Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხოველი, რომელიც საკუთარ თავს სარკეში ცნობს

14 აპრილი 2015

აფალინა, თეთრგვერდა და ზღვის ღორი კბილებიანი ვეშაპების, ანუ დელფინების ის წარმომადგენლები არიან, შავ ზღვაში რომ ცხოვრობენ.

ამათ შორის ზომით ყველაზე დიდი აფალინაა, სამეცნიერო სახელწოდებაა - Tursiops truncates, შემდეგ თეთრგვერდა ჩვეულებრივი დელფინი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობა მოდის, რომლის ლათინური სახელწოდებაა - delfhinus delphis, მესამე კი, ე.წ. ზღვის ღორი გახლავთ, რომლის ლათინური სახელწოდებაა - Phocoena phocoena. 

ამერიკელი მეცნიერების მიერ თურქეთის სანაპიროებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, შავი ზღვა არც ისე დიდი ხნისაა და საბოლოოდ ის დაახლოებით 9 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ ყინული დადნა, რასაც ხმელთაშუა ზღვიდან ბოსფორის სრუტის გახეთქვა მოჰყვა. სწორედ ამ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვაში დელფინების გამოჩენა. (ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, მანამდე აქ მტკნარი წყლის წყალსატევი იყო, რომელშიც წესით დელფინი არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან მტკნარი წყალი მათთვის სასიკვდილოა. არსებობენ მტკნარი წყლის, მდინარის დელფინები, რომლებიც ამაზონში, ინდში, განგში, იანძიში და სხვადასხვა მდინარეებში იყვნენ გავრცელებული რა თქმა უნდა, ეს მათ არ ეხება).

თუმცა ესეც საკამათო საკითხია; მაგალითად, საბჭოთა პერიოდის მეცნიერები, მათ შორის საკმაოდ ცნობილები, თვლიდნენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შავ ზღვაში თეთრგვერდა დელფინები ცხოვრობდნენ და შემდეგ სწორედ ამან გამოიწვია თეთრგვერდა დელფინების მორფოლოგიური ცვლილება, იმიტომ რომ შავ ზღვასთან ერთად ისინი ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტიკის ოკეანეშიც არიან გავრცელებული. შავ ზღვაში ცხოვრობს მათი ჯუჯა ფორმა, სწორედ აქედან გამომდინარე თვლიდნენ ეს მეცნიერები, რომ თეთრგვერდა დელფინები შავ ზღვაში საკმაოდ დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ.

შემდგომში მათ დაემატათ აფალინა, შავი ზღვის ყველაზე დიდი დელფინი და ზღვის ღორი, რომელიც ამ ორივე სახეობისაგან განსხვავდება - ზღვის ღორი არ არის ისეთი დელფინი, როგორიც კლასიკურად წარმოგვიდგენია, მას ნისკარტი არ აქვს - უფრო ვეშაპს ჰგავს (თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ძალიან პატარა ვეშაპი), ინგლისურად მას საერთოდ დელფინიც არ ჰქვია. ზღვის ღორები სანაპირო წყლებში ცხოვრობენ.

შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის ეკოსისტემა ახლა ყალიბდება და საკმაოდ ხშირად ახალი სახეობების შემოჭრა ხდება. ეს ძირითადად უხერხემლოებით გამოიხატება. ეკოსისტემაში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია -  ამ უხერხემლოებით თევზები იკვებებიან, თევზებით - დელფინები და ნებისმიერ რგოლში რაღაც გადახრა დელფინების მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება.

დღევანდელი მდგომარეობით, შავ ზღვაში ყველაზე მცირე რაოდენობით აფალინაა დარჩენილი. 2009 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დელფინების რიცხოვნების სეზონურ აღწერას აწარმოებს. ამ ექსპედიციებში თავადაც ვმონაწილეობ და აფალინათა მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეგვხვედრია, ეს იყო 100 ინდივიდი ორ ჯგუფად. ყველაზე ხშირად 30-40-ინდივიდიანი ჯგუფები გვხვდება. წარმოიდგინეთ, საქართველოს მთელი აკვატორია და მხოლოდ 100 აფალინა - ეს ძალიან ცოტაა.

