Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციის საქმე - რევაზ ხოფერიას სამართლებრივი შეფასება

03 სექტემბერი 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით აუკრძალა. უნივერისტეტის შეფასებით, საბჭოს მიერ უმაღლესი სასწავლებლისთვის სტუდენტების მიღების შეწყვეტის გადაწყვეტილება უსამართლო და არგუმენტმოკლებულია. უნივერსიტეტის სტუდენტებმა საბჭოს გადაწყვეტილება აქციებით გააპროტესტეს. 

1 სექტემბერს გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს წერილობითი გადაწყვეტილება და სხდომის ოქმი.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი რევაზ ხოფერია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საქმის სამართლებრივ შეფასებას facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს. სადაც ყურადღება გამახვილებულია ავტორიზაციის პროცედურაში არსებითი ხასიათის დარღვევებსა და გადაწყვეტილების შინაარსობრივ პრობლემებზე:

"2018 წლის 20 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აუკრძალა სტუდენტების მიღება ერთი წლის ვადით. 

20 აგვისტოს მინდოდა გამომექვეყნებინა იურიდიული შეფასება, თუმცა, თავი შევიკავე ორი მიზეზის გამო: 

იურიდიული შეფასება არ იქნებოდა სრული ავტორიზაციის საბჭოს წერილობითი გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში; 

ჩემი შეფასება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურისტების მიერ და [უკეთესად] „დაასაბუთებდნენ“ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საზიანოდ. 

გუშინ გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს წერილობითი გადაწყვეტილება და სხდომის ოქმი. ამიტომ, ახლა შემიძლია შეფასების გაკეთება. 

შეფასებას დავყოფ სამ ნაწილად: 

პირველ ნაწილში მოცემულია მსჯელობა ავტორიზაციის პროცედურაში არსებითი ხასიათის დარღვევებზე;
მეორე ნაწილში განხილულია გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივი [შინაარსობრივი] პრობლემები;
მესამე ნაწილში შეფასებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ამ საქმის კონტექსტში.

I. არსებითი დარღვევები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცედურაში [ფორმალური კანონიერება]

1. მოსაზრების წარდგენის უფლების შეზღუდვა 

ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჩატარდა 2018 წლის 20 აგვისტოს. სხდომას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის, რექტორი. ასევე, სხდომას ესწრებოდნენ ავტორიზაციის ექსპერტები. 

სხდომას მეც ვესწრებოდი, თუმცა, სხვა მიზეზით - შავი ზღვის უნივერსიტეტის შემდეგ განიხილებოდა თავისუფალი უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი და, ამიტომ, ჩემს კოლეგებთან ერთად საბჭოს სხდომის დარბაზში გადავწყვიტეთ ლოდინი. 
სხდომაზე ავტორიზაციის საბჭოს არ გამოუკვლევია უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მოსაზრება სტუდენტთა მიღების უფლების ერთი წლით ვადის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის კითხვა არ დასმულა და, შესაბამისად, უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მოსაზრება არ გამოუთქვამთ სტუდენტთა მიღების შესაძლო შეზღუდვაზე.

უნდა ეკითხა თუ არა ავტორიზაციის საბჭოს უნივერსიტეტის წარმომადგენებისთვის, რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა და უნდა მოესმინა თუ არა უნივერსიტეტის პოზიცია სავარაუდო გადაწყვეტილებაზე? დიახ. ასეთი ვალდებულება ავტორიზაციის საბჭოს ეკისრება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე: ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი.

ნორმის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს [შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს], რომლის უფლებაც იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით [საბჭოს გადაწყვეტილება სტუდენტთა მიღების ერთი წლით აკრძალვის შესახებ], უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, სწორედ ამ სავარაუდო გადაწყვეტილებაზე ემსჯელა. 

მოსაზრების წარდგენის უფლება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მხოლოდ ფორმალურად. უფლების განხორციელება უნდა იყოს ეფექტიანი. მსჯელობა უნდა ეხებოდეს სავარაუდო გადაწყვეტილებას.

ეს მსჯელობა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც არის გამყარებული: რეგლამენტირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპს განეკუთვნება, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომელთა უფლებასაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პრინციპი ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.

2. ავტორიზაციის საბჭოს საჯარო სხდომის დახურვა „შესვენების“ გამოცხადების მიზეზით

ავტორიზაციის დებულების თანახმად: საბჭოს სხდომა საჯაროა;

იგივე წესია მოცემული ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. კერძოდ, 32-ე მუხლის თანახმად:

თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები.

