Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძველი კაცის გახსენება

15 აპრილი 2015

ამ ერთი თვის წინათ, პირველ თებერვალს, ასი წლისა მოიყრებოდა სერ სტენლი მეთიუზი, ერთი სრულიად  გამორჩეული ფეხბურთელი და ადამიანი, ოქროს ბურთის პირველი კავალერი, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სიცოცხლეშივე  რაინდად  აკურთხეს, სრულიად უნიკალური ადამიანი სტრატფორდშირიდან, ჰენლიში, სტოკში დაბადებული მოკრივე დალაქის მესამე  ვაჟი, ადამიანი, რომელმაც სიცოცხლეში ერთადერთხელ მოსვა შამპანიური და ისიც მის მიერ ბლეკპილთან ერთად მოპოვებული ასოციაციის თასიდან და ისე იცოცხლა ოთხმოცდახუთი წელიწადი, რომ მეორედ ალკოჰოლს არ  გაჰკარებია. კაცი რომელმაც ოცდათხუთმეტ წელიწადს ითამაშა პროფესიული ფეხბურთი და  რომელმაც  ფეხბურთელებს  ფიზიკური მზადყოფნის, დიეტის, საგანგებო ვარჯიშების აუცილებლობა დაანახა, ადამიანი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდით ჩაგრულ სამხრეთაფრიკელ ბიჭებს ავარჯიშებდა, ისინი კი თეთრსახიან შავკანიანს  უწოდებდნენ.

ჩვენს  ბავშვობაში იყო ასეთი წიგნი, "ოცდათხუთმეტი წელი მარჯვენა ფრთაზე". წიგნიც არ იყო, წიგნაკი, სულ ერთი ბეწო. მას ყდაზე ავტორის გვარიც კი არ ეწერა.

ამ წიგნაკში სტენლი მეთიუზი თავისი ცხოვრების, ბავშვობის, თამაშის, და სხვა ათასი რამის შესახებ მოგვითხრობდა. ახლა კი ვიცი, რომ ეს იყო უკიდურესად შემოკლებული ვარიანტი მისი ბევრად სქელი წიგნისა, მაგრამ იმ წიგნაკის და საერთოდ თარგმნილი საფეხბურთო ლიტერატურის არსებობა მაგარი საქმე იყო. 

არ  ვიცი ეს წიგნაკი რუსულიდან იყო თარგმნილი თუ პირდაპირ ინგლისურიდან, მაგრამ მაგარი რამ კი იყო. ასეთ თხელ წიგნში ამდენი ამბავი და ასეთი მიმზიდველი ცხოვრება დატეულიყოს, არც კი ვიცი. ეგებ ახლა მეჩვენება და ის ბავშვობაში წაკითხული რაღაც ჯადოსნური მგონია, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ოდესმე  წამიკითხავს. ასეთი წესიერებით, სისწორით, პატიოსნებით, ზრდილობით გაჟღენთილი წიგნი სხვა არც ვიცოდი.

იმ წიგნაკიდან მართლა უამრავი ამბავი დამამახსოვრდა, ეტყობა იმიტომ, რომ ბევრჯერ  წავიკითხე. რა გინდოდა, იქ რომ არ ყოფილიყო, ოციანი წლების ბიჭური ფეხბურთი, თუ ოჯახური ცხოვრება, რომანებისთვისაც კი სანატრელი ვაჟკაცური მამა-შვილობა, ჰიტლერი, ვარჯიშები, მონდომება, მიზანსწრაფულობა, სპორტული სული და ის ამბავიც, თუ როგორ უჭირს გამორჩეულ კაცს.

პელემ თქვა მეთიუზის შესახებ,  მაგ კაცმა  გვიჩვენა გეზი, როგორ უნდა გვეთამაშა ფეხბურთიო. ის კი არ იგულისხმა, იმან გვასწავლა ფეხბურთის თამაშიო, არამედ ის, რომ მეთიუზისნაირი პერსონის არსებობამ ფეხბურთში თავად მოთამაშეებს შესძინა უამრავი რამ. არამხოლოდ ის, რომ  სერ სტენლი ამდენ ხანს თამაშობდა  ფეხბურთს; არც ის, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო, ნატიფი ჩაწოდება ჰქონდა; არც ის, რომ ფინტების მეფეს  უწოდებდნენ და მთელი სიცოცხლის განმავლობაში არაჩვეულებრივი სიმსუბუქით მოძრაობდა ფრთაზე; ისიც კი არა, რომ თავისი სათამაშო არსენალი ისე დახვეწა, ისე ჩამოქნა, რომ  მასში მრავალფეროვნების მიუხედავად ზედმეტი საერთოდ არაფერი იყო.

აქ ის იყო, რომ  მეთიუზი ალბათ პირველი იყო მოთამაშეთა შორის, რომელმაც ფეხბურთელის სპორტული ცხოვრების სტანდარტი დააწესა. 