დელფინთა კონცენტრაციის ადგილები ყოველ სეზონზე იცვლება. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად  ეს საკვებზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, ზაფხულში ზღვის ღორები მხოლოდ მცირე ჯგუფებით შეიძლება შეგხვდეს - ორ-ორი, ან ოთხი. ზამთრობით კი შეიძლება ძალიან დიდ ჯგუფებს გადააწყდეთ. მაგალითად, შარშან, როდესაც საკმაოდ დიდი სიცივეები იყო, ზღვის ღორების ათასზე მეტ ინდივიდიანი რამდენიმე ჯგუფი ვნახეთ. ასეთ პერიოდში, როდესაც დიდი ყინვებია, როგორც ჩანს, ზღვის ღორები საქართველოს ნაპირებთან იყრიან თავს, რადგან  მათი ძირითადი საკვები ქაფშია. ასევეა თეთრგვერდა დელფინების შემთხვევაშიც.

საინტერესო ფაქტს წავაწყდით 2012 წლის 23 ივნისს: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა საქართველოს აკვატორიაში პირველად ნახა და გადაიღო  თეთრი ზღვის ღორი რიონისა და ხობის შესართავებს შორის, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.  იგი  მდედრების 4-ინდივიდიან ჯგუფთან ერთად იყო, რომლის შემადგენლობაში ერთი პატარა, 1 წლამდე ასაკის ნაშიერი შედიოდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ჯგუფი მდედრების იყო. თეთრი ზღვის ღორის ზურგის მხარე ქათქათა თეთრი იყო, ზურგის ფარფლზე შავი არშია გასდევდა და სასუნთქ ხვრელთან შავი ლაქა აღენიშნებოდა, თვალებიც შავი ფერის ჰქონდა. იგივე ინდივიდი 2013 წლის გაზაფხულზე,  ანაკლიასთან, ჯგუფის გარეშე ვნახეთ. სამწუხაროდ, ფოტოგადაღება ვერ მოხერხდა. ის მხოლოდ ვიდეოზეა აღბეჭდილი, ისიც ცუდი ხარისხით. დელფინებში სრული ალბინიზმი ან არასრული ალბინიზმი (ლეიციზმი) იშვიათი მოვლენაა. ლეიციზმის დროს ცხოველს აქვს მუქი თვალები, ხოლო ტანი მთლიანად ან ნაწილობრივ თეთრია იმ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ მუქი შეფერილობის უნდა იყოს. 2011 წლის მონაცემებით, ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში (შავი ზღვის გამოკლებით) ნაპოვნია სულ 4-5 თეთრი შეფერილობის ზღვის ღორი. შავ ზღვაში კი 1928 წლიდან მოყოლებული დღემდე  9 ერთეული (აქედან ერთი ჩვენც ვნახეთ) გამოირიყა: 1928 წელს და 1937 წელს - უკრაინის სანაპიროსთან  (იალტა);  1948 წელს - ორი ნოვოროსიისკთან (რუსეთი); 2010 წელს - ტრაბზონთან (თურქეთი); 2012 წელს - ცოცხლად ვიხილეთ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, 2012  წელს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ერთი ფსკერულ ტრალში მოყვა, ერთიც ცოცხლად 4-ჯერ - სტამბოლის სრუტეში, ერთიც სტამბოლის სრუტესთან (თონაყ ეტ ალ) გამოირიყა.

შავ ზღვაში თეთრი შეფერილობის ზღვის ღორების შეხვედრის შედარებით მაღალი სიხშირე შესაძლოა აიხსნას შავი ზღვის პოპულაციის იზოლაციის შედეგად ჰომოზიგოტურობის ზრდით და,  შესაბამისად, რეცესიული ალელების გამოვლენის მეტი ალბათობით.

დელფინითა შორის ყველაზე მეტი პოპულარობით აფალინა სარგებლობს და ევროპისა და სხვა კონტინენტების დელფინარიუმთა უმეტესობაში სწორედ შავი ზღვის აფალინებს შეხვდებით.

როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირის პერიოდში მათი ექსპორტი დიდი რაოდენობით ხდებოდა და სწორედ ამან გამოიწვია, რომ შავ ზღვაში აფალინების რაოდენობა განსაკუთრებით შემცირდა. ამას გარდა, ისევ საბჭოთა პერიოდში, დელფინთა კვლევა სამხედრო მიზნებთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად - გასაიდუმლოებულიც. არ არსებობს ხელმისაწვდომი სტატისტიკა, სადაც დაჭერილი თუ დაღუპული დელფინების რაოდენობა იქნებოდა აღრიცხული.

ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს ფაუნაში აფალინა ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობაა.

აფალინას პოპულარობა რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული: ჯერ ერთი, სხვა დელფინებთან შედარებით დიდები არიან. რთულია იმაზე საუბარი, რომელი დელფინი უფრო მაღალი ინტელექტით გამოირჩევა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ აფალინა გონებრივად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. ის კეთილგანწყობილია ადამიანების მიმართ, ასევე, საკმაოდ მარტივად სწავლობს ყველაფერს. სწორედ აფალინაა დელფინის ის სახეობა, რომლის გონებრივ განვითარებაზეც ლეგენდები დადის და რომელიც არც ისე შორსაა სინამდვილისაგან.

ამას გარდა, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, დახრჩობის ან ზვიგენის თავდასხმის შემთხვევაში მას ადამიანის გადარჩენა შეუძლია. დელფინებს კარგად განვითარებული ინტელექტი აქვთ, ხშირად გასაოცარი ფაქტებიც არის აღწერილი. დელფინების ერთ-ერთ საკვებს მოლუსკები წარმოადგენენ, რომლებიც ზღვის ფსკერზე ქვიშაში ცხოვრობენ და დელფინები მათ დინგით ეძებენ. ისეთ ადგილებში კი, სადაც "ცხვირი~ შეიძლება დაიზიანონ, (მაგალითად, მარჯნის რიფებში) და სადაც ასევე შხამიანი თევზები ცხოვრობენ, დელფინები ცხვირზე ღრუბელს (იგულისხმება ზღვის ცხოველი) წამოიცვამენ და ასე იცავენ ძალზე მნიშვნელოვან ორგანოს.

საინტერესო შეთხვევებია დელფინარიუმებში (ან ოკეანერიუმებში). საერთოდ დელფინარიუმები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, (თუმცა არის ქვეყნები სადაც დელფინარიუმების არსებობა აკრძალულია. მაგ. დიდ ბრიტანეთი, ინდოეთი). დელფინარიუმებში ხშირად ხვდება არასასურველი საგნები, მაგ. ცელოფნის პარკები, ქაღალდები და ა.შ. რომლის გადაყლაპვის შემთხვევაში დელფინი შეიძლება დაიღუპოს. აუზების ასეთი საგნებისგან გასაწმენდად, ხშირ შემთხვევაში თვითონ დელფინებს იყენებენ და პრემიაც აქვთ დაწესებული - ერთი მოტანილი პარკი ან ქაღალდი - ერთი თევზი. და დელფინებიც დიდი ხალისით აგროვებენ წყალში მოტივტივე ნაგავს. ასეთ ფაქტს მეც შევესწარი პორტ ელიზაბეტის დელფინარიუმში; ერთ-ერთი დელფინი უფრო შორსაც წავიდა - ქაღალდი აუზის ფსკერზე ჩაიტანა, ქვა დაადო და  მეტი თევზის მისაღებად პატარა ნაგლეჯები ამოჰქონდა.

დელფინის მაღალ ინტელექტზე ისიც მეტყველებს, რომ ისინი იმ მცირერიცხოვან ცხოველებს განეკუთვნებიან, რომლებიც საკუთარ თავს სარკეში ცნობენ.

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ძალიან საინტერესო და უნიკალური ფაქტი იყო აღწერილი: ამერიკელი ნეოროფიზიოლოგი ჯონ ლილი ცდილობდა 6 წლის აფალინა პეტერისათვის  ინგლისური ენა ესწავლებინა. დელფინი სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა დამკვირვებელ 23 წლის მარგარეტ ჰოუვესთან ერთად. მათ არ ჰქონდათ კონტაქტი გარე სამყაროსთან. მარგარეტს მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა დასასვენებლად. აუზში წყალი დაახლოებით 50 სმ-ის სიმაღლეზე იდგა, რაც მარგარეტს საშუალებას აძლევდა გამუდმებით დელფინთან ერთად ყოფილიყო, ხოლო დელფინს კი შეეძლო შეუფერხებლად ეცურა. მარგარეტი ცდილობდა პეტერისათვის ლაპარაკი ესწავლებინა, პეტერს კი ამასობაში თავისი ექსპერიმენტატორი შეუყვარდა. პეტერი გამუდმებით ტრიალებდა მარგარეტის გარშემო, დინგით ეფერებოდა და ყველანაირად გამოხატავდა გრძნობებს მარგარეტის მიმართ. სამწუხაროდ, ექსპერიმენტი შეწყდა  და პეტერი ფლორიდაში გადაიყვანეს, რამდენიმე კვირის შემდეგ მარგარეტმა შემზარავი ინფორმაცია მიიღო - პეტერმა  თავი მოიკლა, დაწვა აუზის ფსკერზე და სუნთქვა შეწყვიტა. 

