Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ბაქრაძე: "23 მაისს უვიზო მიმოსვლას არ უნდა ველოდოთ"

29 აპრილი 2015

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი, ევროკავშირთან დაკავშირებული მითები და რეალობა, ტერიტორიული კონფლიქტების ფაქტორი და პანკისის ხეობაში არსებული ვითარება, ვიზალიბერალიზაციის საკითხი და მოლოდინები რიგის სამიტის წინ. ამ და სხვა თემებზე "ლიბერალი" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრს - დავით ბაქრაძეს ესაუბრა.

რა ეტაპზე იმყოფება საქართველო დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე? 

მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი და მისი ძირითადი ნაწილი ამოქმედდა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დავიწყეთ, რის შედეგადაც დღეისათვის საქართველო აქტიური ინტეგრაციის გზაზეა.

ასოცირების შეთანხმება მოიცავს თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ რაც ეს დოკუმენტი ამოქმედდა, ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით პირველ ოთხ თვეში ჩვენი ექსპორტი გაიზარდა ძირეულ პროდუქციაზე - ღვინოზე, მინერალურ წყალზე და ა.შ. ასევე, ერთი თვის წინ ევროკავშირი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. პირველ სამ თვეში ევროკავშირში ჩვენი ექსპორტი 21%-ით გაიზარდა.

ასევე, მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ამ მიმართულებით რეფორმების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. იმპლემენტაციის კუთხით საქართველოში უკვე იყო ყველა შემფასებელი მისია, ასე, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ხელთ გვაქვს ის ძირითადი მექანიზმები და დოკუმენტები, რაც ქვეყნის ტრანსფორმაციის, მოდერნიზაციის საშუალებას მოგვცემს.

ეს ის დოკუმენტები, ძირეული სამოქმედო გეგმები და საკანონმდებლო ბაზებია, რომელზე დაყრდნობითაც ევროპულ სახელმწიფოებს წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდათ. საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ჩვენ გადმოგვეცა წინასწარი კონსულტაციების დროს შეჯერებული ასოცირების შეთანხმება, რომელიც გვთავაზობს კონკრეტულ დღის წესრიგს - როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში მთელი რიგი როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სოციალური მიმართულებები.

რაც შეეხება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, უელსის სამიტზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი (წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, ღონისძიებათა არსებითი პაკეტი), რითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ NATO-ს წევრობისკენ წინსვლა.

ეს ის ძირითადი დოკუმენტებია, რომლებიც როგორც NATO-სთან, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის შემდგომი პროგრესის საფუძველს გვიქმნის და რომლებზეც ჩვენს რეფორმებს ვაგებთ.  როგორც ასოცირების, ისე წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის პროცესში ჩართულია თითოეული სამინისტრო.

მითები და რეალობა - საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ "ასოცირების შესახებ შეთანხმების" ხელმოწერას საქართველოს მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არაერთი ნეგატიური თუ პოზიტიური შინაარსის მითი დაუკავშირა. რომელს გამოყოფდით მათგან და როგორ ფიქრობთ, რამდენად ინფორმირებულია (სწორად) მოსახლეობა?

მტკივნეულია, როდესაც ხშირ შემთხვევაში როგორც ქალაქში, ასევე რეგიონში მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ არასწორ ინტერპრეტაციებს ავრცელებენ.

ეს განსაკუთრებით ეხებოდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ვრცელდებოდა გზავნილები, რომ ეს შეაფერხებს ეკონომიკას, მაშინ, როდესაც თითოეული რეფორმა, რომელიც ხორციელდება, სწორედ საქართველოს სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

თავისუფალი სავაჭრო სივრცე არ გამორიცხავს სავაჭრო ურთიერთობას სხვა ქვეყნებთანაც. სამწუხაროდ, ეს ინფორმაციაც არასწორად ჟღერდებოდა. დღეისათვის ჩვენ მილიარდიან ბაზარზე თავისუფალი წვდომა გვაქვს, მათ შორის ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც ვმუშაობთ.

