Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შუნემანი: მაკკეინი საქართველოს ერთგული ბოლომდე დარჩა

08 სექტემბერი 2018

სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო. რენდი შუნემანი  მასთან წლების მანძილზე მუშაობდა. 2008 წელს შუნემანი მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატ მაკკეინის საარჩევნო კამპანიის საგარეო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი იყო. შუნემანი, რომელიც მაკკეინის საქართველოში პირველ ვიზიტს და საქართველოსადმი მის სიყვარულს იხსენებს, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

რენდი, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გარდაიცვალა სენატორი ჯონ მაკკეინი. თქვენ მასთან წლების მანძილზე მუშაობდით და მას კარგად იცნობდით. რამდენად მძიმეა ეს დანაკარგი თქვენთვის?

ეს დიდი დანაკარგია. პირველ რიგში მაკკეინის ოჯახისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ჯონთან წლების მანძილზე მუშაობდა. მაგრამ უფრო მეტად, ეს დანაკარგია ამერიკისთვის და მართალი გითხრათ, მთელი მსოფლიოსთვის. ის იყო ხმა, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს და ეს იყო ხმა, რომელიც მთელს მსოფლიოს დააკლდება, მათ შორის, საქართველოსაც.

რატომ იყო ის ასეთი დიდი?

ჯონ მაკკეინს ბევრი სხვადასხვა ელემენტი ქმნიდა - ყველაფერი ის, რაც დღეს მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა. ახალგაზრდობაში ის თავისი ქვეყნისთვის ომში იბრძოდა, ხუთ ნახევარი წელი ტყვეობაში გაატარა და ომიდან დანრუნების შემდეგ საზღვაო ძალებში გააგრძელა მსახური. ამის შემდეგ გადაწყვიტა კონგრესში ეყარა კენჭი და წარმომადგენელთა პალატაში ორი ვადის შემდეგ მან სენატში იყარა კენჭი. ის ნამდვილი ლიდერი იყო. მას ძალას ინტელექტი და ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა აძლევდა და ჰქონდა დაუღალავი ენერგია დაეცვა ამერიკის ღირებულელები. მან დიდი გავლენა დატოვა მთელს მსოფლიოზე იმიტომ, რომ ის გვერდში ედგა იმათ, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა, თავისუფლება აღელვებდა და ამას ბოლივიიდნ ბელორუსამდა და ბირმიდან საქართვევლომდე აკეთებდა.

თქვენი აზრით, რა უნდა იცოდეს ხალხმა ამერიკის გარეთ სენატორზე და როგორ უნდა დაიმახსოვრონ ის?

ის, რომ სენატორი მაკკეინი მათზე ზრუნავდა იმიტომ, რომ ის ამერიკაზე ზრუნავდა. მას სჯეროდა, რომ ამერიკა უკეთესი და უფრო ძლიერი ქვეყანაა იმის გამო, რომ მას დემოკრატიული მეგობრები მთელს მსოფლიოში ჰყავს. ის ტირანიის და აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა.

ის ადამიანის უფლებების ერთ-ერთი დიდი დამცველიც იყო…

მას მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არა მხოლოდ ამერიკული, არამედ უნივერსალური ღირებულებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება ჰქონდეთ. ამაში არა მხოლოდ სიტყვის და შეკრების თავისუფლება, არამედ მთავრობის შეცვლის, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლებაც შედის.

ამ ყველაფერთან ერთად, ის არა მხოლოდ ადამიანების, არამედ პატარა ქვეყნების ერთ-ერთი მტკიცე უფლებადამცველიც იყო.

სენატორ მაკკეინს მტკიცედ სჯეროდა, რომ ბევრი რამის თქმაა შესაძლებელი მთავრობაზე იმის მიხედვით, თუ როგორ ექცევა ის საკუთარ ხალხს. თუ მთავრობა საკუთარ ხალხს ცუდად ექცევა ის მეზობლებსაც ცუდად ექცევა. მას ასევე სჯეროდა, რომ ამერიკა ყველა იმ ქვეყნის გვერდით უნდა იდგეს, რომლებსაც თავისუფლება სურთ.