აფალინებისთვის დამახასიათებელია ალტრუისტული ქცევა: ისინი ეხმარებიან ჯგუფის დაჭრილ წევრს, გაჩერდეს წყლის ზედაპირთან ჩასასუნთქად, იცავენ მას. გარდა ამისა, აღწერილია, თუ როგორ იტყუებდა აფალინა თევზით თოლიას და ასე იჭერდა მას, თუმცა ფრინველი მისი ტიპური საკვები არ არის. სოციუმის წევრებთან ურთიერობისას აფალინები ბგერების რთულ სისტემას იყენებენ როგორც ადამიანისთვის გასაგებ დიაპაზონში, ისე მაღალი სიხშირის ბგერებს, რომლებიც ექოლოკაციის დროს გამოიყენება.  თითოეულ ინდივიდს აქვს თავისი დამახასიათებელი სტვენა, ე.წ. ხელწერა, რომლითაც მას ჯგუფის წევრები ცნობენ.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც დელფინებისადმი ადამიანების დამოკიდებულება მთლად პოზიტიური არ არის. ვთქვათ მეთევზეებს მაინცდამაინც არ უყვართ დელფინები, მიიჩნევენ, რომ ისინი მათ თევზს უნადგურებენ.

ველური დელფინიც კი ადამიანს თავს არ ესხმის, პირიქით, ყოველთვის, როდესაც ის სანაპირო წყლებში შემოდის, ადამიანებთან ძალიან ახლო კონტაქტი აქვს. მრავალ ქვეყანაში საკმაოდ კარგად არის დანერგილი დელფინებთან, ამ მუდამ მოღიმარ არსებებთან ერთად ცურვა.

ამასთანავე, არსებობს ტრადიციები, რომლებზეც რთულია საუბარი, რადგან დანიაში იქნება ეს, ფარერის კუნძულებზე თუ იაპონიაში, შემზარავია, როდესაც მასობრივად ხოცავენ დელფინებს, არსებებს, რომლებიც ამ დროს თავსაც კი არ იცავენ...

მიუხედავად იმისა, რომ დელფინები მტაცებელთა რიგს მიეკუთვნებიან, ისინი ევოლუციურად ჩლიქოსნებთან არიან ახლოს, რომლებიც ზღვაში დაბრუნდნენ და შემდგომ ძალიან სწრაფ მოცურავეებად ჩამოყალიბდნენ (საშუალო სისწრაფე დაახლებით 22 კვანძს შეადგენს). ხშირად შეიძლება ნახოთ თუ როგორ "ეჯიბრებიან~ დელფინები კატერებს და როგორ ხტიან გემების ან კატერების ცხვირთან გემის მიერ წარმოქმნილ ტალღებზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რითაც დელფინები სხვა ცხოველებისგან განსხვავდებიან, არის ის, რომ დელფინები ყოველთვის ტვინის ერთ ნახევარსფეროს იყენებენ - მეორე გამოთიშული აქვთ. მათ ფაქტობრივად არ სძინავთ, მხოლოდ რამდენიმე წამით თუ ნახავთ ტალღებზე უძრავად, სხვა შემთხვევაში ჩაიძირებიან.

დელფინები გამუდმებით მოძრაობაში არიან და სწორედ ამ გამუდმებული მოძრაობის შედეგად მოხდა ადაპტაცია - ისინი ხან ერთ ნახევარსფეროს რთავენ, ხან მეორეს. მკვლევრებს, რომლებიც დელფინების ქცევას, ინტელექტს სწავლობენ, ყოველთვის უჩნდებათ კითხვა - რა მოხდება, თუკი ტვინის ორივე ნახევარსფეროს ერთად აამუშავებენ?!

 

 ჟურნალ "ლიბერალისა" და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^