ჩვენი აქტიური თანამშრომლობით, ევროკავშირის დახმარების პროგრამებიდან ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სოფლის მეურნეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი განისაზღვრა. ამ სფეროებს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, რათა წარმოების ხაზის მოდერნიზაცია და პროდუქციის ევროპელ მომხმარებელზე მორგება შეძლონ. ზედმეტი მგონია იმაზე საუბარი, თუ რას ნიშნავს ევროპულ ბაზარზე წვდომა, რამდენად მაღალი მსყიდველუნარიანობით და სტაბილურობით გამოირჩევა ის, განსაკუთრებით კი არსებულ ფონზე, როდესაც რეგიონში მიმდინარე პროცესების გამო დსთ-ს ქვეყნებთან ჩვენი ექსპორტი თითქმის 50%-ით შემცირდა. სწორედ აღნიშნული არასტაბილური პერიოდი უსვამს ხაზს საქართველოსთვის ევროპული ბაზრის მნიშვნელობას.

რაც შეეხება პრობლემებს კომუნიკაციის თვალსაზრისით - გასულ წელს კომუნიკაციისა და ინფორმაციის სამწლიანი სტრატეგია ამოქმედდა და პირველივე წელი საკმაოდ აქტიური იყო - ჩვენს აპარატთან მოქმედმა ევროკავშირისა და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრმა 300-მდე შეხვედრა გამართა და პირდაპირი კომუნიკაცია შედგა საქართველოს 15 ათასამდე მოქალაქესთან. მას შემდეგ, რაც ის ახალი დოკუმენტები, ახალი, მნიშვნელოვანი მექანიზმები ამოქმედდა, რომელთა მიხედვითაც რეფორმებს ვატარებთ, იზრდება არასწორი ინტერპრეტაციის საფრთხეც.

ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათ გასაგები ენით, წინასწარ მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. ასევე, აუცილებელია, რომ საზოგადოებას წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს ამა თუ იმ პროცესთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ვმუშაობთ სამინისტროებთან და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისათვის, რათა მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული. ამ პროცესში მთავრობის მხარდამხარ მნიშვნელოვანი იქნება არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და ჟურნალისტების აქტიურობა. ახლო მომავალში ჩვენ ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად გვესახება.   

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ტრადიციების დათმობას, რელიგიაზე უარის თქმას და არაერთ სხვა საკითხსაც მოიცავს.

ერთ-ერთი ასეთი საკითხი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ე.წ. „ქართველობის წართმევის“ თემაა, ამ დროს საქმე პირიქითაა. ევროკავშირი განსხვავებული კულტურის, ისტორიის, რელიგიის, საზოგადოებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც პატივს სცემს და ინარჩუნებს ამ ქვეყნების კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ რელიგიურ მისწრაფებებს. თითოეული ამ მიმართულებით საქართველოსთვის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ქომაგი სწორედ ევროკავშირია.

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის პარალელურად არაერთი პროგრამა (მათ გარდა, რაც დღეისათვის უკვე მოქმედებს) მოხმარდება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ტრადიციის, ისტორიის, ბუნების მაქსიმალურად დაცვას,  ევროპელთათვის მათ გაცნობას და ამ მრავალფეროვნებაზე დაფუძნებულ, ერთიან, დიდ ოჯახში გაწევრიანების მხარდაჭერას.

ტერიტორიული კონფლიქტების ფაქტორი. რამდენად ქმედითი ბერკეტი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება/შესაძლო ინტეგრაცია ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოგვარებისთვის, განსაკუთრებით დღეისათვის არსებულ გეოპოლიტიკურ ფონზე და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ  ის?

ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აგრესიულად მიმდინარეობს ანექსიური პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. არ შეიძლება ეს პროცესი ჩვენს თანამოქალაქეებში არ იწვევდეს დიდ სიფრთხილესა და შიშს, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში.