თქვენ სენატორ მაკკეინთან იყავით, როცა ის საქართველოში პირველად ჩავიდა.

დიახ. ეს 1997 წლის ზაფხულში იყო. ის ტური სენატორის ერთგვარი ეპოქალური ტური იყო, რომელიც თურქეთში დაიწყო და სამი კვირის შემდეგ ჩინეთში დამთავრდა. მაშინ საქართველოში დაუვიწყარი 24 საათი გავატარეთ. ვახშამზე ზურაბ ჟვანია გაგვიმასპინძლდა ტრადიცული ქართული სუფრით, სადღეგრძელოებით და ქართული სტუმართმოყვარეობით. ამ ვიზიტის შემდეგ საქართველოს სენატორ მაკკეინის გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ამ ვიზიტის შემდეგ წლების მანძილზე ის საქართველოს ერთგული ბოლომდე დარჩა. მის წიგნში, რომელიც ორიოდე თვის წინ გამოიცა, ის საქართველოში გატარებულ დროზე ემოციურად საუბრობს.

მაშინ, როცა სენატორმა მაკკეინმა საქართველოსთან მეგობრობა დაიწყო - 1997 წელს - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას შევარდნაძესთან?

მაკკეინი პრეზიდენტ შევარდნაძეს პირველივე ვიზიტზე შეხვდა. მეც მასთან ვიყავი. მახსოვს, როგორი გადაღლილი ჩანდა ის საქართველოსთვის იმ ძალიან რთულ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლაში მან ისტორიული როლი ითამაშა. მახსოვს, მაშინ თბილისის ქუჩებში მანქანით გადაადგილება. სიმართლე გითხრათ, მაშინ საქართველო რუხი, დეპრესიული ადგილი იყო. მიუხედავად არაერთი გასაჭირისა, ქართველმა ხალხმა სენატორი დიდი სითბოთი მიიღო. მაკკეინი შევარდნაძეს ამის შემდეგ რამდენჯერმე შეხვდა, მათ შორის, არჩევნებამდეც და მას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გამართვის და შედეგების აღიარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

2003 წელზე საუბრობთ?

დიახ. ეს მან სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნით გააკეთა, რადგან დეპარტამენტმა იცოდა მის ურთიერთობაზე შევარდნაძესთან. მოგეხსენებათ, ის არჩევნები გაყალბდა, რაც საბოლოო ჯამში, ვარდების რევოლუციით დამთავრდა.

ამ არჩევნების შემდეგ სენატორ მაკკეინს პრეზიდენტ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ის საქართველოს და მისი პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერი იყო. რამდენად უპირობო იყო მაკკეინის მხარდაჭერა სააკაშვილის მიმართ?

არ მგონია, ჯონ მაკკეინს საკუთარი მეუღლე სინდი მაკკეინის გარდა ვინმესთვის უპირობო მხარდაჭერა მიეცა. ეს უბრალოდ მის ხასიათში არ იყო. პრეზიდენტ სააკაშვილთან მას ნამდვილად ჰქონდა ახლო ურთიერთობა და აფასებდა რეფორმებს, რომლებიც მან გაატარა. თუმცა, კარგად ესმოდა ისიც, რომ ზოგიერთი რეფორმის ტემპი უნდა დაჩქარებულიყო, ზოგიერთი უფრო ღრმად უნდა გატარებულიყო და ზოგ შემთხვევაში, სხვა მიმართულებით წასულიყო. მაკკეინს ასევე კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი მეზობელი ჰყავდა. ის ამ მეზობელზე ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა და ამბობდა იმას, თუ როგორ ვნებდა ის საქართველოს. ამას კი იმიტომ აკეთებდა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ადარდებდა და რუსეთის აგრესია აწუხებდა და არა იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უპირობო მხარდაჭერას აძლევდა.

სენატორმა მაკკეინმა ერთხელ თქვა, რომ საქართველოს მიმართ მისი ერთგულება არ განისაზღვრება იმით, თუ რომელი ლიდერი თუ პარტიაა ხელისუფლებაში და დასძინა, რომ მისთვის მთავარი ისაა, თუ რა არის კარგი საქართველოს სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის.

