Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ გონკურის პრემიის ლაურეატ ჟან რუოსთან

19 მარტი 2015

18 მარტს საქართველოს ფრანგი მწერალი, გონკურის პრემიის ლაურეატი ჟან რუო ეწვია.

ჟან რუო 1952 წელს დასავლეთ საფრანგეთში, მდინარე ლუარის მხარეში დაიბადა. ნანტის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1978 წლიდან გაზეთ “პრეს-ოსეან”-ში (PPresse-Océan) მუშაობდა. მოგვიანებით რუო პარიზში გაემგზავრა და მუშაობა ჯერ წიგნების მაღაზიაში, შემდგომ კი გაზეთების ერთ-ერთ ჯიხურში დაიწყო. 1988 წელს შემთხვევით შეხვდა გამომცემლობა "მინუის" ("Minuit") დირექტორს, ჟერომ ლენდონს, რომელმაც ტრადიციული რომანების წერა ურჩია. მოგვიანებით ჟერომ ლენდონი მისი წიგნების ძირითადი გამომცემელი გახდა.

ჟან რუოს პირველი რომანი - „ღირსების ველები“ 1990 წელს გამოქვეყნდა. ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია და მასში მწერლის ოჯახის ტრაგიკული მომენტებია აღწერილი.

რომანი ფრანგულიდან დავით კახაბერმა თარგმნა. წიგნი I მსოფლიო ომის ასი წლისთავთან დაკავშირებით, 2014 წელს, საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით „ელფის გამომცემლობაში“ გამოცა.  

თქვენი პირველი რომანის წინსიტყვაობაში აღნიშნულია, რომ "ავტორს შინაგანი თავისუფლება სოციალურ ნორმებთან შეუთავსებლად მიაჩნდა..."  რომანი "ღირსების ველები" ერთგვარ პორტრეტებსაც შეიცავს. როგორ ხედავთ საკუთარ პორტრეტს?

უნივერსიტეტის დამთავრებიდან პირველი წიგნის გამოცემამდე პერიოდი წერისთვის მქონდა. მსურდა ვყოფილიყავი თავისუფალი და დამეწერა წიგნი, თუმცა, რა თქმა უნდა, პარალელურად არაერთ პატარ-პატარა სამუშაოს ვასრულებდი.

უნივერსიტეტი დაახლოებით 70-იანი წლების შუა პერიოდში დავამთავრე. 1968 წლის მაისის გამოსვლებიდან 7-8 წელი იყო გასული. მეც და ჩემი თაობის ახალგაზრდებიც ვთვლიდით, რომ არ უნდა იმუშაო, იმიტომ რომ მუშაობა სწორხაზოვნება, ანტიცხოვრებაა. ვერ იცხოვრებ, ვერ იქნები ბედნიერი, თუკი პროფესიულ ხაზს გაჰყვები და რაიმე დაწესებულების დირექტორი ან მინისტრი გახდები.

"ღირსების ველები" თქვენი პირველი წიგნია. რას ნიშნავს ჟან რუოსთვის ეს რომანი?

ამ წიგნის გამოქვეყნება ჩემთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო - დამერქვა მწერალი და საზოგადოებამაც მწერლად მცნო. მით უმეტეს, რომ ეს წიგნი ისეთმა ცნობილმა გამომცემლობამ გამოაქვეყნა, როგორიც "მინუი" ("Minuit") იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს თავზე, ბიოგრაფიულ ელემენტებზე ვწერდი, საზოგადოება შეიძლება სულაც არ დაინტერესებულიყო ამით. თუმცა გამიმართლა და ბედნიერი ადამიანი ვარ იმით, რომ "ღირსების ველები" საკმაოდ მალე გახდა ცნობილი.

თანაც ის ყველაფერი, რასაც რომანში აღვწერ ტკივილად მაწვა და წერისას ამ ტკივილისგან ვთავისუფლდებოდი. როდესაც წიგნი გამოცემული სახით ვნახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ რომანში აღწერილი ამბების სიმძიმე მხრებიდან მომეხსნა.

რომანის ერთ-ერთ მონაკვეთში ბაბუას მანქანით მგზავრობის სცენაა აღწერილი. გულჩათხრობილ მოხუცს წვიმის წვეთი ცხვირზე ჩამოუგორდება და ბავშვებისთვის მოულოდნელად ამბობს - "ცხვირიდან გაჟონა". მომავალში, ამ ფრაზით მთხრობელი ცხოვრებისეულ  სირთულეებსა და კრიტიკულ მომენტებს ასათაურებს. თქვენი ცხოვრების ან შემოქმედების რა პერიოდს დასაათაურებდით ასე?

სიმართლე გითხრათ, ეს პასაჟი გამოვიგონე. ეს საბავშვო თამაშია - "გემობანა". როდესაც გემის მდებარეობას გამოიცნობ, მასში წყალი "შეჟონავს". ამ მონაკვეთისთვის სწორედ ეს თამაში გამოვიყენე.

თუმცა, ვფიქრობ, რომ "გაჟონვის" 3-4 შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღო, ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს. ჩემს ცხოვრებაშიც ასე იყო; პირველი ასეთი სერიოზული ნაბიჯი მაშინ გადავდგი, როდესაც ზუსტ მეცნიერებებში დიპლომის დაცვის შემდეგ სწავლა ლიტერატურის ფაკულტეტზე გავაგრძელე.

2015 წლის 7 იანვარი. "შარლი ებდოს" რედაქციაში მომხდარი ტერაქტი და მიშელ უელბეკის რომანის - "Soumission"-ის პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილია, რომ 2022 წელს ახლადშექმნილი მუსლიმური პარტიის ლიდერს საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩევენ. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება საფრანგეთი 2022 წელს?

ალბათ დაახლოებით ისეთი, როგორიც დღეს არის - ვერც ისლამისტები და ვერც მემარჯვენეები ხელისუფლების სათავეში ვერ მოვლენ.

მწერალი, რომელმაც თქვენზე გავლენა იქონია.

პირველი, ეს გახლავთ ერნსტ ვიჰერდი, გერმანელი მწერალი. მისი არაერთი წიგნი მაქვს და პერიოდულად, როდესაც მათ გადაკითხვას ვიწყებ, ვხვდები, რომ ჩემი რომანი მისი ნარატიული სქემის მსგავსად მაქვს აწყობილი. მწერალი აღმოსავლეთ პრუსიელი ბიჭის ცხოვრების ამბავს გვიყვება.

არაერთი თქვენი თანამემამულის ნაწარმოებებსა, თუ დოკუმენტებში ვხვდებით ცნობებს საქართველოს შესახებ... 

ამ ქვეყანაში პირველად ვარ, ძალიან მინდოდა ჩამოსვლა. საქართველოს შესახებ ცნობები ჟან შარდენისა და ალექსანდრე დიუმას (მამა) შემოქმედებიდან მქონდა. ჩემზე განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ ამ პატარა ქვეყანამ, რომელსაც მთელი ისტორიის მანძილზე ყოველი მხრიდან დამპყრობლები ჰყავდა, საკუთარი იდენტობის შენარჩუნება მაინც მოახერხა.

ამასთანავე, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მომიწია მოსკოვში ჩასვლა და როდესაც ჩემთვის გემრიელი კერძის შემოთავაზება სურდათ, მასპინძლებს ქართულ რესტორანში მივყავდი.

 

ჟან რუო საქართველოს, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში,  ფრანგული ინსტიტუტის მოწვევით ესტუმრა.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^