თითოეული ის დოკუმენტი, რაზეც საქართველო მუშაობს, იქნება ეს ასოცირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ვიზალიბერალიზაცია თუ სხვა, ვრცელდება ჩვენს მოქალაქეებზე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს პროცესები მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით და მიმზიდველი უნდა აღმოჩნდეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

ამას გარდა, მოლდოვას მაგალითი რომ მოვიტანოთ, მას შემდეგ რაც ამ ქვეყნისათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა, მოლდოვას მოქალაქის პასპორტი ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა დნესტრისპირეთის რეგიონში მცხოვრებთათვის.

საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ის პროგრამები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, იქნება ეს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის თუ სხვა, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ოკუპირებულ რეგიონებში.

რა ეტაპზეა საქართველო ვიზალიბერალიზაციის კუთხით? როგორ ფიქრობთ, რამდენად უსაფრთხო და კარგად მართული გარემოა ქვეყანაში იგივე დე ფაქტო აფხაზეთისა და, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის ვერგავრცელების პირობებსა და ბოლო პერიოდში პანკისის ხეობასთან დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით? (გავიხსენოთ თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით - "ვაღიარებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ბავშვი შეამოწმა, დაუშვა შეცდომა").

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში ერთი, ან ორი ფაქტის განზოგადება სწორ სურათს ვერ გვაჩვენებს. თუკი ვითარებას მთლიანობაში შევხედავთ, ადამიანების ის რაოდენობა საქართველოდან, რაც არსებული ინფორმაციით ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ მოქმედებებში მონაწილეობს, დიდად არ განსხვავდება სხვა ევროპული, განვითარებული სახელმწიფოების (რა თქმა უნდა, ზოგიერთის გამოკლებით) თუნდაც ევროკავშირის ქვეყნების, კანადის, ავსტრალიისა თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეების რიცხვისაგან, ვინც ISIS-ის მოქმედებებში მონაწილეობს.

თუმცა, რა თქმა უნდა, აღნიშნული საფრთხე ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც ის ერთეული ფაქტები, რომლებიც, განსაკუთრებით, არასრულწლოვანს ან ახალგაზრდებს ეხება ორმაგად ყურადსაღებია. ამ ფაქტამდეც და ამ ფაქტის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური თანამშრომლობა აქვს შესაბამის ევროპულ და ამერიკულ სამსახურებთან, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ერთი მხრივ, მათი სირიაში გადასვლის საფრთხე, მეორე მხრივ კი, ზოგადად, ტენდენციები, რომლებიც ისლამურ თემში ISIS-ის თუნდაც კონტინენტის სხვა წერტილში გაძლიერების გამო შეიძლება გაჩნდეს.

რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს, ამ მიმართულებით საქართველოში უკვე იყო 9 მისია. მათ ადგილზე შეამოწმეს არსებული მდგომარეობა, მიგრაციის საკითხები, საზღვრის კონტროლი და საკმაოდ პოზიტიური შეფასებები მივიღეთ. საქართველოდან შესაძლო მაღალი გადინების საფრთხის თავიდან აცილება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში კანონმდებლობის რეფორმირებით და იმპლემენტაციით რეგულირდება. პირადად მე არ მაქვს განცდა, რომ საქართველოდან მოსახლეობის გადინებამ შეიძლება სტიქიური სახე მიიღოს. მეტიც, ამ შემთხვევაში საუბარია სამთვიან, მოკლევადიან ვიზიტზე, რაც სწორი მიდგომაა იმისათვის, რომ ადამიანს დარჩენისკენ არ უბიძგოს, რადგან ეს არ არის მისი ერთადერთი, ბოლო შანსი. 

პარიზსა და კოპენჰაგენში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა ევროპაში ულტრამემარჯვენე ტენდენციების კიდევ უფრო გაძლიერება გამოიწვია. აღნიშნული საკითხი შესაძლოა გარკვეული სიფრთხილის საფუძვლად იქცეს, ვთქვათ, რიგითი ბიუროკრატისთვის. თუმცა არსებობს სხვა, მნიშვნელოვანი ფაქტორები: საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში, წარმატებული თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, რეადმისიის წარმატებულად მოქმედი ხელშეკრულება. ჩვენ ამ საკითხებს მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

რა პირდაპირ და ირიბ სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეებს შეიძლება ველოდეთ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე?