დიახ. 2008 წელს საპრეზიდენტო კამპანიის დროს, პენსილვანიაში ამომრჩეველს ვხვდებოდით. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მაშინ მაკკეინმა ცნობილი განცხადება გააკეთა. მან ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე და შემდეგ თქვა: „ახლა ჩვენ ყველანი ქართველები ვართ.“ ეს არ იყო მისთვის წინასწარ მომზადებული ტექსტი ან რაიმე ისეთი, რაზეც სიტყვით გამოსვლამდე შევთანხმდით. ეს სიტყვები მან გულიდან წარმოთქვა და იმის გამო არ უთქვამს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ქართველ ხალხს თვითდამკვიდრების და საკუთარი მომავლის არჩევის უფლება აქვს და რომ მსოფლიო ქართველ ხალხს გვერდში უნდა დადგომოდა.

თქვენ საქართველოში მასთან ერთად რამდენჯერმე ხართ ნამყოფი. რა გახსენდებათ ყველაზე კარგად?

2006 წელს მან საქართველოში სენატორების დიდი ჯგუფი წაიყვანა. მისი მეუღლე სინდიც მასთან ერთად იყო. ვიყავით ბათუმში, სენაკში, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან. შემდეგ წავედით სვანეთში - უშგულში. დილით, დაახლოებით 10 საათზე, უკვე ძალიან ცხელოდა. ლამაზი ცერემონია გაგვიმართეს, მოცეკვავეების მონაწილეობით. ამ დროს ვიღაცამ ჭაჭა მოიტანა და დასხმა დაიწყო. წინა ღამეს ზოგიერთმა ჩვენგანმა საჭიროზე მეტი დალია და თან ისეთ სიცხეში, დილაუთენია დალევა აღარავის უნდოდა. ამ დროს ჯონმა ჭიქას ხელი მოკიდა, ერთი გადაკრა, შემომიტრიალდა და მითხრა აიღე ახლა ჭიქა და დალიეო. სხვა რა გზა მქონდა. სინდიმ ეს რომ დაინახა ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა, გულში ისევ წვევამდელი პილოტიაო. აი, ასეთი კაცი იყო. ამის შემდეგ უშგულზე ძალიან ხშირად ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ ეს მსოფლიოში ულამაზესი ადგილი იყო.

როგორც თქვენ ახსენეთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი უდიდესი გულშემატკივარი იყო. ერთხელ ცხინვალშიც კი ჩავიდა. მასთან იყავით მაშინ?

ცხინვალში მასთან ერთად არ ვყოფილვარ, მაგრამ შთაბეჭდილებები გამიზიარა. ეს 2006 წელს იყო და ამ ვიზიტზე საკუთარ წიგნშიც საუბრობს. ამბობდა, რომ შეხვედრა მოკრიმინალო პირებთან ჰქონდა. შემდეგ, ქუჩაში დიდ ბილბორდზე პუტინის დიდი სურათი წარწერით „ჩვენ რუსეთი ვართ“ დაინახა. მაშინაც კი - 2008 წელს საქართველოში შეჭრამდე დიდი ხნით ადრე - პუტინის ზრახვები გასაგები იყო. სენატორი მაკკეინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არა მხოლოდ საქართველოს სიყვარულის გამო ზრუნავდა, არამედ იმიტომაც, რომ ევროპაში სამხედრო ძალით საზღვრის შეცვლა მთელ მსოფლიოზე იქონიებდა უარყოფით გავლენას. სენატორ მაკკეინს ამ პრინციპის მტკიცედ სჯეროდა.

თქვენი აზრით, რა უნდა ახსოვდეთ საქართველოში ჯონ მაკკეინზე?

ვფიქრობ, მათ უნდა ახსოვდეთ ის, რომ ჯონ მაკკეინი საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი იყო. ის საქართველოს დასავლური მისწრაფებების დიდი მხარდამჭერი იყო. მას სწამდა იმის, რომ ამერიკას დამოუკიდებელ საქართველოსთან პარტნიორობა აძლიერებდა.

ავტორი: ია მეურმიშვილი

მასალა მოამზადა „ამერიკის ხმამ"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^