ეს ნიშნავს, რომ საბჭოს წევრის, აგრეთვე, ექსპერტის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის მოსაზრებები უნდა ითქვას საჯაროდ - უნივერსიტეტის წარმომადგენლების თანდასწრებით, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი დისკუსია და საკუთარი მოსაზრების წარდგენა. 

იყო თუ არა 20 აგვისტოს ჩატარებული სხდომა საჯარო? არა. სხდომაზე გამოცხადდა „შესვენება“ და დამსწრე პირებს გვთხოვეს სხდომის დარბაზის დატოვება:

[ საბჭოს სხდომაზე 15:50 საათზე გამოცხადდა შესვენება. სხდომა განახლდა 16:50 საათზე.]

ეს ოქმის ჩანაწერია. იქვე ვხვდებით ასეთ ჩანაწერს:

[ საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს ჰქონდათ ხანგრძლივი დისკუსია ...]

ე.ი. საბჭოზე გამოცხადდა „შესვენება“, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დატოვეს სხდომის დარბაზი და ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია, მსჯელობა, რაც გაგრძელდა ერთი საათის განმავლობაში. 

ეს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაშვებული ძალიან მძიმე ხარვეზია. თქვენ შეგიძლიათ არც კი წაიკითხოთ ჩემი შეფასების შემდეგი ნაწილი, რადგან მხოლოდ აღნიშნულის გამო გააუქმებს [ბათილად ცნობს] სასამართლო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ასე წერია კანონში და ასეთია სასამართლო პრაქტიკაც.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 (1) მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

32-ე მუხლში წერია ეს:  თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

28-ე მუხლით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევა არ გვაქვს. ამიტომ, ცალსახა და მძიმე დარღვევაა. 

როგორ უნდა დამტკიცდეს ფორმალურად, რომ „შესვენებაზე“ განიხილებოდა უნივერსიტეტის საკითხები? სხდომის ოქმით და საბჭოს წევრთა მოწმედ დაბარებით. სასამართლოს სხდომაზე ტყუილს არავინ იტყვის - სისხლის სამართლის საქმეში შეიძლება გადაიზარდოს. 

3. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გამოცემა დასაბუთების გარეშე

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ანუ, მარტო იურიდიული საფუძვლები კი არა, ფაქტების შეფასებაც უნდა იყოს მოცემული ამ გადაწყვეტილებაში. მაგრამ, არ წერია. როგორ ფიქრობთ, რატომ? სიზარმაცის გამო. გადაწყვეტილების დასაბუთებას ხომ დრო, ფიქრი, მსჯელობა, ინტერესების ურთიერთშეპირისპირება სჭირდება. ამიტომ, საქმის გამარტივების მიზნით, გადაწყვეტილებაში მითითებულია:

[ 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტო N09 სხდომის ოქმის მესამე ნაწილი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ცნობილი იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილებად].

შეიძლება თუ არა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის „განუყოფელი ნაწილი“ იყოს სხდომის ოქმი [საუბრის ჩანაწერი]? ცხადია, არა. 

ამიტომ, საბჭოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილს. 
თუმცა, რაღა ფაქტების და მსჯელობის არარსებობით დავიწყე, სამართლებრივი საფუძვლებიც არ არის მითითებული ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაში. კერძოდ, არ წერია რომელი სტანდარტი [მუხლი, პუნქტი] დაარღვია დაწესებულებამ.

► II. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსობრივი პრობლემები [მატერიალური კანონიერება]

1. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსობრივი შესაბამისობა კანონმდებლობასთან და მისი სამართლებრივი საფუძვლები 

