Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წითელი თუ ყვითელი?

21 მარტი 2015

რეპორტაჟი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქციიდან:

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანებიდან ბევრს ხელში წინასწარ დარიგებული წითელი ბარათები ეჭირა. ეს იყო აქციის მთავარი გზავნილი: “წითელი ბარათი მთავრობას - გადადექით!”

მიტინგი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამ დროისთვის შეიკრიბნენ მთავარ აქციაზე ვარდებისა და კოლმეურნეობის მოედნიდან წამოსული კოლონები. ყველაზე ჭარბად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჩანდა. აქა-იქ უკრაინის დროშებიც ფრიალებდა. საპროტესტო აქციებისთვის ტრადიციული ქართული პატრიოტული სიმღერების ნაცვლად ორგანიზატორებმა ღონისძიება კლასიკური მუსიკით გააფორმეს.

ხალხის მასა ჭრელია, მაგრამ ყველაზე აქტიური ახალგაზრდები და საპენსიო ასაკის ადამიანები არიან. ძირითადად სწორედ ისინი ურიგებენ წითელ ბარათებს აქციის მონაწილეებს.

ყველაზე ბევრჯერ ტრიბუნაზე სიტყვით გიორგი ვაშაძე გამოვიდა. რამდენჯერმე მიმართეს შეკრებილებს დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამაც. პათოსი საერთოა - უნდა გადადგეს უნიათო მთავრობა, რომელიც ქვეყანას ვერ მართავს. “ნაციონალური მოძრაობის” სხვა აქციებთან შედარებით, ნაკლებად ისმის საგარეო პოლიტიკური გზავნილები. აქცენტი რთულ ეკონომიკურ ვითარებასა და “ოცნების” მთავრობის შეუსრულებელ დაპირებებზე კეთდება.

სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ “ლიბერალის” მინიგამოკითხვის რესპონდენტებიც:

“ ბიძინამ რაც დაგვპირდა, არაფერი შეგვისრულა”, - გვეუბნება 68 წლის იზა მაჭარაშვილი. “ჯანდაცვის პაკეტიო, გვეუბნებიან, მაგრამ არაფერს არ გვიფინანსებენ. დიაბეტი მაქვს და თვალზე პრობლემაც. უფასო პროგრამებში ვერ მოვხვდი. ამათი ლაპარაკი ტელევიზორში უკვე ძალიან მომბეზრდა. ერთს ამბობენ და გარეთ რომ გავდივარ, სულ სხვა რამე გვხვდება.

- 2012-ში ხმა ვის მიეცით, თუ საიდუმლო არ არის?

- ხმა “ოცნებას” მივეცი, მაგრამ არ გაამართლა არაფერი.

- ახლა რომ არჩევნები იყოს, რას იზამდით?

- ამათ ხმას აღარ მივცემდი. შედარებითია ყველაფერი. მაშინ რაღაცა მაინც გაკეთდა და ახლა - არაფერი. დაპირება იყო, ვიფიქრეთ, რამე იქნებოდა. 220 ლარი პენსია როგორ არ მინდოდა?!

“ამხანაგობების თავმჯდომარეები ვართ და სამუშაოებს არ გვიფინანსებენ. თავმჯდომარეებისთვის კაპიკი არ მოუციათ 3 წელია”, - ჩაერთო საუბარში გვერდით მდგომი შუა ხანს გადაცილებული ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

“დღევანდელმა ცხოვრებამ გამაბრაზა. სახელმწიფო ეკონომიკურად ჩავარდნილია. მთელი საქართველო მიწასთანაა გასწორებული. ივანიშვილი მობრძანდა და ხალხს შეჰპირდა, რომ სამმაგი პენსია ექნებოდა, დენის და გაზის ფასი განახევრდებოდა, წყალი უფასო იქნებოდა. კრედიტებზე თქვა, განულდებაო. თუ ამას დასჭირდა, ჩემი ჯიბიდან ამოვიღებ და გადავიხდი ფულსო, მაგრამ არაფერი  გააკეთა. ის საქართველოს მტერია და უნდა წავიდეს. სანამ საქართველოში ივანიშვილია, წესრიგი არ იქნება. მთავრობას შეიძლება ემუშავა, მაგრამ სანამ იმ შუშის სასახლეში ივანიშვილი ზის, მისი ბრძანებით მოყვანილი მთავრობა ვერაფერს გააკეთებს”, - ამბობს ხანშიშესული ქალი, რომელსაც ხელში წითელი ბარათი უჭირავს. “2012 წელს ხმა “ნაციონალებს” მივეცი. ახლა რომ არჩევნები იყოს, ისევ მათ ავირჩევდი. შემოვევლე მიშას. მათთან ძალიან ერუდირებული და ჭკვიანი ხალხია, რომელთაც იციან თავისი საქმე. ვინც დამნაშავე იყო, დაისაჯოს, მაგრამ მთავრობა, რომელსაც ჭკვიან ხალხთან ლაპარაკი არ სურს, უნდა წავიდეს. “ოცნებიდან” ჯერჯერობით კიდევ მარგველაშვილს ვცემ პატივს, იმიტომ, რომ ის კიდევ ცდილობს, ოპოზიციასთან რაღაც კონტაქტი მაინც ჰქონდეს”, - ვინაობა არც ამ ქალბატონმა გაგვიმხილა. გვითხრა, სამსახურის დაკარგვის მეშინიაო.