რა ინსტრუმენტებიც ვიცით და სხვადასხვა ფორმით სხვა ქვეყნებში ვხედავთ, ვთქვათ, ეკონომიკური -  მოლდოვაში, სამხედრო აგრესია - უკრაინაში, ჩვენ თავზე უკვე ყველაფერი გამოვცადეთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესები ერთხელ გადავიარეთ და რუსეთი, როგორც საფრთხე ამით დამთავრდა. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული საკითხები მუდმივად რჩება ჩვენი ყურადღების ცენტრში, იქნება ეს სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად ძალიან პოზიტიურია ის მხარდაჭერა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევამ აჩვენა - ჩვენი მოსახლეობის თითქმის 80% პოზიტიურად აფასებს საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში. მოსახლეობის ასეთი მხარდაჭერა სწორედ ის ძალაა, რაც ყველანაირ მსგავს აგრესიას ან თავიდან აირიდებს, იმიტომ, რომ ეს აგრესია კონტრპროდუქტიული იქნება, ან შესაბამის წინააღმდეგობას გაუწევს.

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ მომენტისთვის, როდესაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი პოლიტიკურად იქნება მომზადებული, პარალელურად კი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატო-სთან ჩვენი თავსებადობის ამაღლება უნდა განვაგრძოთ. ამ მიმართულებით სხვა ასპირანტ ქვეყნებთან შედარებით ბევრად პროგრესულ ვითარებაში ვართ - საქართველო ფინეთთან, შვედეთთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად ნატო-ს მაღალი თავსებადობის ქვეყანათა რიცხვში გაერთიანდა.

სკეპტიკოსი ქვეყნები და საქართველოსთან მიმართებაში მათი აპელირება ხშირად "სხვა" საკითხებზე, იმისთვის, რომ მთავარ მიზეზს არ გაესვას ხაზი...

საუბარია ძალიან მნიშვნელოვან და მგრძნობიარე საკითხებზე. ორი მთავარი პრინციპი, რაზეც დგას ნატო, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უელსის სამიტზე - ერთმანეთის სამხედრო მხარდაჭერა და ღია კარის პოლიტიკა - ალიანსის სიძლიერის მთავარი საფუძველია.

ღია კარის პოლიტიკის გარეშე ნატოს წარმატება და სიძლიერე შეუძლებელია. საქართველო სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რაზეც ნატო და ევროკავშირი დგას. ჩვენ არ გვეშინია გამოწვევების და ვაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულებების სრულად იმპლემენტაციას. ვთვლით, რომ როდესაც ნატოს სიძლიერე ღია კარის პოლიტიკით გამოიხატება, ჩვენ ალიანსის კართან ვიქნებით.

მინისტრის პოსტზე თქვენი წინამორბედი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი - თანამდებობის წევრები, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილში პროდასავლელ პოლიტიკოსებად აღიქმებიან, აცხადებდნენ, რომ ქვეყნის დასავლური კურსი საფრთხეშია. ამ განცხადებებს სხვა არაერთი ფაქტის გაჟღერება მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რა იყო მათი ამ განცხადებების მიზეზი და რამდენად შეესაბამება ისინი რეალობას?

ამ კითხვაზე ძალიან მოკლედ უნდა გიპასუხოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ განცხადების სულისკვეთებას არ ვიზიარებ, ჩემი მხრიდან სპეკულირება იქნება იმაზე საუბარი, თუ რა იყო ამის მიზეზი.

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბერლინში გამართულ აღმოსავლეთის ფორუმზე განაცხადა, რომ უახლოეს ათ წელიწადში ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს განცხადება აისახოს ჩვენს საზოგადოებაზე?