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება უნდა მოვძებნოთ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაში. თუმცა, რადგან ამ გადაწყვეტილებაში არაფერი წერია, უნდა ვცადოთ და ოქმში ვიპოვოთ გადაწყვეტილების იურიდიული და ფაქტობრივი საფუძვლები. 
ავტორიზაციის საბჭო, ოქმში მიუთითებს, რომ დარღვეულია 7.4 ავტორიზაციის სტანდარტი, რადგან ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა „არავალიდურად” მიიჩნია. რა დასკვნაზე მსჯელობს აქ ავტორიზაციის საბჭო? შესაძლოა მკითხველისთვის, რომელიც არ იცნობს განათლების კანონმდებლობას, შეცდომაში შემყვანი იყოს ეს ინფორმაცია და იფიქროს, რომ უნივერსიტეტს მართლაც რაღაც დარღვევა აქვს. 
სინამდვილეში კი მარტივად არის საქმე: ავტორიზაციის 7.4 სტანდარტის მიხედვით, „უსდ უზრუნველყოფს უფლებამოსილი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ ფინანსური აუდიტის ჩატარებას, რომლის შედეგად შედგენილი დასკვნები და შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები საჯაროდ ხელმისაწვდომია”. ავტორიზაციის სტანდარტი დამტკიცდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანებით და ძალაში შევიდა 2017 წლის 8 მაისს. ამიტომ, ეს ნორმა მოქმედებს 2017 წლის 8 მაისის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებზე. თუმცა, ავტორიზაციის საბჭო იწუნებს უნივერსიტეტის 2013-2017 წლების ფინანსურ ანგარიშებს. საბჭო სტანდარტს ანიჭებს უკუძალას და ავრცელებს იმ ურთიერთობებზე, რომლის დროსაც არ არსებობდა ეს სტანდარტი. ამ შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭომ მნიშვნელოვანი იურიდიული შეცდომა დაუშვა. 

თუმცა, აქ მხოლოდ „ტექნიკური” საკითხი არ არის. საერთოდ შეუძლია თუ არა ავტორიზაციის საბჭოს აუდიტორის მიერ შედგენილი დასკვნის დაწუნება? არა. ასეთი უფლებამოსილება ავტორიზაციის სტანდარტით მინიჭებული არ აქვს ავტორიზაციის საბჭოს. შეგიძლიათ სტანდარტებს გაეცნოთ აქ.

ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის მიხედვით: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსები საიმისოდ, რომ განახორციელოს სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით დაგეგმილი საქმიანობები.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ: წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, უნივერსიტეტის საერთო ბიუჯეტი შემოსავლის 2017-2018 წლებში შეადგენს 7,603,750 ლარს, მაშინ როდესაც საერთო განსაზღვრული დანახარჯი შეადგენს 7,341,344 ლარს. სწავლის საფასური; სახელმწიფო გრანტი; TOEFL საგამოცდო ცენტრი; IBSU-ს ტრენინგ ცენტრი / მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პროგრამები; კონფერენციები - საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის საფასური; საერთაშორისო და ეროვნული პროექტები და სამეცნიერო გრანტები. იმავე აკადემიური წლის ბიუჯეტის მთავარი ხარჯები მოიცავს შემდეგს: პერსონალის სახელფასო ხარჯებს; აფილირებული აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის ხარჯებს; საგანმანათლებლო პროგრამების კვლევითი კომპონენტის ხარჯებს; სამეცნიერო პუბლიკაციების ხარჯებს; წიგნების; ჟურნალების, გაზეთების შეძენის ხარჯებს; წიგნების ბეჭდვის ხარჯებს; მარკეტინგულ ხარჯებსა და ა.შ.

კიდევ ერთი გარემოება, რასაც ექსპერტები მიუთითებენ დასკვნაში, არის შემდეგი: 2.1-ში მითითებული საექსპლუატაციო სასამართლო საქმეზე უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას საკმარისი თანხები აქვს სადავო თანხების დასაფარად. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ საქმის დაცვა ეფუძნება უფრო პრინციპებს, ვიდრე გადახდის უნარიანობას.

ანუ, ავტორიზაციის ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები არ აქვს. თუმცა, ავტორიზაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის ექსპერტთა მოსაზრებას. ამიტომ, ავტორიზაციის დებულების შესაბამისად: საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 

ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთება ასეთია:

