმელი, ათეულათასობით ადამიანის ტრაგედიები დგას - 1937-38 წლების მასობრივმა ტერორმა და განადგურებამ უკვე საზოგადოებაში გაათავისუფლა სივრცე ერთპიროვნული მმართველობისათვის, რომლის არაორაზროვანი სიმბოლოც 1938 წლის ფოტოა - ქალაქის საბჭოს შენობაზე გაბატონებული „სრულიად საბჭოთა სახალხო დეპუტატის“ იოსებ სტალინის დამთრგუნველი ფიგურა.

თავისუფლების მოედანი / საქართველოს ეროვნული არქივი

ტრანსფორმაციის შემდგომმა მტკივნეულმა ფაზამ ახალი ელემენტი დაუმატა მოედანს - 1953 წელს, სტალინის სიკვდილით გამოწვეული აუხსნელი ისტერიის კადრებს, სამი წლის შემდეგ ისტერიის კულმინაციით გამოწვეული 9 მარტის ტრაგედია მოჰყვა, რის „საკომპენსაციოდაც“ უსახელოდ დარჩენილ მოედანს (ლავრენტი ბერიას სახელი უკვე გულმოდგინედ იყო წაშლილი ყველა შესაძლო სივრცეში) ლენინის სახელი ეწოდა და მისი მონუმენტი განთავსდა, რომელიც მომდევნო - უძრაობის პერიოდის უტყვ სიმბოლოდ და ორაზროვანი მინიშნებებისა და ლაზღანდარობის წყაროდ იქცა, საბოლოოდ კი მთელი ამ მძიმე ეტაპის სიმბოლური დასასრულის გმირადაც.

1980-იანი წლების ბოლოს საყოველთაო კრიზისისა და რყევების სიმწარე ყველაზე ადრე ძეგლებმა იგრძნეს - ლენინის ძეგლი იოლი სამიზნე გახდა ფარული თუ საჯარო დამცირებისა და შურისძიებისათვის, საღებავის სროლიდან დაწყებული განადგურების მცდელობის ჩათვლით. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი შეტევების შეკავების ხალისი უკვე ქალაქის მოქმედ საბჭოელ მამებსაც აღარ შერჩათ. 1990 წლის 28 აგვისტოს მოედნის რეკონსტრუქციის მიზეზით საბჭოს პრეზიდიუმმა ძეგლის გადატანის საბაბით აღტაცებულ მასას მისი მონგრევისა და ნამსხვრევების სუვენირებად დატაცების საშუალება მისცა, რაც მონაწილეებისათვის მთლიანი რეჟიმის დემონტაჟის სანუკვარ მინისცენად აღიქმებოდა.

ამ ამბების დასასრულის წერტილი ახალი ეტაპის დასაწყისიც გახდა, რამაც თავისუფლების მოედნის საკრალურ სივრცეში ახალი კვალი, სიმბოლოები შემოიტანა და ამ წუთასაც უხეში ჩარევის დაძაბულ მოლოდინში გვამყოფებს. ირონიულია, რომ დღეს აქ, სულ რამდენიმე მეტრის რადიუსში თითქმის საუკუნის დაშორებით მდგომი ორი ლანდი შეგვიძლია დავინახოთ - 1991 წლის „თბილისის ომის“ ნამწვავები და ილია ჭავჭავაძე, რომელიც ვიღაცას თავისკენ, იმ ადგილისკენ უხმობს, რომლის ცნობაც უკვე ძალიან გვიძნელდება. თავისუფლების მოედანზე ხომ კვალის დანახვა ამდენი შელამაზების შემდეგ იოლი საქმე აღარ არის.

 

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და ჟურნალ "ლიბერალის" ერთობლივი პროექტი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^