როდესაც კომუნიკაციის საკითხებზე ვსაუბრობდით, ერთ-ერთი დამაზიანებელი გზავნილი ისიც არის, რომ პროგრესი მიუღწევადია. სწორედ ამიტომ, ხშირად ვიმეორებ და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - საქართველო ევროპული სახელმწიფო სწორედ იმ რეფორმებით გახდება, რომლებსაც ვახორციელებთ.

10 წლის პერსპექტივაში ერთმნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთება წარმოუდგენელია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენი საბოლოო წევრობის პერსპექტივა ისედაც 10 წელს უკავშირდებოდეს და არა, ვთქვათ, მანამდელ პერიოდს. ამ განცხადების სამიზნე შესაძლოა არა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოები, არამედ სხვა ქვეყნები იყოს. დეტალებში მეტად არ შევალ.

ჩვენი მთავარი სამიზნე იმ ღირებულებების, რეგულაციების, ნორმების მაქსიმალურად განხორციელებაა, რომლებიც საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს. რეფორმების მხრივ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ლიდერია და შესაბამისად, „მეტი მეტისათვის“ პრინციპით ევროკავშირისგან მეტ დახმარებას ვიღებთ.

პროგრესი წინ გველის და არაერთ, მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგს მივიღებთ, ასე რომ, თარიღებზე მორიგებას სჯობს, რომ როცა ევროკავშირისგან ღია კარს ველით, ჩვენც მაქსიმალურად ღია უნდა ვიყოთ იმ ღირებულებებისთვის, რაც შემდგომში რეალურად ევროპულ სახელმწიფოდ გვაქცევს.

ანტიდისკრიმინაციული კანონი, პროტესტი, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში და მოწყვლადი ჯგუფების პრობლემები...

პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა. ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა და დაცული უნდა იყოს, მიუხედავად მისი რელიგიური მრწამსისა, კანის ფერისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და ამის შემდგომ გასული ერთი წელი, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოწვევები მრავლად შეიძლება იყოს, ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იყო.

იმ ხალხის საყურადღებოდ, ვისაც გარკვეულწილად აშფოთებდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ადამიანზე და ადამიანის ძირითად უფლებებზე მორგებული, ადამიანის ძირითადი უფლებების მაღიარებელი კანონმდებლობაა და დრომაც აჩვენა, რომ ის არანაირ ჯგუფებს, თუნდაც უმრავლესობას, არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

სამწუხაროდ, ყოველდღიურად გვხვდება საზოგადოების მხრიდან გარკვეული სტერეოტიპული მიდგომები, რაც გულწრფელ სინანულს იწვევს. ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სწორი მიმართულებით ვმუშაობთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განათლების პრობლემის მოგვარებით დაიწყოს.

ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სწორი მიმართულებით ვმუშაობთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განათლების პრობლემის მოგვარებით დაიწყოს.

რას უნდა ველოდოთ რიგის სამიტზე?

ყოველთვის ვცდილობ, რომ მოლოდინი გადაჭარბებული არ იყოს, რადგანაც ყველას კარგად გვახსოვს თუნდაც "მაპ"-თან დაკავშირებული მაგალითი.

რიგის სამიტი მნიშვნელოვანი ფორუმი იქნება, თუმცა სამიტის მეორე დღეს -  23 მაისს უვიზო მიმოსვლას არ უნდა ველოდოთ. ეს ღონისძიება არ არის ამ საკითხისადმი მიძღვნილი სამიტი, და არც იმის უფლებამოსილება აქვს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

ჩვენ ველოდებით, იმ პროგრესის დაფიქსირებას, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო და იმპლემენტაციის კუთხით ვაჩვენეთ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ის პროგრესი, რაც საქართველოს სამოქმედო გეგმას უკავშირდება და საქართველოს მთავრობამ ძალიან შემჭიდროებულ დროში შეასრულა, სათანადოდ აისახება რიგის სამიტის დეკლარაციაში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^