[საბჭომ შეაჯამა სხდომაზე განხილული პრობლემური საკითხები, რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა სტანდარტებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრაზე. თავჯდომარემ აღნიშნა, რომ ექსპერტთა ანგარიშში კონკრეტულ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა ეფუძნებოდა დაწესებულების მიერ წარმოდგენილ წერილს პოტენციური მყიდველისაგან, რომელიც გამოთქვამს მზაობას, შეისყიდოს უნივერსიტეტი და დაფაროს მისი დავალიანებები. განაცხადის მიხედვით, მოლაპარაკება უნდა დასრულებულიყო 2-3 კვირის განმავლობაში, ხოლო ერთი თვის მანძილზე უნდა დასრულებულიყო გასხვისების პროცესი. უშუალოდ ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშიდანაც ირკვევა, რომ ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ასახული შესაბამის დოკუმენტებში. მითითებულ პერიოდში მოლაპარაკება ვერ დასრულდა. შესაბამისად, ძირითადი არგუმენტი გახდა არავალიდური.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინსტიტუტის მიერ საავტორიზაციო დოკუმენტების ფარგლებში წარმოდგენილი ერთადერთი სარჩელიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 5 თებერვლის საგადასახადო მოთხოვნა 715 433.01 ლარის დაკისრების თაობაზე არ არის სარჩელი დავის საგნად მითითებული, ასევე არ არის შეჩერებული ამ საგადასახადო მოთხოვნის შესახებ გამოცემული აქტის მოქმედება. შესაბამისად, 2018 წლის 5 თებერვალს დაკისრებული თანხის 715 433.01 ლარის 30 დღის ვადაში გადაუხდელობის გამო, გათვალისწინებულია ვადაგადაცილების პერიოდის შესაბამისი ჯარიმა/საურავი, რომელიც 2018 წლის მარტის თვიდან ერიცხება ვალს. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის საბოლოო ოდენობა დამოკიდებული იქნება ვადის გადაცილების ზუსტ პერიოდზე. შესაბამისად, დაწესებულების მხრიდან ცალკეულ ქმედებათა განხორციელება, მათ შორის, ცალკეული საბანკო ცნობებისა, თუ წერილების წარდგენა, საჭიროებს სათანადო ორგანოების მხრიდან თანმდევი იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტების გაცემას, რომლებსაც მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები, მაგალითად, შეიცვლება ფაქტობრივი მდგომარეობა და დაწესებულების ქონებას მოეხსნება ყადაღა].

გაუგებარია, ავტორიზაციის საბჭოს ეს მსჯელობა რა კავშირშია ავტორიზაციის სტანდარტთან, კერძოდ, რომელ სტანდარტს ეფუძნება ეს მსჯელობა. ასევე გაუგებარია, უნივერსიტეტისა და საგადასახადო ორგანოს შორის სასამართლო დავა რატომ უშლის ხელს განათლების ხარისხის განვითარებას. 
კიდევ ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი - საგადასახადო ორგანოს მიერ უნივერსიტეტისთვის თანხის დაკისრებიდან და სასამართლო პროცესის დაწყებიდან, რამდენიმე წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს არანაირი რეაგირება არ ჰქონია დაწესებულების მიმართ, მათ შორის, უნივერსიტეტი არც კი გაუფრთხილებია, რომ დავალიანებას ასეთი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა. 
გარდა იმისა, რომ ფაქტი სტანდარტთან წინააღმდეგობაში არ არის და თანხის დაკისრებიდან წლები გავიდა, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ზღუდავს უნივერსიტეტის უფლებას, სასამართლოში წარმართოს დავა და დაიცვას უფლებები საგადასახადო ორგანოს წინააღმდეგ. და თუ სტანდარტს ვინმე ასე განმარტავს, მაშინ სტანდარტი ანტიკონსტიტუციურია, რადგან ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას.

2. საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის ვალდებულების დარღვევა

საბჭოს ოქმში ვკითხულობთ შემდეგს: 
[ ...საბჭოს შეფასებით, ექსპერტთა დასკვნის მომზადებისთვის, სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული ცალკეული გარემოებები იმ მიზეზით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა საავტორიზაციო დოკუმენტების წარდგენისა და ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დროს].

ანუ, საბჭოს თქმით, ექსპერტებმა გარემოებები სრულყოფილად ვერ გამოიკვლიეს, რადგან უნივერსიტეტმა რაღაც დოკუმენტები არ მიაწოდა მათ. რა დოკუმენტები არ მიაწოდა უნივერსიტეტმა ექსპერტებს, ეს არ წერია. არადა, უნდა ეწეროს. ასევე, თუ ექსპერტებს შეფასებისთვის საკმარისი დოკუმენტები არ ჰქონდათ, როგორ შეაფასეს უნივერსიტეტი? და თუ უნივერსიტეტი ხელს უშლიდა ავტორიზაციის ექსპერტებს შეფასების განხორციელებაში და არ აწვდიდა სათანადო დოკუმენტაციას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა შეეწყვიტა ვიზიტი ავტორიზაციის დებულების საფუძველზე: ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ საავტორიზაციო განაცხადსა და / ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

რადგან ვიზიტი განხორციელდა, ექსპერტებმა შეაფასეს უნივერსიტეტი, მაგრამ საბჭო თვლის რომ შეფასება სრულყოფილად არ განხორციელდა, საბჭო უნებლიეთ აღიარებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დარღვევას:

მუხლი 96. საქმის გარემოებათა გამოკვლევა
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანის მიერ].