აქციაზე რატომ გამოხვედით, რას აპროტესტებთ, - ვკითხეთ შუა ხნის მამაკაცს, რომელიც განმარტოებით იდგა და დავით ბაქრაძის გამოსვლას უსმენდა.

- კი არ გამოვედით, რაჭიდან ჩამოვედით, - გვიპასუხა მან კეთილგანწყობილი ღიმილით და დასძინა: “სისულელეს ვერ ვიტან”.

-სისულელე რა არის?

- მთავრობა გვყავს ცოტა სულელი. კაი არაფერი გაუკეთებიათ.

ვინაობა არც მან გაგვიმხილა, თუმცა გვითხრა, რომ 2012 წლის არჩევნებში ხმა არავისთვის მიუცია და არც ახლა მისცემდა არავის, რადგან “ არ ჩანს ღირსეული”.

“გაუსაძლისი პირობებია. არაკომპეტენტური მთავრობა, რომელიც შეცდომებს უშვებს. ყველაფერში არაკომპეტენტურობა ჩანს - ქვეყნის მართვაში, ინვესტიციების მოზიდვაში, ეკონომიკაში, მრეწველობაში. სად არის 100 ქარხანა, რომელსაც შეგვპირდნენ?” - გვეუბნება შუა ხნის ქალი. ვინაობის დაკონკრეტება არ სურს, თუმცა არ მალავს, რომ 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი იყო. შეკითხვაზე, ვის მისცემდა ხმას, ახლა რომ არჩევნები იყოს, ორჭოფულად გვპასუხობს: “ვნახოთ, დღეის შემდეგ “ოცნება” რას იზამს. ეგებ რაიმე რეზერვი აქვს და წარმოაჩინოს”.

“უკეთესი ცხოვრება გვინდა. გვქონდეს სამსახური, შემოსავალი, რომ ოჯახები ვარჩინოთ. ინფლაციამ ყველაფერი სულ გააფუჭა. რასაც დაგვპირდნენ, არაფერი შეუსრულებიათ. უსამართლობაა, რომ სულ თავისიანები დაასაქმეს სამსახურში. წინა არჩევნებში ხმა “ოცნებას” მივეცი, მაგრამ არ გაამართლა. აწი, მე მგონი, იმათ ხმას აღარ მივცემ. არ ვიცი, მომავალში “ნაციონალებს” ავირჩევ თუ იმას, ვინც მოვა რეალური დაპირებებით”, - გვპასუხობს 50 წლის ქალი. მან ასაკი გაგვიმხილა, სახელი და გვარი - არა.

აქციის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ სანდო რიცხვები არ გავრცელებულა. ორგანიზატორები 50 000 მონაწილეზე საუბრობენ. შეუიარაღებელი თვალით, დღეს თავისუფლების მოედანზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, ვიდრე პარლამენტის წინ 2014 წლის 15 ნოემბერს. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აცხადებენ, რომ დღეიდან საპროტესტო ტალღა რეგიონებშიც გადაინაცვლებს, სადაც ანტიკორუფციული ჯგუფები ადგილობრივი ჩინოვნიკების ნეპოტიზმსა და კორუფციას გააპროტესტებენ. პარტიის უპირობო ლიდერი კვლავ მიხეილ სააკაშვილია. სწორედ მისი ბრიუსელიდან ჩართვა იყო ღონისძიების ემოციური კულმინაცია. განსაკუთრებულად აქტიურ მონაწილეებს თვალზე ცრემლებიც მოადგათ.

გზავნილებიდან ჩანდა, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია მთავრობის გადადგომას კი ითხოვს, მაგრამ მათი უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობით” ჩანაცვლებაზე გათვლას არ აკეთებს. რამდენიმე გამომსვლელმა ტრიბუნაზეც და სატელევიზიო კომენტარებშიც გაიმეორა, რომ ეს მთავრობა წავა და ქვეყანას არჩევნებამდე სხვა მთავრობა მიიყვანს. არც ერთს არ დაუკონკრეტებია, ვინ უნდა შექმნას ეს გარდამავალი მთავრობა.

ზოგადად სამომავლო გეგმები დავით ბაქრაძემ გაგვაცნო. მან ისაუბრა საყოველთაო პოლიტიკურ შერიგებაზე და ეკონომიკურ ამნისტიაზე, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გამოაცხადებს.

აქციის დასასრულს მონაწილეებმა კანცელარიის წინ სიმბოლურად დიდი წითელი ბარათი სახელმწიფო დატოვეს.

ნაკლებად სავარაუდოა, ამ მასშტაბის შეკრებამ მთავრობა გადადგომის აუცილებლობასა და დროულობაში დაარწმუნოს. თუმცა, დღის მთავარი კითხვა ალბათ ის არის, მიიღებს თუ არა “ოცნების” ხელისუფლება რუსთაველზე დღეს შეკრებილი მოქალაქეების, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის, პროტესტს გაფრთხილებად. ანუ, წითელი თუ ყვითელი?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...
28 იანვარი
28 იანვარი

დიქტატურის გემო

რუსუდან გორგილაძის წიგნი, „დიქტატურის გემო“,​ რომელიც ახლახანს გამოსცა „სეზან ფაბლიშინგმა", მოგვითხრობს სამი დიქტატორის ...

მეტი

^