მან  საკუთარი თავისგან გამოძერწა ათწლეულების განმავლობაში ერთნაირ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი, მანვე შექმნა სანიმუშო რეჟიმი, მოიგონა პირადი დიეტები, პირადი ფიზიკური ვარჯიშები, მიაკვლია პირად სპორტულ სამოსს,  რომელიც აწყობდა და მის თამაშის სტილს ეხმარებოდა. უკვე ორმოცს მიტანებული  მეთიუზი ოკეანის გაღმიდან იწერდა უთხელეს, მაღალი მგრძნობელობის ბუცებს,  რომლებიც  ბრაზილიაში მსოფლიო თასზე ყოფნისას აღმოაჩინა, როგორებიც ინგლისში არ იყიდებოდა. ასეთ ბუცებს სეზონის მანძილზე უამრავს  ცვეთდა, ყოველდღიური სავარჯიშო სირბილის დროს კი ტყვიით დამძიმებულ ფეხსაცმელს იცვამდა, რათა თამაშისას თავი მსუბუქად  ეგრძნო. იმის გარდა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელი გახლდათ, ის ფეხბურთის ნამდვილი მეცნიერიც იყო და თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატებზე სულ სამი მატჩი ითამაშა, მეთიუზი ერთადერთი კაცი გამოდგა, ვინც 1950 წლის გათამაშებიდან გავარდნილი ინგლისის ნაკრებს გამოეყო, თანაგუნდელებთან ერთად შინ არ გაემგზავრა და ბრაზილიაში დარჩა თამაშების საცქერლად.   

მეთიუზი  ფართო თვალსაწიერის ადამიანი იყო. ამის მიუხედავად ინგლისში მწვრთნელად ვერ ივარგა და ეგებ ეს საქმე სამისო არც იყო, რადგან ის ფეხბურთელად დარჩა.

მოთამაშის ოცდათხუთმეტწლიანი კარიერის შემდეგ სიცოცხლის შემდგომი  ოცდათხუთმეტი წელიწადი მან მოგზაურობაში გაატარა. ესეც ფეხბურთის ოცდათხუთმეტი წელიწადი იყო, ოღონდაც სხვანაირი. მეთიუზი ენთუზიასტებს, მოყვარულებს, საინტერესო ბიჭებს, უქონელთ ავარჯიშებდა ისეთ ადგილებში, სადაც  ფეხბურთი მისთვის სამშობლოსავით პირველი სიყვარული არ იყო: ამერიკა, კანადა, კარიბეთი, აფრიკის ქვეყნები.  

ის მთელი სიცოცხლე დადიოდა აფრიკაში, სადაც ღატაკ ბავშვებს ასწავლიდა თამაშს, მაგრამ  გამორჩეული მაინც სამხრეთი აფრიკა იყო, სადაც  აპარტეიდის კანონები მოქმედებდა და მეთიუზმა კი სულ ფეხებზე დაიკიდა ეგ იქაური აპარტეიდი: 1975  წელს სოუეტოში გუნდი შექმნა, რომელსაც სტენის ბიჭები დაერქვა. ერთხელაც ამ ბიჭებს ჰკითხა, რაზე ოცნებობთო და იმათ _ ოდესმე ბრაზილიაში ვითამაშოთო. უფულო მეთიუზმა ეს მოახერხა, თან ისე, რომ სამხრეთ აფრიკის  მთავრობამ ხმაც ვერ ამოიღო. ისტორიაში პირველად  შავი გუნდი ამ ქვეყნის სეგრეგირებულ  დასახლებებს გასცდა და რიო დე ჟანეიროში ამოყო თავი.  

ასეთი კაცი იყო და მორჩა. სინამდვილეში ეს ძალიან ინგლისურია, თუმცა კი, ინგლისგარეთა აზრი ხშირად ასეთია ხოლმე, რომ ინგლისელები ცხვირაწეული ვინმეები არიანო. ინგლისელებს კი რაღაცები ეხერხებათ, განსაკუთრებულად, სრულიად ინგლისურად.  ყველა ხალხს თავისებური და თავისი ეხერხება ალბათ. სერ სტნელი მეთიუზის ფერფლი კი მისი მშობლიური სტოკის ახალი სტადიონის, ბრიტანიას ცენტრალურ წრეში მარხია. ასე  გადაწყვიტეს.

მას არასდროს უთამაშია ამ მინდორზე, ვიქტორია გრაუნდის კაცი იყო, მაგრამ უმისოდ ეს მინდორი რა იქნებოდა. სხვაგან სად უნდა იყოს კაცი, რომელიც თხუთმეტი წლის ასაკიდან პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და იმის მიუხედავად, რომ ორმოცდაათი წლისა თამაშს  გამოეთხოვა, სიცოცხლის  ბოლომდე მხოლოდ ფეხბურთელად დარჩა. ესეც მისი ერთ-ერთი საოცარი თვისება იყო, არავის შეუძლია მთელი სიცოცხლე  ფეხბურთელი იყოს. ანუ, მის გარდა, არავის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^