ამ მოთხოვნების დარღვევა კრიტიკულია და აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

3. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დარღვევა 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საბჭოს მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტების რაოდენობის შეზღუდვის გადაწყვეტილება ცდება კანონმდებლობის ფარგლებს და არ ემსახურება განათლების ხარისხის განვითარების მიზნებს. 

ამასთანავე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

ანუ, შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა უფლების შეზღუდვა უნდა იყოს „სიკეთე“ და ეს „სიკეთე“ არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტისთვის მიყენებულ ზიანს. საქმე ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება „სიკეთე“ არ არის და რაიმე სიკეთე რომც იყოს, უნივერსიტეტისთვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება მას. 

და აბიტურიენტების ინტერესები? მათ ინტერესზე და მათთვის მიყენებულ ზიანზე მსჯელობაც კი არ არის მოცემული საბჭოს გადაწყვეტილებასა და ოქმში.

უზენაესი სასამართლო პრაქტიკის თანახმად: სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხირციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას... 

ისევ უზენაესი სასამართლო: ... დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება არის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველი.

► III. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციის საქმის კონტექსტში

ასოცირების ხელშეკრულების 359-ე მუხლის [b] პუნქტის თანახმად, განათლების სფეროში თანამშრომლობა მიმართულია [მათ შორის] [განათლების] ხარისხის გაუმჯობესებისკენ. 

განათლების ხარისხის გაუმჯობესების, საუნივერსიტეტო განათლებაში შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფისთვის სახელმძღვანელო პრინციპები მოცემულია, ე.წ. „ESG სტანდარტებში“, რომლის მიხედვითაც: ხარისხის გარე უზრუნველყოფის პროცესი უნდა იყოს სანდო...

არის თუ არა სანდო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა? არა, რადგან:

შეუძლებელია სანდო იყოს პროცესი, როდესაც ავტორიზაციის ექსპერტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ

[ 2.1-ში მითითებული საექსპლუატაციო სასამართლო საქმეზე უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას საკმარისი თანხები აქვს სადავო თანხების დასაფარად. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ საქმის დაცვა ეფუძნება უფრო პრინციპებს, ვიდრე გადახდის უნარიანობას].

ავტორიზაციის საბჭო კი, უნივერსიტეტისთვის მოულოდნელად, ცვლის ექსპერტთა შეფასებას. 

არის თუ არა სასარგებლო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა? არა, რადგან: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კარგი უნივერსიტეტია. აბიტურიენტები, რომლებიც ამ უნივერსიტეტში აბარებენ, კარგი აბიტურიენტები არიან. და 800 კარგი აბიტურიენტის განათლების უფლების [არჩევნის] შეზღუდვა კარგ უნივერსიტეტში არ შეიძლება იყოს სასარგებლო პროცესი. 

ამიტომ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა მოუსმინოს სტუდენტებს და გაითვალისწინოს მათი ლეგიტიმური მოთხოვნა.

შავი ზღვის უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტების მიღება ერთი წლით შეუზღუდა

„საბჭომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო“ - სანიკიძე IBSU-თვის სტუდენტების მიღების შეჩერებაზე

განათლების სამინისტროსთან IBSU-ის მხარდასაჭერად მისული სტუდენტები მინისტრს ხვდებიან

სახელმწიფო რეპრესიები აზიანებს ქვეყნის განათლების სისტემას - CDI-ის და CCIIR-ის განცხადება

ფოტო ►„დადექი განათლების დასაცავად" - IBSU-ს სტუდენტები კანცელარიასთან აქციას მართავენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ნოემბერი
15 ნოემბერი

ო, მეგობრებო-თ!

მაესტრო დანიელ ორენის მიერ გამოძერწილ ბეთჰოვენს ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილმა პუბლიკამ ოცწუთიანი ოვაცია მოუწყო&n ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

Shoplifters - შეკითხვები პასუხებად

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ანდრეი ზვიაგინცევი სტუმრობდა. რუსი რეჟისორი მაყურებელს „ამირანში“ შეხვდა და მ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ფემინსტრიმი ► ობიექტივიზაცია - ჩაგვრის ს ...

მოუსმინეთ ნანა გობეჯიშვილის პოდკასტს: „წინა პოდკასტში ვისაუბრეთ, ფემინიზმის შესახებ, როგორ უკავშირდება ის ვეგანობ ...

მეტი

^